Aa Aa
18 სექტემბერი 2020  |  19:05

„ღმერთი“, რომელშიც ეჭვი შეიტანეს - მესი, მცდარი შედარებები და ცრუ ბრალდებები

„მშვიდად იყავი, შენ ერთ დღეს უფრო მაღალი იქნები ვიდრე მარადონა. არ ვიცი მასზე ძლიერი ფეხბურთელი გახდები, თუ არა, მაგრამ უფრო მაღალი ნამდვილად იქნები", - ეს სიტყვები 1998 წელს ექიმმა დიეგო შვარცშტაინმა პატარა ლეო მესის უთხრა.

„ჩემთან პირველად შეხვედრის დროს მან მკითხა, რამხელა გაიზრდებოდა სიმაღლეში. მესის აინტერესებდა შეძლებდა, თუ არა ფეხბურთის თამაშს. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ის მარადონაზე მაღალი იქნებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მას ისევ შევხვდი და ვუთხარი, რომ დანაპირები შევასრულე - ის მარადონაზე მაღალი იყო და თან მასზე უკეთესი ფეხბურთელიც. ამ დროს მესიმ სიცილი შეწყვიტა და მითხრა - არა არა, დიეგო დიეგოა.

მისი დაავადების მქონე 20 ათასი ბავშვიდან, სტატისტიკურად მხოლოდ ერთს შეიძლება გაუმართლოს.

როცა ბავშვებს ზრდის პრობლემა აქვთ, ისინი მხოლოდ იმაზე ღელავენ, რომ ათლეტები ვერ გაიზრდებიან და გოგოებს თავს ვერ მოაწონებენ, მესის კი მხოლოდ ფეხბურთის თამაში აღელვებდა“.

ყველა დიად ფეხბურთელს თავისი ისტორია აქვს, ყველა განსხვავებულ გზას გადის, თუმცა როდესაც საქმე გენიოსებთან გვაქვს, აქ უკვე ხალხი ჩარევას ცდილობს და მათგან კერპის, „სუპერადამიანის“ შექმნა სურთ.

როცა ამხელა სიმაღლეს აღწევ, თამასა სულ უფრო მაღლა იწევს, ხალხი შენგან ყველაფერს ითხოვს და ამასთან ერთად, შენგან იდეალურობას ელიან, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა გსურს შენ, რა გაინტერესებს და რა არა, ან უბრალოდ ვინ გინდა, რომ იყო...

მოკლე შესავლის შემდეგ გეტყვით, რომ დღეს მესის შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელსაც მთელი თავისი კარიერის მანძილზე უამრავი რამ დააბრალეს, მისგან ბევრი რამე მოითხოვეს და ბოლოს, კრიტიკასთან ერთად დასკვნებიც გაუკეთეს, თუმცა „ლა პულგას“ (რწყილი) პასუხი ყოველ ჯერზე დუმილი იყო - დუმილი, რომელიც პრესას და საფეხბურთო ექსპერტებს აგიჟებს...

რატომ ვერ იქნება მესი მარადონა, ან რონალდუ

სტატიის თავში ასეთი შესავალი შემთხვევით არ შემირჩევია. მგონი ყველასთვის ნათელია, თუ რა უნდოდა ლეოს ბავშვობაში. მან თავის მიზანს მიაღწია. მართალია მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა და ამის მცირე შანსი რჩება, თუმცა როსარიოელმა უბრალო ბიჭმა თავისი ოცნება აიხდინა, დასახულ მიზნამდე მივიდა.

ერთი შეხედვით მესის ისტორია იდეალურია და მასზე ვინმემ კარგი ფილმიც უნდა გადაიღოს, თუმცა არსებობენ მავანნი, რომლებიც ცდილობენ ლეოს რაღაცები დააბრალონ, რაღაცებისკენ უბიძგონ და ვიღაცებთან გააიგივონ, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით დიდი შეცდომაა.

მესი არის მესი და მას, თავისი ინდივიდუალური ისტორია აქვს. ის ვერასდროს იქნება მარადონა და ვერც კრიშტიანუ რონალდუ. ისევე როგორც ეს ორი ვერ გახდება მესი.

ცხოვრებაში გასავლელ პირად გზაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ვნახეთ, თუ რა მიზნები ჰქონდა პატარა მესის, რა აღელვებდა და რისკენ ისწრაფოდა. ყველამ კარგად ვიცით მისი ბავშვობის ისტორია რა მიმართულებითაც წავიდა და რა მომენტში გამოჩნდა „ბარსელონა“, რომელმაც პატარა „რწყილი“ 13 წლის ასაკში „ლა მასიაში“ მიიყვანა.

კონკრეტული ადამიანის ხასიათს, მენტალიტეტს და თვისებებს, მის მიერ ცხოვრებაში განვლილი გზა აყალიბებს.

მესიმ თავისი გზა განვლო, მარადონამ თავისი და რონალდუმაც. ისინი დიადები, მაგრამ განსხვავებულები არიან.

მესის კრიტიკისას ხშირად სწორედ დიეგოსა და კრიშტიანუს სახელები გვესმის. არგუმენტებად კი მათ საუკეთესო თვისებებს ასახელებენ, რომლებიც მესის შესაძლოა არ აქვს, ან აქვს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

რატომ ვერ იქნება მესი მარადონა, ან რონალდუ? ეს უადგილო და თითიდან გამოწოვილი შედარებები ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი ნაკლია. შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა, თუ რატომ არ აქვს ლეოს ის თვისებები ასე ჭარბად, რაც მავანთა აზრით დიეგოსა და კრიშტიანუს აქვთ...

მარადონა ბუენოს აირესის გარეუბანში დაიბადა. მას რთული ბავშობა ჰქონდა და ქუჩა მისთვის უცხო გარემოს არ წარმოადგენდა. ის, არგენტინაში გაიზარდა და პროფესიონალ ფეხბურთელადაც იქ იქცა.

მას მხარზე ჩე გევარას პორტრეტის სვირინგი აქვს, ხოლო მარცხენა ფეხზე - ფიდელ კასტროსი.

დიეგო 1991 წელს თვით პაბლო ესკობარსაც კი შეხვდა. „1991 წელს ვიღაც შუამავალი მოვიდა და მითხრა რომ „ბიზნესმენები“ მზად არიან ჩემი თამაშის სანახავად „დიდი ფული’ გადაიხადონ. კოლუმბიაში ჩასვლისთანავე გაოცებული დავრჩი, ციხეში მიმიყვანეს, რომელიც უფრო მეტად სასახლეს ჰგავდა. იქაურობას ვათვალიერებდი, როცა ერთ-ერთი მეგზური შემომიბრუნდა და ომახიანად მითხრა: დიეგო, ეს „ელ პატრონია“!

მარადონა სულით მეამბოხე იყო და ასეთად, იგი ცხოვრებამ აქცია. ლეგენდარული რეჟისორი ემირ კუსტურიცა ამბობს: „დარწმუნებული ვარ, თუ მარადონა ფეხბურთელი არ გახდებოდა, რევოლუციონერი იქნებოდა“.

როგორც მარადონას, ისე რონალდუსაც - ორივე მათგანს მესისგან განსხვავებული ბავშვობა ჰქონდათ.

კრიშტიანუ მესის მსგავსი ნიჭით არ დაბადებულა. რასაც მან დღეს 35 წლის ასაკში მიაღწია, ეს არანორმალური შრომისა და სერ ალექს ფერგიუსონის სკოლის გავლის შედეგია.

„სერ ალექს ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამა არის. ყველაფერი რაც ვიცი მისგან ვისწავლე".

„ფერგი“ ცალსახად რონალდუს მეორე მამა იყო, რომელმაც ამ დიად ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა და ფეხბურთს ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე აჩუქა.

კრიშტიანუს მამა ჟოზე ავეირო 2005 წელს გარდაიცვალა. მას ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა და როგორც კრიშტიანუ ამბობს, მამამისს არ სჯეროდა, რომ მისი შვილი ყველაფერს მიაღწევდა და ისინი მდიდრულ სახლში იცხოვრებდნენ.

„ბავშვობაში მამაჩემს ვეუბნებოდი, რომ გავმდიდრდებოდით და დიდ სახლში ვიცხოვრებდით, რაზეს იგი ასე მპასუხობდა - შვილო ეს შეუძლებელია...

ჩემ მიღწევებს იგი ვერ მოესწრო. მან ვერ ნახა, როგორ მოვიგე ტიტულები, რასაც მივაღწიე. ჩემმა ოჯახმა, დედამ, ძმებმა, ჩემმა უფროსმა ვაჟმაც, მათ ეს ყველაფერი ნახეს, მაგრამ მამაჩემმა ვერა.

მამას ასი პროცენტით ნამდვილად არ ვიცნობდი. ის ალკოჰოლიკი იყო და მასთან სერიოზული საუბარი არასდროს მქონია.

თუმცა, იგი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ როდესაც შენ ადამიანებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად მეტს გაძლევს. ეს ჩემ თავზე ნამდვილად გამოვცადე. როცა იმ ხალხს დავეხმარე, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა, ღმერთი უფრო მეტად დამეხმარა".

მგონი ყველაფერი ნათელი და მარტივად გასაგებია - ჩვენ ადამიანებს, გულშემატკივრებს, ძალიან გვიყვარს როცა ჩვენი საყვარელი სპორტსმენის შესახებ ვსაუბრობთ, მათ კარიერასა და ცხოვრებას განვიხილავთ, ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რათა უფრო დიდები და სრულყოფილები გახდნენ, მაგრამ იმას არ ვუკვირდებით, თუ რა სურთ სინამდივლეში მათ და რა არის იმის მიზეზი, რატომაც ისინი ყველაფერს ვერ აღწევენ, სრულყოფილები ვერ ხდებიან...

ამ ქვეყნად უნაკლო არავინაა. ყველას თავისი მინუსი აქვს. მესის ხასიათის სიმტკიცეს ვუწუნებთ. ვამბობთ, რომ იგი შესაბამისი ლიდერი არ არის და საჭირო დროს, გუნდზე ფსიქოლოგიურად გავლენას ვერ ახდენს. შესაძლოა ეს რიგ მომენტებში ასეც არის, ან არ არის. ამაზე ყველას თავისი პირადი შეხედულება აქვს.

ხალხის ნაწილისგან რონალდუზე გვესმის ხოლმე, რომ იგი ყველაზე დიდი ნარცისია, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, მაგრამ ამის გამო იგი რატომ უნდა გააკრიტიკოთ? მისმა განვლილმა გზამ ის იმად აქცია, რაც დღეს არის და მილიონობით ადამიანს სწორედ ამიტომ უყვარს. კრიშტიანუ ინდივიდუალურად მესისა და მარადონას შესაძლებლობებს ვერ ფლობს, მაგრამ მას თავისი არსენალი და თავისი პლუსები აქვს, რომლებსაც დღემდე უნაკლოდ იყენებს - სწორედ ამიტომ არის ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი. მას, საკუთარი თავი უყვარს და ამბობს, რომ ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. ეს ბევრს შესაძლოა აღიზიანებდეს და სწორედ ამიტომაც უწოდებენ ნარცისს, მაგრამ ჩვენ ის ვართ, რასაც ვაკეთებთ. ყველას ინდივიდუალური გზა გვაქვს და იდეალურები არ ვართ.

არც დიეგო ყოფილა იდეალური. მარადონა ბევრის აზრით ყველა დროის უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ მასაც აქვს ნაკლი. ნარკოტიკებთან პრობლემას მის კარიერასთან ერთად მუდმივად გაიხსენებენ. დიეგო მესისა და რონალდუს მსგავსად სტაბილური არ ყოფილა. მას, იმ დონის ფეხბურთი, როგორიც გვახსოვს, ან ვისაც იუთუბზე გინახავთ, მიჯრით 15 წლის მანძილზე არ უთამაშია. მისი სტატისტიკა კრიშტიანუსა და ლეოს მაჩვენებლებთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ მარადონას აქვს ის, რაც მათ არ აქვთ - ის მსოფლიო ჩემპიონია და მას 1998 წელს არგენტინაში ეკლესია აუშენეს. ქომაგებს არასდროს, არავინ ჰყვარებიათ ისე, როგორც არგენტინელებს მარადონა უყვარდათ და დღემდე უყვართ.

ჩემი სტატიის შინაარსი სწორედ ეს არის. მესი რიგი მიზეზების გამო ვერასდროს იქნება მარადონა. მას ხასიათში არ აქვს ის თვისებები, რაც დიეგოსა და კრიშტიანუს აქვთ, რადგან „რწყილმა“ სულ სხვა ცხოვრება გაიარა და განსხვავებულ გარემოში გაიზარდა, რაც ადამიანზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

მესის თავისი თვისებები აქვს, რასაც სხვა ვერავინ ფლობს. მას, ლიდერობის თავისი სტილი აქვს. ყველაზე დიდი სისულელეა ის მოსაზრება, რომ თითქოს მესი ლიდერი არ არის, ან ცუდი ლიდერია. ლეო ამას  თავისებურად აკეთებს, ჩუმად, ემოციებისა და ყვირილის გარეშე. მას, ეს ან გამოუვა, ან არა. რამდენად ხშირად გამოსდის? მისი კარიერა, ტიტულები და რიცხვები გვეუბნება, რომ ხშირად.

ლიდერის ორი ტიპი არსებობს: პირველი ის, ვინც თავისი ხასიათითა და მენტალიტეტით გუნდის მებრძოლ სულს აკონტროლებს და მათ საჭირო დროს შეუძახებს ხოლმე. მეორე ის, ვინც რთულ მომენტში თამაშს თავის თავზე აიღებს და არაფრიდან გოლს შექმნის, შეხვედრის ბედს გადაწყვეტს.

თავად განსაჯეთ, თუ რომელი ვერსია გირჩევნიათ. გემოვნებაზე ყველაზე მეტად დაობენ და შეგიძლიათ თქვენც სცადოთ.

კარგი იქნებოდა როი კინის ხასიათი და მესის შესაძლებლობები ერთ ადამიანში გაგვეერთიანებინა, მაგრამ ეს კომიქსები არ არის, რეალობაში ასე იშვიათად ხდება.

ცრუ ბრალდებები და მუდმივი ჭორები - „დაცემული ღმერთი“

მესის დუმილის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ. ლეოს არასდროს უყვარდა პრესაში ხმაურიანი განცხადებების გაკეთება და ზედმეტი ყურადღების მიქცევა.

მთელი მისი კარიერის მანძილზე პრესაში იწერებოდა, რომ მესის კონკრეტული მწვრთნელის დანიშვნა სურდა, კონკრეტული ტრანსფერის მომხრე იყო და ა.შ.

მწვრთენლის ცვლილების დროს, დიდი ტრანსფერის გაჩარხვის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების სათამაშო სქემის შესახებ - პრესა ყოველთვის წერდა, რომ „მესის ეს მოსწონდა, მესის ის არ მოსწონდა“.

საბოლოოდ ვხედავთ, რომ ლეო ისევ ის უბრალო ბიჭია, რომელიც 13 წლის ასაკში იყო. მას, რომ ნაკრებში მწვრთნელის დანიშვნაზე გავლენა მოეხდინა, გამორიცხულია ხორხე სამპაოლის პოსტი შეენარჩუნებინა და მუნდიალზე „ალბისელესტე“ წაეყვანა.

მესის, რომ თავისი გავლენა გამოეყენებინა, „ბარსელონაში“ ამდენი წლით ვალვერდეს არ დატოვებდნენ, არც სეტიენს მიიყვანდნენ, არც ამდენი უაზრო ტრანსფერი გაკეთდებოდა.

საბოლოოდ, მესიმ ხმა ამოიღო და პრესასთან ისაუბრა. მან წლების მოთმენის შემდეგ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, რადგან „ბარსელონაში“ გამარჯვებაზე ორიენტირებულ გეგმას ვერ ხედავდა. მიხვდა, რომ გუნდს ამ ხელმძღვანელობის ხელში მომავალი აღარ გააჩნდა და 33 წლის ასაკში სეზონების ჩაგდების ფუფუნება მას არ ჰქონდა.

„საფეხბურთო სამყარო ძალიან რთულია და მასში ბევრი ყალბი ადამიანია. ამჟამინდელი მოვლენები დამეხმარა, რომ ბევრი ყალბი ადამიანი ამომეცნო. მეწყინა, როცა კლუბისადმი ჩემი სიყვარული ეჭვის ქვეშ დააყენეს“.

„ბარსელონაში“, ვგულისხმობ მთელ ქალაქს, კლუბს, მის წევრებს, მთელ პრესას - ყველამ, წლების მანძილზე მესი კერპად აქცია. ის ზედმეტად გააღმერთეს, ნელ-ნელა გუნდი მასზე დამოკიდებული გახადეს, შემდეგ მის ფარულ კრიტიკასაც არ მოერიდნენ, კლუბისადმი მის სიყვარულში ეჭვიც შეიტანეს.

ფულით ყველაფრის არა, მაგრამ ბევრი რამის ყიდვა შეგიძლია, მაგალითად პრესის, კლუბის თანამშრომლების, ინტერნეტბოტების, უბრალო ხალხის და საბოლოოდ იმ ნაგავს შექმნი, რომელიც ბოლო დროს მესის წინააღმდეგ ვიხილეთ.

ჯერ გააღმერთეს, შემდეგ კი მასში ეჭვი შეიტანეს...

„ის საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებს და ამხელა ტვირთმა, ზეწოლამ, იგი დაღალა. კლუბმა ბოლო წლებში ბევრი მოთამაშე გაიფორმა, თუმცა არცერთ მათგანს არ გადაუდგამს ნაბიჯიც კი, რომ ლეოსთვის ტვირთი შეემსუბუქებინა“, - რივალდო.

მესის ისტორია უნიკალურია, რადგან ის მისია და სხვა არავის ჰგავს. თავისი უნარებით, თუ ნაკლოვანებებით, „ლა პულგა“ ჩვენ გაოცებას და მონუსხვას კვლავ ახერხებს - რაც მთავარია, იგი კვლავ იმ უბრალოდ ბავშვად რჩება, რომელსაც 13 წლის ასაკში მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა...

„ეს პატარა ნემსი იყო და არც მტკივნეული ყოფილა, მაგრამ მე ის უნდა გამეკეთებინა. ყველაფერი 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ამას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ნორმალურად გავზრდილიყავი.

ბარსელონაში გადასვლა ჩემთვის რთული საერთოდ არ ყოფილა, თუმცა იგივეს ჩემს ოჯახზე ვერ ვიტყვი. ჩემმა ძმებმა და დამ ეს ვერ მოახერხეს და არგენტინაში დაბრუნდნენ.

საბოლოოდ მე და მამა დავრჩით. მან მკითხა - რა ვქნათ ახლა? ჩემი პასუხი ცალსახა იყო - მე დარჩენა მინდა“.

პატარა ბიჭმა ოცნება აისრულა, ყველაფერი მოიგო და ბარსელონა მის სახლად აქცია, კლუბს კი ისტორია გადაუწერა და ახალ საფეხურზე აიყვანა, შემდეგ იქიდან წასვლა აიძულეს, მაგრამ საბოლოოდ, ცუდად, კარგად, თუ ძალდატანებით მესი „ბლაუგრანაში“ დარჩა. ალბათ, ისტორია ასეთია და ასე დასრულდება - ბიჭმა კარიერის ბოლომდე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური უნდა ატაროს. "ბარსას" კი მალე ის პრეზიდენტი დატოვებს, რომელმაც ლეოს გუნდიდან წასვლისკენ უბიძგა.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში