Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  15:49

4 ტრანსფერის ამბავი: მცდარი ნაბიჯები - როცა ფეხბურთი აგებს

ნებისმიერი დიდი ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს. ცხოვრება ყველას ერთნაირად არ ექცევა - ზოგიერთს შესაძლოა ორი, ან სამი შანსიც მიეცეს, ზოგს კი მხოლოდ ერთი, თუმცა არჩევანი მაინც თავად უნდა გააკეთო და იქამდე, შესაძლო შედეგები შეძლებისდაგვარად განსაზღვრო.

დიახ, საუბარი ადვილია, თუმცა როდესაც სიტყვები რეალობად იქცევა და ეს რეალობა შენ მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს - აი ასეთ დროს ნურავინ იტყვის, რომ თავად სწორად მოიქცეოდა და სხვის მსგავსად არ შეცდებოდა.

მნიშვნელოვან მომენტში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხარ შენ და ვინ იქნები წლების შემდეგ ისტორიისთვის.

ნებისმიერ შემთხვევაში რა სწორადაც არ უნდა მოიქცე, მაინც არსებობს და ყოველთვის იარსებებს გარეშე ფაქტორები. გარემო, კონკრეტული ადამიანი, მწვრთნელი, თუ შენი თანაგუნდელი, რომელმაც შესაძლოა შენზე კარგი, ან ცუდი გავლენა მოახდინოს და აქ უკვე შენი ბრალი არაფერია - უბრალოდ არ გაგიმართლა და ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდი.

ასევე, არის შემთხვევები, როცა ყველა ეს დეტალი ერთიანდება და მათ შუაში შენ ექცევი - შენი შეცდომა, არასწორ ადგილას მოხვედრა, არასწორი მწვრთნელის ხელში, კონკრეტული თანაგუნდელი შენ თამაშზე ცუდ გავლენას ახდენს. დიახ, შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. ზოგს უმართლებს, ზოგს ნაკლებად, ზოგსაც საერთოდ არა.

მცირე შესავლის შემდეგ გეტყვით, რომ დღეს მინდა 4 ტრანსფერის შესახებ გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ისტორიაში უამრავი არასწორი ტრანსფერი განხორციელებულა და მათზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია.

ამ შემთხვევაში კი თქვენ ყურადღებას ბოლო 15 წელიწადში შემდგარ ოთხ გარიგებაზე შევაჩერებ, რომლებმაც თავი ყველაზე მეტად დამამახსოვრა.

2 მათგანის ისტორია უკვე დაწერილია და მოსახდენი მოხდა, ორის კი ახლაც გრძელდება და ვგრძნობ, რომ მათ შემთხვევაშიც ვითარება არასახარბიელოა.

შევეცდები ფაქტები და ჩემი შეხედულებები გავაერთიანო და თქვენთვის კითხვა შეძლებისდაგვარად საინტერესო გავხადო.

კაკა და ზლატანი - ნაწილი პირველი

რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე - არშემდგარი დიდი სამეული

2009 წლის ზაფხულში 27 წლის რიკარდო კაკას „მილანური“ ისტორია მოულოდნელად დასრულდა და ბრაზილიელი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.

„სამეფო კლუბს“ კაკას შეძენა ყოველთვის სურდა. ისინი ყველა სეზონის ბოლოს „როსონერის“ წარმომადგენლებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ იყო, თუ არა რიკის შეძენის შანსი.

„2009 წელს, ფლორენციაში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ, სანაკრებო პაუზის გამო, კაკა ბრაზილიაში გაემგზავრა და მხოლოდ ერთი ზურგჩანთა წაიღო. მან მითხრა, რომ ერთ თვეში მალპენზას აეროპორტში შევხვდებოდით, მაგრამ მილანმა რიკი რეალს სწორედ მაშინ მიჰყიდა, როცა ის ბრაზილიაში იმყოფებოდა.

კაკას გუნდის დატოვება არ უნდოდა და მილანში ბედნიერი იყო, მაგრამ როსონერიმ ტრანსფერზე დააყენა და იმ მომენტში რეალი საუკეთესო ვარიანტი გახლდათ“. - იხსენებს კაკას ყოფილი აგენტი გაეტანო პაოლილო.

იმ დროს ფეხბურთში დიდი სამეული ყალიბდებოდა - კაკა, რონალდუ და მესი.

სამივე მათგანს ოქროს ბურთი თითოჯერ ჰქონდა მოგებული (მესიმ რამდენიმე თვეში მოიგო, მაგრამ ცხადი იყო, რომ პრიზი მას ერგებოდა). მართალია ბრაზილიელი კრიშტიანუსა და ლეოზე უფროსი იყო, მაგრამ 27-28 წელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო მონაკვეთია და კაკასგან ყველა ელოდა, რომ ის თავისი განუმეორებელი სათამაშო სტილით საფეხბურთო სამყაროს კვლავ მონუსხავდა.

მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ - მგლის ხროვას 2 ალფა ვერ ეყოლება, ისევე როგორც ერთ გუნდს 2 გამოკვეთილი ლიდერი.

ეს ფლორენტინო პერესის ხელწერა იყო. მას გუნდში ვარსკვლავების შეკრება ყოველთვის უყვარდა, თუმცა „რეალში“ მეორე ვადით მისულ პრეზიდენტს წარსულში დაშვებული შეცდომების შემდეგ რაღაცები ნასწავლი ჰქონდა. ეს „რაღაცა“ კი მწვრთნელის სწორად შერჩევაში გამოიხატა.

2009-2010 წლების სეზონში „რეალს“ მანუელ პელეგრინი ხელმძღვანელობდა. გუნდი შემტევ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა გვარდიოლას „ბარსელონასთან“ ლა ლიგის დათმობა მოუხდათ, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდმა მერვედფინალური ეტაპი კვლავ ვერ გადალახა. ცხადი გახდა, რომ ამ ფორმაციის „ბლანკოსს“ სხვა სპეციალისტი სჭირდებოდა.

ფლორენტინო პერესმა გუნდი კარიერის პიკში მყოფ ჟოზე მოურინიოს ჩააბარა, რომელმაც „ბარსას“ მოუგო და „ინტერს“ სეზონი ტრებლით დაასრულებინა.

პელეგრინის ხელში კაკას საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. რიგ მატჩებში ის რონალდუზე მეტადაც ბრწყინავდა. თუნდაც გავიხსენოთ „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“ (0:1), როცა კაკა უბრალოდ შეუჩერებელი იყო და კრიშტიანუს რეალური საგოლე მომენტიც შეუქმნა, თუმცა პორტუგალიელმა ვერ გაიტანა.


ერთ გუნდში მოთამაშე ორ ლიდერზე ხომ ვთქვით. სეზონის ბოლოს გუნდში მოურინიო მივიდა, რომელმაც ბალანსი აღადგინა და ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო - „რეალში“ მხოლოდ 1 ლიდერი დარჩა, მეორემ თადარიგში გადაინაცვლა.

„პირველ სეზონში ბარძაყის პრობლემა მქონდა, შემდეგ კი კუნთის. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს და როდესაც დავბრუნდი, ჟოზე მოურინიო დამხვდა.

"რეალში" ჩემი პრობლემა ტრავმა და მწვრთნელი იყო. სამი წელი დავკარგე. იქ გადასვლის შემდეგ, როგორც მოთამაშე გავნადგურდი და სრულად დავიკარგე. იმის ჩვენება ვერ შევძელი, რასაც "მილანში" ვაკეთებდი.

მოურინიოსთან ყოველდღიური მუშაობა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, როცა ვფიქრობდი, რომ მას შანსი უნდა მოეცა, ასე არასდროს ხდებოდა, ფორმის გამოვლენის საშუალება არ მომცემია.

ბევრს ვშრომობდი, ვიბრძოდი და ვლოცულობდი, თუმცა აშკარა იყო, რომ მწვრთნელს ჩემი ნდობა დაკარგული ჰქონდა. საბოლოოდ, გავაანალიზე, რომ მასთან ერთად მუშაობას ვერ შევძლებდი“. - იხსენებს კაკა.

მოურინიომ გუნდში ბალანსი მოძებნა. კაკა სათადარიგოთა სკამზე გადასვა და გამთამაშებლად მესუთ იოზილი გაამწესა, რომელიც პირდაპირ რონალუდზე თამაშობდა და მას ზუსტი გადაცემებით ამარაგებდა.

მესუთი კაკას დონის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საოცარი პასის კულტურა ჰქონდა, თუმცა თამაშზე იმხელა გავლენას ვერასდროს ახდენდა, როგორც ამას კაკა აკეთებდა.

მოურინიომ იოზილისა და რონალდუს კარგი ტანდემი შექმნა, რომელიც ჩინებულად მუშაობდა. მათი შედეგები გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა გვარდიოლას „ბარსას“ დომინირების წლები.

2013 წელს, როცა „რეალმა“ იოზილი „არსენალში“ გაუშვა, რონალდუმ კლუბის ამ გადაწყვეტილებას სულელური უწოდა და ეს საჯაროდ განაცხადა.

3 სეზონის განმავლობაში, როცა იოზილი და რონალდუ „რეალში“ მხარდამხარ თამაშობდნენ, გერმანელმა მას 27 საგოლე გადაცემა გაუკეთა.

იყო კაკას გადაწყვეტილება მცდარი? ჩემი აზრით კი. რიკი „რეალში“ ცუდ დროს აღმოჩნდა. მას ზიდანის მსგავსი მწვრთნელი გაცილებით სწორად და ეფექტურად გამოიყენებდა. ისინი ერთმანეთს დროში აცდნენ.

კაკას უიღბლობის მომენტიც ჰქონდა - რონალდუს ფაქტორმა გუნდში მის როლზე გავლენა პირდაპირ იქონია.

ტრავმები, მწვრთნელი, თანაგუნდელი - ამ ყველაფერმა კაკას კარიერის უმნიშვნელოვანესი 3 წელი დააკარგვინა, თუმცა ყველაფრის თავი მაინც მისი გადაწყვეტილებაა.

მსოფლიო ფეხბურთმა დიდი სამეულის პაექრობა ვერ იხილა. მივიღეთ უდიდესი დუელი მესისა და რონალდუს შორის, რომელიც დღემდე გრძელდება.

შეეძლო კაკას მათ ომში ჩაბმა? ჩემი აზრით კი. რიკის თავისი გუნდი სჭირდებოდა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობდა და ნდობა ექნებოდა. მას უმაღლეს დონეზე თამაში გაცილებით დიდ ხანს შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ 27 წლის ასაკში რეგრესი დაეწყო და მას შემდეგ, ჩვენ ის მომღიმარი ბრაზილიელი ბიჭი აღარ გვინახავს, რომელიც შავ-წითელ მაისურში გამოწყობილი მოედანზე საოცრებებს ახდენდა.

2009 წელს, „მილანმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ კაკას თაობაზე 100 მილიონიანი წინადადება მიიღო, კლუბი გარიგებაზე თანახმა იყო, თუმცა ფეხბურთელმა „ქალაქელთა“ რიგებში თამაშზე უარი განაცხადა...

ზლატანი - ლომი მგლების ხროვაში

როცა გვარდიოლამ გუნდი ჩაიბარა, მან რონალდინიოს, დეკოს და ეტოოს გაშვება მოითხოვა. პირველი ორი მათგანი კლუბმა გაყიდა, თუმცა ეტოოს შემთხვევაში ხელმძღვანელობა მას არ დაეთანხმა.

საბოლოოდ, პეპმა და ეტოომ ისაუბრეს და კამერუნელი გუნდში დარჩა. მან ჩინებული სეზონი ჩაატარა, თამაშობდა ფორვარდად და ფლანგის შემტევადაც. გვარდიოლამ მისი უნარები მესის ცრუ ცხრიანად ქცევისთვის იდეალურად გამოიყენა.

ეტოომ ლიგის ფინალშიც გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლოს პეპმა ის მაინც გაუშვა. „ბარსას“ დავიდ ვილას შეძენა უნდოდა, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კლუბმა აქცენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გააკეთა.

თანხას პლუს ეტოო - „ბარსელონას“ ცუდად გამოუვიდა. თავისი ლეგენდა ზლატანის გარიგებაში ჩართეს და „ინტერს“ ფაქტობრივად ხურდაში გაატანეს.

პეპის სადებიუტო სეზონში 6-დან ექვსივე ტიტულის მოგების შემდეგ, „ბლაუგრანამ“ თვით ზლატანი დაიმატა. ვინ უნდა მოუგოს ამ გუნდს? პასუხის გაცემა ყველას უჭირდა და უმრავლესობა ხვდებოდა, რომ მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი იყო.

ერთია შენი სახელი, სტატუსი, შესაძლებლობები და მეორეა, როცა მწვრთნელი შენ სწორად გიყენებს.

2009-2010 წლების სეზონში პეპ გვარდიოლამ უკვე იცოდა, თუ რა წარმატებულად მუშაობდა მისი ახალი სქემა, რომელშიც მესი ცრუ ცხრიანად თამაშობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდებოდა, როცა მოედანზე ზლატანი იყო.

იბრას აშკარად არ გაუმართლა. მას ხელი ტრავმებმაც შეუშალა. შვედს კარგი მატჩებიც ჰქონდა. მისი გოლით გუნდმა „ელ კლასიკო“ მოიგო. იყო დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალის“ კარში.

სექტემბერში „ბარსას“ შეტევაში მესი-ანრი-ზლატანის ტრიო ჰყავდა, თუმცა ორ მათგანს სეზონი ტრავმებმა გაუფუჭა. ანრიმ ლა ლიგაში მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6.

იბრას გუნდთან ადაპტაცია გაუჭირდა. სათამაშო სქემაში ვერ ჯდებოდა, ამ ყველაფერს ემატებოდა მესის საოცარი თამაში - რა მომენტებსაც ზლატანი ვერ იყენებდა, ლეო ორივეს ნაცვლად თამაშობდა და ყველაფერს გოლად აქცევდა.

შვედს მალევე გვარდიოლასთან უთანხმოება მოუვიდა: „გუნდში მისვლის პირველ დღეებში გვარდიოლამ მითრხა, რომ ფეხბურთელები სპორტული ავტომობილებით არ დადიან და მოკრძალებული ცხოვრების წესი აქვთ.

მას უნდოდა რომ თავი ჩვეულებრივ ბიჭად მეგრძნო, მაგრამ მე ზლატანი ვარ და მინდა განსხვავებული ვიყო. გვარდიოლა ამას ვერ შეეგუა.

ცუდად არ გამიგოთ, მესი, ჩავი და ინიესტა მომწონს, მათ ბურთით საოცარი რამეების გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ისეთი მგრძნობიარენი და წყნარები არიან. ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რასაც ეუბნებოდნენ და არასდროს კამათობდნენ“. - იხსენებს ზლატანი.

იბრა მწვრთნელთან ღია კონფლიქტში შევიდა, ამ ყველაფერს კი მისი ცუდი სათამაშო ფორმაც დაემატა.

„იბრაკადაბრა“ ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდებოდა: „ჩვენ არ გვჭირდება ფილოსოფოსი. თამაშების მოსაგებად ჩემი და ლილიპუტის დუეტიც საკმარისია“, - ზლატანმა პეპს კბილი გაჰკრა.

გვარდიოლამ მას ბოლო შანსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ მისცა. იბრამ ორივე შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, თუმცა თითქმის არაფერი გაუკეთებია. ეს ორმატჩიანი თრილერი ალბათ ყველას გახსოვთ. ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, პეპმა იბრა პრქტიკულად გუნდიდან გააგდო. მას აღარ ათამაშებდა და შეტევაში კრკიჩი-მესი-პედროს ტრიოს იყენებდა.

მესიმ კარიერა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დაიწყო. 2008-09 წლების სეზონში გვარდიოლამ ის პირველად გამოიყენა ცრუ ცხრიანზე. მომდევნო სეზონში ზლატანის ტრანსფერმა პეპის გეგმები დროებით შეაჩერა, თუმცა ჩაგდებული სეზონის შემდეგ მერფის კანონი ამოქმედდა (რაც მოსახდენია მოხდება) - შვედი იმწამსვე ტრანსფერზე დააყენეს.

საბოლოოდ, გვარდიოლამ დავიდ ვილა მაინც იყიდა და ესპანელი მარცხენა გარემარბად გაამწესა. „ელ გუახემ“ ეს პოზიცია დიდებულად მოირგო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.

პეპი 2009-10 წლების სეზონიდანვე გეგმავდა, რომ შეტევაში ვილა-მესი-პედროს სამეულით ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ ხელში ზლატანი შერჩა.

იბრა „ბარსელონაში“ ცუდ დროს აღმოჩნდა. მესიმ ცრუ ცხრიანად თამაში 2014 წლიდან შეწყვიტა, როცა გუნდმა ლუის სუარესი შეიძინა. ჩავი-ინიესტას დუეტი იმდენად ძლიერი აღარ იყო და გუნდს ცვლილებები სჭირდება. „ბარსამ“ აქცენტი თავდასხმაზე გააკეთა, მესიმ კი თამაში უფრო სიღრმიდან დაიწყო.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზლატანს არ გაუმართლა. მწვრთნელთან პირადი სახის უთანხმოება ბევრ ფეხბურთელს მოსვლია, მაგრამ ინდივიდუალური უნარები, კლასი და შედეგი, რომელსაც კონკრეტული მოთამაშე აჩვენებდა, კონფლიქტს უკანა პლანზე წევდა, იბრას შემთხვევაში კი ეს არ მოხდა, რადგან მან „ბარსელონაში“ თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, ამაში კი გვარდიოლასთან ერთად „ბრალი“ მესის მიუძღვის, რომელიც მოედანზე მთელს სივრცეს ითვისებდა, საბოლოოდ კი ზლატანს არაფერი რჩებოდა.

ვფიქრობ, მესისა და იბრაჰიმოვიჩს ერთად თამაში შეეძლოთ, ოღონდ სხვა დროში, რამდენიმე წლის შემდეგ.

იბრა იყო ლომი, რომელიც მგლების ხროვაში აღმოჩნდა, ხროვას ერთი ალფა ჰყავდა, ის არც მესი, არც ჩავი და არც ინიესტა იყო - 2008-2012 წლების ფორმაციის „ბარსას“ შემქმნელი და ლიდერი პეპ გვარდიოლა გახლდათ.

ამაში ეჭვი ბევრს ეპარებოდა და მესის ფაქტორს ყველა ხაზს უსვამდა, მაგრამ პეპის წასვლის შემდეგ, გუნდს კრიზისი დაეწყო, მესიმ, ჩავიმ და ინიესტამ ეს ვერ მოაგვარეს. სწორედ მაშინ გამოჩნდა, თუ ვისი შექმნილი იყო კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდი.

გრიზმანი და ფელიქსი, ცუდი გადაწყვეტილებები - ნაწილი მეორე

გრიზმანი - მცდარი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხეს

ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში“ ტრანსფერი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გადაყარო ფული წყალში.

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებს, რომ ცუდი ლეგიონერები ჩამოჰყავთ და თანხის 90%-ს წყალში ყრიან, ეს ვიცით და სამწუხაროდ არ გვიკვირს, მაგრამ ასეთ დონეზე, ასე ცუდად გაანალიზებული ტრანსფერი დიდი იშვიათობაა.

გრიზმანი, რომ „ბარსაში“ ვერ თამაშობს პირადად მე ოდნავადაც არ მიკვირს. ჩემთვის მთავარი მოულოდნელობა ზოგადად მისი ყიდვა იყო.

დიდი პროფესორობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ გრიზმანი ზუსტად მესის პოზიციაზე თამაშობს.

მესი „ბარსელონაში“ მარჯვენა ფლანგზე და ცენტრში, საჯარიმოსთან არსებულ სივრცეებს ითვისებს. ამ არეალში არგენტინელი სრულად დომინირებს და ეს ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის ყველაზე უკეთ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებმა.

შეიძლება გრიზმანი მესის დარ თვისებებს ვერ ფლობს, მაგრამ მოედანზე მისი საყვარელი პოზიცია სწორედ იქ არის, სადაც ლეო მოქმედებს.

„თქვენ ყიდულობთ ფორვარდს, მას გარემარბად ათამაშებთ, შემდეგ კი ამბობთ რომ მან ვერ გაამართლა. ასეთი რამ აღარ შეიძლება განმეორდეს, რადგან ფორვარდი არის ფორვარდი.

ეს არის მისი (გრიზმანის) ნიჭი და თქვენ მას სხვაგან იყენებთ. თუ, „ბარსას“ სჭირდება 9 ნომერი, მაშინ გაიფორმეთ ის, მაგრამ გამოიყენეთ სწორად“. - ეს სიტყვები ყოფილ „ბარსელონელს“ ბოიან კრკიჩს ეკუთვნის.

ბოიანმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ძალიან სწორი შეფასებაც გააკეთა. „ბარსამ“ იყიდა გრიზმანი, რომელსაც 10 და 11 ნომრად თამაში შეუძლია, თუმცა ის მარცხენა გარემარბად გაამწესეს.

ტრანსფერი თავიდანვე, იდეაშივე გაუგებარი იყო. მოედანზე მისი ადგილი არ რჩებოდა. „ბარსელონა“ ნეიმარის წასვლის შემდეგ მარცხენა გარემარბს ეძებდა. დემბელემ ვერ გაამართლა, კლუბს ვინმე მისი სტილის მოთამაშე სჭირდებოდა და არა გრიზმანი.

ვერც ვალვერდემ, ვერც სეტიენმა ანტუანი ვერ გამოიყენეს. წელს კი კუმანი მას ბევრგან ცდის. ნიდერლანდელი იმდენს მაინც მიხვდა, რომ გრიზმანის მარცხნიდან თამაში არ შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით მისი პრობლემა საბოლოოდ ვერ გადაჭრა.

ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი მატჩის მსვლელობისას მესისთან პოზიციებს ცვლის - ის ხან ცეტრფორვარდია, ხან მარჯვენა გარემარბი.

გრიზმანის გამოყენებას და ცოტათი გადაკეთებას კუმანიც ცდილობს, მაგრამ ამაოდ. მისი ადგილი ცენტრშია, სადაც კოუტინიო თამაშობს.

„ჩემი აზრით, გრიზმანი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა თამაშის შუაგულში იმყოფება და ბურთს ხშირად ეხება. ამ პოზიციაზე მას საშუალება აქვს უკან ჩამოვიდეს და ნახევარდაცვას დაეხმაროს.

ანტუანს სხვებისგან განსხვავებით ფლანგზე ბურთის მიღებისა და მეტოქის მოტყუების შესაძლებლობა არ აქვს. მისთვის აუცილებელია, რომ ბურთს ხშირად შეეხოს და მოედანზე ჭკვიანურად გადაადგილდეს“. - დიდიე დეშამი.

საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო მატჩი ერთა ლიგაზე ხორვატიაში გამართა და 2:1 მოიგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გრიზმანი გახდა. გოლთან ერთად ანტუანმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და ჯამში კარგად გამოიყურებოდა.

აი სად ათამაშა დეშამმა გრიზმანი...

„თავს კარგად ვგრძნობ. მწვრთნელმა იცის რომელ პოზიციაზე უნდა მათამაშოს. თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ“. - თქვა გრიზმანმა ხორვატიასთან მატჩის შემდეგ და რონალდ კუმანს მინიშნება გაუკეთა.

მგონი მეტი ახსნა საჭირო არ არის იმის მისახვედრად, რომ გრიზმანის „ბარსელონაში“ ტრანსფერი წარუმატებლობისთვის იდეაშივე განწირული იყო.

შედეგი ასეთია - ძალიან კარგი ფეხბურთელი თავისი არასწორი გადაწყვეტილებისთვის ისჯება და კარიერის პიკის ნაცვლად, მან კრიზისი და ფსიქოლოგიური პრობლემები მიიღო.

ჟოაო ფელიქსი - კარგი ბიჭი ცუდ ადგილას

ფეხბურთის ქომაგებმა გამოჩენისთანავე ჟოაო ფელიქსი კაკას შეადარეს და მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ, რადგან პატარა პორტუგალიელი ბიჭი სათამაშო სტილით ლეგენდარულ ბრაზილიელს მართლაც წააგავს.

„ბენფიკაში“ გაბრწყინების შემდეგ ფელიქსის მიმართ ინტერესმა მალევე იმატა. ბევრისთვის მოულოდნელად ყველას „ატლეტიკომ“ აჯობა და 120 მილიონ ევროდ ჟოაო გაიფორმეს.

20 წლის ბიჭში არსებული ცეცხლი, რომელმაც ყველანი ასე მოგვხიბლა ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი “ატლეტიკოა“.

მსგავსი ტიპის ფეხბურთელები „ჩოლო“ სიმეონესთან რთულად პროგრესირებენ. მის სათამაშო სტილს ყველა ვერ უძლებს და ვერ ითვისებს.

ფელიქსი თავისუფალი, თამამი, ლამაზი, მსუბუქი და კრეატიული ფეხბურთის მოთამაშე ფეხბურთელია. ადვილად შესამჩნევია, რომ მან პროგრესი შეაჩერა. საბედნიეროდ არ დაუსრულებია, ჯერ მხოლოდ შეჩერებულია.

ფელიქსი სიმეონეს მძიმე და პრაგმატულ სათამაშო სტილთან ჰარმონიაში ვერ მოდის. დიახ, მას აქვს კარგი მატჩები, თავს გვახსენებს ხოლმე, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მისგან ველოდით.

მადრიდელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ყველა რგოლი გუნდს კარგად აქვს დაკომპლექტებული. შეტევაშიც ბევრი მაღალი დონის შემსრულებელია, თუმცა მწვრთნელი სიმეონეა და აქ კრეატივს ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ამ მკაცრი სისტემის ქვეშ კი ჩვენი „პატარა კაკა“ იჩაგრება და მის ნიჭს შესაბამისად განვითარების საშუალება არ ეძლევა.

ფელიქსის ნაწილი ყველაზე მოკლე გამომივიდა. ვისურვებდი, რომ ის ამ სტატიაში საერთოდ არ ყოფილიყო...

პორტუგალიელი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია და ყველასათვის უკეთესი იქნება, თუ „ატლეტიკოს“ შეძლებისდაგვარად სწრაფად მოშორდება.

ბოლოს კი კაკას სიტყვებით დავასრულებ:

„ყველაზე მთავარია გვესმოდეს და გავითავისოთ, როგორი ტიპის მატჩში ვმონაწილეობთ და ჩვენი გუნდის ტაქტიკა როგორია. მაგალითად, არის გუნდები, რომლებშიც ტაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკა.

ვფიქრობ, ჩვენ შორის ფიზიკურ მონაცემებში მსგავსება არსებობს, მეორე მხრივ კი მგონია, რომ შენ ჩემზე ფართო ტექნიკური არსენალი გაქვს, მე უფრო ვერტიკალურად ვუტევდი“.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში