ხვიჩამ ყველა კითხვას პასუხი გასცა - ვაისის თითქმის იდეალური გათვლა
Aa Aa

ხვიჩამ ყველა კითხვას პასუხი გასცა - ვაისის თითქმის იდეალური გათვლა

სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულმა მატჩმა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გაორებული ემოცია დაუტოვა. ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა შედევრმა ყველანი გაგვახარა, მაგრამ ბოლო წუთებზე გაშვებულმა პენალტმა ეს სიხარული გაანეიტრალა.

როგორც მატჩამდე ვვარაუდობდით, ეს იყო უფრო მეტად დაზვერვა და ერთმანეთისთვის კოზირების გადამალვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლა 3 ქულისთვის.

ორივე ნაკრებს თითქოს ეტყობოდა, რომ ფრეზე ხელს მოაწერდნენ. გამარჯვების განსაკუთრებული სურვილი არცერთს გამოუჩენია. თამაშის სცენარიც საკმაოდ მშვიდი და მოსაწყენი იყო, მაგრამ ნიკა კვეკვესკირის ბრწყინვალე პასმა მოედანზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა... ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ამ შეხვედრაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოჩნდა. შევეცდები ყველა მათგანი გავშალო და თქვენამდე მოვიტანო.

ფსიქოლოგიური ომი შემადგენლობების მანევრით

ფსიქოლოგიური უპირატესობა სპორტის ნებისმიერ სახეობაში უდიდეს როლს ასრულებს. ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტსაც კი. თუ, კონკრეტული მატჩისთვის ამ მხრივ იდეალურად მოემზადე, ჩათვალე საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული გაქვს. 12 ნოემბერს სწორედ ასეთი შეხვედრა გველის და ზუსტად ამ დაპირისპირების გამო 14 ოქტომბრის მატჩი განსხვავებული გამოდგა. თუ რატომ, ამის თაობაზე ჩემ მოსაზრებას გაგანდობთ.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ შემადგენლობების ფაქტორი. ორივე ნაკრებმა დიდი დანაკლისით ითამაშა. მაკედონიელებს 3-4 წამყვანი მოთამაშე აკლდათ, ჩვენ 7 და პლუს ამას, ვაისმა კვარაცხელია-შენგელიას დუეტი თადარიგში დატოვა.

ჩვენ მწვრთნელს შეეძლო უფრო ძლიერი თერთმეტეული გამოეყენებინა და უპირატესობა თავიდანვე გვქონოდა, ალბათ უფრო ადრეც გავიტანდით, მაგრამ მას სულ სხვა გეგმა ჰქონდა.

ვაისმა მოედანზე 4 ნახევარმცველი გამოიყვანა და თამაში საკმაოდ მოულოდნელი განლაგებით დაიწყო. დაუშვილი, კვეკვესკირი, გვილია და კიტეიშვილი მაღალი პრესინგის თამაშს ცდილობდნენ და ჩვენი ამოცანა ბურთის კონტროლი იყო.

ვაკო ყაზაიშვილი ქვილითაიას უკან მოქმედებდა, ძირითადად შეტევებს მარცხნიდან იწყებდა, თუმცა აშკარა იყო, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა.

საწყის წუთებში თითქოს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა კიტეიშვილის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

„მატჩის სტარტზე კიტეიშვილის შეცვლა მოგვიწია. ამ ცვლილებამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა“, - თქვა ვაისმა მატჩის შემდეგ.

მის ნაცვლად თამაშში საბა ლობჟანიძე ჩაერთო, რომელმაც გახურებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე მინდორზე იყო.

საბა შეხვედრაში კარგად ვერ ჩაერთო და პირველ ტაიმში ის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი იყო, თუმცა შესვენების შემდეგ, მან საჭირო დარიგებები მიიღო და საბოლოო ჯამში ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია.

პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა დიდად არც მეტოქე ბრწყინავდა და ზოგადად ძალიან უსახური 45 წუთი ვიხილეთ.

მეორე ტაიმში კლასიკურ 4-4-2-ზე გადავედით და ფლანგებიდან შეტევები გამწვავდა, მაგრამ ეს მხოლოდ საწყის წუთებში იყო.

საერთო ტემპი მაინც დაბალი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმი ჩვენი ნაკრების კარნახით მიმდინარეობდა და რთული სათქმელია რა მოხდებოდა, რა ცვლილებებს გააკეთებდა ვაისი, რომ არა 67-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის შესანიშნავი გადაცემა, ერთი-ერთზე დარჩენილი საბა ლობჟანიძე და გაძევებული მეკარე.

ჩემი აზრით, ვაისმა მეტოქეს კარტი სრულად არ გაუშალა და გუნდის პოტენციალის სრულად გამოყენებაზე უარი თქვა. ჩვენ მწვრთნელს სასურველი შედეგის დაფიქსირება გადახალისებული შემადგენლობით სურდა და ამასთან ძალიან ახლოსაც იყო.

37 წლის გორან პანდევმა მთელი შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა, ამ დროს წინა მატჩში დასვენებული ხვიჩა კვარაცხელია ვაისმა მხოლოდ კაცის გაძევების შემდეგ, 71-ე წუთზე შეიყვანა.

გასაგებია, რომ ქომაგი უკმაყოფილოა, რაღაცები არც მე მომეწონა, მაგრამ რასაც ვაისი გეგმავდა ეს სწორი გათვლა იყო - შედეგის მიღება რესურსის დიდი დაზოგვით. ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მეტოქე მომენტს ვერ გვიქმნიდა, ჩვენ კი შევქმენით და ეს ყველაფერი მათი მეკარის გაძევებით დასრულდა.

შემდეგ იყო ხვიჩას ულამაზესი გოლი, ამ თემაზე მოგვიანებით...

დავწინაურდით, 2 გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო, მაგრამ 100%-იანი მომენტები გავაფუჭეთ, ბოლო წუთებზე კი მსაჯის შეცდომის შედეგად ჩვენ კარში პენალტი დაინიშნა - 1:1.

კაცნაკლულ მაკედონიას კვლავ ვერ მოვუგეთ და რა თქმა უნდა, ეს შედეგი ფსიქოლოგიურად გარკვეულ უპირატესობას მათ აძლევთ. ჩვენი მწვრთნელის მართლაც საინტერესო გეგმა ბოლო წუთებზე ჩამოიშალა.

"ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლოს 10 ფეხბურთელით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდში დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ", - თქვა ვაისმა შეხვედრის შემდეგ.

საბოლოოდ ვის ექნება ფსიქოლოგიური უპირატესობა ამას 12 ნოემბერს გავიგებთ. სტატიის ბოლოს ამ თემას კიდევ შევეხები და რამენიმე მნიშვნელოვან დეტალს განვიხილავ...

შეცდომები - რა იყო ვაისის ბრალი და რა ფეხბურთელების

ჩვენი მწვრთნელის გათვლა, რომ სწორი იყო და რასაც ემსახურებოდა, ამაზე უკვე გესაუბრეთ.

ლევან შენგელიას თადარიგში დარჩენა სავარაუდოდ მისი ტრავმის ბრალი იყო. ჩვენ მარჯვენა გარემარბს სომხეთთან მატჩში მიღებული დაზიანების შემდეგ, თავზე ნაკერები დაადეს და სავარაუდოდ, მისი მოედანზე არგამოჩენის მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვაისმა არ გარისკა.

მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა - ვაისი ყველა შეხვედრის წინ გუნდს სწორად ამზადებს და სწორად განაწყობს. თამაშს სწორად გეგმავს. ბოლო დროს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მატჩში პირველი გოლი ჩვენ გაგვაქვს, პირველ ტაიმს აქტიურად ვიწყებთ, ვუტევთ, მომენტებს ვქმნით და ვიტანთ კიდეც. მსგავსი რამ საქართველოს ნაკრების შესრულებით უკანასკნელ წლებში თითქმის არ ხდებოდა.

ვაისის მხრიდან ეს უდაოდ მისასალმებელი და წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ მწვრთნელს პრობლემებიც აქვს. კერძოდ, მატჩში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თამაშის სცენარს ვერ აკონტროლებს და ცვლილებების ხარჯზე სიტუაციის შემობრუნებას ვერ ახერხებს. უპირატესობის შენარჩუნებაც რთულად გამოსდის.

შეცვლებს, რომ აგვიანებს და ხშირად მცდარ გადაწყვეტილებასაც იღებს, ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და დარწმუნებული ვარ თქვენც კარგად იცით. მაკედონიელებთან ორივე შეხვედრაში ვიგებდით, მეტოქე ორივეჯერ უმცირესობაში დარჩა, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ბოლოსკენ ვაისმა არასწორი ცვლილებები გააკეთა.

დიახ, გატანა ყაზაიშვილსაც მართებდა და კაჭარავასაც. მატჩი მინიმუმ 2:0 უნდა მოგვეგო და ეს ვაისის ბრალი არ არის, რომ ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გარდა გოლის გატანა ყველას უჭირს.

ჩვენი მწვრთნელის შეცდომა ზედმეტად მარტივ მიდგომაშია - არ შეიძლება კაცნაკლულ მეტოქეს ბურთი დაუთმო და მხოლოდ მათ შეცდომებს დაელოდო. ვიღაცამ შეიძლება ასე გააკეთოს და გაუმართლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც იღბალი საერთოდ არ სწყალობს.

ისტორიულად ასე ვართ - ბოლო წუთებზე ბევრი უაზრო გოლი გაგვიშვია. მომენტების რეალიზების საშინელი პროცენტი გვაქვს და ეს ვაისმა ძალიან კარგად იცის.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა არ უნდა დათმოს და დაცვაში არ უნდა ჩაჯდეს, როცა აშკარაა, რომ სხვა გზით წასვლა შეგვიძლია,

მოედანზე გვყავდა, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე - ბოლო წუთებში ბურთის მეტოქის ნახევარზე დაჭერა, კუთხურის, ან აუტის ხაზთან დროის გაყვანა სრულიად შეასძლებელი იყო. ასეთი რამ ხომ ბევრ საკმაოდ ცნობილ შეხვედრაშიც გვინახავს. ეს ნაცადი ხერხია.

მწვრთნელის მხრიდან ბოლო წუთებზე მამუკა კობახიძისა და გიორგი ნავალოვსკის შეყვანა, აშკარად ზედმეტი იყო. თამაშის სცენარი ოდნავადაც არ მოითხოვდა იმას, რომ ჩვენი გუნდის რიგებში მოედანზე 2 ახალი მცველი გვეხილა.

რატომ ვთმობთ მოპოვებულ უპირატესობას, როცა კონტექსტიდან ამოვარდნილი და შემთხვევითი გოლების გაშვების „დიდოსტატები“ ვართ.

კიდევ გავნმეორდები და ვიტყვი, რომ ვაისის თავდაპირველი გეგმა სწორი იყო, შედეგიც მოსჩანდა, მაგრამ იგივე განმეორდა - მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს ბურთი მივეცით და დავისაჯეთ.

ამ შემთხვევაში ბრალი ყველას მიუძღვის - მწვრთნელსაც (ალბათ მაინც ყველზე მცირე დოზით), ფეხბურთელებსაც და მსაჯსაც, რომელმაც აბსურდული პენალტი დანიშნა. ვიდეო რეფერი მის გადაწყვეტილებას აუცილებლად გააუქმებდა.

კვეკვესკირი, ყაზაიშვილი და სხვები - პოზიტივი და ნეგატივი

სკოპიეში გამართულ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ საკმაოდ კარგ ფორმაშია და როცა ის ასეთ კონდიციებშია ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

კვეკვესკირი ეგრეთწოდებული უკან დაწეული გამთამაშებელი - Regista გახლავთ. მისი მთავარი პლუსი ართმევაზე თამაში არ არის. „კვეკვეს“ გვერდით კანკავას სტილის ნახევარმცველი უნდა თამაშობდეს, თავად კი ბურთის ამოტანა, შეტევების წამოწყება, მწვავე გადაცემების შესრულება და სათამაშო ტემპის კონტროლი ევალება.

კვეკვესკირის ეს თვისებები თავდაპირველად ალექს გარსიამ შეამჩნია და თბილისის „დინამოში“ მისთვის დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ყველამ ვიცით, როგორც დასრულდა გარსიას თბილისური ამბავი...

სასურველია 1 თვის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიხილოთ და მწვრთნელს არჩევანის საშუალება მიეცეს.

ოქტომბერში გამართული 3 მატჩი საკმაოდ ნორმალურ დონეზე ჩაატარა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც თავის საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფება, მაგრამ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და ვაისმა ის გამოიყენა.

მიუხედავად ვაკოსადმი დიდი სიმპათიებისა, მას მნიშვნელოვან შეხვედრაში, გადამწყვეტ მომენტებში არასწორად თამაში სჩვევია. 100%-იანი საგოლე შეტევისას ყაზაიშვილი საჭირო დროს პასს არ აკეთებს ხოლმე.

ასე იყო მაკედონიასთანაც, როცა ვაკოს გატანა მართებდა, მაგრამ უფრო მართებული მისი მხრიდან პასის გაკეთება იქნებოდა.

ვაკომ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ საბა ლობჟანიძეს პასი არ გაუკეთა, თავად კი დარტყმა დააგვიანა და საბოლოოდ ძალიან კარგი მომენტი გააფუჭა.


ამ მომენტმა სერბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მნიშვნელოვანი მატჩი გამახსენა, როცა 1:0-ს ვიგებდით და 2:0 უნდა გაგვეხადა, მაგრამ ყაზაიშვილმა ცარიელ კართან მდგომ ჯანო ანანიძეს გადაცემა არ გაუკეთა... საბოლოოდ 1:3 დავმარცხდით.


აშკარაა, რომ მწვრთნელმა ამ პრობლემაზე უნდა იზრუნოს. ასეთი დონის შეხვედრებში, ასე ეგოისტურად და დაუფიქრებლად თამაში კარგს არაფერს მოგვიტანს.

ყბადაღებული თემა - ნიკა კაჭარავა. ერთი რამ აშკარაა, როცა „კაჭო“ მოედანზეა „რაღაც“ ყოველთვის ხდება. კარგია ეს, თუ ცუდი ფაქტია მომენტები იქმნება. აი გიორგი ქვილითაია ზედმეტად ინერტულია და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისგან არაფერს უნდა ველოდოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, 12 ნოემბერს ნაკლებად სავარაუდოა ვაისმა რომელიმე მათგანი ძირითადში დააყენოს. დიდი ალბათობით ფორვარდის პოზიციაზე კვლავ თორნიკე ოქრიაშვილი იდგება. ამ ეტაპზე, ასეთი დონის მატჩისთვის შესაფერის ფორმაში მყოფი 9 ნომერი არ გვყავს.

რაც შეეხება დაცვას - ჩემი აზრით, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალის კვარტეტი გამოიკვეთა და ძირითადში მათ უნდა ველოდოთ ხოლმე.

სასურველია, რომ მარცხენა ფრთაზეც კაკაბაძის სტილის მცველი გვყავდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არავინ ჩანს, რომ ასეთი დონის მატჩი ვანდოთ. დვალი შეტევებში აქტიურად ვერ ერთვება, მაგრამ დაცვაში ის ძალიან საიმედოა, ორთაბრძოლებს თითქმის სულ იგებს და მეორე სართულზე ძალიან ძლიერია. ცენტრალურ მცველებსაც კარგად აზღვევს.

ამჯერად მინდა ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციის თემას კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად შევეხო...

ხვიჩამ ვაისსაც დაუმტკიცა - მისი ადგილი მარცხენა ფლანგზეა

არ ვიცი ეს რისი, ან ვისი ბრალი იყო - კიტეიშვილის ტრავმა და შემდეგ მარჯვენა ფლანგზე გამწესებული საბა ლობჟანიძე. ვაისი მას ვეღარ გაიყვანდა და კვარაცხელიას თამაში მარცხნივ მოუწია. ნუთუ ასე იყო?

იმედი მაქვს ასე არ იყო და ჩვენმა მწვრთნელმა თავის ჯიუტ ხასიათს გადააბიჯა, ხვიჩა სწორ პოზიციაზე გამოიყენა და მანაც გოლი შედევრი გვაჩუქა.

ნებისმიერ შემთხვევაში, შემთხვევით, თუ დაგეგმილად გამოჩნდა, რომ კვარაცხელია მარცხენა გარემარბად უბრალოდ შეუდარებელია. ამწვავებს, პირდაპირ კარზე მიდის და ურტყამს - თან როგორ ურტყამს!


სამწუხაროდ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ 12 ნოემბრამდე გიორგი ჩაკვეტაძე იმ ფორმას ვერ აღიდგენს, როგორიც გასულ წელს ჰქონდა. მარცხნიდან არც ყაზაიშვილის გამოყენებამ მოგვიტანა რამე ხეირი, ვერც ზურიკო დავითაშვილმა გაამართლა. „ოქრი“ კი ჩვენი ახალი ცენტრფორვარდია.

მგონი ვაისს სხვა შანსი აღარ რჩება - მან ხვიჩა თავის საყვარელ პოზიციაზე უნდა ათამაშოს.

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი ნაკრების ფეხბურთელი ასეთ დონეზე თამაშობს და მსგავსი სილამაზის გოლები გააქვს. იმედია შოუ მომავალშიც გაგრძელდება.

„მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც  შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება“. - აღნიშნა მატჩის შემდეგ ხვიჩამ.

სტატისტიკა, რომელიც მაკედონიელების უსუსურობას ამტკიცებს

ფსიქოლოგიურ უპირატესობაზე საუბარი სტატიის პირველ ნაწილში მქონდა. 10-კაციანმა მაკედონიამ საბოლოოდ ჩვენთან არცერთი მატჩი არ წააგო, რაც ბუნებრივია ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობაა.

რეალურად რას წარმოადგენს ეს გუნდი? მათთან უკვე 2 მატჩი ჩავატარეთ. რა დავინახეთ ამ შეხვედრებში?

ჯამურად ორივე მატჩში მაკედონიელებმა ჩვენ კარში სულ 3 დარტყმა განახორციელეს. აქედან 1 პენალტი იყო, 1 ნიკა მალის შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა და მესამე დაახლოებით 30-35 მეტრიდან დარტყმული, რომელიც ლორიამ შოუს ელემენტებით გაჟღენთილი ნახტომით მოიგერია და რეალურად დიდ ხიფათს არ წარმოადგენდა.

ჩვენმა მეტოქემ 180 წუთში (პლუს ამას დამატებული წუთები) მხოლოდ სამჯერ დაგვირტყა და ისიც ერთი მსაჯის შეცდომა იყო, მეორე ჩვენი, მესამე კი ლამის მოედნის ცენტრიდან დაარტყეს. ბევრი იტყვის, რომ ორივე შეხვედრაში კაცი გაუგდესო. დიახ, ასეც იყო, მაგრამ რა ხდებოდა კაცის გაგდებამდე?

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ფეხბურთელი თბილისში 64-ე, ხოლო სკოპიეში 67-ე წუთზე გაუძევეს. რა შექმნა მეტოქემ ამ 131 წუთში, როცა მოედანზე 11-11-ზე ვიყავით? კარისკენ 4-ჯერ დაგვირტყეს და ჩარჩოში მხოლოდ 1 წავიდა, ისიც მალის შეცდომის შედეგად გასული გოლია.

ცნობისთვის, ჩვენ მათ კარში 10-ჯერ დავარტყით, რომელთა უმრავლესობა სახიფათო იყო.

რეალობა ასეთია - ლა ლიგაში, სერია ა-ში, პრემიერლიგაში და სხვა უდაოდ ძლიერ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ბევრს არაფერს წარმოადგენს და ეს მაღალ ლიგებში მოთამაშე ლეგიონერები ჩვენი გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ უსუსურად გამოიყურებიან.

ერთადერთი, ვისაც კლასი მართლა ეტყობა და მოედანზე რეალურ ხიფათს ქმნის, ეს გორან პანდევია. ისიც რომ არა, ალბათ მაკედონიელები ბელარუსზე სუსტები იქნებოდნენ.

მათ ბურთის გაკონტროლება ჩვენზე უკეთ გამოსდით, მაგრამ პასების აბსოლუტური უმრავლესობა გვერდით, ან უკან კეთდება - პასი პასისთვის, რასაც ხიფათი არასდროს მოჰყვება.

პლუს ამას, ორივე შეხვედრაში ჩვენი დანაკლისი უფრო სოლიდური იყო, ვიდრე მათი. ჩვენი მეტოქის მწვრთნელი კი უბრალოდ თავს იტყუებს და ხალხს აჯერებს, რომ ვითომ მათთვის ყველაფერი რიგზეა:

„ამ მატჩმა აჩვენა, რომ არასოდეს ვნებდებით“, - თქვა შეხვედრის შემდეგ იგორ ანგელოვსკიმ. ცნობისთვის, ბატონო იგორ, 12 ნოემბერს თბილისში ვიდეო რეფერიც იქნება და მეეჭვება, ჩვენ კარში მსგავსი ყალბი პენალტი კვლავ დაინიშნოს.

ისტორიული დღის მოლოდინში

გუნდებმა ერთმანეთთან 2 მატჩი გამართეს. მწვრთნელებმა მეტოქეებზე უკვე საკმარისზე მეტი ინფორმაცია მოაგროვეს. ამჟამინდელი ვითარება ჭადრაკის დაფას ჰგავს - ყველაფერს ბევრი ფიქრის შემდეგ გაკეთებული სწორი სვლა გადაწყვეტს.

ისღა დაგვრჩენია ჩვენ ფეხბურთელებს ჯანმრთელობა ვუსურვოთ, რათა 12 ნოემბერს თბილისში უძლიერესი შემადგენლობა ვიხილოთ.

მჯერა, რომ ვლადიმირ ვაისი ყველა მოთამაშეს ობიექტურ პოზიციას მიუჩენს და ამჯერად ექსპერიმენტებს აღარ მიმართავს.

მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვართ, პლუს ამას შინ ვითამაშებთ, შესაძლოა მაყურებელთა მცირე რაოდენობა ტრიბუნებზე დაუშვან. წარმატებები ბიჭებს თავიანთ კლუბებში - შევხვდებით 1 თვეში...

ფოტომასალა - GFF

გაზიარება: