იუმორით სავსე ბიჭი, ვინც მწვანე მინდორზე კრეატივი დატოვა
Aa Aa

იუმორით სავსე ბიჭი, ვინც მწვანე მინდორზე კრეატივი დატოვა

ხვეულთმიანი პატარა ბიჭი პლეხანოვის ბეტონის მოედანზე ბურთს კენწლის და დიეგო მარადონას ბავშვობის ყველაზე ცნობილ კადრს მაგონებს, ბუენოს_აირესში ფეხბურთის ღმერთის ღარიბი უბანი და 90_იანი წლების თბილისი ეკონომიკური კუთხით მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ და ბავშვებისთვის  სპორტი, მეტწილად ფეხბურთი ერთის მხრივ სიამოვნებისა და განტვირთვის, მეორეს მხრივ კი ფინანსური სტაბილურობის მიღწევის საუკეთესო გზა იყო, თუმცა როცა 90_იანი წლების პირველ ნახევარში დაბადებულმა ტალანტებმა პროფესიულ ფეხბურთში საწყისი ნაბიჯები გადადგეს, ტრავმებისა და ფრაგმენტული აფეთქებების ფონზე სტაბილურობა ვერ მოიპოვეს, რამაც მათ მიმართ გაჩენილი მოლოდინი სევდისა და იმედგაცრუებების ისტორიად აქცია. ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე ტრავმებმა დატანჯეს, გიორგი ჭანტურიასთვის მენტალური პრობლემები გადაულახავ დაბრკოლებად იქცა, ვაკო ყაზაიშვილმა ბებერ კონტინენტზე  ვერ გაიბრწყინა და საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატში თამაშს MLS_ის მილიონები ამჯობინა, ხოლო ჯანო ანანიძემ კომფორტული ზონიდან გამოსვლა ვერ შეძლო და ევროპულ გამოწვევას "სპარტაკისთვის" კარიერის მიძღვნა არჩია და კიდევ იყო ერთი განსხვავებული შემთხვევა ლოკალურ დონეზე: გიორგი თექთურმანიძის კარიერა ავტოავარიამ დაასრულა.     

მას "ჩიორა" ბავშვობაში ბაბუამ შეარქვა, მეტსახელი შერჩა და დღეს, ფეხბურთში თუ ფეხბურთს მიღმა, ყველა ასე იცნობს. სეირნობა სიამოვნებს, ყურსასმენში აუდიოწიგნებს უსმენს, რაც განტვირთვაში ეხმარება. ხშირად იღიმის, იუმორი მისთვის ძალიან დამახასიათებელია, ისევე როგორც მისი ექს_მწვრთნელისთვის, კახა კაჭარავისთვის, რომელმაც ერთხელ ღიად თქვა, რომ თუ ფეხბურთელს იუმორი არ აქვს, მის გუნდში ვერ მოხვდება.

"ჩიორა" გალაქტიონის ხიდის გავლით მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას აუყვება, ბავშვობას იხსენებს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძველი შენობები ახალმა სახლებმა შეცვალეს, იტალიურ ეზოში გატარებული ბავშვობის შემდეგ ცათამბჯენებს შორის ცხოვრება დისკომფორტს უქმნის, ფეხბურთი კი ისევ ძალიან უყვარს, ძალიან ენატრება და სურს სხვა კუთხიდან, მწვრთნელის ამპლუაში დაამახსოვროს თავი ფეხბურთის ქომაგებს.

ინტერვიუ გიორგი თექთურმანიძესთან


 "ავტოავარიის შემდეგ ყველა მხრიდან ყურადღება ვიგრძენი. კლუბში ყოფნისას გულშემატკივრების ყურადღებას ვერ აფასებ. რთულ პერიოდში მათი თანადგომა დავაფასე".

არ სიამოვნებს ავტოავარიაზე საუბარი და მძიმე დღეების გახსენება. კარიერა ხანმოკლე გამოდგა, მხოლოდ 26 წლამდე ითამაშა, შემდეგ კი მისი ცხოვრება შეიცვალა, თუმცა ფეხბურთს გონებასა და გულში კვლავ დიდი ადგილი უკავია. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, კლუბ "დერბიში" გამოცდილი ქართველი სპეციალისტის, გიორგი დევდარიანის ასისტენტია.

"ჩიორა" იხსენებს "ირაოს" _ მის პირველ საფეხბურთო სკოლას, სადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში კობა ჟორჟიკაშვილთან და შემდგომში, წლების შემდეგ პროფესიულ დონეზეც ყველაზე შთამბეჭდავი მატჩები მის გაწვრთნილ რუსთავის "მეტალურგში" ჩაატარა. ლოკალურ დონეზე, საქართველოს ჩემპიონატში გიორგი თექთურმანიძის მსგავსი კრეატიული ფეხბურთელები გვაკლია. ისინი ქმნიან სანახაობას, მოძრაობენ ოსტატურად, ლამაზი პასებით და გოლებით გამოირჩევიან და ასეთი მოთამაშეები ქმნიან პროდუქტს, რომელიც ქომაგებისთვის და ტელევიზიებისთვის საინტერესო ხდება.

''ჩიორას'' ბავშვობის კადრები

ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებს. რატომ ვერ შეძლო უფრო მაღალ დონეზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ თამაში? ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი აქვს, რომ ყველაფერში დამნაშავე თავადაა და რჩევების გაუთვალისწინებლობის გამო შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, ბევრი ფეხბურთელის მსგავსად ინტერვიუში უფრო კონკრეტულ საუბარს ერიდება, მაგრამ არ ჰგავს მათ, ვინც წარუმატებლობის მიზეზებს სხვა ადამიანებში ხედავენ, რაც პროფესიული თვალსაზრისით სწორი და ადამიანური კუთხით დასაფასებელი პოზიციაა.

გაზიარება: