გაყიდული ფეხბურთი და „მელია“, რომელმაც რწმენა შეგვინარჩუნა
Aa Aa

გაყიდული ფეხბურთი და „მელია“, რომელმაც რწმენა შეგვინარჩუნა

“რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს.“ - ეს გახლავთ მცირე ამონარიდი გენიალური რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის ბოლო რომანიდან „ძმები კარამაზოვები“.

2016 წელს, ფეხბურთში ვისაც რწმენის ნაკლებობა ჰქონდა და მხოლოდ ხილული სასწაულის დაჯერებას აპირებდა, მათაც ირწმუნეს, რადგან „ლესტერმა“ ისეთი რამ გააკეთა, რაც თანამედროვე ფეხბურთში როგორც წესი აღარ ხდება ხოლმე.

1884 წელს „ვაიგსტონის“ სკოლის „ძველმა ბიჭებმა“ საფეხბურთო კლუბი დაარსეს, რომელიც საფეხბურთო ასოციაციაში მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაწევრიანდა. იმ დღიდან მოყოლებული „მელიებს“ 132 წლის მანძილზე მხოლოდ ლიგის თასი (3-ჯერ) ჰქონდათ მოგებული.

2015 წლის ზაფხულში „ლესტერის“ მწვრთნელად მათი ისტორიისთვის „შესაფერისი“ კაცი დანიშნეს - კლაუდიო რანიერი, რომელსაც კარიერის მანძილზე მხოლოდ სათასო ტიტულები ჰქონდა მოგებული და მიუხედავად იმისა, რომ ის გრანდებშიც მუშაობდა, მას მაინც „ლუზერ“ მწვრთნელად მოიხსენიებდნენ.

ღიმილისმომგვრელია, რომ ამ შეცვლილ, გზასაცდენილ, ფულზე გაყიდულ ფეხბურთს სასწაული ასეთმა კლუბმა, ასეთი მწვრთნელის ხელით აჩუქა და საფეხბურთო საზოგადოება ბევრ რამეზე დააფიქრა.

მცირე შესავლის შემდეგ გეტყვით, რომ დღეს ფეხბურთში მომხდარ ბოლო და ყველაზე ხმაურიან, მომხიბვლელ, აღმაფრთოვანებელ, აუცილებელ ხილულ სასწაულზე უნდა გესაუბროთ - „ლესტერის“ ჩემპიონობა, რომელმაც ამ თამაშის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეგვახსენა.

გუნდის სქემაზე, ან გოლებზე საუბარს არ ვაპირებ. ყველამ კარგად ვიცით, როგორ მოიგო ამ გუნდმა პრემიერლიგა. ყველანი ვუყურებდით ამ საოცრებას. მინდა, რომ თემა ამ მოვლენის ირგვლივ გავშალო, ფეხბურთის არსი და მისი სიდიადე დაგანახოთ - რა შეუძლია რეალურად სპორტის ამ სახეობას და რატომ გვიყვარს ის და რა პრობლემის წინაშე დგას...

ხილული სასწაული - გაყიდული და შეურაცხყოფილი რეალობის ფონზე

ფეხბურთში 21-ე საუკუნეში ისეთმა ადამიანებმა შემოაღწიეს, რომლებსაც ამ თამაშის რეალური არსი არ ესმით. მათ, ის უბრალოდ მოსწონთ და ცდილობენ მისგან დიდი თანხების მიღებასთან ერთად, ცოტათი გაერთონ, აზარტი ნახონ და სახელი მოიხვეჭონ - დიახ, სწორად მიხვდით, საუბარი შეიხებზე, არაბ პრინცებზე და მათ მსგავს მილიარდერებზე მაქვს, რომლებმაც ფეხბურთის წმინდა ნაწილი დაჩრდილეს.

სპორტის ამ სახეობაში ბევრი წარმატებული ბიზნესმენი და შეიხია, რომლებიც კლუბებს ფლობენ და ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს, თუ როგორი მიდგომებით აკეთებენ ისინი საქმეს, თუმცა არსებობდნენ და იმედი მაქვს დღესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდი ფულის მიუხედავად ფეხბურთს არ აზიანებენ, არამედ ქომაგებს ოცნების საშუალებას აძლევენ, ლესტერშირელებისთვის კი ეს ოცნება ერთ დღეს რეალობად იქცა.

ტაილანდელ ბიზნესმენს ვიჩაი შრივადხანაპრაბჰას „ლესტერში“ გრანდიოზული თანხები არ დაუხარჯავს, თუმცა მან სასწაულისთვის საკმარისი გააკეთა.

ჩამოწერილ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი მოწინავე კლაუდიო რანიერი. გერმანელი ცენტრალური მცველი რობერტ ჰუტი, რომლის არსებობაც ქომაგებს დავიწყებული ჰქოდათ და როცა მას იცნობდნენ, მაშინაც მისით დიდად არავინ ინტერესდებოდა. ჯეიმი ვარდი ფეხბურთელი, რომელიც 5 წლით ადრე ინგლისის სამოყვარულო ლიგაში "ჰალიფაქს თაუნში" თამაშობდა. იმ სეზონში 26 გოლი გაიტანა და გადავიდა პირველი ლიგის (რანგით მესამე) "ფლიტვუდში". ის დამატებით ფიზიკურ შრომასაც არ თაკილობდა, რადგან ფეხბურთი მას ვერ არჩენდა და დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა. ასეთმა გუნდმა მოახერხა და ჩვენი გაოცება შეძლო, თან სად - პრემიერლიგაში სადაც ყველაზე დიდი ფულია და კლუბები ტრანსფერებში ასტრონომიულ თანხებს იხდიან.

ჩემთვის გაცილებით სასიამოვნო სანახავი იყო, რასაც ევროტურნირებზე „პორტუ“ და „მონაკო“ აკეთებდნენ, რაც „სევილიამ“ გააკეთა, რასაც ჟან მიშელ ოლას „ლიონი“ წლების მანძილზე აკეთებდა. ეს მოკრძალებული კლუბები თავისი სწორი მენეჯმენტითა და საოცრად ძლიერი სპორტული აგენტებით, ამ დიდებულ თამაშს მეტ ხიბლსა და მეტ „მუღამს“ აძლევდნენ.

თუნდაც ის, რაც კოსტა-რიკამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა. პატარა ქვეყანა, რომელსაც არც ძლიერი ეკონომიკა და არც ძლიერი შიდა ჩემპიონატი აქვს. მათი ლეგიონერები კი გრანდებში ნამდვილად არ თამაშობდნენ, თუმცა ამ ნაკრებს მუნდიალზე იტალიის, ურუგვაისა და ინგლისის დაჯაბნა არ გასჭირვებია.

„სპორტი ყველასია და თამაშის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ფეხბურთი მათი წარმოშობის მიუხედავად ხალხს აერთიანებს“, - ზლატან იბრაჰიმოვიჩი 100%-ით მართალს ამბობს. ისტორიაში არსებული მსგავსი ფაქტები ფეხბურთს სწორედ ასეთად აქცევს.

„ლესტერის“ პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, როცა „მელიები“ საკუთარ კელდებში „უოტფორდს“ მასპინძლობდნენ, სტუმართა ქომაგებმა ტრიბუნებზე ასეთი ბანერი გამოფინეს: „მადლობა ვიჩაის, მან მოგვცა ოცნების ნება. განისვენე მშვიდად.“

როცა ადამიანებს ოცნების ნებას აძლევ, როცა მათ შეუძლებელს შესაძლებლად დაანახებ და მას ხელშესახებს გახდი - ეს გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე გრანდის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ან მსოფლიო ჩემპიონატი. ისინი ამ ტურნირებს ადრე თუ გვიან მაინც მოიგებენ, რადგან ეს შეუძლიათ. რაც „ლესტერმა“ გააკეთა, ეს სულ სხვაა - ის ყველას აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მათაც შეუძლიათ. როდესაც რწმენა გაქვს და წინ ფაქტიც გიდევს, ეს ავტომატურად ნიშავს იმას, რომ მომავალი უკვე საინტერესო ხდება, რადგან იგივეს გამეორების ალბათობა გაზრდილია.

2006 წელს კოტ დ’ივუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დიდიე დროგბამ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

მორიგი ცოცხალი ფაქტი იმისა, რომ ფეხბურთს დაწესებული სტანდარტებისა და არსებული საზღვრების დანგრევა შეუძლია.

ეს და ასევე ზემოთნახსენები ფაქტები ერთ ბანალურ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამეში გვარწმუნებენ - ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. კარგი საქმის გასაკეთებლად და სასწაულის მოსახდენად დიდი ფინანსური შესაძლებლობები საჭირო არ არის. საკმარისია, რომ უბრალოდ ფეხბურთის კარგად თამაში იცოდე და კარგი ადამიანი იყო, რომელიც ხალხს სწორ მაგალითს მისცემს და მათ რთულ მომენტში რწმენას შეუნარჩუნებს.

„ლესტერის“ სასწაულებრივი ჩემპიონობა ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა ასე შეაფასა: „ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობაა, რაც კი ოდესმე სპორტში მომხდარა. 1 წლის წინ ამის მთქმელს გიჟად ჩათვლიდნენ და აბსოლუტურად სამართლიანად“.

ვინ თქვა, რომ გიჟები ყოველთვის ცდებიან? ისინი სიმართლეს ხშირად ამბობენ, თუმცა მათი მოსმენა და გაგება უმრავლესობას არ შეუძლია.

ის, რაც გულს გვირევს - ფეხბურთის ამაზრზენი ნაწილი

ამაზრზენია და გამაღიზიანებელია ისეთი ფაქტების ხილვა, როგორებიც მაგალითად რუსეთისა და ფიფას ურთიერთობა გახლავთ.

როდესაც რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ყიდვა შეძლო. დიახ, ყიდვა და არა მოპოვება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო გაიყიდა.

დიახ, ფეხბურთი ყველასია და მისი თამაში ყველას უნდა შეეძლოს, ასევე მატჩების ყურებაც ყველას უნდა შეეძლოს, თუმცა როცა რაღაცის მოპოვებას ზედმეტი ფულის გადახდით ცდილობ, აქ უკვე ლპობის პირველი ნიშნები იკვეთება, ხოლო როცა პროცესი ღრმად აღწევს, იქ ამპუტაცია აუცილებელია, რომ მთელს სხეულს არ მოედოს.

თუნდაც ის, რასაც პსჟ და მისი მფლობელი აკეთებს - 18 წლის ფეხბურთელებში 200 მილიონის გადახდა და წლიურად 20 მილიონი ხელფასის სახით.

ერთი კითხვა მაქვს - რა შესძინა პსჟ-ს მსგავსმა გუნდმა ფეხბურთს? ჯერჯერობით არაფერი, გარდა ჩამოშლილი სატრანსფერო ბაზრისა. მოთამაშეთა ფასები არანორმალაურად გაიზარდა, ეს კი დიდი ფულის მქონე ბიზნესმენებისა და შეიხების „დამსახურებაა“, ასევე იმათიც, ვინც ამ ფულზე გაიყიდა და ფეხბურთიც გაყიდა.

ჩემი პირადი აზრია - რომ არა პსჟ, ნეიმარისა და მბაპეს მსგავსი ფეხბურთელები, რომელიმე სხვა კლუბში ითამაშებდნენ, სადმე გრანდში, სადაც მათი შესაძლებლობების რეალიზებას გაცილებით უფრო სწორ საფეხბურთო გარემოში შეძლებდნენ.

ან, თუნდაც „მონაკო“, სადაც მბაპე თავიდან ასპარეზობდა. „მონეგასკების“ მფლობელიც მილიარდერია, თუმცა ტრანსფერებში ასტრონომიულ თანხებს არ იხდის. მისი გუნდი სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც ლეონარდო ჟარდიმის სახით კრეატიული მწვრთნელი ჰყავდა.

რა მოხდა შემდეგ? ეს ერთსეზონიანი ლამაზი ისტორია ზაფხულშივე დასრულდა. გუნდი მარტივ მამრავლებად დაშალეს, დიდი ფულის სანაცვლოდ ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებმა დაიტაცეს. ასეთი რამ ადრეც მომხდარა. მაგალითად „აიაქსი“ 90-იანი წლების შემდეგ, სულ ასე იყო და არის. ამაში ახალი არაფერია. აქ პრობლემა სხვა რამეშია...

როცა კლუბს მართავ, ფეხბურთელს ზრდი და შემდეგ მას სარფიანად ყიდი, ან როცა ტალანტს სადღაც აღმოაჩენ და მას ვარსკვლავად გაზრდი, შემდეგ კი კარგ ფასში ყიდი - ეს შენი გადაწყვეტილებაა და ამას არავინ გაიძულებს. ნიდერლანდები ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა და მათ ფეხბურთში ფულის ჩადების პრობლემა არ აქვთ. ისინი ასე თავად წყვეტენ და მსგავს პოლიტიკას თავადვე ირჩევენ, ისევე როგორც ბუნდესლიგის კლუბები, რომლებსაც არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ ევროსარბიელზე მათი გუნდები გრანდებს ტოლსწორად ეჯიბრებოდნენ. მთელ გერმანიას აკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ მათ ევროპაში „ბაიერნი“ წარმოადგენს. განა არ შეუძლიათ, რომ ძლიერი გუნდი ააწყონ, უბრალოდ მათი მიდგომა სხვგვარია და ეს დასაფასებელია. მათ ფულის უაზროდ ხარჯვა და ბანკებიდან სესხის აღება, ან რომელიმე შეიხის მიწვევა არ სურთ.

პატარა სიმპათიურ გუნდებს, წარმატებული სეზონის შემდეგ გრანდები ყოველთვის შლიდნენ, თუცა დღეს დიდმა ფულმა და უკონტროლო ბაზარმა პროცესი დააჩქარა და გარემო მოწამლა.

არ არის სწორი, როდესაც თინეიჯერ ფეხბურთელს ამდენად აფასებ და მას ფინანსურად ზღაპრულ გარემოს უქმნი. დიდი შანსია, რომ ამ დროს მას თავში აუვარდეს და ჩათვალოს, რომ მისი კარიერა უკვე შედგა.

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. თუმცა, როცა გარემო მოწამლულია და შენ ცდუნებას ახერხებს, ასეთ დროს სწორად აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველას როდი შეუძლია.

„ლესტერის“ ჩემპიონობამ უკან მოგვახედა. რა იყო ახლო წარსულში და რა არის დღეს. რა გვინდა, რომ ხვალ იყოს?

დასკვნა - რა გვინდა და რისი უნდა გვჯეროდეს

ისევ მინდა, რომ ლა ლიგას „ვალენსია“ იგებდეს ხოლმე და „დეპორტივოს“ მსგავსი გუნდი გრანდებს ამწარებდეს. ისევ მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა „პორტუმ“ მოიგოს. ისევ მინდა, რომ „ლესტერის“ მსგავსი გუნდი ფულში ჩაძირულ ინგლისში საუკეთესო იყოს.

მინდა, რომ ფეარ-პლეიმ ნამდვილად იმუშაოს და ეს უკონტროლო სიტუაცია ჩარჩოში ჩასვას, საზღვარი დააწესოს. მინდა მეტი ზრდილობა, კულტურა, პატივისცემა, სპორტული პრინციპები და  დაცული წმინდა საფეხბურთო ღირებულებები.

არ მინდა, რომ ბავშვი, რომელიც ფეხურთის ყურებას დაიწყებს, ისტორიას გადახედავს, უფროსის აზრს მოისმენს და გაიზიარებს, რის შემდეგაც ბევრ რამეში ეჭვს შეიტანს - მაგალითად, ეჭვი გაუჩნდება იმაში, რომ „მილანი“ „ლივერპულის“ ფინალი დადგმული იყო. „დეპორტივოს“ „მილანისთვის“ არ უნდა მოეგო, რადგან ეს არარეალური იყო. საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატი ვერ უნდა მოეგო, რადგან ეს ზღაპარი იყო...

დღეს ყველაფერში ეჭვის შეტანა „მოდაშია“. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმ სენსაციებს, თუ სასწაულებს ხალხი ცოცხლად მოესწრო, ის მატჩები ზოგმა ტრიბუნებიდან იხილა, ზოგმა კი ტელევიზორში, თუმცა გავიდა წლები და დღეს ასეთი შეხედულებები მაინც არსებობს - ეჭვი იმისა, რომ ნამდვილად მოხდა თუ არა ეს ყველაფერი? დადგმული ხომ არ იყო?

არ მინდა, რომ წლების შემდეგ „ლესტერის“ ლამაზი და ემოციური ისტორიაც ასეთად იქცეს.

„თომა შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე, ნეტარ არიან ისინი ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ", - იესოს სიტყვები ბევრი თქვენგანისთვის ალბათ ნაცნობია.

ბოლოს ასე მინდა დავასრულო: ადამიანს, რომელსაც რწმენისთვის ხილული სასწაული სჭირდება, მას ურწმუნოს უწოდებენ. რა უნდა ვუწოდოთ მათ, ვინც სასწაული თავისი თვალებით იხილა და მასში ეჭვი მაინც შეაქვს?

გაზიარება: