Aa Aa
7 მაისი 2020  |  21:16

Der Profi - ძვირფასი იარაღი

''კობიაშვილის გადაბირებას ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად ვთვლი, ის ამ დეკადაში ჩვენი გუნდის ძალიან გამორჩეული მოთამაშე იყო.''

''შალკეს'' გენერალური მენეჯერი რუდი ასაუერი, 2010 წელი

რაღაც ეპიზოდები მახსოვს, ფრაგმენტები, პატარ-პატარა კადრები, ლევან კობიაშვილის ფოტო გაზეთის შავ-თეთრ გარეკანზე, ‘‘ფრაიბურგის’’ შემადგენლობაც ზეპირად ვიცოდი. ასე იწყებოდა: გოლცი, ვილი, ბუტი, მერე მოდიოდნენ ქართველები და ყველაზე მაგარი სეზონი მაშინ გამოვიდა, 2001 წლის გაზაფხულზე, როცა ‘‘ფრაიბურგმა’’ 11-დან 6 მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. იმ სეზონში ბუნდესლიგაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ‘‘ბაიერნმა’’ დამატებულ წუთზე პატრიკ ანდერსონის გოლით ჩემპიონობა ‘‘შალკეს’’ წაართვა და გელზენკირხენელთა ნაადრევი ზეიმი რუდი ასაუერის ცრემლებით დასრულდა. ‘‘შალკეს’’ საუკუნოვანი სევდის მონაწილე ლევან კობიაშვილი შემდგომში აღმოჩნდა, ‘‘ფრაიბურგისთვის’’ იმ საოცარ სეზონში კი ბუნდესლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა - 7 გოლი გაიტანა. გოლების გარდა 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ‘‘ფრაიბურგმა’’ იმდენივე მატჩი წააგო, რამდენიც ჩემპიონმა ‘‘ბაიერნმა,’’ რომელიც ბუნდესლიგური ტრიუმფის გარდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

კობიაშვილი ყველაზე მრავალმხრივი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ფინკე მარცხენა მცველის, მარცხენა ნახევარმცველისა და საყრდენის გარდა ‘‘ფლეიმეიქერის’’ პოზიციაზეც ათამაშებდა. მას ჰქონდა კიდევ ერთი პლუსი, შესანიშნავად შეეძლო სტანდარტული მდგომარეობიდან გოლის გატანა, რაც იენს ლემანმა და ოლივერ კანმაც გამოსცადეს. თუ გიორგი ქინქლაძემ ‘‘აიაქსში’’ მარცხენა ფლანგზე თამაშზე უარი თქვა, ლევან კობიაშვილისთვის პრიორიტეტული მოედანზე ყოფნა იყო და არა კონკრეტული პოზიცია, რაც ერთის მხრივ საკმაოდ თავმდაბლური ჟესტია, თუმცა მწვრთნელთათვის ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობა უფრო მარტივი ხდება, თანამედროვე ფეხბურთში გუნდური მოთამაშეების როლი და მნიშვნელობა გაზრდილია. კობიაშვილისა და ქინქლაძის შეხედულებები განსხვავებული იყო, რაც კარიერაზეც აისახა. ერთ მხარეს ‘‘ქინქის’’ არასტაბილური კარიერაა, ხოლო მეორე მხარეს კობიაშვილის ძალიან სტაბილური სპორტული ცხოვრება. იქნებოდა მისი კარიერა ასეთი შთამბეჭდავი, თავი მხოლოდ ერთი პოზიციისთვის რომ მიეძღვნა?

ფოლკერ ფინკეს ‘‘ფრაიბურგზე’’ უფრო მეტი წლების შემდეგ გავიგე, როცა ჩანაწერები თავიდან ვნახე. ფინკე აქცენტს ღარიბი ქვეყნების სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელებზე აკეთებდა, რომლებსაც კონტრშეტევების სწრაფად განვითარების თვისებები ჰქონდათ.ყველა კლუბის პოლიტიკას ბიუჯეტი განსაზღვრავს, ფინკე ცდილობდა მაქსიმალურად მცირე დანახარჯით მაქსიმალურად სასარგებლო მოთამაშეები შეეძინა. ‘‘ფრაიბურგი’’ სამხრეთულ, სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, რაც სანახაობრიობასთან ერთად შედეგსაც განაპირობებდა. ფინკეს გუნდს ბუნდესლიგაში თამაშის სტილიდან გამომდინარე ''ფრაიბურგელი ბრაზილიელები'' უწოდეს.

‘‘ფრაიბურგში’’ არაერთმა აფრიკელმა ითამაშა: ტუნისელები ადელ სელიმი, ცუბერ ბაია და მეჰდი ბენ-სლიმანი, მალელი ბუბაქარ დიარა, განელები იბრაჰიმ ტანკო და სუმაილა კულიბალი, ბურკინაფასოელი ვილფრიდ სანუ. ცხადია, ყველა მოწვეული ფეხბურთელი იმედს ვერ ამართლებდა, იაშვილი-კობიაშვილი-ცქიტიშვილის ტრიოსგან განსხვავებით ზამთარაძისა და თარგამაძის ფრაიბურგული კარიერა წარუმატებელი გამოვიდა, ხოლო კიკნაძისა და ხიზანეიშვილის პროგრესს ხელი მძიმე ტრავმებმა შეუშალეს.

ბავშვობიდან მაინტერესებდა მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დიალოგები თამაშის მიმდინარეობისას, რას ამბობენ, როცა ბრაზდებიან ან როცა ერთმანეთს ამშვიდებენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩის ფეხბურთელები მოსასმენი აპარატურით დარბიან მოედანზე, მეორე დღეს, დილით კი მათი საუბრის დიალოგს კითხულობთ. ეს შესანიშნავი გზაა ბესტსელერების შესაქმნელად. ალექსანდრე იაშვილმა გაიხსენა, როცა ბუნდესლიგის ფავორიტებს ვეთამაშებოდით, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გვეკითხებოდნენ: ‘‘ვერ ვხვდებით რამდენი ხართ მოედანზე.’’

პროფესიონალ ფეხბურთელებზე ზეწოლის გაზრდამ ფსიქოლოგის ჩართულობა საჭირო გახადა. ტრავმები და წაგებული მატჩები მოთამაშეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენენ და სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ემოციებზე იმუშავებს, მაგრამ ‘‘ფრაიბურგში’’ ფეხბურთელები დიდ ზეწოლას ვერ გრძნობდნენ, ქომაგებისთვის ხუთი წაგებული მატჩიც კი ვერ იქცეოდა ძლიერი პროტესტისა და აგრესიის საფუძვლად, რადგან წინ მეექვსე მატჩი იყო, რომელსაც ფინკეს გუნდი აუცილებლად მოიგებდა. ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი 21 წლის ასაკში მიუნხენის ‘‘ბაიერნთან’’ ჩაატარა. ერთის მხრივ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაში და მეორეს მხრივ დაბალი წნეხი, რაც მწვრთნელის მიმართ დიდი ნდობით აიხსნება, სწავლის და პროგრესის საშუალებას იძლევა.

გერმანულ ფეხბურთში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები 2006 წლის მუნდიალისთვის განხორციელდა, თუმცა ფინანსების ასეთ მასშტაბურ ხარჯვამდეც ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის საკმარისად ძლიერი გუნდები ყალიბდებოდნენ. 1997 წელს ოტმარ ჰიტცფელდის ‘’დორტმუნდმა’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ‘‘იუვენტუსი’’ დაამარცხა, 1999 წლის მაისში კი ევროპულ ტრიუმფამდე მიუნხენის ‘’ბაიერნს’’ რამდენიმე წუთი დააკლდა. 2001 წელს ‘’ბაიერნმა’’ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2002 წელს კი ლევერკუზენის ‘’ბაიერი’’ ფინალში გავიდა. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშობდა ლევან კობიაშვილი ვიდრე 2003 წელს ‘‘შალკეში’’ გადავიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რამდენიმე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქართველი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს, მათ არ აქვთ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბებთან თამაშის გამოცდილება. ვიდრე უმაღლესი დონის გუნდებში მოხვდებიან, უმაღლესი დონის გუნდებთან უნდა ითამაშონ. ყველაზე მაგრად ფეხბურთელი თამაშში იზრდება და რაც უფრო ძლიერია მეტოქე, სწავლის და პროგრესის შანსი მეტია. დღეს ეს განსხვავებაა იაშვილი-კობიაშვილი-ცქიტიშვილის ტრიოსა და კიტეიშვილი-ხარაიშვილი-ჩაკვეტაძის სამეულს შორის. ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე  ''ფრაიბურგი'' ტრამპლინისთვის იდეალურ გუნდად წარმოგვიდგება.

როგორ აწყობდა გუნდს ფოლკერ ფინკე

ქართველები და ჰაინკესის არშემდგარი გეგმები

იუპ ჰაინკესისა და ქართველი ფეხბურთელების გზები ორჯერ გადაიკვეთა, წარმატებული არც ერთი ყოფილა. 1994 წელს ჰაინკესი ბასკეთიდან ბუნდესლიგაში ნოვაციით ბრუნდება, ცდილობს ‘‘აინტრახტი,’’ სადაც კახა ცხადაძე თამაშობს, პერსონალური დაცვიდან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადააწყოს, თუმცა ჰაინკესის ხედვები მოთამაშეებმა კარგად ვერ აითვისეს, ამ ფაქტორთან ერთად კლუბს უკეთესი სელექციისთვის საჭირო ფინანსები არ აღმოაჩნდა და მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეას კიოპკე ბუნდესლიგიდან მესამედ გავარდა.

კობიაშვილისთვის არამარტო გუნდური ინტერესები იყო პრიორიტეტული, არამედ საფეხბურთო გარემოც. ამიტომ, მოსკოვის ცსკა-ს გაცილებით სარფიან წინადადებას უარით პასუხობს და 2003 წლის ზაფხულში, 26 წლის ასაკში ‘‘შალკეში’’ გადადის, ამავდროულად გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ხდება. ქართველი ახალწვეული თავიდანვე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, თუმცა მისი როლი რალფ რანგნიკის მოსვლის შემდეგ გაიზარდა. ჰაინკესმა ‘‘შალკეში’’ მხოლოდ ერთი სრული სეზონი გაატარა და როგორც კობიაშვილი ხსნის ლეგენდარული მწვრთნელის გეგმები გამოცდილ ფეხბურთელებთან კონფლიქტმა შეიწირა.

მუშაობა ''პროფესორთან'' და ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე 

ბუნდესლიგური კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი რალფ რანგნიკის ფორმაციის ‘‘შალკეში’’ გაატარა. ვიდრე მილიარდელი დიტმარ ჰოპი რანგნიკს ‘‘ჰოფენჰაიმის’’ ასაღორძინებლად მიიწვევდა, ‘‘პროფესორის’’ მეტსახელით ცნობილი სპეციალისტი ‘‘ფელტინს არენაზე’’ მუშაობდა და კობიაშვილი მის ხედვებში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა. კობიაშვილსა და რანგნიკს შორის ურთიერთგაგება როგორც პიროვნული, ასევე სპორტული კუთხით ჩამოყალიბდა. რანგნიკის მოსვლის შემდეგ კობიაშვილი გუნდის ლიდერად იქცა, ის აღარ ასრულებდა მარცხენა მცველის ფუნქციას, გუნდში მისი როლი გაიზარდა, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კავშირს უზრუნველყოფდა. 2004-05 წლების სეზონში ‘‘შალკე’’ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, პირველობა ამჯერადაც ‘’ბაიერნთან’’ დათმო და კობიაშვილი გახდა ‘‘შალკეს’’ არშემდგარი ჩემპიონობის, გელზენკირხენელთა საუკუნოვანი სევდის მონაწილე.

რანგნიკი ინგლისის პრემიერ ლიგაში მოღვაწე მწვრთნელების მსგავსად სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობდა, როცა ვარჯიშს მისი ასისტენტები უძღვებოდნენ, ‘‘პროფესორი’’ პროცესს აკვირდებოდა, აანალიზებდა. თეორიული ცოდნით გამორჩეული სპეციალისტის მუშაობამ გუნდში სხვა სახლის ცვლილებებიც მოიტანა, თამაშისწინა შეკრება გაუქმდა, ფეხბურთელები სახლში რჩებოდნენ და თამაშის დღეს იკრიბებოდნენ.

თამაშის დღეა, დილით შვილი სკოლაში მიიყვანა, შუქნიშანზე წითელი აინთო, ცალმხრივი გზაა, შუქნიშნის ხაზთან პირველი დგას, მაგრამ როცა მწვანე აინთო, მანქანა ვერ დაძრა, ავზში ბენზინი გათავდა. დისციპლინით გამორჩეული ქართველი მოთამაშე საშინელ დისკომფორტშია, მას  დღის რეჟიმში ყოველთვის ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, თუმცა ახლა მის უკან მდგომი მანქანების სიგნალი ესმის, მათი რცხვენია და მანქანიდან გადმოსვლის ერიდება, ქაოსშია, დახმარებისთვის მეუღლეს ურეკავს - ასე დაიწყო 2005 წლის 23 ნოემბერი ლევან კობიაშვილის ცხოვრებაში, დილით მანქანათა სიგნალებს უსმენდა, საღამოს კი ‘‘შალკეს’’ ათასობით ქომაგის ოვაციებს მისი გვარის სკანდირების ფონზე.

როცა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, რალფ რანგნიკმა კობიაშვილზე თქვა: ‘‘უმაღლესი დონის მოთამაშეა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია გუნდისთვის ძვირფასი იარაღი იყოს.’’ მეკარე ფრანკ როსტმა ქართველს ნამდვილი პროფესიონალი უწოდა: ‘‘მას არ ახასიათებს ემოციების გამომჟღავნება, ძალიან გაწონასწორებულია, ნამდვილი პროფესიონალი.’’

რანგნიკის შემდეგი გაჩერება სამოყვარულო დონის ‘‘ჰოფენჰაიმი’’ იყო, რომელიც ‘‘პროფესორის’’ ხელმძღვანელობით ბუნდესლიგამდე აღზევდა. ''პროფესორი'' ზინზჰაიმში ალექსანდრე იაშვილს იწვევდა, თუმცა ქართველისგან უარი მიიღო. შემდგომში იაშვილმა აღიარა, მან ვერ დაიჯერა, რომ ''ჰოფენჰაიმი'' ძალიან მალე მაღალი დონის გუნდი გახდებოდა.

''შალკეს'' საუკუნოვანი სევდა

რუდი ასაუერის მმართველობის ხანაში ''შალკემ'' უეფას და გერმანიის თასები მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, თუმცა ბუნდესლიგის ვერცხლის სინი აუხდენელ ოცნებად დარჩა. კობიაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან ახლოს სამჯერ იყო, 2005 წლის მაისში ''შალკეს'' მხოლოდ ''ბაიერნმა'' აჯობა, 2006-07 წლების სეზონში ჩემპიონმა ''შტუტგარტმა'' 2 ქულით გაასწრო. კობიაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის 2007-08 წლებშიც იბრძოდა, თუმცა მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონობა ჰიტცფელდის ''ბაიერნმა'' იზეიმა.

2009 წლის ზაფხულში ''შალკეს'' მთავარ მწვრთნელად ზედმეტი სიმკაცრით გამორჩეული ფელიქს მაგათი ინიშნება. ''რკინის ფელიქსს'' ქართველთან მუშაობა მიუნხენის ''ბაიერნში'' ყოფნის დროს სურდა, როცა კობიაშვილი კარიერის საუკეთესო წლებს ''შალკეში'' ატარებდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა გელზენკირხენულ კლუბს უერთგულა.

მაგათის ''შალკეში'' მისვლიდან რამდენიმე თვეში კობიაშვილმა კარიერა ბერლინის ''ჰერტაში'' გააგრძელა, ქართველის 6,5-წლიანი გელზენკირხენული კარიერა დასრულდა. ლევან კობიაშვილი გვიამბობს მაგათის ფილოსოფიის შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი სპეციალისტის მიდგომებზე, რაც საინტერესოც არის, უცნაურიც, თუმცა ქართველ ქომაგებში მის მიმართ მხოლოდ აგრესიაა, რადგან მაგათის სიგიჟეებმა უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის, ლევან ყენიას კარიერა შეიწირა.

''რკინის ფელიქსის'' სიგიჟეები

ქართველ ფეხბურთელებს შორის იშვიათად ვხვდებით 30 წლის შემდეგაც წარმატებულებს. ხშირად მათი მოტივაცია იმ ძლიერ მუხტს კარგავს, რაც მაღალ დონეზე თამაშისთვის საჭიროა. რაც უფრო მაგრად გიყვარს ფეხბურთი, მოტივაციის შენარჩუნებაც უფრო ადვილია, მაგრამ თუ კარიერის საუკეთესო წლებში საკუთარ თავს რეჟიმის დარღვევის უფლებას აძლევდი, 30 წლის შემდეგ მაღალ ტემპს ფიზიკურად ვერ უძლებ, მოედანზე შექმნილი სირთულეებიდან გამოსასვლელად გამოცდილების, ტვინის იმედზე ხარ, რაც მაღალ დონეზე საკმარისი არაა.

გვახსოვს როგორ გაქრა ფეხბურთიდან 29 წლის მალხაზ ასათიანი, ფიზიკური მომზადებით და ტექნიკით გამორჩეული, როგორ დაკარგა მოტივაცია და გაუქრა ამბიცია, მას არ უყვარდა ფეხბურთი ისე ძლიერ, როგორც ალექსანდრე იაშვილს, თემურ ქეცბაიას და ლევან კობიაშვილს. დღეს იშვიათად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტექნიკური შესაძლებლობებით გვაოცებენ, კობიაშვილი ასეთი არასდროს ყოფილა, მაგრამ იყო გამორჩეული, უამრავი ქართველისგან განსხვავებული, 36 წლის ასაკში კობიაშვილი ბუნდესლიგის ''ჰერტას'' კაპიტნობდა და ''დორტმუნდთან'' მოგებულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა. ბევრს ტექნიკა აოცებს და ბევრს შრომა, გემოვნების საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ქომაგებს კობიაშვილის ბერლინური კარიერა ყველაზე მეტად ''ფორტუნასთან'' მომხდარი ინცინდენტის გამო დაამახსოვრდათ, მის ბერლინურ კარიერაში ერთი ძალიან საინტერესო არასაფეხბურთო თავგადასავალიც იყო, როცა უცნაური სურვილი გაუჩნდა და ტბებით ცნობილ ქალაქში გემის კაპიტნის ლიცენზია აიღო: ''ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რატომ მომინდა ეს ყველაფერი? ბერლინში ბევრი ტბაა, შეხებაც მქონდა და ალბათ ინსპირაციის წყარო ის გარემო იყო, სადაც ვცხოვრობდი. როცა რაღაცის გაკეთების სურვილი მიჩნდება, ავტომატურად მიზნად ვისახავ. გემის მართვის ლიცენზიის აღება საკმაოდ რთული იყო, თუმცა როცა მიზანს ვაღწევ, შინაგანად ყოველთვის დიდ სიხარულს ვგრძნობ.''

გაზიარება: