Aa Aa

„გამოსავალს ვერ ვხედავ“ - გული რომელიც რომასთვის ძგერდა მაგრამ ტკივილს ვერ გაუძლო

2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულისა“ და „რომას“ დაპირისპირების ხილვას ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა. არადა, საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ორივე ღირსეულად მოხვდა. მეოთხედფინალში „ლივერმა“ „სიტი“ გამოაგდო, ხოლო „რომამ“ „ბარსას“ წინააღმდეგობა დაძლია.

„წითლებისა“ და „ჯალოროსის“ შერკინებამ ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა, თუმცა ამ წყვილს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ამბავი ახლავს თან...

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალში „რომა" 1983-84 წლების სეზონშიც გავიდა. მაშინ „ჯალოროსიმ“ ფინალშიც იასპარეზა და სანუკვარი თასისთვის ბრძოლაში სწორედ „ლივერპულს“ გაეჯიბრა. გადამწყვეტი შეხვედრა „რომას" საშინაო არენაზე, „სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა და ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მერსისაიდელებმა იმარჯვეს.

„რომას“ მაშინდელი კაპიტანი, რომელიც მოგვიანებით კლუბის ლეგენდათა შორის ჩაეწერა, აგოსტინო დი ბარტოლომეი გახლდათ. ეს უკანასკნელი შესანიშნავი ნახევარმცველი იყო, რომელსაც პლეიმეიქერის ფუნქციების შეთავსება შეეძლო და საკუთარი თამაშის სტილით მაყურებელს მუდამ აღტაცებულს ტოვებდა. სიმბოლურია, თუ უბრალო დამთხვევაა, არავინ იცის, მაგრამ ფინალიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, დი ბარტოლომეიმ თავი მოიკლა...

ფრანჩესკო ტოტიმდე, დანიელე დე როსიმდე და ჯუზეპე ჯანინიმდე, „რომას“ სიმბოლო დი ბარტოლომეი იყო... მან დედაქალაქურ გუნდში 15 წელი გაატარა, მონაწილეობა 310 შეხვედრაში მიიღო, აქედან 148-ში გუნდს უკაპიტნა და 69 გოლი გაიტანა.

„აგო“ 1980-იანების ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვის ხაზის ლიდერი გახლდათ. იგი გუნდში ისეთი ფეხბურთელების გვერდით ბრწყინავდა, როგორებიც: კარლო ანჩელოტი, ბრუნო კონტი, ტონინიო სერეზო და პაულო რობერტო ფალკაო იყვნენ. 1983 წელს, აგოსტინოს წინამძღოლობით „რომამ“ 40-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი და გუნდის ისტორიაში მეორე „სკუდეტო“ მოიგო.

დი ბარტოლომეი იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ გარეუბანში დაიბადა. „ჯალოროსიმ“ „აგო“ 14 წლის ასაკში, ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგების შემდეგ გაიფორმა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი, „რომაში“ მისვლიდან ზუსტად 4 წლის თავზე, ჯაკინტო ფაკეტის „ინტერის“ წინააღმდეგ შედგა. მაღალი, მოძრავი და ჭკვიანი აგოსტინო მალევე „ჯალოროსის“ შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

დი ბარტოლომეი რეჯისტას პოზიციაზე თამაშობდა და ნახევარდაცვის ხაზს განაგებდა. „ლივერპულის“ მატჩისწინა მოხსენებაში, რომელიც მერსისაიდულმა გუნდმა 1984 წლის ფინალამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „დი ბარტოლომეი „რომას“ თამაშს მოედნის ცენტრიდან წარმართავს. აგოსტინო პასებს იდეალურად ანაწილებს და განსაკუთრებით კარგად შორეულ გადაცემებს ასრულებს“. და მართლაც, დი ბარტოლომეი მატჩებისას ხშირად აკეთებდა 60-მეტრიან გამოზომილ გადაცემებს, რომლებიც ადრესატამდე ყოველთვის იდეალური სიზუსტით მიდიოდა.

ანდრეა პირლოს მსგავსად „აგო“ ბევრს არ დარბოდა და ხშირად მეტოქეებისთვის ბურთის ართმევასაც არ ცდილობდა, რის გამოც მას ზარმაც და ნელ ფეხბურთელს უწოდებდნენ, მაგრამ მისი გენიალურობის ეჭვქვეშ დაყენება დიდი სისულელე იყო. ერთხელ, „რომას“ შვედმა თავკაცმა, ნილს ლიდჰოლმა „აგოს“ შესახებ ასეთი რამ განაცხადა: იგი მოედანზე მხოლოდ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გადაადგილდება. მისი გამჭოლი გადაცემები მუდამ სახიფათოა, ხოლო გრძელი პასები იდეალური სიზუსტითაა შესრულებული. გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა უდიდესი ფუფუნებაა“.

1980-იან წლებში რეჯისტას პოზიციამ გაქრობა დაიწყო. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ენცო ბეარზოტიმ, კრეატიული და ზუსტი დი ბარტოლომეის ნაცვლად გუნდში მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი მარკო ტარდელი და გაბრიელე ორიალი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ „აგოს“ „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში არცერთი მატჩი ჩაუტარებია. იგი იმ გამორჩეულ ფეხბურთელთა სიის სათავეშია, რომლებსაც ნაკრების მაისური არცერთხელ მოურგიათ.

დი ბარტოლომეის შორეულ პასებთან ერთად, შორეული დარტყმებიც კარგად გამოსდიოდა და კარიერის განმავლობაში ამის წყალობით ბევრი გოლი გაიტანა. „აგო“ თერთმეტმეტრიანებსაც მშვენივრად ასრულებდა და 1984 წელს ნახევარფინალურ ეტაპზე, „რომამ“ „დანდის“ წინააღმდეგობა სწორედ მისი პენალტის დახმარებით დაძლია, თუმცა ამ მატჩს ბევრი საკამათო ეპიზოდი ახლდა თან...

პირველ შეხვედრაში შოტლანდიელებმა 2:0 იმარჯვეს. მეორე მატჩის წინ „რომას“ პრეზიდენტმა არბიტრების მოქრთამვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, იტალიელებმა შინ „დანდი“ 3:0 დაამარცხეს და მესამე გოლი თერთმეტრიანის ნიშნულიდან სწორედ აგოსტინომ შეაგდო. დი ბარტოლომეიმ პენალტი ფინალშიც გაიტანა, თუმცა კონტიმ და გრაციანიმ დარტყმები გააფუჭეს და თერთმეტმეტრიანების სერიაში „ლივერპულმა“ 4:2 იმარჯვა.

„აგომ“ „ლივერთან“ ჩატარებულ შეხვედრას „კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი“ უწოდა და რთულია, იტალიელს შეეწინააღმდეგო. „რომა“ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ სანუკვარი თასის მოსაპოვებლად იბრძოდა. „ჯალოროსი“ მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ მაინც უტიტულოდ დარჩა და ეს აგოსტინოს ბრალი ნამდვილად არ ყოფილა... „აგომ“ გუნდს ულიდერა, მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაიყვანა, პენალტიც გამოიყენა, თუმცა „რომა“ სხვა ფეხბურთელებმა დააღალატეს... ყველაფერთან ერთად „ლივერის“ გოლი „ჯალოროსის“ კიპერზე, ფრანკო ტანკრედიზე წესების დარღვევის შემდეგ გავიდა... ვინ იცის, „წითლების“ მიერ გატანილი ბურთი რომ არ ჩათვლილიყო, იქნებ „გლადიატორების“ კაპიტანს თასიც აღემართა...

სამწუხაროდ, „რომას“ შემადგენლობაში ეს მატჩი დი ბარტოლომეისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდა. გუნდში სვენ გორან ერიქსონის მისვლის შემდეგ, „აგო“ „მილანში“ გაუშვეს. „ჯალოროსის“ ლეგენდა ამ ტრანსფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ინტერვიუებში „რომასადმი“ სიყვარულს ხშირად გამოხატავდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ, „სან სიროზე“, „როსონერის“ მაისურით გამარჯვების მომტანი გოლი ყოფილ გუნდს სწორედ მან გაუტანა...

1987 წელს „მილანში“ ახალი ეპოქა დაიწყო. გუნდში არიგო საკი მივიდა და აგოსტინოს კვლავ წასვლა მოუწია. „როსონერიდან“ დი ბარტოლომეი „ჩეზენაში“ გადაბარგდა, ხოლო 1990 წელს კარიერა დაასრულა...

„რომაში“ გატარებული 15 წლის შემდეგ, იგი კლუბის ლეგენდად იქცა. ლეგენდად, რომელიც „ჯალოროსიმ“ მიატოვა...

ფეხბურთის გარეშე დი ბარტოლომეის ცხოვრებას აზრი დაეკარგა. „აგო“ სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდა, რასაც ფინანსური პრობლემები დაერთო. იტალიელს რამდენიმე ბიზნესი ჩაუვარდა და 1994 წლის 30 მაისს ტკივილი ვეღარ აიტანა. დი ბარტოლომეი სან მარკო დი კასტელაბატეში მდებარე სახლის აივანზე გავიდა და ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

ტყვიამ გულში გაიარა. გულში, რომელიც მხოლოდ ერთი გუნდისთვის - „რომასთვის“ ძგერდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიკვდილის თარიღი აღმოჩნდა. მისი თვითმკვლელობიდან ზუსტად 10 წლით ადრე „ლივერპულისა“ და „რომას“ ფინალური დაპირისპირება გაიმართა...

მიუხედავად იმისა, რომ „აგოს“ გარდაცვალების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მისმა დატოვებულმა „წერილმა“ ყველაფერი თქვა: „ამ ვითარებიდან გამოსავალს ვერ ვხედავ“.

ბრუნო კონტიმ, 1984 წელს,„ლივერთან“ მარცხის შემდეგ განაცხადა: „რომა“ შურს აუცილებლად იძიებს და ოდესმე ევროპის საუკეთესო გუნდის წოდებას დაისაკუთრებს“.

2017-18 წლების სეზონში „რომას“ „ლივერპულთან“ შურისძიებისა და დაკარგული კაპიტნის სახელის უკვდავყოფის შანსი ჰქონდა, მაგრამ „გლადიატორებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს...

გაზიარება: