დავიწყებული ამბავი - არგენტინელი ფორვარდის გაელვება საქართველოში
Aa Aa

დავიწყებული ამბავი - არგენტინელი ფორვარდის გაელვება საქართველოში

''როსარიო სენტრალის'' ექს-ფორვარდის, გონსალო მარტინ დე პორასის ქართული კარიერა იმ კომიკურ ისტორიას არ ჰგავს, ''ბორჯომმა'' რომ იმდენად დაბალი დონის 7 არგენტინელი დაიმატა, მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ კლუბს პირობა წაუყენა: ''ისინი დატოვებენ გუნდს ან მე წავალ''. ''ბრწყინვალე შვიდეულის'' ხანმოკლე ქართული კარიერა იუმორნარევ ამბავთა სიაში შევიდა, სადაც ვოსკობოინიკოვისა და ირჟი ჰომოლას ისტორიებს ამოიკითხავთ და სადაც ბევრი უნდა ვიცინოთ ბუბა ტყავაძისა თუ სხვა კლუბების დირექტორთა იდიოტურ ტრანსფერებზე, მაგრამ დე პორასის ექვსთვიანი იჯარა ძალიან პოზიტიურ მოვლენად უნდა შევაფასოთ იმ პერიოდის საქართველოსთვისაც კი, დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი კრეატივი და იმპროვიზაცია რომ იქმნებოდა.

პროვინცია ნეუკენში დაბადებულმა დე პორასმა, რომელიც ფეხბურთელად ლეო მესის მშობლიურ როსარიოში ჩამოყალიბდა, 2006 წლის ზამთარში ''სენტრალი'' დროებით დატოვა, 22 წლის მოთამაშე კილი გონსალესს, ანხელ დი მარიას, მარკო რუბენსა და სხვა ცნობილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა, თანამემამულე დარიო სებალესთან ერთად სრულიად უცნობ ქვეყანაში გაემგზავრა, ასე დაიწყო ორი არგენტინელის კარიერა საქართველოში.

CrystalSport-თან ინტერვიუში დე პორასი იხსენებს: ''საქართველოში ჩამოსვლა ძალიან სასიამოვნო იყო, დიდებულად მიმიღეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გარკვეული ფაქტები გონებიდან გაქრა, მაგრამ ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა. ამას არ ველოდი. საქართველოში ცხოვრებისას ქართველების მხრიდან თანადგომასა და თბილ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ''.

ფოტო გადაღებულია ნიკო პატარქალიშვილის მიერ 2006 წლის თებერვალში, თბილისში, სასტუმრო "ირმენში"

შეთანხმება არგენტინელი საფეხბურთო აგენტის, რაულ მარტინისა და ნიკო პატარქალიშვილის დახმარებით შედგა. როგორც ნიკო პატარქალიშვილი იხსენებს, მხოლოდ დე პორასის თამაში არ იყო შთამბეჭდავი, სებალემ, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე არგენტინის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობდა, ქუთაისის ''ტორპედოს'' დაახლოებით 35 მეტრიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა, თუმცა გოლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გავლენა რეალობაზე. დე პორასისა და სებალეს როლი მხოლოდ მინდორზე არ იგრძნობოდა, ისინი არ ჰგავდნენ გართობის მოყვარულ სამხრეთამერიკელებს, დისციპლინით, სპორტული რეჟიმის დაცვით გამოირჩეოდნენ და ერთ დღეს, გაბრაზებული არგენტინელების მოთხოვნით კლუბმა საკვების შემცველობაც შეცვალა. 

ნიკო პატარქალიშვილი დე პორასისა და სებალეს შესახებ

2005-06 წლების სეზონში არგენტინელებთან ერთად ''ბორჯომი'' ევროტურნირის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მცირედი დააკლდა, 59 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და საუკეთესო სამეულს 4 ქულით ჩამორჩა. დე პორასმა გოლები სოხუმის ''დინამოს'', ''ვიტ ჯორჯიას'', ''ამერსა'' და ''ლოკომოტივს'' გაუტანა, ხოლო თბილისის ''თბილისთან'' დუბლი შეასრულა. 

არგენტინული დუეტის მიზანი ''ბორჯომის'' ევროტურნირზე მოხვედრა და პირადი კარიერული პროგრესი, უფრო ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში მოხვედრა იყო. საკლუბო მიზნის შესრულების იმედი სეზონის მიწურულს გაქრა და წარუმატებლობით გულგატეხილმა არგენტინელებმა საქართველო სეზონის დასრულებისთანავე დატოვეს, თუმცა როგორც დე პორასი აღნიშნავს, სხვა ქართული კლუბის მხრიდან შეთავაზება არ ჰქონია.

არგენტინელთა გავლენა ქართულ რეალობაზე


ზუსტი სურათის შექმნა დე პორასის საქართველოში ასპარეზობის შესახებ რთულია, რადგან ვიდეომასალა არ არსებობს, თუმცა მისი პლუსები კარიერის შემდგომი ეტაპებიდან კარგად ჩანს, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამდა, მეორე სართულზე ორთაბრძოლებს იგებდა, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი და ამავდროულად სწრაფი იყო, ცენტრფორვარდის გარდა მარჯვენა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე შეეძლო თამაში.

ყველაზე კომიკური თავგადასავალი

მათთვის არგენტინაში დაბრუნებამდე არასასიამოვნო მომენტი მხოლოდ ევროტურნირს მიღმა დარჩენა არ ყოფილა, უკანა გზაზე, მადრიდში, ''ბარახასის'' აეროპორტში მას და სებალეს თვითმფრინავზე დააგვიანდათ. დე პორასი ამ ფაქტს იხსენებს, როგორც კარიერის ყველაზე კომიკურ თავგადასავალს:

''როცა მე და დარიო სებალე საქართველოდან არგენტინაში ვბრუნდებოდით, ''ბარახასის'' აეროპორტში დაგვაგვიანდა, ფრენას ვერ მივუსწარით, რის გამოც მთელი ღამე აეროპორტის იატაკზე გვეძინა. ეს იყო ყველაზე კომიკური თავგადასავალი''.

2005-07 წლებში ''როსარიო სენტრალში'' დე პორასის თანაგუნდელები ანხელ დი მარია, ვანჩოპე, კილი გონსალესი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ. დე პორასმა აღმზრდელ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მუდმივად სათამაშო წუთებისთვის ბრძოლა უწევდა, ხშირად საკუთარ გვარს თერთმეტეულს მიღმა ხედავდა, თუმცა 2006 წლის 25 ნოემბერი სასიამოვნო გამონაკლისი იყო. ანხელ დი მარიას, მარკო რუბენისა (2) და დე პორასის გოლებით ''სენტრალმა'' ''კილმესი'' 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია მეოთხე გოლის ეპიზოდი, დი მარია-კილი გონსალესი-დეპორასის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

დი მარიას, კილი გონსალესისა და დე პორასის კომბინაცია


ანხელ დი მარიასა და კილი გონსალესის შესახებ 

დე პორასი CrystalSport-თან ყოფილ თანაგუნდელებს იხსენებს: ''დი მარია ბრწყინვალე ფეხბურთელია. როცა ''როსარიო სენტრალში'' ვთამაშობდით, ის ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური თამაშის სტილით, ყველასგან გამორჩეული იყო, მას ასე ვუწოდებდი: ''განსხვავებული''. ანხელი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და ამასთან ერთად თავმდაბალი პიროვნება.

კილი გონსალესი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩეოდა. გუნდში განსაკუთრებული პიროვნება იყო და მოედანზე დიდებული ფეხბურთელი. ალბათ კილია ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია და ამას ვარჯიშებისას ვგრძნობდი. ის ახლა ''როსარიო სენტრალის'' მთავარი მწვრთნელია. ასევე, გავიხსენებ ედუარდო კოუდეტს, რომელიც მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, კარიერის დიდი ნაწილი არგენტინულ კლუბებში გაატარა და ახლა ვიგოს ''სელტას'' წვრთნის''.

ტრაგიკული ისტორია და ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები

დე პორასის ცხოვრებას თან ახლავს ძალიან ტრაგიკული ისტორია, რომელიც მას იტალიურ ''მანფრედონიაში'' თამაშისას გადახდა: ''ცხოვრების ყველაზე მძიმე და ტრაგიკული წუთები იტალიაში გადავიტანე. ჩემი გუნდი გასვლით მატჩს ატარებდა, მაგრამ მე ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ ვიყავი. თანაგუნდელის მეუღლემ მატჩზე მისი მანქანით წასვლა შემომთავაზა. ტრაგიკულ დღეს ავტოავარიაში მოვყევით, ჩემი თანაგუნდელის მეუღლე და მისი ბიჭი გარდაიცვალნენ, მე კი ერთი კვირა საავადმყოფოში ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი იყო''.

ჩაშლილი ტრანსფერი ემელეკში

კითხვაზე ყველაზე მეტად რომელ ჩაშლილ ტრანსფერზე წყდება გული, დე პორასის პასუხი ასეთია: ''ემელეკში'' ტრანსფერი არ შედგა. მაშინ კვიპროსზე, ნიქოზიას ''ოლიმპიაკოსში'' ვთამაშობდი და ''ემელეკში'' გადასვლის შანსი მქონდა. ''ემელეკი'' ეკვადორის უდიდესი კლუბი იყო და ჩემთვის იქ თამაში ძალიან სასიხარულო იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, გული ძალიან დამწყდა''.

კარიერის სამი დაუვიწყარი მომენტი

კარიერის ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი ჩილეში გაატარა. 2013-14 წლების სეზონში ''ბარნეჩეასთან'' ერთად პრიმერა B-ს ვიცე-ჩემპიონი გახდა და ელიტაში აღზევდა, ხოლო ''დეპორტეს ტემუკოსთან'' ერთად 2015-16 წლების სეზონის პრიმერა B ტრიუმფით დაასრულა, თუმცა ასევე დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული სადებიუტო მატჩი ''როსარიო სენტრალის'' მაისურით.

''როცა ჩილეში, კლუბ ''ტემუკოში'' ვთამაშობდი, რანგით მეორე ლიგა მოვიგეთ და ელიტაში დავწინაურდით, ელიტაში აღზევებაში ''ბარნეჩეასაც'' დავეხმარე, თუმცა ამ ორ მიღწევასთან ერთად დაუვიწყარია ''როსარიო სენტრალის'' რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩი, როცა 2005 წლის 27 აგვისტოს, საკუთარ კედლებში ''ლანუსს'' 4:0 მოვუგეთ''.

მარადონას შესახებ

დე პორასი გასული წლის ყველაზე დიდ საფეხბურთო ტრაგედიაზე, დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ემოციურად საუბრობს: ''შოკირებული ვიყავი, ეს ისეთი რამ იყო, რასაც არ ველოდი და როცა ამგვარი მოულოდნელი ფაქტი ხდება, ძალიან საწყენია. მას პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მისი მადლიერი იმ წუთების გამოც ვარ, როცა ''ბომბონერაზე'' ''ბოკას'' ვხვდებოდით, ის ჩვენი თამაშის სანახავად მოვიდა. მარადონას ტრიბუნაზე ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო''.

არგენტინული ფეხბურთის პრობლემებზე

 ''არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში ბევრი პრობლემაა, რადგან ასოციაციაში დასაქმებული ბევრი პირი გადაწყვეტილებას პირადი ინტერესებიდან, პირადი სარგებლიდან გამომდინარე იღებს, რაც ადგილობრივ ფეხბურთზე უარყოფითად აისახება, ფინანსური პრობლემები არსებობს და ფეხბურთელები გაურკვეველ ვითარებაში არიან''.

ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე

''ჩემი ძმა ემანუელი მწვრთნელი გახდა. მწვრთნელობაზე მეც ვფიქრობ და შესაძლოა მისი ასისტენტი გავხდე. ამ ეტაპზე საფეხბურთო მოედნები მაქვს, რომელსაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდები ქირაობენ, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, თუმცა მომავალში შესაძლოა მწვრთნელი გავხდე''.

გაზიარება: