ამარილდო - პელესა და გარინჩას თაობის ვარსკვლავი, რომელმაც იტალიაში გაიბრწყინა
Aa Aa

ამარილდო - პელესა და გარინჩას თაობის ვარსკვლავი, რომელმაც იტალიაში გაიბრწყინა

"მილანი" ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი ფეხბურთელებით. მაგალითად: ატილიო ტრერე, რენცო დე ვიკი, ჯუზეპე ბონიცონი, მარიო ტრები, ედგარ დავიდსი, ხულიო ბავასტრო, ერნესტო გრილიო, კრისტიან ბროკი, მარკო სიმონე, გრაციანო მანარი და ა.შ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით გამორჩეულ ბრაზილიელ ფეხბურთელ ამარილდო ტავარეს დე სილვეირაზე, რომელიც „მილანში“ 1963-67 წლებში ასპარეზობდა და კლუბთან ერთად იტალიის თასი მოიგო. ისიც დაბალთა კატეგორიიდანაა.

რას ჰგავს? რა გამხდარია? რა დაავადება აქვს? ავადმყოფია? - მთელი ბავშვობა ამარილდოს მშობლებს დონ აიდასა და ამაროს ესმოდათ თავიანთ შვილზე.

ამარილდო ტავარეს დე სილვეირა 1940 წლის 29 ივლისს, რიოს გარეუბან კამპუს-დუს-გოიტაკაზის რაიონში დაიბადა. პატარა ამარილდოს ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ უბნელი ბიჭები სისუტის გამო არ ათამაშებდნენ. მისი მამაც, ამარო ფეხბურთელი იყო და ადგილობრივ კლუბში თამაშობდა, რომელიც ამარილდოს პირველი პროფესიონალური გუნდიც გახდა.

1956 წელს, ფეხბურთელი „გოტაკაზის“ რიგებში ჩაირიცხა და რამდენიმე თვეში მისით „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდი დაინტერესდა. 1958 წლის 1 ივნისს კი ამარილდომ „ფლამენგოს“ მაისურით პირველი მატჩი გამართა და მეტოქე „სან-კრისტოვაო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მას აქებდნენ. ფეხბურთელი კი ვარჯიშის შემდეგ და ზოგჯერ შესვენებებზეც ეწეოდა სიგარეტს, რომელიც გასახდელში ჰქონდა დამამალული. ერთხელ კი პარაგვაელმა მანუელ ფლეიტას სოლიჩმა ბრაზილეილ ფეხბურთელს საყვედური უთხრა: „ამარილდო, მე არ მინდა გასახდელში ვხედავდე სიგარეტიან ხალხს“, - ამ ფაქტმა ფეხბურთელზე ძალიან იმოქმედა. „ფლამენგომ“ მასთან ურთიერთობა შეწყვიტა და ნიჭიერი მოთამაშე „ბოტაფოგოში“ გადაბარგდა. აი, იქ მისი კარიერის ვარსკვლავური პერიოდი დადგა.

„ბოტაფოგოში“ ამარილდომ ძალიან ბევრი ტიტული მოიპოვა და გუნდის ფორმით 100-ზე მეტი გოლი შეაგდო. 1962 წლის ტიტულთან ერთად, ის დიდისთან,  ზაგალოსთან, გარინჩასთან, რილდოსთან, კუარენტინიასთან და ნილტო სანტოსთან ერთად კლუბის ლეგენდად დასახელდა. 1962 წლის ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელზეც ბრაზილია ჩემპიონი გახდა, ამარილდომ თავისი სიტყვა თქვა. ჯგუფურ ეტაპზე ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებს დუბლი შეუსრულა, ხოლო ფინალში, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებსაც გაუტანა. ამ ვიდეოში ჯერ ჩეხოსლოვაკიასთან ფინალში გატანილი ბურთია, რომლითაც ანგარიში გაიხსნა - საბოლოოდ, "სელესაომ" 3:0 მოიგო - კიდევ ორი გოლი ზიტომ და ვავამ შეაგდეს, შემდეგ კი ესპანეთთან გატანილი ორიდან ერთი ბურთი - პასის ავტორი ლეგენდარული გარინჩაა.


ძალიან მაგარი მუნდიალის შემდეგ ამარილდო იტალიაში, კერძოდ „მილანში“ გადავიდა. საკმაოდ ძლიერ მილანურ კლუბში ფეხბურთელს ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდა. ამარილდო სერია A-ს კარგად შეეწყო და აპენინებზე 10 წელი ითამაშა. ფეხბურთელმა „მილანის“ შემდეგ „რომასა“ და „ფიორენტინაში“ იასპარეზა. ფლორენციულ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

„მილანში“ მას თანამემამულეები ჟოზე ალტაფინი და დინო სანი დახვდნენ, ამიტომ ადაპტაცია არ გასჭირვებია. პირველ სეზონში ლეგენდარულმა ალტაფინიმ და ამარილდომ 32 გოლი გაიტანეს. 1964 წლის 3 მაისს, ჩვენი სტატიის გმირმა სერია A-ში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა - ამ დღეს „რომას“ არ გაუმართლა.

„მილანს“ არგენტინელი სპეციალისტი ლუის კარნილი ხელმძღვანელობდა. შეტევა ეწყობოდა ჯანი რივერაზე, რომელსაც ეხმარებოდნენ ლოდეტი და სანი, ხოლო დაცვას ხელმძღვანელობდა ჩეზარე მალდინი. სადებიუტო წელი ფეხბურთელისთვის და კლუბისთვის არც ისე კარგი გამოვიდა. ჩემპიონატში მათ მესამე ადგილი დაიკავეს და შუა სეზონში მთავარი მწვრთნელი გაუშვეს. გამოსარჩევი მხოლოდ საკონტინენტთაშორისო მატჩები იყო „სანტოსთან“, რომლის რიგებშიც ფეხბურთის მეფე, პელე ასპარეზობდა.

მეორე სეზონი შედარებით კარგი გამოვიდა. ახალი მწვრთნელის, ნილს ლინდჰოლმის ხელმძღვანელობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 14 გოლის გატანა მოახერხა, „მილანმა“ კი ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

1965/66 წლები გუნდისთვის ძალიან ცუდი სეზონი იყო. გუნდში დაინიშნა სამი პრეზიდენტი, რომლებმაც შვედი სპეციალისტი გაათავისუფლეს და დროებით მთავარ მწვრთნელად ჯოვანი კატოცო დანიშნეს. საბოლოოდ, გუნდმა სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ბოლო სეზონში ამარილდომ და „მილანმა“ არტურო სილვესტრის ხელმძღვანელობით იტალიის თასი მოიგეს. ბრაზილიელმა ფინალში” პადოვასთან“  ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 49-ე წუთზე გაიტანა.

საერთო ჯამში, ამარილდომ 8 მილანურ დერბიში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ხუთჯერ აიღო. თასის მოგების შემდეგ იგი „ფიორენტინაში“ გადავიდა.

არაჩვეულებრივად ელეგანტურმა შემტევმა „როსონერის“ ტიფოზების დიდი სიყვარული მოიპოვა. მათ ახსოვდათ მისი ულამაზესი ტექნიკა და ეფექტური გოლები. ამარილდომ „შავ-წითელთა“ რიგები 1967 წელს დატოვა, 4 სეზონით - „ფიორენტინაში“, 1-ით კი „რომაში“ ითამაშა. კარიერა 1974 წელს, 34 წლის ასაკში „ვასკო და გამას“ ფეხბურთელის რანგში დაასრულა.

გაზიარება: