ამბავი მოკრივეზე, რომელმაც ოსტეოსარკომა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Aa Aa

ამბავი მოკრივეზე, რომელმაც ოსტეოსარკომა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

„შეუძლებელია“ - ხმამაღალი სიტყვაა, რომელსაც პატარა ადამიანები იყენებენ, ვისთვისაც უფრო მარტივია, იცხოვრონ მათთვის ბოძებულ სამყაროში, ვიდრე მის შესაცვლელად საკუთარ თავში ძალა გამონახონ. „შეუძლებელია“ - ეს არ არის ფაქტი. „შეუძლებელია“ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრება. „შეუძლებელია“ - ეს არ არის საბოლოო განაჩენი. ეს არის გამოწვევა. „შეუძლებელია“ - ეს არის შესაძლებლობა. „შეუძლებელია“ - ეს დროებითია და არა სამუდამო. შეუძლებელი არაფერია“! ეს სიტყვები ლეგენდარულ მუჰამედ ალის ეკუთვნის. მოკრივეს, რომელიც უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა. ალი ეპოქალური მოვლენა იყო და მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, მაგრამ დღეს მასზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს, მინდა, მოკრივეზე, მეტსახელად „კაც სასწაულზე“ გესაუბროთ. მოკრივეზე, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და უამრავ ადამიანს შთააგონა, რომ დანებება გამოსავალი არასდროსაა და ბოლომდე ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

„წლების წინ, როცა ჩემს ცხოვრებაში უამრავი სიგიჟე ხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი მომეცემოდა. ბედნიერი ვარ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ“. ამ სიტყვების ავტორი დენიელ ჯეიკობსი გახლავთ. 

დენიელ „კაცი სასწაული“ ჯეიკობსი სრულყოფილი მოკრივეა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში იმარჯვა. იყო პერიოდი, როცა მას ქვედა კიდურები პარალიზებული ჰქონდა და ოსტეოსარკომას ებრძოდა, 18 თვის შემდეგ კი, რინგზე დაბრუნდა, მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ტიტული 4-ჯერ დაიცვა და ბოლოს დაძაბულ ბრძოლაში, ლეგენდარულ გენადი გოლოვკინთან დამარცხდა... ყაზახთან წაგების შემდეგ, მან არიასთან, სულეჩკისთან და დერევიანჩენკოსთან იმარჯვა, მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა და შემდეგ კანელო ალვარესს დაუპირისპირდა. ჯეიკობსმა მექსიკელთანაც ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და კანელომ დამაჯერებლად მოიგო.

დასაწყისი

2011 წლის მარტში, ჯეიკობსმა რობერტ კლაიუერი გაანადგურა. ერთი კვირის შემდეგ კი, ამერიკელი ჯარისკაცების მოსანახულებლად ერაყში გაემგზავრა. ყველაფერი სწორედ ერაყში დაიწყო. ერთ დღეს, დენიმ ფეხში ტკივილი იგრძნო...

„ექიმებმა თავდაპირველად არასწორი დიაგნოზი დამისვეს. მათ მითხრეს, რომ ნერვის ანთება მქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემი მდგომარეობა გაუარესდა. საწყისი დიაგნოზიდან ორი კვირის შემდეგ, ქვედა კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი. მახსოვს, თავიდან იძულებული გავხდი, ხელჯოხი გამომეყენებინა, შემდეგ ყავარჯნებზე გადავედი, ბოლოს კი, სავარძელ-ეტლში აღმოვჩნდი. როცა საავადმყოფოში მეორედ მივედი, ექიმებმა რამდენიმე ტესტი ჩამიტარეს და პრობლემის იდენტიფიცირება მოახერხეს. ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა და თავიდან გეგმავდნენ, რომ ოპერაცია მკერდის მხრიდან გაეკეთებინათ. ალბათ, იცით, რომ ეს მოკრივესთვის კარიერის დასრულებას უდრის. საბედნიეროდ, ვითარება შეიცვალა და ოპერაცია ზურგიდან გამიკეთეს“.

სიმსივნეს დროულად აღმოჩენა და ქირურგიული ჩარევა რომ არა, ჯეიკობსისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდმა 1 წელზე მეტს გასტანა. დენიელს ფიზიკური თერაპიის კურსის გავლა მოუწია, რომელიც იმდენად მტკივნეული იყო, რომ რინგზე მიღებული ტკივილი მასთან ახლოსაც ვერ მივა.

„მახსოვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა. ძალიან ბნელ ადგილას ვიყავი და იმედიც კი აღარ მქონდა. რთული პროცედურები გავიარე, თუმცა როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერეს და სიარული დავიწყე, მაშინვე სპორტდარბაზს მივაშურე. ეს ექიმების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა როგორც კი კლინიკა დავტოვე, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - კრივის დარბაზში წასვლა.

ავადმყოფობა იმდენად მძიმე იყო, რომ ყველა ნერვი წესრიგში ახლაც არ მაქვს. მარცხენა ფეხის ერთ-ერთ თითს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა ღამით ლოგინში ვწევარ, ან ჩემს თავთან მარტო ვიმყოფები. ამ უმძიმესი პერიოდის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ცხოვრება ძალიან ძვირფასი რამაა და თითოეული წამით უნდა ვისიამოვნოთ.

მახსოვს, ექიმებმა მითხრეს, რომ დიაგნოზი რამდენიმე დღის შემდეგ რომ დაესვათ, სავარაუდოდ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ისიც მითხრეს, რომ იყო შანსი ნორმალურად ვეღარასდროს გამეარა. რინგზე დაბრუნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...  პალატაში ყოფნისას კრივზე, ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე ვფიქრობდი, ეს კი ძალას მმატებდა. ყველაფერი მენატრებოდა... ჩემი ოჯახი, ვარჯიშები, სპარინგები და მწვრთნელების დავალებები, რომელთა შესრულებაც დიდ სიამოვნებას არასდროს მანიჭებდა. ამან უდიდესი მოტივაცია მომცა და რინგზე დასაბრუნებლად მაქსიმუმის გაკეთება გადამაწყვეტინა“.

კაცი სასწაული

ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ, ჯეიკობსმა სიარული დაიწყო და მალევე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. დენიმ ოსტეოსარკომის დამარცხების შემდეგ, პირველად 2012 წლის 20 ოქტომბერს იჩხუბა და ბრუკლინელი ჯოშ ლუტერანი პირველივე წუთებზე დაანოკაუტა. ჯეიკობსმა შესანიშნავი კომბინაცია გამოიყენა და ყველასთვის მოულოდნელად საოცარი გამარჯვება მოიპოვა. ამ ბრძოლიდან 2 წლის შემდეგ, მან ჯაროდ ფლეტჩერს სძლია და WBA-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ჯეიკობსი, ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე სიმსივნე დაამარცხა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დენის „კაცი სასწაული“ სწორედ მაშინ შეარქვეს.

„რელიგიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ღმერთის მჯერა და სანამ სიმსივნეს დამიდგენდნენ, მახსოვს, კითხვისას ასეთი ფრაზა შემხვდა - ტკივილისა და განსაცდელის მკურნალობის გარეშე, მოთმინებით და სიმშვიდით დაძლევა. ამ ფრაზით მაშინვე დავინტერესდი და მინდოდა, მის შესახებ უფრო მეტი გამეგო. იმ პერიოდში ჩემი მეტსახელი „ოქროს ბავშვი“ იყო და ეს გახლდათ ბიჭი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა და არაფერი ანაღვლებდა. დაახლოებით 2 თვის შემდეგ, სიმსივნე აღმომაჩნდა და მასთან ბრძოლაში გატარებული პერიოდის შემდეგ, მივხვდი, ზემოთ ხსენებული ფრაზა რასაც გულისხმობდა. უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე და იმ დღის შემდეგ, აბსოლუტურად სხვანაირი მსოფლმხედველობა ჩამომიყალიბდა“.

2017 წლის 18 მარტს ჯეიკობსმა გენადი გოლოვკინს დიდი ბრძოლა გაუმართა და ყაზახს გასამარჯვებლად 12 რაუნდი დასჭირდა. მეოთხე რაუნდში დენიელი ნოკდაუნში ჩავარდა, თუმცა ბრძოლა განაგრძო და საბოლოოდ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ორმა არბიტრმა 115-112 დააფიქსირა, ერთმა კი, 114-113 გოლოვკინის სასარგებლოდ.

„მანამ, სანამ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის წინააღმდეგ არ იასპარეზებ, ვერ მიხვდები, შენი მაქსიმუმი რა არის და რის მიღწევა შეგიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მე გავიმარჯვე, არიან ისეთები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ. თქვენც შეგიძლიათ, თქვენი აზრი გამოხატოთ. ფაქტი ისაა, რომ მე ყველა ვარიანტში გამარჯვებული ვარ. მე დავამტკიცე, რომ მიუხედავად ურთულესი ბარიერებისა, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის წინააღმდეგ ბრძოლა შემიძლია და დამერწმუნეთ, ამაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს.

ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი. შეუძლებელია ასეთი რამ შემთხვევითობა ყოფილიყო. ბავშვობაში ბევრი ოცნება მქონდა და ყველაფერი ნელ-ნელა ამისრულდა, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ მოკრივე, რომელიც წლების წინ, საავადმყოფოში იწვა და ოსტეოსარკომას ებრძოდა, რინგზე დაბრუნდებოდა და გენადი გოლოვკინს დაუპირისპირდებოდა. სიმსივნეს გამო თითქმის ყველამ ჩამომწერა და მიღწეული ერთიორად სასიამოვნო სწორედ ამიტომაა“.

„ჩემი მიზანი მოკრივის კარიერის გაგრძელებაა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შთავაგონო, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. მსოფლიოში ამ დაავადებას ძალიან ბევრი ადამიანი ებრძვის და ჩემი ცხოვრება მათთვის იმედის სიმბოლოა. იმედის, რომელიც ძალიან სჭირდებათ და იმედის, რომელიც მათი შთაგონების წყარო ხდება“.

გაზიარება: