''ჯაბა კანკავამ კვლავ დიდებულად ითამაშა'' - ქართველების აღიარება ყაზახეთში
Aa
Aa

''ჯაბა კანკავამ კვლავ დიდებულად ითამაშა'' - ქართველების აღიარება ყაზახეთში

34 წლის ჯაბა კანკავა მაკედონიასთან ფინალურ მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ყაზახეთის პრემიერ ლიგის გასულ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ''ტობოლის'' მაისურით კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩი ჩაატარა და ცნობილი ყაზახური გამოცემის, Sports.kz-ს ვერსიით ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Sports.kz: ''როგორც ყოველთვის ჯაბა კანკავამ დიდებულად ითამაშა. ის მეტოქის შეტევების ჩაშლას ბრწყინვალედ ახერხებდა, ქართველი საყრდენი თანაგუნდელების დახმარებას მოედნის ყველა ნაწილში ცდილობდა. კანკავა ''ყიზილჟარის'' შეტევებს ჩანასახშივე შლიდა''.

მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში ''კაისარის'' ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძეც მოხვდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა.

Sports.kz: ''ელგუჯა ლობჯანიძე გოლის გატანას მაქსიმალურად ცდილობდა, ძალიან აქტიური იყო, ბურთისთვის იბრძოდა და კარისკენ არტყამდა. მან 1 გოლი შეაგდო, თუმცა კიდევ შეეძლო გატანა''.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ''კაისარისა'' და ჩემპიონატის ლიდერის, ''ქაირათის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 70-ე წუთამდე ''კაისარი'' 0:2 მარცხდებოდა, თუმცა დასკვნით 20-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და 1 ქულა მოიპოვეს. ''კაისარის'' მაისურით პირველი გოლი 70-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა.

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-13 შეხვედრაში მერვე გოლი შეაგდო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ლიდერს 3 გოლით ჩამორჩება. ყაზახეთის ჩემპიონატში გატანილი 8 გოლის გარდა ლობჯანიძემ 1 გოლი ევროპა ლიგაზე ''აპოელს'' შეუგდო.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა მაკედონიასთან ფინალური მატჩისთვის ჯაბა კანკავას მსგავსად ელგუჯა ლობჯანიძეც მიიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები