Aa Aa
28 მაისი 2020  |  19:39

ტოპ 10 კრახი - ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც მოთამაშე მწვრთნელობა სურდათ

ოცნებაში წარმოიდგენ, რომ შენ ფეხბურთელობისას მესი ხარ, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი, თუმცა ცხოვრებაში რეალურად ასე არ ხდება.

რა თქმა უნდა, არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებიც შემდგომში მწვრთნელები გახდნენ და წარუშლელი კვალი დატოვეს. მაგალითად ფრანც ბეკენბაუერი, იუოჰან კრუიფი, იუპ ჰაინკესი, კარლო ანჩელოტი, პეპ გუარდილა, ზინედინ ზიდანი.

ამჯერად თქვენ ყურადღებას გავამახვილებთ 10 ცნობილ ფეხბურთელზე, რომლებმაც მოთამაშე მწვრთნელობა სცადეს და არაფერი გამოუვიდათ.

ნიკოლა ანელკა - მუმბაი სიტი

ფრანგი ფორვარდი ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე „დიდი მოგზაური“ იყო. ანელკამ 7 ქვეყნის 12 სხვადასხვა კლუბში ითამაშა.

2014 წელს ის ინდოეთის ჩემპიონატის ბინადარ „მუმბაი სიტის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა. არასრული ერთი წლის შემდეგ კი ფრანგი ფეხბურთელი კლუბის მოთამაშე მწვრთნელად დაინიშნა.

ანელკამ მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 4 თვე გაძლო, რის შემდეგაც ის დაითხოვეს.

საკუთარ მოედანზე „კერალა ბლასტერსთან“ ფრედ 1:1-ის თამაშის შემდეგ, „მუმბაი სიტი“ მოწინავე 8 გუნდის რიგებიდან გამოვარდა და ანელკაც ამ ამბავს შეეწირა.

ანელკას დათხოვნის მიზეზი ასევე მოთამაშეებთან და სამწვრთნელო შტაბთან უთანხმოებაც გახლდათ. როგორც ვიცით, მას ხასიათთან დაკავშირებით ფეხბურთელობის დროსაც ჰქონდა პრობლემები.

სერ ბობი ჩარლტონი - პრესტონი

ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ დიდებული ფეხბურთელები ყოველთვის კარგი მწვრთნელები ვერ ხდებიან.

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სერ ბობი ჩარლტონი კარიერის დასრულების შემდეგ „პრესტონის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა. 1973-1974 წლებში ჩარლტონის დამოძღვრილი გუნდი მეორე დივიზიონიდან (დღევანდელი ჩემპიონშიფი) გავარდა.

ჩარლტონის "რესტონი" გადარჩენისთვის იმდენად ცუდად იბრძოდა, რომ 38 მატჩის შემდეგ ლეგენდარულ ფეხბურთელს თანამდებოდა დაუყოვნებლივ დაატოვებინეს.

ედგარ დავიდსი - ბარნეტი

ჰოლანდიელ ფეხბურთელს საკმაოდ მდიდარი კარიერა ჰქონდა. „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ რიგებში მან არაერთი ტიტული მოიგო.

კარიერის დასრულების შემდეგ მოულოდნელი იყო, როდესაც დავიდსი 2012 წელს მარკ რობსონთან ერთად „პრესტონის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა. იმავე წლის დეკემბერში რობსონმა პოსტი დატოვა და ჰოლანდიელი გუნდის მთავარი მწვრთნელი ერთპიროვნულად გახდა.

დავიდსი „პრესტონის“ თავკაცად 2 სეზონი მუშაობდა. საბოლოოდ, ის თანამდებობიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, როდესაც მან სეზონის სტარტზე საწყის 8 ტურში 3 წითელი ბარათი მიიღო.

ასევე აღსანიშნავია, რომ დავიდსმა პირველ ნომრიანი მაისური გუნდის გოლკიპერ გრეჰემ სტაკს ჩამოართვა და მიისაკუთრა.

მარკ ჰეიტლი - ჰალი

ჰეიტლი ინგლისელ ფეხბურთელთა იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომელმაც საზღვარგარეთ წარმატებას მიაღწია. მან, „მონაკოს“ რიგებში ლიგა 1-ის მოგება და „მილანში“ კაპელოს ხელმძღვანელობით თამაში მოახერხა.

მარკ ჰეიტლიმ 1997 წელს სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და „ჰალი“ ჩაიბარა, თუმცა მოთამაშე მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის მალე უთანხმოება განჩნდა. ჰეიტლის ურთიერთობა ასევე დევიდ ლოიდთანაც გაუფუჭდა, რომელმაც იგი ამ თანამდებობაზე წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ „რეინჯერსის“ ლეგენდის ბევრს სჯეროდა და ეგონათ, რომ ის ამ რთულ სიტუაციას თავს გაართმევდა, „ვეფხვებმა“ მე-3 დივიზიონში 22-ე პოზიცია დაიკავეს. „ჰალმა“ ზედიზედ 9 შეხვედრა უგოლოდ დაასრულა, რაც ყველაფერზე მეტყველებდა.

მარიო კემპესი - ლუშნია

1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარიო კემპესი 42 წლის ასაკში ალბანურ „ლუშნიას“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა.

კემპესმა მოგვიანებით, თავის ბიოგრაფიულ წიგნში „ელ მატადორი“ აღიარა, რომ როდესაც ალბანეთიდან წინადადება მიიღო, მათი არსებობის შესახებ არც იცოდა და რუკაზე მოძებნა მოუხდა.

მარიო კემპესის ალბანური კარიერა სულ ერთ თვეს გაგრძელდა, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელსაც არეულობა და ომი მოჰყვა.

არგენტინელმა მოთამაშე-მწვრთნელმა რომის რეისს ბოლო წუთს მიუსწრო. მისი გაფრენის შემდეგ აეროპორტი დაიხურა.

კემპესი „ლუშნიას“ სულ 2 მატჩი ედგა სათავეში.

ატილიო ლომბარდო - კრისტალ პალასი

8 სეზონის განმავლობაში „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, ორჯერ სკუდეტოს გამარჯვებული და იტალიის ორგზის თასის მომგები ატილიო ლომბარდო 1997 წელს მოულოდნელად ახლადაღზევებული კლუბის „კრისტალ პალასის“ რიგებში ჩაირიცხა.

1998 წლის სეზონის მიწურულს კი ის მოთამაშე მწვრთნელად დაინიშნა. მისი თანაშემწე ტომას ბროლინი იყო, რომელიც ასევე მისი თარჯიმანიც გახლდათ. ლომბარდო ინგლისურ ენას კარგად ვერ ფლობდა.

7 მატჩიდან 5 მარცხი - ასე დასრულდა ლომბარდოს სამწვრთნელო კარიერა.

სტივ კლარიჯი - პორტსმუთი

მრავალფეროვანი კარიერის შემდეგ კლარიჯი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და 1998 წელს „პორტსმუთის“ ღირსება დაიცვა.

2 წლის შემდეგ სტივ კლარიჯი მოთამაშე მწვრთნელი გახდა და ზღაპარიც აქ დასრულდა. კლარიჯმა 23 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო.

ამ განთავისუფლების შემდეგ მისთვის ყველაფერი არ დასრულებულა. კლარიჯი „ვეიმუთსა“ და „მილუოლშიც“ მუშაობდა.

კლარიჯი 2017 წელს „სალისბერის“ მოთამაშე მწვრთნელი გახლდათ და 2 მატჩიც ჩაატარა.

გარი მაკალისტერი - ქოვენთრი

37 წლის ასაკში 2002 წელს, მაკალისტერმა თავისი პირველი გუნდი ჩაიბარა და ეს „ქოვენთრი“ გახლდათ, რომელიც ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა და დაძირვა უკვე დაწყებული ჰქონდა.

მაკალისტერმა 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ტრანსფერებისთვის ფული არ ჰქონდა, მოლოდინი კი გადაჭარბებული იყო - გუნდისგან ექვსეულში მოხვედრას ელოდნენ. საბოლოოდ „ქოვენთრიმ“ პირველი დივიზიონი მე-20 პოზიციაზე დაასრულა.

მაკალისტერმა თანამდებობა 6 თვის შემდეგ დატოვა.

დევიდ პლატი - ნოტინგემ ფორესტი

1999 წელს პლატმა გადაწყვიტა ფეხბურთში დაბრუნებულიყო და მოთამაშე მწვრთნელი გამხდარიყო.

„ნოტინგემ ფორესტის“ რიგებში მან 2 არასტაბილური სეზონი დაჰყო. პლატმა ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხა არასწორად გამოიყენა და იმ დროისთვის 3 უცნობი იტალიელი ლეგიონერი შეიძინა - ჯანლუკა პეტრაჩი, სალვატორე მატრეჩანო და მორენო მანინი.

პლატი გუნდს მოედანზე დიდად ვერ ეხმარებოდა. „შეფილდის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ის მეტოქეს ფეხებში დაუნდობლად ჩაუვარდა და რა თქმა უნდა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

ეს ეპიზოდი მისი ნოტინგემური კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. 2001 წელს პლატმა თანამდებობა დატოვა და კლუბის ქომაგებისთვის ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ფიგურა გახდა.

რომარიო - ვასკო და გამა

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე რომარიო, რომელმაც „ბარსელონაში“ და „პსვ-ში უამრავი ტიტული მოიგო, ხოლო ბრაზილიიის ნაკრებთან ერთად 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კარიერის მიწურულს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და 2007 წელს „ვასკო და გამას“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა.

41 წლის ბრაზილიელმა 6 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა, თუმცა ყველასგან მოულოდნელად ზამთარში თანამდებობა დატოვა.

როგორც შემდეგში გაირკვა, რომარიომ თანამდებობა ნარკო ტესტის ჩაგდების გამო დატოვა. თავად აცხადებდა, რომ ამ პრეპარატს სიმელოტის საწინააღმდეგოდ იყენებდა.

რომარიოს დაქვეითება სინამდვილეში მასსა და კლუბის პრეზიდენტის ეურისო მირანდასთან შორის არსებულმა უთანხმოებამ გამოიწვია.

პრეზიდენტისა და რომარიოს პიროვნული შეხედულებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

გაზიარება: