Aa Aa
22 იანვარი 2021  |  22:17

სამი პენალტის ისტორია - ძლიერებს უმართლებთ? რა სისულელეა!

ფეხბურთში და ზოგადად ცხოვრებაში იღბალი უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ.

ფეხბურთის მდიდარ ისტორიაში ბევრი მომენტი გვინახავს, როდესაც ერთს გაუმართლა, მეორეს კი საერთოდ არა. რითი განისაზღვრება იღბალი? საიდან მოდის ის, ან რატომ უმართლებს იმ კონკრეტულ მომენტში ერთს და არა მეორეს?

ეს ფეხბურთია, ეს ცხოვრებაა და აქ ყველაფერი ხდება. ყველაფრის ახსნა კი საკმაოდ რთული რამ გახლავთ...

ამბობენ ძლიერებს უმართლებთო, თუმცა ვინც ამას ამბობს, ის ან ყოველთვის ძლიერის მხარეს ყოფნას ამჯობინებს, ან უბრალოდ საკითხში კარგად ჩახედული არ არის და ბრტყელი ფრაზებით საუბრის მოყვარულია.

ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლების გათამაშება ამ ყველაფერს გვიმტკიცებს. ყოველთვის ძლიერებს არ უმართლებთ და ზოგადად, ამ ფრაზას ფეხბურთში არაფერი ესაქმება.

2012 წელს "ჩელსიმ" და ალბათ ყველაზე მეტად რომან აბრამოვიჩმა ოცნება აისრულა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"არისტოკრატები" ამ სეზონში ფავორიტთა შორის არ მოიაზრებოდნენ. მათ ტურნირი ისე მოიგეს, თასი ისე აღმართეს, რომ პლეი-ოფებში უპირატესობა პრაქტიკულად არავის წინააღმდეგ ჰქონიათ.

"ჩელსის" თამაში ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა. გუნდი აშკარად ვერ დომინირებდა, მაგრამ მათ მიზანს მაინც მიაღწიეს და ამაში უდიდესი როლი ითამაშა იღბალმა, რომელიც ნამდვილად არსებობს და არავინ იცის ვის, სად და როდის ესტუმრება...

ამ შემთხვევაში ყველაზე იღბლიანი ადამიანი დიდიე დროგბა გამოდგა. ჩემი დღევანდელი სტატიის მთავარი მოქმედი პირი სწორედ ის იქნება.

ყველაფერი ფეხბურთელების ცალკე შეკრებითა და საუბრით დაიწყო:

“კლუბმა მწვრთნელი დაითხოვა (შუა სეზონში), ამის შემდეგ ფეხბურთელებს ცალკე ჩვენი შეკრება გვქონდა, სადაც ვთქვით, რომ ვილაშ-ბოაშის დათხოვნაში დამნაშავენი ჩვენც ვიყავით. სიტყვით ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, პეტრ ჩეხი და გუნდის სხვა ლიდერები გამოდიოდნენ.

გადავწყვიტეთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველაფერი გაგვეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში პირველი მატჩი (მერვედფინალი) 1:3 გვქონდა წაგებული.

ჩვენ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას 8 წელი ვცდილობდით, თუმცა საუკეთესო შედეგი მეორე ადგილის დაკავება იყო. ყველანი შევთანხმდით, რომ ერთი მიზნისთვის ყველაფერი გვერდით გადაგვედო.

ამ გუნდური შეკრების შემდეგ, ახალგაზრდა 23 წლის ხუან მატას ვუთხარი - „მაესტრო, გთხოვ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარე“.

მან ისე შემომხედა, თითქოს - „შენ დიდიე დროგბა ხარ და შენ დამეხმარები მე გამარჯვებაში“. შემდეგ, მას ვუთხარი, რომ აქ 8 წელი გავატარე და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელი, ის კი იყო ფეხბურთელი, რომელიც ამაში დამეხმარებოდა.

ვუთხარი, რომ მას საჩუქარსაც კი ვაჩუქებდი, თუ ჩვენ ტიტულს მოვიგებდით. ეს ყველაფერი თებერვლის ბოლოს იყო“, - იხსენებს დროგბა.

როგორც მოგეხსენებათ "ჩელსი" ნახევარფინალში თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს "ბარსელონას" გადაეყარა.

პირველი შეხვედრა დი მატეოს გუნდმა 1-0 მოიგო. გოლი დროგბამ გაიტანა, თუმცა შეხვედრაში კატალონიელებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და დაუჯერებელი იყო თუ როგორ არ გავიდა ბურთი პეტერ ჩეხის კარში.

მსგავსი სცენარი იყო "კამპ ნოუზეც". ბევრი მომენტი და კვლავინდებურად გადარჩენილი "ჩელსი". საბოლოოდ, მეორე ტაიმში "ბარსამ" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც დროგბას "დამსახურება" იყო.

დიდიემ უწყინარ სიტუაციაში სესკ ფაბრეგასი წააქცია, მესიმ კი პენალტი ხარიხას გაარტყა. ამ მომენტის შემდეგ, "ჩელსიმ" ირწმუნა, რომ ფინალში გავიდოდა და საბოლოოდ მათ ეს შეძლეს კიდეც.

როგორც ვიცით ფინალი "ალიანს არენაზე" მიუნხენში გაიმართა და "ბაიერნის" სრული უპირატესობით წარიმართა.

"რეკორდმაისტერი" 1-0-ს იგებდა და მეორე გოლის გატანასთან ახლოსაც იყო.

„მატასთან საუბრიდან 3 თვის შემდეგ, ჩვენ ფინლაში ვიყავით, მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ, ტრიბუნებზე ნამდვილი წითელი ტალღები იყო.

მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაიტანეს. იმ მომენტში გადაღლილები და იმედგაცრუებულები ვიყავით.

„ახალგაზრდა ბიჭმა“ (მატა) მითხრა: „დაიჯერე დიდი, შენ უნდა დაიჯერო“, მე, თითქმის ატირებულმა ვუპასუხე - „შეხედე დროს, რისი უნდა მჯეროდეს? ყველაფერი თითქმის დასრულებულია“.

ტირილს ვაპირებდი, როგორც რამდენიმე თვის წინ, როცა კოტ დ’იუართან ერთად აფრიკის თასის ფინალი წავაგე.

ბოლო წუთი, ბოლო კუთხური - ეს ჩვენთვის პირველი კუთხური იყო, მიუნხენელებს კი 18 ჰქონდათ მოწოდებული. გამოიცანით, ვინ ჩააწოდა ეს კუთხური... ხუან მატამ. დანარჩენი უკვე ისტორიაა. გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს!!!“ - ამბობს დროგბა.

საბოლოოდ, ყველაფერი დრამატულად დასრულდა - 89-ე წუთზე "ჩელსიმ" კარის ჩარჩოში პირველად (!) დაარტყა, დროგბას თავურით ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

"ბაიერნი" დომინირებას ისევ განაგრძობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოში მყოფი რიბერი დროგბამ წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც რობენმა საკმაოდ უხეიროდ შეასრულა და ჩეხის იოლი ნადავლი გახდა.

ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გადამწყვეტი დარტყმის უფლება დიდიე დროგბას დარჩა, რომელმაც შანსი გამოიყენა და "ჩელსის" ისტორიაში პირველად სანუკვარი ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა.

ეს იყო სეზონი, როდესაც არც ისე ძლიერ „ჩელსის“ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში ბედი სწყალობდა.

უფრო თუ დავკონკრეტდებით, ამის თქმა დიდიე დროგბაზე შეგვიძლია. ფეხბურთელი, რომელიც ანტიგმირი უნდა გამხდარიყო იქცა გმირად, რაც ალბათ მისი კარიერიდან გამომდინარე სწორი და დამსახურებული იყო!

იმის შემდეგ რაც ვნახეთ ვერავინ იტყვის, რომ დროგბას და ზოგადად "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის მოგება არ ეკუთვნოდათ, თუმცა 2011-2012 წლების ფორმაციის გუნდისგან ამას არავინ მოელოდა და პლეი-ოფებიდან, რომ გამოვარდნილიყვნენ ხალხი ამას უფრო მეტად ლოგიკურად ჩათვლიდა, ვიდრე იმას რაც საბოლოოდ ვიხილეთ.

ეს „ჩელსი“ არ ყოფილა იმ სეზონში ყველაზე ძლიერი გუნდი, თუმცა თასი მათ დარჩათ. ძლიერებს უმართლებთ? რა სისულელეა! 2011-12 წლების სეზონმა ნათლად დაგვანახა, რომ ამ ფრაზას ფეხბურთში არაფერი ესაქმება.

დიახ ასეა... ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია და ხანდახან ასეც ხდება. რასაც ვიმსახურებთ საბოლოოდ იმას ვიღებთ კიდეც, მაგრამ არა ყოველთვის იმ მომენტში, როცა ამას თქვენც და ყველა მოელის. ხშირად ეს მოგვიანებით ხდება. ასე იყო "ჩელსის" შემთხვევაში და შეგვიძლია ვთქვათ ასე იყო პორტუგალიის ნაკრების შემთხვევაშიც.

ყველა ელოდა, რომ პორტუგალია ევროპის ჩემპიონატს 2004 წელს მოიგებდა, თუმცა ეს მოგვიანებით 2016 წელს მოხდა, როდესაც ამას არავინ მოელოდა.

ფეხბურთი ცხოვრებასავით მოულოდნელობებით არის აღსავსე და ჩვენ ყველაფრის ახსნა არ შეგვიძლია. საერთოდაც, ყველაფერზე პასუხის მიღება საჭირო არც არის, ასე ხომ ყველაფერი პროგნოზირებადი, ახსნადი და უინტერესო გახდება.

ფინალის შემდეგ, დროგბამ ყველა თანაგუნდელს იმ დღისთვის სპეციალურად მიძღვნილი ბეჭდები დაურიგა.

ეს იყო კიდევ ერთი ზღაპრული ფურცელი ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა ძალიან იშვიათი შინაარსისა და სცენარის მქონე. ეს არ ყოფილა რომელიმე დომინანტი გუნდი, რომელიც ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობდა და მილიონობით ქომაგის გულებს ამით იპყრობდა. არა - ეს იყო ფეხბურთის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხორცის შესხმა, რომელმაც შეგვახსენა და დაგვანახა, რომ ყოველთვის ძლიერებს არ უმართლებთ და ეს ფრაზა ჩანაფიქრშივე მცდარია.

მონდომებით, მიზნისადმი უდიდესი სიყვარულით, იღბლის დახმარებით და ერთმანეთის გასამხნევებლად, რწმენის დასაბრუნებლად ნათქვამ რამდენიმე სიტყვას შეუძლია საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინოს.

დიახ, ასეა - ყველაფერი დაშვებიდან და წარმოსახვიდან იწყება. გამარჯვების წარმოსახვა არის პირველი ნაბიჯი. წარმოსახვა გადადის ქვეცნობიერ დაშვებაში, დაშვება რწმენაში, ხოლო რწმენა არის ნაბიჯის გარანტია რეალური გამარჯვებისკენ.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში