Aa Aa

"წინ მარტონი ვართ", - იუვეს გადაუჭრელი პრობლემა | ტაქტიკური ანალიზი

„მათ გამტანი ნახევარცველი არ ჰყავს. მოედნის ცენტრში არავინ ჰყავთ, ვინც მეტოქის საჯარიმოში იმოძრავებდა. ის გუნდური თამაში, რომელიც მათი ძლიერი მხარე იყო, აღარ არსებობს“. - ეს სიტყვები არსენ ვენგერს ეკუთვნის, რომელიც მან „ბარსელონას“ შესახებ თქვა, მაგრამ ამჯერად ამ გუნდზე საუბარს არ ვაპირებ...

დღეს თქვენს ყურადღებას „იუვენტუსზე“ შევაჩერებ. გუნდი, რომელიც რონალდუს სრულად ვერ იყენებს და ეს უკვე მეორე სეზონია გრძელდება. ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი - ნახევარდაცვის საკმაოდ ერთფეროვანი, ზედმეტად საშუალო დონის ხაზი. სწორედ ამიტომ მოვიყვანე ვენგერის კომენტარი მაგალითად, რადგან „ბებერ ქალბატონსაც“ მთავარი პრობლემა შუა ხაზში აქვს.

ევროპაში არ მოიძებნება გრანდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება „იუვენტუსზე“ მეტად უნდა.

ტურინელებმა 1996 წლის ტრიუმფის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ხუთჯერ ითამაშეს და ხუთივეჯერ დამარცხდნენ. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ასეთი ფორმაციის „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას კიდევ დიდ ხანს ვერ მოიგებს.

შეცდომა, რომელიც დღემდე უყურადღებოდ რჩება

მოდი ცოტა უკან წავიდეთ. ალეგრი ტრიუმფთან ახლოს ორჯერ იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში ფინალში სრულიად დამსახურებულად დამარცხდა.

ტურინელთათვის ყველაზე მტკივნეული „რეალთან“ ზედიზედ ორი ჯახის დათმობა იყო. 2017 წლის ფინალი და 2018 წლის მეოთხედფინალის პირველი მატჩი.

შეხვედრები, რომელშიც ალეგრიმ ზიდანთან ტაქტიკური ბრძოლა წააგო. და რატომ მოხდა ეს?

ბოლო წლებში ასეთი დონის მატჩებში, როდესაც ერთმანეთს ორი გრანდი ერკინება და ორივე მათგანი საბრძოლო შემადგენლობით არის, დიდწილად იმარჯვებს ის ვისაც უფრო ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს და ვინც მეტად აკონტროლებს ბურთს. ეს ფაქტია.

შესაძლოა რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, თუმცა გადავხედოთ ბოლო წლების ჩემპიონთა ლიგას, ზოგადად ევროტურნირებს და დავინახავთ, რომ ეს მოსაზრება სწორია.

ნახევარდაცვის ხაზს ყველა მწვრთნელი სხვაგვარად იყენებს, თუმცა თუ გინდა რომელიმე დიდი ტურნირი მოიგო, შენი შუა ხაზი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. მაგალითად, გუარდიოლა და ზიდანი უპირატესობას ბურთის კონტროლსა და მაღალ პრესინგს ანიჭებენ ხოლმე. კლოპი კი თავის გეგენპრესინგს იყენებს და მისი გუნდი გამუდმებით მაღალ ტემპში თამაშობს, რაც არამხოლოდ შემტევი სამეულის დამსახურებაა, ამაში მთავარ როლს ნახევარდაცვა თამაშობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეტოქეს ახრჩობს, შემდეგ კი შეტევაზე მარტივად და სწრაფად გადადის.

„იუვენტუსის“ შუა ხაზის მოთამაშეების სტილიდან გამომდინარე მათი მთავარი პლუსები ორთაბრძოლების მოგება, პრესინგი და დაცვაში ზუსტი თამაში უნდა იყოს, თუმცა ალეგრისა და შემდეგ სარის ხელშიც, მოთამაშეები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ეს „ლიონთან“ მატჩისას კიდევ ერთხელ და კარგად გამოჩნდა.

როდესაც კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობ ორი არჩევანი გაქვს: 1) ითამაშო დომინანტურად, როგორც ამას „რეალი“ აკეთებდა. 2) მიბაძო ფერნანდუ სანტუშის პორტუგალიის ნაკრებს და იყო შედარებით პრაგმატული.

ალეგრიმ 2017 წლის ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ აი ასეთი შემადგენლობა გაიყვანა.

ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია მადრიდელთა უპირატესობა ნახევარდაცვაში. ზიდანის გუნდმა „იუვე“ უბურთოდ დატოვა და ლოგიკურია, რომ მეტი მომენტიც შექმნა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა.

შეიძლება ასეთი ტაქტიკით, სადმე ვინმესთან გაძვრე და მოიგო, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქ ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია და ყველა დეტალი იჩენს ხოლმე თავს.

„რეალი“ მოედანზე 4 ნახევარმცველით იყო, ხოლო „იუვენტუსი“ 2-ით. კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი და ისკო - ხედირა-პიანიჩის წინააღმდეგ.

ცენტრში გამთამაშებლად ჩამოწეული დიბალა ბევრს ვერაფერს შვებოდა, ბურთს ხშირად კარგავდა, მას ვერ ანაწილებდა და მატჩიც ლოგიკურად დასრულდა.

ზოგადად, დიბალა არ არის არც მესი, არც პირლო და არც პოგბა. ის არ არის ნახევარმცველი და ამ პოზიციაზე ასეთი დონის შეხვედრაში მისი გამოყენება შედეგს ნაკლებად მოიტანს.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ და როცა ყველა დიდებულ დაპირისპირებას ელოდა, ტურინული მატჩი „რეალის“ მოულოდნელად მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში ალეგრის გუნდი ზუსტად იგივე მიზეზით დამარცხდა, როგორც ფინალში.

მადრიდელებმა ტურინელები მოედნის ცენტრში დაჩაგრეს, ბურთი გაუკონტროლეს და ნორმალურად შეტევის საშუალება არ მისცეს.

„ბებერი ქალბატონის“ თამაში უმალვე აირია და ქაოსური გახდა. ეს კი ნახევარდაცვაში არსებული უპირატესობის დამსახურება იყო.

ყველას კარგად ახსოვს განმეორებითი შეხვედრა მადრიდში, სადაც მწვრთნელმა შეცდომა გაანალიზა და გუნდი მოედანზე 4-3-3 სქემით გაიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.

მართალია „იუვენტუსი“ ორი მატჩის ჯამში საბოლოოდ მაინც დამარცხდა (3-4), მაგრამ მადრიდული მატჩის შედეგი ქომაგებში, თუ პროფესიონალებში დღემდე დიდ დავას იწვევს...

ნახევარდაცვა ლიდერის გარეშე - ანუ, რატომ ვერ იყენებენ რონალდუს 100%-ით

სარის მოედნის ცენტრში არ ჰყავს იმ დონის მოთამაშე, რომელსაც დაეყრდნობა და დირიჟორობას დაავალებს.

თუ მეტოქე ტურინელთა მრისხანე თავდასხმის ხაზს გაანეიტრალებს, ასეთ დროს თამაში ნახევარდაცვიდან უნდა გამწვავდეს და პრობლემაც სწორედ აქ არის...

„რეალის“ ნახევარდაცვის ხაზში შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესი ფიგურა ტონი კროოსი გახლავთ. ფეხბურთელი, რომელიც გუნდის შეტევების რიტმს აკონტროლებს.

„იუენტუსში“ ასეთი მირალემ პიანიჩია. ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს. ბოსნიელი მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც რონალდუს ზურგსუკან უნდა იდგეს.

ერთი მარტივი სტატისტიკა, რომელიც განსხვავებას ნათლად გვანახებს. ეგრეთწოდებული „ქეი პასები“ - საგოლე შეტევისას შესრულებული გადამწყვეტი გადაცემა, რომელიც საბოლოოდ გოლს ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია ბურთის კონტროლი და რამდენად ხშირად ჯარიმდებიან შენს წინააღმდეგ, როცა ბურთით ხარ.

კროოსი ორივე შემთხვევაში უპირატესობას ფლობს. ის შეხვედრაში უფრო მეტ მწვავე გადაცემას ასრულებს და სეზონის მანძილზე მის წინააღმდეგ გაცილებით მეტჯერ ჯარიმდებიან.

ეს სტატისტიკა უფრო თვალშისაცემი ხდება, როცა გუნდების მთელს ნახევარდაცვას ვიღებთ და მათ ერთმანეთს ვადარებთ.

ზოგადად, „რეალის“ ნახევარდაცვა მრავალფეროვანი და საკმაოდ უნივერსალია, რასაც ვერ ვიტყვით „იუვენტუსის“ შუა ხაზზე.

წლევანდელ სეზონში „ლიონთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, რონალდუსა და დიბალას დიალოგი ამ პრობლემის სერიოზულობაზე კიდევ უფრო მეტყველებს.

რონალდუ: „წინ მარტონი ვართ, ნახევარდაცვა საერთოდ ვერ გვეხმარება“.

დიბალა: „ბურთი არავის მოაქვს“.

რონალდუ: „ვიცი, მეორე ბურთზეც პრობლემები აქვთ, არაფერი გამოსდით“.

2019-2020 წლების სეზონში „იუვენტუსი“ მეტწილად 4-3-3 სქემით თამაშობს და ყველაზე ხშირად ასეთი შემადგენლობით გამოდის.

ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „იუვემ“ „ლიონში“ 0:1 წააგო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება რონალდუს ჰქონდა, ტურინელთა ნახევარდაცვის უუნარობაზე მიუთითებს.

კრიშტიანუს თავისი პლუსები აქვს. ის არ არის მესი, რომ მოედნის ცენტრისკენ გადაიწიოს, სიღრმიდან იმოქმედოს და მატჩის რიტმი აკონტროლოს. პორტუგალიელს თავისი არსენალი აქვს, რომელსაც ყოველთვის იყენებს, რასაც ვერ ვიტყვით „იუვენტუსზე“, რომელიც რონალდუს მისი უნარების გამოვლენაში ხელს ნამდვილად ვერ უწყობს.

დასკვნა - ამ გზით იუვეს კვლავ წრეზე სიარული მოუწევს

რამდენი მწვრთნელიც არ უნდა შეცვალოს „იუვენტუსმა“, პრობლემა მაინც იგივე და გადაუჭრელი რჩება.

როდემდე უნდა განახორციელოს გუნდმა მსგავსი ტრანსფერები? მატუიდი, ბენტანკური, ჯანი, რაბიო, რემზი... ერთს გაყიდიან, მეორეს შეიძენენ.

ერთი შეხედვით, „იუვეს“ ნახევარდაცვამ მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ ასეთი სტილის ფეხბურთს არც ალეგრი თამაშობდა და არც სარი თამაშობს.

იმ კალიბრის თავდასხმის ხაზს, როგორიც „იუვენტუსს“ ჰყავს, ზურგსუკან სულ სხვა სტილისა და კლასის ნახევარდაცვა სჭირდება.

რაც გასულ სეზონში „აიაქსმა“ ტურინელებს დამართა, ეს იყო იდეალური მაგალითი იმისა, რომ რონალდუ გუნდისგან შესაბამის მხარდაჭერას ვერ იღებს. „რონიმ“ ამსტერდამელებს ორივე შეხვედრაში გაუტანა, თავისი შანსები გამოიყენა და ყველაზე სახიფათოც იყო, მაგრამ ტურინში გამართულ განმეორებით მატჩში ტენ ჰაგის ნახევარდაცვამ მეტოქე მოედნიდან უბრალოდ გააქრო, რამაც კრიშტიანუსთან კავშირი გაწყვიტა. საბოლოოდ ლოგიკური შედეგი მივიღეთ.

გაზიარება: