Aa Aa
4 მარტი 2020  |  13:41

იტალიელი ჯორჯ ბესტი - ჯიჯი მერონის ტრაგედია

imgbanner

მას, ვისაც ჯიჯი მერონის თამაში ახსოვს, ან მისი ასპარეზობა ტელევიზიით მაინც უნახავს, იტალიელ გარემარბს გენიოსად მიიჩნევს. ჩაცმულობის, თამაშის სტილისა და ვარცნილობის გამო, მერონის იტალიური ფეხბურთის ჯორჯ ბესტად მოიხსენიებდნენ.

„ტორინოს“ ვინგერი იმ მოთამაშეთა სიაშია, რომლებმაც „კატენაჩოს“ სისუსტე უპოვეს და ამ სქემის მიმდევარ გუნდებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს.

მერონი კულტურული სიმბოლო იყო, რომელიც 1960-იანი წლების იტალიური საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებოდა. ჯიჯი მეამბოხე სული გახლდათ, რომელიც სკანდალში რეგულარულად ეხვეოდა.

იგი დაქორწინებულ მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა და არ ადარდებდა მასზე რას ამბობდნენ. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მან იტალია კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ლუიჯიმ თმის შეჭრაზე უარი თქვა და მუნდიალზე მაშინდელი საფეხბურთო სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელი ვარცხნილობით გამოცხადდა.

მერონის მისამართით პრესაში კრიტიკა არასდროს წყდებოდა, რასაც იგი ხუმრობით პასუხობდა. ერთხელ ის კომოს ტბაზე სასეირნოდ ქათამთან ერთად წავიდა და სცადა თავისი „კომპანიონისთვის" საცურაო კოსტიუმი მოერგო. მერონი გახლდათ ფეხბურთელი, რომელიც ბალოტელიმდე და კასანომდე ბალოტელი და კასანო იყო.

მერონის უდიდესი წარმატებისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ 1967 წლის ოქტომბერში მომხდარმა ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა.

1967 წლის 15 ოქტომბერს  „ტორინომ“ „სამპდორია“ 4-2 დაამარცხა და ფაბრიციო პოლეტიმ და ჯიჯი მერონიმ გამარჯვების ბარში აღნიშვნა გადაწყვიტეს. ისინი საკმაოდ განიერ ქუჩას, „კორსო რე უმბერტოს“ კვეთდნენ, როცა სწრაფად მომავალი მანქანის გამო, ქუჩის შუა ნაწილში გაჩერდნენ. ფეხბურთელებმა ინსტინქტურად  უკან დაიხიეს, რის გამოც ფიატის" მოდელის ავტომობილმა მათ გვერდი ვეღარ აუქცია. მანქანა მერონის ისეთი სიჩქარით დაეჯახა, რომ იტალიელი გარემარბი ჰაერში ააგდო და გვერდით გადააგდო, რის შემდეგაც მას მოწინააღმდეგე მხრიდან მომავალი მანქანაც დაეჯახა და ქუჩის ბოლომდე ათრია. ლუიჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორივე ფეხი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებები მკერდზე და თავზე აღენიშნებოდა. ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

„ფიატის“ მძღოლი, ატილიო რომერო, „ტორინოს“ ქომაგი და მერონის თავგადაკლული გულშემატკივარი გახლდათ. მისი სახლი „გრანატას“ დროშებითა და კუმირის პოსტერებით იყო მორთული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, კი მისი მანქანის საქარე მინაზეც მერონის პოსტერი გახლდათ გაკრული...

რომეროსთვის, ეს დღე რამდენიმე წლის შემდეგაც გუშინდელივითაა: „ყველაფერი იდეალურად მახსოვს, ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი და წინ მიმავალი მანქანის გადასწრება გადავწყვიტე. უეცრად ქუჩის შუა ნაწილში ორი ქვეითი შევნიშნე. როცა მათ მივუახლოვდი, ერთ-ერთმა მათგანმა ნაბიჯი უკან გადადგა და პირდაპირ ჩემს მანქანას დაეჯახა... დარტყმის შემდეგ ის მეორე მხარეს გადავარდა და სხვა მანქანა დაეჯახა. მაშინვე გავაჩერე და სასოწარკვეთილი გადმოვხტი. წარმოდგენა არ მქონდა წინ რა მელოდა. უეცრად გავაანალიზე, რომ ასფალტზე ჩემი კუმირი იწვა. გავფითრდი, გული გამიჩერდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ცხოვრების რაღაც ნაწილი წამერთვა. ჩემ წინ იმ ადამიანის სხეული იყო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაღმერთებდი. იმ საღამოს მერონი გარდაიცვალა და მეც ბევრი რამ დავკარგე“...

ტრაგედიიდან რამდენიმე საათით ადრე, რომერო ტრიბუნებზე „ტორინოს“ ქომაგობდა და ეჩხუბებოდა გულშემატკივარს, რომელმაც მერონი გააკრიტიკა. ტრაგედიიდან რამდენიმე კვირით ადრე, კი იმყოფებოდა პროტესტზე, რომელიც „გრანატას“ პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა. მაშინ „ტორინოს“ ფანატები კლუბის პირველი პირის მიერ მერონის „იუვენტუსისთვის“ მიყიდვის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.

პროტესტში „ფიატის“ მუშებიც ჩაერთვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „იუვენტუსის“ მფლობელი გახლდათ, მუშათა უმრავლესობა „ტორინოს“ გულშემატკივრობდა და მზად იყო მერონის გასხვისების შემთხვევაში გაფიცვა მოეწყო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ტრანსფერი არ შედგა. გარკვეული დროის შემდეგ კი ჯიჯის სიკვდილმა მთელი ტურინი შოკში ჩააგდო. იტალიელის დაკრძალვას 20000 ადამიანი დაესწრო. ერთ-ერთმა მათგანმა სამარხში შეჭრაც სცადა, რადგან არ სჯეროდა, რომ ფეხბურთელი მართლაც გარდაცვლილი გახლდათ.

Daily Mail-თან საუბრისას რომერო იხსენებს: „არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვალა. ბოლო წლებში ტკივილს, სევდას, მწუხარებასა და სინანულს განვიცდი და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს. ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი კერპის სიკვდილში გარკვეული ბრალი მიმიძღვის. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს“.

„მერონი უნიკალური იყო. მისი ორიგინალურობა ვარცხნილობაში, ჩაცმის სტილში და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარში ჩანდა. ის კარგი ხელოვანი და მხატვარი იყო, ხოლო ანტი-კონფორმიზმი სხვებისგან გამოარჩევდა. ის თავისუფალი და ექსცენტრიული სული გახლდათ, რომელიც ტრადიციონალისტებით სავსე ქალაქში ცხოვრობდა. საფეხბურთო ასპექტებს რაც შეეხება, ჯიჯი ნამდვილი ჩემპიონი და იტალიელი ჯორჯ ბესტი იყო. მას საოცარი დრიბლინგი, სისწრაფე და ტექნიკა ჰქონდა. იგი ქარივით სწრაფი გახლდათ და მისი თამაშის ხილვა ყველას სიამოვნებას ანიჭებდა. იგი იმდენად სრულყოფილი მოთამაშე იყო, რომ თანამედროვე ფეხბურთშიც წარმატებით იასპარეზებდა“.

მერონი კომოში დაიბადა და მალევე გენუაში გადავიდა. 21 წლის ასაკში ლუიჯი „ტორინოში“ აღმოჩნდა, რომელსაც ნერეო როკო წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანს“ ტიტულები მოაპოვებინა და საჯაროდ განაცხადა, რომ „ტორინოს“ ძველ დიდებას დაუბრუნებდა, რომელიც ცნობილ ტრაგედიასთან ერთად გაქრა. როკოს სიტყვები სიტყვებადვე დარჩა და 2 წლის შემდეგ იგი ისევ „მილანში“ დაბრუნდა.

იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში ჯიჯიმ მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ედმონდო ფაბრისთან დაპირისპირება ჰქონდა. ეს უკანასკნელი დისციპლინის მოყვარული ადამიანი გახლდათ და მერონის ქცევები და განსაკუთრებით მისი ვარცხნილობა ძალიან აღიზიანებდა.

„იმედი მაქვს გრძელი თმითაც კარგად ვითამაშებ“ - განაცხადა მერონიმ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. აღნიშნულ მუნდიალზე მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ იტალიელმა ექსპერტებმა ის მაინც განტევების ვაცად შერაცხეს და „სკუადრა აძურას“ ფიასკო მას დააბრალეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ კრახი გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირებებით იყო განპირობებული, რომელიც რა თქმა უნდა მერონის უკავშირდებოდა.

„ტორინოში“ მერონის La Farfalla Granata-ს ეძახდნენ, რაც ქართულად ჟოლოსფერ პეპელას ნიშნავს. ჯიჯის გარდაცვალების შემდეგ, „ტორომ“ პირველი შეხვედრა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართა. ტურინული დერბის წინ თვითმფრინავიდან ყვავილები გადმოყარეს და ისინი მარჯვენა ფლანგზე დაალაგეს. გულშემატკივრები კი მთელი მატჩის განმავლობაში ჯიჯის სახელს სკანდირებდნენ.

სიმბოლურია, რომ „ტორინომ“ აღნიშნული დერბი 4-0 მოიგო. სამი გოლი მერონის ახლო მეგობარმა ნესტორ კომბინმა გაიტანა, ერთი კი 7 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელმა...

2007 წელს „კორსო რე უმბერტოზე“ იმ ადგილას, სადაც ჯიჯი დაიღუპა მონუმენტი აღმართეს. ატილიო რომერო კი, ყველასთვის მოულოდნელად „ტორინოს“ პრეზიდენტად მოგვევლინა და გუნდის სათავეში 2006 წლამდე იდგა...

imgbanner

გაზიარება: