Aa Aa

"გაანადგურე ის მაიკ", - 8 წლიანი ისტორია: როგორ აიღო რევანში ტაისონმა ალისთვის

ეს ამბავი 1980 წელს დაიწყო და რვა წლის შემდეგ, 1988 წელს დასრულდა. ეს არის ისტორია, რომელშიც ორი ლეგენდის გზები გადაიკვეთა, როდესაც ერთმა ბრძოლამ ერთმანეთს ორი ტიტანი დაუკავშირა - როგორ აიღო რევანში ტაისონმა ალისთვის.

36 წლის მუჰამედ ალიმ პროფესიონალური კარიერა დაასრულა და პენსიაზე გავიდა, თუმცა 2 წლის შემდეგ, მან საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო...

38 წლის ალის, 8 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედ და დაუმარცხებელ ჩემპიონთან ლარი ჰოლმსთან უნდა ებრძოლა.

მსგავსი წინადადება ნებისმიერ დროში ძალიან მიმზიდველია, თუმცა იმ დროს ეს განსაკუთრებით მაცდუნებელი იყო და ალიმ მასზე თანხმობა განაცხადა.

ბრძოლამდე 3 თვით ადრე მან სამედიცინო ტესტები ჩაიატარა, რომლის შედეგები იმ პერიოდში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც შემდგომში გაირკვა, ალის პარკინსონის დაავადება სჭირდა, რომელიც პროგრესირებდა...

ლეგენდარულ მოკრივეს ხელის ცვირთან მიტანა და მეტყველება უჭირდა. ალი ასევე ცალ ფეხზე დადგომასაც ვერ ახერხებდა.

მას რინგზე თავისი სიმსუბუქე და ელეგანტურობა დაკარგული ჰქონდა. ის უბრალოდ იდგა და ბრძოლას ცდილობდა.

რაც შეეხება ჰოლმსს, ის წლების განმავლობაში ალის სპარინგპარტნიორი იყო, რა დროსაც ფორმაში მყოფი ლეგენდა მას ძალიან ცუდ დღეში აგდებდა.

ხსენებული ბრძოლა 10 რაუნდს გაგრძელდა, რის შემდეგაც ალის სამწვრთნელო შტაბმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო და ყველაფერი დასრულდა - ჰოლმსმა მოიგო!

 

38 წლის ალი უბრალოდ ვეღარ მოძრაობდა, ის დარტყმებს იღებდა და ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ამ დაპირისპირებაში მუჰამედ ალის არცერთი რაუნდი არ მოუგია, მან რინგზე ასვლისას პრესის მიერ შემდგომში წოდებული „ნული“ რაუნდი მოიგო. ბრძოლამდე The Greatest-მა (ალიმ) ჰოლმსს მიმართა: „მე შენი მასწავლებელი ვარ, ყველაფერი რასაც მიაღწიე ჩემი დამსახურებაა“. ეს მართლაც ასე იყო.

 

გამარჯვების შემდეგ ჰოლმსმა გააკეთა განცხადება, რომელიც შემდგომში მისი დასასრულის დასაწყისი გახდა.

„არანაირი კითხვები ალის შესახებ. მის შესახებ არანაირი კითხვები აღარ უნდა დაისვას. ახლა არის მხოლოდ ლარი ჰოლმსი. ალის დრო უკვე დასრულებულია“.

 

ამ დროს პარალელურად აშშ-ს ქალაქ ალბანიში ბრძოლას ახალგაზრდები უყურებდნენ და მათ შორის იყო 14 წლის მაიკ ტაისონიც.

მოგვიანებით, გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფმა მაიკმა ალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს უყურა - The Greatest of All Time - ფილმის დასრულების შემდეგ ჰოლში შეკრებილი ბავშვები ფეხზე წამოდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს. ამ დროს კარი იღება და ბავშვებთან მუჰამედ ალი შედის...

ალიმ ბავშვებთან საუბარი დაიწყო, მათ არ სჯეროდათ რასაც ხედავდნენ. სწორედ ამ დროს მაიკ ტაისონმა გადაწყვიტა გამხდარიყო არა მხოლოდ მოკრივე, არამედ ყველა დროის საუკეთესო.

14 წლის მაიკ ტაისონი და მისი მწვრთნელი კას დიამატო

ჰოლმსთან დამარცხების შემდეგ დღეს, ტაისონის მწვრთნელი კას დიამატო ტელეფონით ალის დაუკავშირდა და მასთან მკაცრი ტონით საუბრობდა: „როგორ მიეცი ამ მოყვარულს უფლება, რომ დაემარცხებინე?!“

ამის შემდეგ დიამატომ ალის უთხრა, რომ გვერდით ახალგაზრდა შავკანიანი მოკრივე ჰყავდა: „ის ახლა მხოლოდ ბავშვია, მაგრამ იგი მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდება, მისი სახელია მაიკ ტაისონი“.

დიამატომ მუჰამედს თხოვა, რომ ბავშვთან ესაუბრა, ყურმილი მაიკს გადააწოდა:

ტაისონი: „ვწუხვარ იმის გამო რაც ბოლო ბრძოლაში დაგემართა“.

ალი: „ავად ვარ, მაგრამ გამოვჯანმრთელდები, დავბრუნდები და მას დავამარცხებ“.

ტაისონი: „არ ინერვიულო ჩემპიონო, როდესაც გავიზრდები, მას შენთვის დავამარცხებ“.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ტაისონი პროფესიონალი მოკრივე გახდა, დიამატო მასთან მივიდა და უთხრა, რომ მათ საჩემპიონო ბრძოლაში ჰოლმსი უნდა გამოეწვიათ.

ის შენს წინააღმდეგ არაფერს წარმოადგენს“, უთხრა დიამატომ ტაისონს.

სამწუხაროდ დიამატო ამ ისტორიულ ბრძოლას ვერ მოესწრო, იგი 1985 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ტაისონს მისი გაკვეთილები კარგად ახსოვდა.

1988 წელს ჰოლმსმა ზედიზედ 2 მარცხი იწვნია. ორივე მათგანი მაიკლ სპინკსთან ბრძოლაში განიცადა. მან ორივე ბრძოლა ქულებით დათმო და ის მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

1988 წელს ლარი ჰოლმსისა და მაიკ ტაისონის ორთაბრძოლა დაინიშნა.

„ისტორიაში მე შევალ და არა მაიკ ტაისონი. მას გაიხსენებენ, როგორც საცოდავ ბოზის შვილს“.

ბრძოლის დაწყებამდე გასახდელში ტაისონმა გადაწყვიტა, რომ ჰოლმსი პირისაგან მიწისა აღეგავა...

რინგზე ასვლის მომენტში ლარი ჰოლმსს პროფესიონალურ კარიერაში ჯამში 50 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 48 მოგებული (34 ნოკაუტით და მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, ისიც ქულებით, მსაჯების გადაწყვეტილებით საკამათო ვითარებაში).

ტაისონს კი 32 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა, აქედან 28 ნოკაუტით.

ლარი ჰოლმსი იმ დღემდე ნოკაუტში არავის ჰყავდა ჩაგდებული და მსგავს სცენარს თავადაც ვერ წარმოიდგენდა...

ბრძოლას ესწრებოდა მუჰამედ ალიც, მოკრივე რომელიც დედამიწაზე ერთადერთი იყო ვინც მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამარი სამჯერ მოიპოვა.

სანამ ტაისონი და ჰოლმსი ერთმანეთს შეერკინებოდნენ, ალი ორივე მათგანთან მივიდა. მუჰამედი ჰოლმსს მიესალმა, შემდეგ კი ტაისონისკენ წავიდა და ყურში ჩასჩურჩულა: „გაანადგურე ის მაიკ“.

 

ტაისონმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ჰოლმსს აგრესიულად შეუტია. „რკინის“ მაიკმა მეტოქე ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო.

ტაისონმა ჰოლმსი ორჯერ დააგდო, თუმცა ის ორივეჯერ წამოდგა, მაგრამ ყველა ხვდებოდა რომ ლარის დიდი დღე აღარ ეწერა.

მე-4 რაუნდში მაიკმა ის კიდესთან მიიმწყვდია და მომაკვდინებელი დარტყმების განხორციელება დაიწყო. ბუმ! და ჰოლმსი ეცემა - ეს ნოკაუტია! ბრძოლა დასრულდა.

 

ტაისონმა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაისაკუთხრა და ჰოლმსი ისტორიაში პირველად ჩააგდო ნოკაუტში.

ეს იყო გამარჯვება ჩვენთვის, ეს იყო გამარჯვება ალისთვის, ეს იყო გამარჯვება თავად ტაისონისთვის, ეს იყო დიდებული ისტორია, დიდებულ სპორტსმენებზე, რომელთა გზაც 1980 წელს გადაიკვეთა და 8 წლის შემდეგ ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო.

გაზიარება: