ხელოვნება, სახელად ლარი ბერდის ფსიქოლოგიური ომი
Aa Aa

ხელოვნება, სახელად ლარი ბერდის ფსიქოლოგიური ომი

ფსიქოლოგიური ომი კალათბურთის განუყოფელი ნაწილია. ძველი თაობის კალათბურთელები თავიანთი სიტყვებით მეტოქეებზე ზემოქმედების მოხდენას სისტემატურად ცდილობდნენ და მატჩებისას, მატჩების შემდეგ, თუ მატჩებამდე ბინძურ საუბარს, ე.წ Trash Talk-ს არ ერიდებოდნენ. ამ იარაღს თვით მაიკლ ჯორდანიც იყენებდა, მაგრამ თანამედროვე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ბინძური საუბარი უიშვიათეს მოვლენად იქცა.

The Athletic-მა რამდენიმე თვის წინ, NBA-ის მოთამაშეთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო მათი აზრით, ყველაზე დიდი „ბინძურად მოსაუბრე" ვინ იყო. იცით, პირველი ადგილი ვინ დაიკავა?! დრეიმონდ გრინმა! გაინტერესებთ, მეორეზე ვინ გავიდა? პატრიკ ბევერლი. კალათბურთის ისტორიაში ამ იარაღის გამოყენებით, ფსიქოლოგიურ ომს მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი, ლარი ბერდი, ალენ აივერსონი, გარი პეიტონი, ჩარლზ ბარკლი, რეჯი მილერი, პოლ პირსი, რაშიდ და ბენ უოლასები და სხვა ლეგენდები აწარმოებდნენ, თანამედროვე NBA-ში კი დრეიმონდ გრინი და პატრიკ ბევერლი გვყავს...

დღეს, მინდა, ზემოთ ხსენებული კალათბურთელებიდან ერთ-ერთზე და ჩემი აზრით, ამ კომპონენტში საუკეთესოზე გესაუბროთ. „თამაშის მოგება გინდათ? მაშინ ბურთი მომეცით და გზიდან ჩამომეცალეთ“. დიახ, დღეს ლარი ბერდზე მოგიყვებით, უფრო სწორად მის მიერ Trash Talk-ით წარმოებულ ფსიქოლოგიურ ომზე.

ნამდვილი კელტი

კალათბურთის ნებისმიერმა ქომაგმა იცის, რომ „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ დაუძინებელი მტრები არიან. ბერდისთვის ეს მტრობა განსაკუთრებული იყო, მას არასდროს ივიწყებდა და ლოს-ანჯელესური გუნდის სტუმრად დამარცხება ორმაგ სიამოვნებას ანიჭებდა. ლარის იმედგაცრუებული და განადგურებული მეჯიქ ჯონსონის ხილვა სურდა! „მახსოვს, ერთ დღეს სტუმრად ლეიკერსს ვეთამაშეთ და ის შეხვედრა ბოლო წამებზე მოვიგეთ. მატჩის შემდეგ, საცობში მოვყევით და გულშემატკივრები სხვადასხვა ნივთებს გვესროდნენ. ერთ მომენტში ფანჯრიდან გავიხედე და მეჯიქი დავინახე, რომელიც თავისი მანქანისკენ მიემართებოდა. მის სახეზე ტკივილი იყო გამოსახული. მეჯიქს მაშინ დამარცხებული კაცის მზერა ჰქონდა. ვუყურებდი მას და ვამბობდი: „იტანჯე პატარავ, იტანჯე“! - იხსენებს ბერდი.

ლარი ბერდის გამოცდა

მართალია, ბერდის „ბოსტონის“ მოსისხლე მტერი მეჯიქ ჯონსონის „ლეიკერსი“ გახლდათ, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში იყო ერთი გუნდი, რომელიც ლარის გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი „დეტროიტელ ცუდ ბიჭებზე“ მაქვს.

„ბოსტონის“ წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში „პისტონსის“ თავკაცმა, ჩაკ დეილიმ გადაწყვიტა ახალგაზრდა და საკმაოდ ათლეტური დენის როდმანისთვის ბერდის დაჩრდილვა დაევალებინა. იმ პერიოდში თვლიდნენ, რომ დენის როდმანი დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და ჩაკიმ მიიჩნია, რომ დრო იყო მას ლარი ბერდის გამოცდა ჩაებარებინა. დეილის გადაწყვეტილება „ბოსტონის“ ლეგენდამ პირად შეურაცხყოფად მიიღო და ზედიზედ ჩაგდებული ოთხი ბურთის შემდეგ, „დეტროიტის“ სათადარიგოთა სკამს მიუბრუნდა: „ჩაკ, ვინ მმეურვეობს? საერთოდ ვინმე მმეურვეობს? გირჩევნია ვინმე მოიყვანო, თორემ 60 ქულას ჩავაგდებ“. ეს ყველაფერი არაა... როცა როდმანი აგრესიულ დაცვას თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ბერდს ბურთი არ მიეღო, ლარი თანაგუნდელებს უყვიროდა: პასი მომეცით, სანამ შეამჩნევენ, რომ არავინ მმეურვეობს“... წარმოიდგინეთ, მის წინააღმდეგ დენის როდმანი თამაშობდა! კალათბურთელი, რომელიც NBA-ის ისტორიაში დაცვაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.

ჰეი ფრენკ...

„იუტასთან“ მატჩიც გავიხსენოთ. „ჯაზის" წინააღმდეგ ლარი ჩვეულ სტილში დომინირებდა და ქულას ქულაზე აგდებდა. ბერდს ვერავინ აჩერებდა და ერთ-ერთი წარმატებული ტყორცნის შემდეგ, იგი „ჯაზმენების“ მაშინდელ თავკაცს, ფრენკ ლეიდენს მიუბრუნდა და ჰკითხა: „ჰეი ფრენკ, სათადარიგოთა სკამზე გყავს ვინმე ვისაც ჩემი მეურვეობა შეუძლია“? ფრენკმა სათადარიგოთა სკამს გახედა და ლარის უპასუხა: „არა“.

მატჩი მარცხენა ხელით

1986 წელს „ბოსტონის" ლეგენდამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი იყო და საკუთარი ნებით საქმე გაირთულა! „პორტლენდთან“ შეხვედრამდე ლარი ბერდმა მედიის წარმომადგენლებს, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს უთხრა, რომ მატჩის დიდ ნაწილს მარცხენა ხელით ჩაატარებდა და მარჯვენა ხელს 48 საათის შემდეგ, „ლეიკერსთან“ გასამართი დაპირისპირებისთვის შეინახავდა.

ბერდმა პირობა შეასრულა, 47 ქულა დააგროვა, მარცხენა ხელით 10 (ჯამში 21 ტყორცნა გამოიყენა) ბურთი ჩააგდო და ოვერტაიმში გეიმ ვინერიც მიითვალა. ჰო, კიდევ სამმაგი დუბლი გაიფორმა - 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა...

ორი რიცხვი

1984 წელს „ბოსტონი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ჯულიუს ირვინგი თამაშობდა. ბერდმა „დოქტორ ჯეისთან“ ჯახი პირად გამოწვევად მიიღო და შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა. იგი დომინირებდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ირვინგს ორ რიცხვს უმეორებდა. ერთი რიცხვით ბერდი აღნიშნავდა თავის მონაგარს, მეორით კი - მეტოქის მონაგარს. დენი ეინჯის თქმით, მესამე მეოთხედის ბოლოს, როცა მათ შორის ზედმეტად დიდი სხვაობა იყო, ბერდმა „დოქტორ ჯეის“ კარიერის დასრულება ურჩია, რასაც ვითარების გამწვავება და ცნობილი ჩხუბი მოჰყვა.

Merry fuc**** Christmas

„ინდიანას“ ექს-კალათბურთელის, ჩაკ პერსონის მეტსახელი „კაცი შაშხანა“ გახლდათ და შობის დღეს „სელტიქსის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, მან განაცხადა, რომ „კაცი შაშხანა“ ჩიტზე (Bird) სანადიროდ მიდიოდა. ლარიმ ეს გაიგო და შეხვედრის დაწყებამდე პერსონს უთხრა, რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდა. მატჩის მიმდინარეობისას ბერდი დაელოდა პერსონი პარკეტს როდის დატოვებდა, შემდეგ კი სამიანი „ინდიანას“ სათადარიგოთა სკამთან, ზუსტად მის წინ გაუშვა. სანამ ბურთს ჩააგდებდა, ლარი შეტრიალდა და ჩაკს მიმართა: „Merry fuc**** Christmas“. შემდეგ კი ბურთი კალათში ჩაეშვა.

ბერდი ახალწვეულების წინააღმდეგ

ლარის გულში ახალწვეულებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და გამონაკლისი არც კლაიდ დრექსლერი ყოფილა. „სადებიუტო სეზონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში ბერდს ვმეურვეობდი, რა დროსაც მითხრა: „შენ ვერ შემაჩერებ“. გამიკვირდა და ვკითხე: „ასეთი თავდაჯერებული ხარ“? მან კი მიპასუხა: „თავდაჯერებულობა არაფერ შუაშია. შენ ახალწვეული ხარ და არაფერი იცი“. ამ სიტყვების შემდეგ, ბერდი შეუჩერებელი იყო. მახსოვს, მწვრთნელმა პარკეტიდან გამიყვანა. ლარიმ კი ჩემ გვერდით ჩაიარა და სიცილი დაიწყო“.

დრექსლერი ერთადერთი ახალწვეული არ ყოფილა, ვინც ლარი ბერდის მსხვერპლი გახდა. იგივე ბედი დომინიკ უილკინსსაც ეწია. ამ უკანასკნელმა Boston Herald-თან საუბრისას ერთი შემთხვევა გაიხსენა. „ლარის წინააღმდეგ ჩატარებული ერთ-ერთი პირველი შეხვედრის დაწყებამდე მასთან ხელის ჩამოსართმევად მივედი. ბერდი არც განძრეულა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა და გაქვავებული სახით მიყურებდა. გავოცდი... შემდეგ კი, როცა სადავო გდებისთვის ვემზადებოდით, მითხრა: „შენ ამ ლიგას არ ეკუთვნი ძმაო“. ვერ ვიჯერებდი... ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა. ბოსტონის ერთ-ერთი შეტევისას ბურთი ბერდს ჰქონდა და მას მე ვმეურვეობდი. ამ დროს ლარისგან ასეთი ფრაზა მოვისმინე: „არ ვიცი ჩემი მეურვეობა შენ რატომ დაგავალეს. შენ ჩემი მეურვეობა არ შეგიძლია“. ამის შემდეგ სამიანი გაუშვა და ჩააგდო. მომდევნო შეტევისას ისევ მე მომმართა: „მათ შეცდომა დაუშვეს ჩემი მეურვეობა შენ რომ დაგავალეს ძმაო“. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო“.

ბერდის წინააღმდეგ Trash Tallk ბევრ ადამიანს ნამდვილად არ გამოუყენებია, მაგრამ რეჯი მილერი რისი რეჯი მილერი იქნებოდა, თავისი იარაღისთვის რომ არ მიემართა. თანაც „ინდიანას“ ლეგენდა მაშინ ახალწვეული იყო.

ერთ-ერთი მატჩისას „პეისერსის“ კალათბურთელები „ბოსტონის“ ლეგენდაზე დაჯარიმდნენ და მან საჯარიმო სროლების განხორციელების უფლება მიიღო. შეხვედრა დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, რეჯიმ საჯარიმოს ხაზზე მყოფ ბერდზე გავლენის მოხდენა სცადა, რის შემდეგაც ასეთი პასუხი მიიღო: „ახალწვეულო, მე ლიგაში საუკეთესო მსროლელი ვარ! ლიგაში! გესმის? და შენ ცდილობ რამე მითხრა“? ალბათ ხვდებით, რომ ლარიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო და ბოსტონს მოაგებინა.

3-ქულიანების კონკურსი

1986 წელს NBA-მ ყველა ვარსკვლავის უქმეებს 3-ქულიანების კონკურსი დაამატა. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ იმ პერიოდის საუკეთესო მსროლელები მიიწვია, რომელთა შორის ლარი ბერდიც მოხვდა. ეს უკანასკნელი საქმეს ჩვეულ სტილში მიუდგა და 3-ქულიანების კონკურსი მიიღო გამოწვევად, რომლის დახმარებითაც თავისი სიდიადე უნდა დაემტკიცებინა. „კელტების“ ლეგენდამ რამდენიმე კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დარწმუნებული იყო, რომ მიზანს მიაღწევდა. შეჯიბრების დაწყებამდე იგი მეტოქეებთან მივიდა და უთხრა: „იმედია ყველანი მეორე ადგილზე ფიქრობთ, რადგან ამ კონკურსს მე ვიგებ“.

ბერდმა 3-ქულიანების კონკურსი მომდევნო წელსაც მოიგო, ოღონდ მაშინ სპორტული ჟაკეტი ეცვა. ყველამ, ვისაც ბურთი ერთხელ მაინც უსვრია, იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ხელს არაფერი გიშლის. ბერდმა კი 3-ქულიანების კონკურსი სპორტულ ჟაკეტში გამოწყობილმა მოიგო... სპორტულ ჟაკეტში... როგორც იცით, მომდევნო წელსაც იგივე გააკეთა...

როცა იცი რა მოხდება

ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, როცა წინასწარ იცი შენი მეტოქე რის გაკეთებას აპირებს. ნუ ყოველ შემთხვევაში, თუ ლარი ბერდის წინააღმდეგ არ თამაშობ. ქსავიერ მაკდენიელს ჰკითხეთ. მას ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება.

„სიეტლსა“ და „ბოსტონს“ შორის გამართული მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. სწორედ ამ მომენტში ბერდმა მაკდანიელს უთხრა: „ბურთს ზუსტად ამ ადგილას მივიღებ და პირდაპირ შენს სახესთან ვისვრი“. ბერდმა პირობა შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ტყორცნის შემდეგ კი, მაკდანიელს მიუბრუნდა: „არ ვაპირებდი ტაბლოზე 2 წამი დამეტოვებინა“.

„დალასში“ გამართული მატჩისას ლარიმ „მავსის“ სათადარიგოთა სკამს მიმართა: „მომდევნო შეტევისას აქ დავდგები, შემდეგ მოძრაობას დავიწყებ, პასს მივიღებ და ბურთის ჩაგდების ხმას გაიგებთ“. ბოსტონის ლეგენდამ თავისი სიტყვები ამჯერადაც შეასრულა და „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგაც ზუსტად იგივე მოხდა. იმ შეხვედრაში ლარიმ 60 ქულა გააფორმა და მისი ცნობილი სროლის შემდეგ, გაოცების დამალვას ვერც ჯორჯიელთა კალათბურთელები ახერხებდნენ.

ლარი ბერდი თეთრკანიანების წინააღმდეგ

ბერდს ეზიზღებოდა, როცა მეტოქე გუნდის მწვრთნელები მის განეიტრალებას თეთრკანიანებს ავალებდნენ.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ მმეურვეობდა. წითელკანიანი, ყვითელკანიანი თუ შავკანიანი. მთავარი იყო, ჩემი მეურვე თეთრკანიანი არ ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი თამაშის მიმართ უპატივცემულობა გახლდათ“.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩარლზ ბარკლი საინტერესო ისტორიას იხსენებს: „ღმერთო ჩემო. ნეტავ იცოდეთ, ლარი რა სიტყვებს იყენებდა. მახსოვს, საშინლად იგინებოდა და ერთ მომენტში გადავწყვიტე მეკითხა, რა ხდებოდა. მან მითხრა, რომ ჩვენ პატივს არ ვცემდით, რადგან მისი მეურვეობა თეთრკანიან ბიჭს დავავალეთ. ამ სიტყვების შემდეგ გავოცდი და ლარის ვერაფერი ვუთხარი. იმ ბიჭს კი ძალიან რთული დღე ჰქონდა“.

ბერდის შესახებ წერა უსასრულოდ შეიძლება და ოდესმე აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ დღეს აქ შევჩერდები და სტატიას მაიკლ ჯორდანის სიტყვებით დავასრულებ: „ლარი, გავიგე, რომ კარიერას ასრულებ. მადლობა ღმერთს! მიხარია! შენი სახის დანახვით დავიღალე! შენ წინააღმდეგ თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღე, წარმატებას გისურვებ და ვთვლი, რომ შესანიშნავი და საოცარი კარიერა გქონდა. შენ ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ ბევრი წარმატებული მატჩი გამიფუჭე".

გაზიარება: