Aa Aa

როგორ გადაურჩა ტიაგო სილვა სიკვდილს რუსეთში?

ტიაგო სილვას რუსეთთან საშინელი მოგონებები აკავშირებს... 15 წლის წინ ბრაზილიელი ვარსკვლავი მოსკოვის საავადმყოფოში ტუბერკულიოზის დიაგნოზით იწვა და სიკვდილს ებრძოდა. ის დღეები ტიაგოსთვის ნამდვილი წამება იყო, მაგრამ ახლა, 15 წლის შემდეგ, ყველაფერი სხვანაირადაა. სილვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია და „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს.

სამხრეთ ამერიკელის რუსული თავგადასავალი 2005 წელს დაიწყო, როცა ის მოსკოვის „დინამომ“ „პორტუდან“ გადაიბირა. 20 წლის მცველის სახელი მაშინ არავის არაფერს ეუბნებოდა. იგი პორტუგალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკას „პორტუს“ ბ გუნდში იღებდა. მიუხედავად ამისა, მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მას რეკომენდაცია გაუწია და რუსულმა კლუბმა იგი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ბრაზილიელი ახალგაზრდა „მოსკოვის დინამოს“ გრანდიოზული პროექტის პატარა ნაწილი იყო. გუნდის ახალ პრეზიდენტს, ალექსეი ფედორიჩევს ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება სურდა, ხოლო მენდეში მზად იყო იმდენი ფეხბურთელი გაეყიდა, რამდენსაც კლუბები მოითხოვდნენ. 2005 წლის იანვარში მოსკოველებმა პორტუგალიიდან 7 ფეხბურთელი შეიძინეს და ზაფხულში კიდევ 5 დაიმატეს. მათ შორის ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც კოშტინია, სეიტარიდისი და დერლეი არიან. „დინამომ“ გაცილებით უცნობი მეკარე ნუნოც შეიძინა, თუმცა რუსეთში მხოლოდ ერთმა პორტუგალიელმა, დანიმ, გაამართლა. რაც შეეხება ტიაგო სილვას, „დინამოს“ გულშემატკივრებს მის შესახებ არაფერი სმენიათ. ბრაზილიელს მოსკოველთა მაისურით არცერთი შეხვედრა ჩაუტარებია.

ფედორიჩევის გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო რუსი სპეციალისტი, ოლეგ რომანცევი, წვრთნიდა. იგი ტიაგო სილვათი პირველივე ვარჯიშზე აღფრთოვანდა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ეს ბიჭი საოცარი ფეხბურთელია“.

სამწუხაროდ კლუბის სამედიცინო პერსონალი სხვა აზრზე იყო, ტიაგო სწრაფად იღლებოდა და ეს მის ასაკში დიდი იშვიათობა გახლდათ. როგორც შემდეგში გაირკვა მან კონტრაქტი სამედიცინო შემოწმების გავლის გარეშე გააფორმა და ბრაზილიელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა... ტიაგოს თავდაპირველად მაღალი ტემპერატურა, ხველება და ოფლიანობა აწუხებდა. სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა, რომ საქმე უბრალო გაციებასთან ჰქონდათ, თუმცა მკურნალობა უშედეგი იყო. რის შემდეგაც მოსკოველები იძულებულები  გახდნენ ტიაგო სამედიცინო შემოწმების გასავლელად საავადმყოფოში გაეგზავნათ. ტესტების პასუხი კატასტროფული აღმოჩნდა. სილვას ტუბერკულიოზი დაუდგინდა და თუ არ იმკურნალებდა, ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. საავადმყოფოში ყოფნისას ბრაზილიელს ასეთი რამ უთხრეს; „დაავადება რამდენიმე კვირით გვიან რომ აღმოგვეჩინა, აუცილებლად დაიღუპებოდი“.

სილვა სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მისი საფეხბურთო კარიერა მაინც სასწორზე იდო. სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა გადარჩენის უკეთესი შანსის მისაღებად ტიაგოს მარჯვენა ფილტვის დიდი ნაწილის ამოჭრა ურჩიეს, რაზეც ბრაზილიელმა კატეგორიული უარი განაცხადა. სილვას საშინელი პერიოდის გადატანა მოუწია და რომ არა მისი მშობლებისა და მეგობარი გოგონას თანადგომა, რომლებიც რამდენიმე თვე პრაქტიკულად მოსკოვში ცხოვრობდნენ, არავინ იცის რა მოხდებოდა. "დინამომ" სამედიცინო ხარჯები დაფარა, მაგრამ სილვას საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი აღარ გასჩენია... მოსკოველები იმითაც ბედნიერები იყვნენ, რომ ტიაგომ დაავადება კლუბის სხვა ფეხბურთელებს არ გადასდო.

რუსებმა სილვას კონტრაქტი საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე შეუწყვიტეს და ახალგაზრდა მცველი იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ტიაგო კარიერის დასრულებას განიხილავდა და რომ არა დედამისი, დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი არ გვეყოლებოდა. ტიაგოს საკუთარი თავის რწმენის დასაბრუნებლად დრო დასჭირდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ „ფლუმინენსეს“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ბრაზილიელმა დაამტკიცა რომ რომანცევი მართალი იყო, სილვა ნამდვილად გასაოცარი ნიჭის მქონე ფეხბურთელი გახლდათ. ტიაგო „მილანში 2009 წელს გადავიდა და სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოგვევლინა, გულშემატკივრები მას ლეგენდარულ ფრანკო ბარეზის ადარებდნენ. 2011 წელს „როსონერისთან“ ერთად მან სკუდეტო მოიპოვა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კი გუნდმა ბრაზილიელი „პსჟ“-ს 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიყიდა. საფრანგეთში სილვას ტიტულები არ აკლდა, მაგრამ მისი საუკეთესო მცველის სტატუსი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რისი ნათელი დადასტურებაც „ბარსასთან“ 6-1 მარცხი იყო.

გაზიარება: