38 წამი, კოკაინი და სკანდალი გლაზგოში - ტაისონი VS სავარეზე
Aa Aa

38 წამი, კოკაინი და სკანდალი გლაზგოში - ტაისონი VS სავარეზე

„ბრძოლამდე ჩემი საუკეთესო მეგობარი დავასაფლავე და ამ ჩხუბს მას ვუძღვნი. რინგზე გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ეს ყველაფერი მას ეძღვნება.

ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვარ! მინდოდა, ჩემი მეტოქესთვის გული ამომეგლიჯა! ყველაზე ბრუტალური, მრისხანე და შეუბრალებელი ჩემპიონი ვარ! არავინაა, ვინც ჩემ შეჩერებას მოახერხებს. ლენოქსი დამპყრობელია?! რა თქმა უნდა არა! მე ალექსანდრე მაკედონელი ვარ, ის კი, ალექსანდრე მაკედონელი ნამდვილად არაა.

ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვარ! ჩემნაირი შეუბრალებელი და დაუნდობელი არასდროს არავინ ყოფილა! სონი ლისტონი ვარ! ჯეკ დემპსი ვარ! ჩემნაირი არასდროს არავინ დაბადებულა! ვერავინ დამეწევა! ჩემი სტილი იმპულსური და შეუჩერებელია. ჩემი დაცვა გაუვალია და უბრალოდ ძალიან სასტიკი ვარ! ლენოქსის გული მინდა! მისი შვილების შეჭმა მინდა!“.

ეს სიტყვები მაიკ ტაისონს ეკუთვნის. უცნაურია, მაგრამ „რკინის მაიკის“ ეს ინტერვიუ უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მისი ბრძოლა. ლეგენდარულმა ამერიკელმა რინგზე მხოლოდ 38 წამი გაატარა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ალბათ მიხვდით, რომ დღეს ოცი წლის წინ გამართულ ბრძოლაზე ვისაუბრებ, რომელმაც კრივის გულშემატკივრების მეხსიერებაში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

2000 წლის 24 ივნისი. ნახევრად ცარიელი „ჰემპდენ პარკი“. რინგისკენ მიმავალი მაიკ ტაისონი და მისი მეტოქე ლუ სავარეზე. ეს ის ბრძოლაა, რომელიც „რკინის მაიკის“ ლეგენდარული ფრაზა იდეალურად ეხმიანება - „გეგმა ყველას აქვს, სანამ სახეში მუშტს არ მიიღებს“.

სავარეზეს გეგმა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია: „იმ პერიოდში ტაისონი ისე არ ვარჯიშობდა, როგორც კარიერის პიკში ყოფნის დროს. მაშინდელი მაიკის წინააღმდეგ საუკეთესო ვარიანტი ბრძოლის ბოლო რაუნდებში გადაყვანა იყო, სადაც მისთვის ძლიერი დარტყმის მიყენება შედარებით იოლი ხდებოდა. ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი, შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და სპარინგები ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გავმართე. არაფრის მეშინოდა და მაიკის დასამარცხებლად ვემზადებოდი“.

სავარეზეს იდეალური გეგმა 38 წამში განადგურდა. „რკინის მაიკმა“ იგი უშანსოდ დაანოკაუტა, თუმცა ამ ბრძოლას ბევრი სკანდალი ახლდა თან. 2013 წლით დავიწყოთ. მაშინ ტაისონმა გულშემატკივრები შოკში ჩააგდო და ავტობიოგრაფიულ წიგნში განაცხადა, რომ სავარეზეს წინააღმდეგ გამართული ბრძოლის დაწყებამდე კოკაინი და მარიხუანა მიიღო. ტაისონმა ისიც თქვა, რომ ხელოვნურ პენისს იყენებდა, რომელიც სუფთა შარდით იყო სავსე და ტესტების მოტყუებას ასე ახერხებდა. „უსამართლობაა, როცა ბრძოლამდე ნარკოტიკებს იღებ. რინგზე გასვლისას ორივე მოკრივე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ მაიკთან ჩხუბისას ასე არ ყოფილა“, - აცხადებს სავარეზე.

ტაისონისა და სავარეზეს ჯახს შოტლანდიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად ბრძოლა მილანში უნდა გამართულიყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. ამის შემდეგ, ფრენკ უორენმა ბრძოლის ჩატარების ადგილად „ჰემპდენ პარკი“ გამოაცხადა, რასაც შოტლანდიაში უზარმაზარი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ, ალექს სალმონდის ხელმძღვანელობით, პარლამენტს მოუწოდა გადაეხედა ჯეკ სტროუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომლის დახმარებითაც, ტაისონმა ბრიტანეთში შესვლის უფლება მიიღო. გლაზგოში მოქმედმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა უფლებებს იცავს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მაიკ ტაისონს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეღო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ეს ყველაფერი არაა. ტაისონის წინააღმდეგ ფემინისტებმა და ფემინისტების მხარდამჭერმა ორგანიზაციებმაც გაილაშქრეს და კატეგორიულად მოითხოვეს შოტლანდიის მთავრობას მაიკის მიღებაზე უარი ეთქვა.

შოტლანდიაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ტაისონსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბრძოლამდე 2 კვირით ადრე, მისი საუკეთესო მეგობარი და პირადი მცველი, დარილ ბაუმი, რომელიც რეპერ 50 Cent-ის მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი, ნიუ იორკში, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმეს.

იყო პერიოდი, როცა ტაისონი გლაზგოში გამგზავრებაზე უარს ამბობდა, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და საბოლოოდ, ყველაფერი ბრძოლის თარიღის 10 დღით გადაწევით დასრულდა. ვეტერან მწვრთნელსა და პრომოუტერს, ალექს მორისონს კარგად ახსოვს ის ნეგატიური გავლენა, რომელიც ამ მოვლენებმა მაიკ ტაისონზე მოახდინა...

„გლაზგოში ჩამოსვლის შემდეგ, მაიკს სპორტდარბაზში არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ სააბაზანოში იჯდა და მოსაწევს ეწეოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური ატმოსფერო სუფევდა. ტაისონი საკუთარ სახლში სადილზე მივიპატიჟე და მაიკი ზრდილობიანად იქცეოდა. იგი საზღვრებს მხოლოდ ერთხელ გასცდა. რესტორანში ყოფნისას ოფიციანტს ეუხეშა და ვუთხარი, რომ ასეთი ქცევის გამო პრობლემები შეექმნებოდა, რის შემდეგაც ბოდიში მოიხადა. არ დამავიწყდება, რომ მტრედების ნახვაც მოისურვა და ჩემს მეგობარს ესტუმრა. მაიკი საკმაოდ ნაკითხი ადამიანი იყო, თუმცა ციხეში მყოფი ყველა ადამიანი თითქმის ასეთია“.

სავარეზესთან ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე, მაიკმა მანჩესტერში იჩხუბა, სადაც მას ქომაგთა დიდი ნაწილი სიყვარულით შეხვდა, თუმცა ტაისონის ქვეყანაში შეშვებას იქაც აპროტესტებდნენ. გლაზგოს რაც შეეხება, აქ ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს თბილად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეეგება და „რკინის მაიკი“ ნეგატივს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა.

„ჰემპდენ პარკი“ ნახევრად ცარიელი იყო. სავარეზე კი, სასტარტო ნიშნიდან 11 წამის შემდეგ, რინგზე დაეცა... მან წამოდგომა მოახერხა, თუმცა 25 წამის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო და არბიტრი, ჯონ კოილი მოკრივეებს შორის ჩადგა, რათა ბრძოლა შეეჩერებინა. ტაისონი არ გაჩერებულა... მაიკმა ჩხუბი გააგრძელა... მისმა ერთ-ერთმა დარტყმამ მსაჯი წააქცია და მაყურებლებმა უჩვეულო ფინიში იხილეს...

„მახსოვს, ძალიან ძლიერად დამარტყა. ტკივილი ვიგრძენი და ვცდილობდი ბრძოლა გამეგრძელებინა. შემდეგ კი, მეგონა, რომ ჩხუბი შეწყდა, რადგან მაიკმა მსაჯსაც დაარტყა და წააქცია. სრული სიგიჟე იყო. ნეტავ არბიტრს ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მოეცა...“, - იხსენებს სავარეზე.

რინგზე გამარჯვებულად მაიკ ტაისონი გამოცხადდა, თუმცა მსაჯს, ჯონ კოილს სურდა, რომ ტაისონს თავის ქმედებებზე პასუხი ეგო და დისკვალიფიკაცია მიეღო. საბოლოოდ, ბრიტანული კრივის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა მაიკი 125 000 ფუნტით დაეჯარიმებინა. ტაისონს არბიტრის მიერ ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ ჩხუბის გაგრძელება და ლენოქს ლუისის შვილების შესახებ გაკეთებული კომენტარი არ აპატიეს.

„მაიკი შესანიშნავი ფინიშერია. ტაისონი ჩემ დამარცხებას ალბათ მაინც მოახერხებდა, მაგრამ ნეტავ ყველაფერი ასე არ დასრულებულიყო... სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ტაისონმა დისკვალიფიკაცია მიიღო, ან რაღაც მსგავსი. ვფიქრობდი, რომ მსაჯმა ბრძოლა იმიტომ შეაჩერა, რომ მაიკისგან მოხვდა... სრული სიგიჟე იყო. მოვლენების ასეთ განვითარებას ალბათ არავინ ელოდა და ნამდვილად არ მეგონა, რომ ბრძოლის შეჩერების მიზეზი მე ვიყავი“.

მაიკმა რინგი გამარჯვებულმა დატოვა და ორი წლის შემდეგ ლენოქს ლუისის წინააღმდეგაც იჩხუბა. სავარეზე კი, რამდენიმე არც თუ ისე ცნობილ მოკრივეს დაუპირისპირდა და კარიერა 2007 წელს, ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ გამართული შერკინების შემდეგ დაასრულა.

ამერიკელ მოკრივეს მაიკთან ჩხუბი ცუდად არ ახსენდება და მზადაა მასთან მატჩრევანშიც გამართოს. „ტაისონის წინააღმდეგ რინგზე სიამოვნებით გავიდოდი. მაიკი ძალიან მიყვარს და მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ჩვენი ერთ-ერთი საუბრისას მან აღიარა, რომ ჩემთან ბრძოლამდე კოკაინი მიიღო, რის გამოც ის ჯახი სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ მზად ვარ, რკინის მაიკს კიდევ ერთხელ შევერკინო“.

გაზიარება: