გამოუცდელი და გაუმაძღარი ფლორენტინოს ევოლუცია | კაცი, რომელიც რესურსს სწორად იყენებს
Aa Aa

გამოუცდელი და გაუმაძღარი ფლორენტინოს ევოლუცია | კაცი, რომელიც რესურსს სწორად იყენებს

საფეხბურთო კლუბი, მისი სათამაშო სტილი, ისტორია, შედეგები, ყველა გადაწყვეტილება იქნება ეს ფინანსური, თუ სპორტული - საბოლოო ჯამში გუნდის ცხოვრება და ყოველდღიურობა მის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

რომელ მწვრთნელს გამოუცხადებს ის ნდობას, როგორ ტრანსფერებს განახორციელებს - ყველაფერს პრეზიდენტი და მისი მმართველი საბჭო წყვეტს. ისტორიაში ბევრი ლეგენდარული და წარმატებული კლუბის მმართველი გვინახავს, ამჯერად კი თქვენს ყურადღებას 21-ე საუკუნის საუკეთესო პრეზიდენტზე ფლორენტინო პერეს როდრიგესზე შევაჩერებ.

პერესი არის პრეზიდენტი, რომელმაც თავის კარიერაში ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა შემდეგ ისინი გამოასწორა. ეს კაცი შეცდომებზე ყოველთვის სწავლობს და შეუვალ პიროვნებათა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება. დონ ფლორენტინო ყოველთვის პროგრესირებდა, კონკურენტებისგანაც სწავლობდა და საბოლოოდ, შედეგს ყოველთვის დებდა.

საფეხბურთო ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ თავს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

საოცარი სტარტი - ოპერაცია ფიგუ“, ზიდანი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა

„რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში პერესის გამარჯვებას უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ფლორენტინომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ლუიშ ფიგუს ტრანსფერზე ააგო და ყველას გაჩუმება შეძლო.

2000 წელს, იმ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ლუიშ ფიგუს „ბარსელონასთან“ პრობლემები შეექმნა. პორტუგალიელს კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სურდა, თუმცა კლუბი სხვა აზრზე იყო. ამ ყველაფრით კი ფლორენტინო პერესმა ისარგებლა.

ფლორენტინო ფიგუს აგენტს დაუკავშირდა და ასეთი რამ შესთავაზა: თუ, პერესი არჩევნებს ვერ მოიგებდა, ასეთ შემთხვევაში ფიგუ 1 600 000 ევროს მიიღებდა, ხოლო, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა ფეხბურთელი „რეალში“ გადავიდოდა და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდებოდა. შეთანხმება და ხელმოწერა შედგა.

2000 წლის 16 ივლისს პერესმა არჩევნები მოიგო. ფიგუმ „ბლაუგრანას“ ხელმძრვანელობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო, საბოლოოდ მადრიდელებმა პორტუგალიელი გაიფორმეს და იმ სეზონში ლა ლიგაც მოიგეს.

შემდეგ ზაფხულს დონ ფლორენტინომ იმ დროისთვის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა და „იუვენტუსისგან“ 77.5 მილიონ ევროდ ზინედინ ზიდანი გაიფორმა, რასაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოჰყვა, გადამწყვეტი გოლი კი „ზიზუს“ ანგარიშზე იყო.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სიტუაცია 2002-2003 წლების სეზონიდან აირია, როცა „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში „იუვენტუსთან“ დამარცხდა, თუმცა ლა ლიგის მოგება შეძლო.

პერესს ყოველ სეზონში ტრიუმფი სურდა და მარცხს ზედმეტად მტკივნეულად იღებდა, რაც გამოუცდელობის ბრალი იყო. 2003 წლის ზაფხულიდან დალაგებული გუნდი აირია, ყველაფერი კი პრეზიდენტის სურვილებისა და შეხედულებების ბრალი გახლდათ...

გალაქტიკო, კონფლიქტი მაკელელესთან - უტიტულობის ხანა რეალში

მას შემდეგ, რაც ევროთასები დაარსდა, „რეალის“ ისტორიაში 2003 წლიდან 2007-მდე ყველაზე მშრალი მონაკვეთი გახლავთ. ამ 4 წლის მანძილზე კლუბმა ყველაზე ცოტა ტიტულის მოგება შეძლო, თუმცა ტრანსფერებში უამრავი თანხა დახარჯა და 5 მწვრთნელი შეიცვალა.

როგორც მოგეხსენებათ, იმ დროს ყველაზე გავრცელებული სათამაშო სქემა 4-1-3-2 და 4-4-2 გახლდათ. ორი გამოკვეთილი საყრდენით ძალიან ცოტა გუნდი თამაშობდა.

შემადგენლობაში ძირითადად იყო 1 ჩამშლელი, რომელსაც მთელი შავი სამუშაოს შესრულება უწევდა. „რეალში“ ასეთი კლოდ მაკელელე იყო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სურდა.

ფლორენტინო პერესს იმ დროს ასეთი მიდგომა ჰქონდა - ის დაცვითი სტილის ფეხბურთელებში დიდ თანხას არ იხდიდა და მათ მაღალ ხელფასებსაც არ უნიშნავდა.

პერესი თვლიდა, რომ მაკელელე კლუბისთვის დიდი შემოსავლის მომტანი მოთამაშე არ იყო, მისი იმიჯი მომგებიანი არ გახლდათ. ეს შეხედულება დაცვითი სტილის ყველა ფეხბურთელზე ვრცელდებოდა.

საბოლოოდ მაკელელემ „რეალი“ დატოვა და კარიერა „ჩელსიში“ განაგრძო. „რეალმა“ კი ვიეირას შეძენა სცადა, რომელთანაც იგივე პრობლემა შეექმნა - ანაზღაურებაზე ვერ მორიგდნენ.

გუნდში ამ ამბავმა სიტუაცია არია. დელ ბოსკე, ზიდანი, იერო, მორიენტესი და მაკმანამანი მაკელელეს გაშვების წინააღმდეგნი იყვნენ და ამას საჯაროდაც აფიქსირებდნენ. მათ გარდა გუნდში ყველა დუმდა, დუმდა რაულიც, რომელსაც ალბათ სხვებთან შედარებით ცოტა მეტი მოეთხოვებოდა.

რატომ უნდა დაუმატოთ ბენტლის ოქროსფერი საღებავის კიდევ ერთი ფენა, როდესაც მის ძრავს კარგავთ?“ - ეს ზიდანის ლეგენდარული ფრაზაა, რომელიც მან 2003 წელს ამ ამბების დროს მაკელელეს მხარდასაჭერად თქვა.

ფლორენტინო პერესი ზიდანის გარდა ყველას გაუსწორდა - დელ ბოსკესაც, იეროსაც, მორიენტესსაც, მაკმანამანსაც, თუმცა „ზიზუს“ ვერ შეეხო, რადგან ეს ძალიან დიდ ხმაურსა და პრობლემებს გამოიწვევდა.

ზოგადად პერესისა და „რეალის“ მიდგომის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოეხსენება. კლუბს ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა გაუშვია ისე, როგორ მოპყრობასაც ისინი არ იმსახურებდნენ. ზიდანი კი გამონაკლისია, მას 2006 წელს მთელი მადრიდი ეხვეწებოდა, რომ კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყო, თუმცა...

დავუბრუნდეთ თემას. 2003-2004 წლების სეზონში გალაქტიკომ თითქოს იმუშავა. გუნდი სამეფო თასის ფინალშიც გავიდა, ლა ლიგასაც დამაჯერებლად ლიდერობდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც იმყოფებოდა.

მაკელელეს გაყიდვის შემდეგ, ჩამშლელის პოზიციაზე ხან გუტი თამაშობდა, ხან კამბიასო. სამეფო თასის ფინალში „მალიორკასთან“ სწორედ გუტი იქნა გაძევებული და „გალაქტიკოს“ ფენომენალურმა სეზონმა დაღმასვლა სწორედ თასის ფინალში დამარცხების შემდეგ დაიწყო.

ამას მოჰყვა ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩის ჯამში „მონაკოსთან“ მარცხი, რომელიც გუნდიდან გაგდებული მორიენტესის უდიდესი დამსახურება იყო.

საბოლოოდ, „რეალმა“ ლა ლიგის დასკვნით 7 ტურში 6 მატჩი წააგო და ჩემპიონობა „ვალენსიას“ დაუთმო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პერესი თავიდან გამოუცდელი იყო და წმინდა საფეხბურთო თემებში დიდად ვერ ერკვეოდა. მან გუნდის მწვრთნელად მარიონეტი კარლუშ კეირუში დანიშნა, რომელიც „მანჩესტერში“ ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობდა. რა თქმა უნდა, ფლორენტინოს შემადგენლობის დაყენება თავად სურდა და ამ კალიბრის სპეციალისტიც სწორედ ამიტომ მიიწვია.

გუნდი დაუბალანსებელი იყო, დაცვა სუსტი გახლდათ, საყრდენი ნახევარმცველი შესაბამისი დონის არ იყო, შეტევაში კი ზედმეტად ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა. ბექჰემი და ფიგუ კი საერთოდ ერთი პოზიციის მოთამაშეები იყვნენ.

პერესმა სიტუაციის გამოსწორება მიაკლ ოუენის შეძენით სცადა. იქამდე იყო ჯონათან ვუდგეიტის ტრანსფერი, რომელიც დღემე აუხსნელად რჩება. ინგლისელი მცველი არც მაღალი დონის იყო და თან ხშირი ტრავმიანობით გამოირჩეოდა.

ფლორენტინოს „გალაქტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებს ვეღარ სცდებოდა, რაც უკვე განგაშის ნიშანი გახლდათ.

საბოლოოდ, „გალაქტიკო“ და პერესის მმართველობა 2006 წელს დასრულდა. პრეზიდენტმა თანამდებობა 27 თებერვალს დატოვა.

ამ 3-4 წლიანმა მონაკვეთმა ევროპული ფეხბურთის ცხოვრება შეცვალა. სატრანსფერო ბაზარზე ფასები ძალიან გაიზარდა, რამაც ეტაპობრივად გააქრო და დაასუსტა საშუალო დონის საკმაოდ სიმპათიური და ხშირ შემთხვევაში უმაღლეს დონეზე მოთამაშე კლუბები.

განადგურდა საშუალო ფენა. დარჩნენ მხოლოდ მდიდრები და მცირე შემოსავლის მქონე კლუბები. ასეთი რამ არამარტო ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია. იმ სახელმწიფოს, რომელსაც მოსახლეობის საშუალო ფენა არ ჰყავს, ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად კრიზისი გარანტირებული აქვს.

„რეალში“ არსებულ მდგომარეობაზე და „გალაქტიკოს“ მონაკვეთზე ყველაზე კარგად რობერტო კარლოსმა ისაუბრა, რომელმაც 2019 წელს საკმაოდ საინტერესო დეტალები გაიხსენა:

„დელ ბოსკე უფრო მეტად ჩვენი მეგობარი იყო, იგი თითოეულ ჩვენგანს ბრწყინვალედ უგებდა და ეწყობოდა. იგი თვლიდა, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებოდათ წესები, რადგან მათ ისედაც იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

ორშაბათის და ხანდახან სამშაბათის ვარჯიშები 17 საათზე ინიშნებოდა, რადგან ამ დღეებში დილის 11 საათზე ბაზაზე მიმსვლელი არავინ იყო.

ფეხბურთელები ყოველთვის ყველაფერს ვაკონტროლებდით და ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ეს გამონაკლისი კამაჩო იყო, რომელიც გუნდში სულ რამდენიმე კვირა დარჩა.

მახსოვს, როცა იგი გასახდელში პირველად შემოვიდა, ყველას ძალიან სერიოზული სახით მოგვესალმა და გვითხრა, რომ მეორე დღეს ვარჯიშზე ჩვენი ხილვა დილის 7 საათზე სურდა. ზოგადად, ჩვენი საწვრთნელი პროცესი დილის 11-ის ნახევარზე იწყებოდა, ამიტომ მასთან დალაპარაკება ვცადეთ და განრიგის შეცვლა ვთხოვეთ. საბოლოოდ, მან პოსტი მალევე დატოვა.

იგივე მოხდა ლუშემბურგოს შემთხვევაშიც. ჩვენ ბაზაზე მოქცევის საკუთარი წესები გვქონდა - გასახდელში ჩანთებს ვტოვებდით, სადილამდე კი ლუდს ან ღვინოს მივირთმევდით. მაგიდაზე ორი ბოთლი ღვინო ყოველთვის იყო.

მე და რონალდო მასთან მივედით და ვუთხარით, რომ ღვინისა და ლუდის დალევა არ აეკრძალა, თუმცა მან ჯერ ლუდი, შემდეგ კი ღვინო აკრძალა. საფეხბურთო სამყარო პატარაა, ეს ახალი ამბავი დირექტორთა საბჭომდე მივიდა და მათაც ლუშემბურგოს ხელი დაუქნიეს“.

ამდენი ვარსკვლავის მართვას და შენს ჭკუაზე ტარებას ცოდნა სჭირდება, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ასეთი მწვრთნელი კი დელ ბოსკე იყო, რომელმაც ეს მოსაზრება თავისი კარიერის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა.

პერესის წასვლის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი გახდა, რომელიც პოსტზე 2009 წლამდე დარჩა.

გამოცდილი პერესი - ფლორენტინოს მეორედ მოსვლა და სწორი ნაბიჯები

კარლოს კეირუში, ხოსე ანტონიო კამაჩო, მარიანო გარსია რემონი, ვანდერლეი ლუშემბურგო, ხუან რამონ ლოპეს კარო - ეს იმ მწვრთნელთა ჩამონათვალია, რომლებიც პერესმა დელ ბოსკეს გაშვების შემდეგ მარიონეტებად გამოიყენა. ამის შემდგომ 3 სეზონში რამონ კალდერონმა გუნდი ფაბიო კაპელოს, ბერნდ შუსტერსა და ხუანდე რამოსს ანდო, თუმცა „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ბარიერის გადალახვას კვლავინდებურად ვერ ახერხებდა.

პერესმა პრეზიდენტის პოსტი 2009 წლის 1 ივნისს დაიკავა, 2 ივნისს კი მან მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინი წარადგინა, რასაც  მეგატრანსფერები მიაყოლა და რონალდუ-კაკა-ბენზემა-ჩაბი ალონსო შეიძინა.

პელეგრინის გუნდი ლამაზ სტილში თამაშობდა, თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა. „რეალმა“ ლა ლიგა 9 ქულიანი ჩამორჩენით წააგო. ასევე დათმო სეზონის ორივე „ელ კლასიკო“. ჩემპიონთა ლიგაზე კი მოხდა ის, რაც 2005 წლიდან ხდებოდა - „რეალი“ კვლავ მერვედფინალიდან გამოვარდა და ეს ნაცნობმა მეტოქემ „ლიონმა“ გააკეთა.

ფლორენტინოს სატრანსფერო შეხედულებებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ არ უყურებდა ის სერიოზულად დაცვითი სტილის მოთამაშეებს და მათ სანაცვლოდ დიდ თანხას არასდროს იხდიდა, თუმცა მარცხისგან მიღებულ გაკვეთილზე მან ისწავლა და შეცდომები აღარ დაუშვა.

პერესმა პელეგრინი დაითხოვა და ჟოზე მოურინიო დანიშნა. „რეალს“ მწვრთნელის ხელი 2003 წლის შემდეგ პირველად დაეტყო.

გუნდმა მოურინიოს ხელში პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, ლა ლიგაში კი 96 ქულა მოაგროვა და 102 გოლი გაიტანა, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...

პერესსა და „რეალს“ ძალიან არ გაუმართლათ, რადგან პარალელურად ძალებს იკრებდა და ისტორიაში უმაღლეს მწვერვალს აღწევდა „ბარსელონა“, რომელთან ჭიდილი არამარტო მადრიდელებს, არამედ ყველა გუნდს უჭირდა.

მოურინიომ მადრიდში 3 წელი გაატარა და პეპის „ბარსას“ ლა ლიგა და სამეფო თასი თითოჯერ მოუგო. ჯამში „განსაკუთრებულის“ მუშაობა პერესმა დადებითად ვერ შეაფასა და ის პოსტიდან დაითხოვა.

წლიდან წლამდე ფლორენტინო პერესი სულ უფრო ჭკვიანურ ტრანსფერებს ახორციელებდა. გუნდი ფულს ნაკლებად ხარჯავდა და აქცენტს ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებზე აჩერებდა.

პერესმა „ბარსელონას“ მიბაძა, ის ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ესპანელი შეეძინა და ფული უმიზნოდ არ დაეხარჯა.

ტრანსფერების მხრივ ბოლო წლებში „რეალი“ სულ უფრო დაემსგავსა „ბარსას“, ხოლო კატალონიელები მადრიდელთა ძველ ვერსიას დაემსგავსნენ.

2013-2014 წლების სეზონში კარლო ანჩელოტიმ მოურინიოს „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ნანატრი „ლა დესიმა“.

კარლომ მოურინიოს სათამაშო სქემა მთლიანად შეცვალა. იტალიელმა გუნდი გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახადა.

ეს იყო პერესის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც მას ოდესმე მიუღია.

„პაპა კარლომ“ „რეალში“ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა. კრიშტიანუს კარიერაში ანჩელოტიმ უდიდესი როლი ითამაშა. "რონიმ" ასაკის მატებასთან ერთად სიღრმიდან თამაშს მოუკლო და საჯარიმოში მეტი დროის გატარება დაიწყო. ერთი შეხედვით ეს მტკივნეული პროცესი პორტუგალიელმა ანჩელოტის დახმარებით ფენომენალურად გაიარა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ანჩელოტის მიერ გარდაქმნილი დი მარია, რომელსაც მოედნის ცენტრში ამის შემდეგ აღარ უთამაშია. დიახ, ის რამდენიმეჯერ ნაკრებშიც და პსჟ-შიც ნახევარდაცვის შუა ხაზს მოარგეს, თუმცა ეს დროებითი და უშედეგო იყო.

კარლო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც დი მარიაში ეს ნიჭი დაინახა და ის სწორად გამოიყენა. „რეალის“ ქომაგები დამეთანხმებიან, რომ არგენტინელი 2013-2014 წლების სეზონში გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ანჩელოტის თანაშემწედ ზინედინ ზიდანი მუშაობდა, რომელიც „რეალის“ ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს. კარლოსთან ერთად გატარებულმა ორმა წელმა „ზიზუს“ როგორც მწვრთნელს საკმაოდ ბევრი რამ ასწავლა და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო.

ყველა ხვდებოდა, რომ მადრიდელთა მომდევნო მწვრთნელი ზიდანი იქნებოდა.

შეცვლილი სატრანსფერო პოლიტიკა, შეცვლილი მიდგომა მწვრთნელების მიმართ, შეცვლილი ნდობის მანდატი - პერესმა ეს ყველაფერი იდეალურად დახვეწა და გუნდის შედეგებზეც უმალვე აისახა.

როცა გუნდს ისეთ მწვრთნელს აბარებ, რომელმაც არსებული რესურსის ზუსტად და მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში შენ ხარ ადამიანი, რომელიც რესურსს სწორად იყენებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ზიდანის ფენომენი. ის ერთადერთი ფეხბურთელი და მწვრთნელია, რომელსაც პერესი შეეხვეწა, რომ გუნდში დარჩენილიყო, შემდეგ კი ის პოსტზე მეორედ დააბრუნა. ასეთი რამ ფლორენტინოს მუშაობის წლებში არასდროს მომხდარა.

დასკვნა - უმადური ადამიანებიც არსებობენ

იყო „მილანის“ დომინირების წლები, შემდეგ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ინგლისური ფეხბურთის დომინირება, შემდეგ გუარდიოლას „ბარსელონას“ ყველაზე დომინანტი 4 წელი, პერესმა იმდენი მოახერხა, რომ ევროპული ფეხბურთის „ოლიმპოს მთაზე“ კვლავ „რეალი“ დააბრუნა.

„რეალის“ ქომაგების მხრიდან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს ფლორენტინოს კრიტიკა, ლანძღვა და გინება. მას უამრავ გადაწყვეტილებას უწუნებდნენ და პოსტიდან მოშორებას ითხოვდნენ... ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა უცნაური და ღიმილისმომგვრელია.

დღეს ხშირად მოისმენთ ასეთ რამეს - „მესი, რომ წავა შემდეგ ბარსელონას რა ეშველება? მაგრად დაიძირებიან“.

ეს სავსებით ლოგიკური მოსაზრებაა, რომელიც შესაძლოა რეალობადაც იქცეს, თუმცა მე მეორე კითხვას დავსვამ: რა ეშველება „რეალს“, როდესაც ფლორენტინო პერესი აღარ ეყოლება?

21-ე საუკუნეში პერესის გარეშე ეს გუნდი ბევრს ვერაფერს წარმოადგენს. ბოლო 20 წლიდან 17 წელი კლუბს დონ ფლორენტინო მართავს, 3 წლით კი ამას რამონ კალდერონი აკეთებდა. ცნობისთვის, ეს ის სამი წელია, როდესაც მადრიდელებს, ხან „ლიონი“ და ხან „რომა“ ათრევდა...

0-3 ჟუნინიოს „ლიონთან“, 0-4 „ლივერპულთან“ და ასე შემდეგ. აი, ასეთ დღეში მყოფი კლუბი ჩაიბარა პერესმა და სადამდეც აიყვნა ყველამ კარგად ვნახეთ.

ეს კაცი ფეხბურთის ქომაგთა დიდ ნაწილს შესაძლოა გულზე არ ეხატება, მაგრამ ამ ადამიანმა წარმოუდგენელი შედეგები დააფიქსირა, ეს კი ნებისმიერ შეხედულებაზე და გემოვნება მაღლა დგას, რადგან შედეგი არის ფაქტი, ის ხელშესახებია და ისტორიაა, რომელიც მომავალში გუნდის მენტალიტეტს აყალიბებს.

ბოლოს კი ჩავის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომელიც მადრიდის „რეალის“ ფილოსოფიასა და მენტალიტეტს იდეალურად აღწერს:

„მადრიდელებს საერთოდ არ ანაღვლებთ თამაშისას თქვენ მათ აჯობებთ, თუ არა. მათთვის მთავარი დომინირება არაა.

მათი ფილოსოფია მხოლოდ მოგებაა. ეს ის არის, რაც ამ გუნდთან თამაშს რთულს ხდის.

"რეალს" შეუძლია ცუდად ითამაშოს, თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაატაროს, მაგრამ მაინც დაგამარცხოთ. "ბარსელონას" ასე არ შეუძლია. ჩვენ ვიგებთ მაშინ, როდესაც ვდომინირებთ, როდესაც საუკეთესო ფორმაში შევდივართ და ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით.

"რეალს" შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირდეს, დანარჩენ ტურნირებზე უარი თქვას. ჩვენ ასე არ შეგვიძლია.

ასეთი რამის შესრულება მხოლოდ მადრიდელებმა იციან და ეს დასაფასებელია.

მადრიდელებს აქვთ რაღაც, რაც სხვა გუნდებს არ აქვთ. მათ წინააღმდეგ მომენტების გამოუყენებლობა არ შეიძლება, რადგან ისინი აუცილებლად დაგსჯიან".

გაზიარება: