პრემიერლიგის TOP 6 კრახი - როდესაც ლეგენდა კლუბს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა
Aa Aa
2 ივნისი 2020  |  19:57

პრემიერლიგის TOP 6 კრახი - როდესაც ლეგენდა კლუბს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა

ალან შირერი - ნიუკასლი

2009 წლის აპრილში, მოულოდნელად „ნიუკასლმა“ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტს ალან შირერი დაიკავებდა და „კაჭკაჭებისთვის“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდებოდა.

თავდაპირველად შირერის დანიშვნაზე კითხვნის ნიშნები არ არსებობდა. ის ხომ გუნდის ლეგენდა იყო, რომელმაც 1996 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უარი უთხრა და თავის აღმზრდელ გუნდს შეუერთდა.

„დიდმა ალმა“ „ნიუკასლში“ რეკორდიც დაამყარა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

გუნდის ლეგენდის მუშაობა კატასტროფული გამოდგა. შირერმა საწყისი 5 მატჩიდან მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა,. ბოლო 2 ტურში კი „ფულემთან“ და „ასტონ ვილასთანაც“ დამარცხდა, რის შედეგადაც „ნიუკასლი“ პრემიერლიგას დაემშვიდობა.

ამის შემდეგ, ალან შირერს მწვრთნელობა აღარ უცდია.

სტიუარტ პირსი - ნოტინგემ ფორესტი

პირსის სამწვრთნელო საქმიანობა თავის საყვარელ კლუბში „ნოტინგემ ფორესტში“ დაიწყო და ის საკმაოდ უფერული გამოდგა.

კლუბში 12 წლიანი კარიერისა (401 მატჩი, 63 გოლი) და ქომაგების უსაზღვრო სიყვარულის შემდეგ, სტიუარტ პირსი „ნოტინგემს“ დაუბრუნდა. 1996 წელს ის მოთამაშე მწვრთნელი გახდა.

პირსის დებიუტი წარმატებული გამოდგა, მან „არსენალი“ დაამარცხა და თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაც დაიმსახურა.

საბოლოოდ, „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგიდან გავარდა და სტიუარტ პირსიც სრულად საფეხბურთო კარიერას დაუბრუნდა.

პირსი 2005-07 წლებში „მანჩესტერ სიტის“ წვრთნიდა, შემდეგ ის ინგლისის ნაკრებში ფაბიო კაპელოს თანაშემწის პოსტზე მუშაობდა.

2014 წელს ის „ნოტინგემს“ დაუბრუნდა და თავისი სადებიუტო 5 მატჩის მოგება შეძლო. სტარტი წარმატებული გამოდგა, თუმცა ამის შემდეგ მან 21 შეხვედრიდან მხოლოდ 3-ის მოგება მოახერხა. გუნდი „როჩდეილთან“ FA Cup-იდან გამოვარდა და მისი გუნდიდან დათხოვნა გარდაუვალი იყო.

გარეთ საუთგეითი - მიდლსბრო

„მიდლსბროს“ ისტორიაში საუთგეითი პირველი კაპიტანი იყო, რომელმაც გუნდთან ერთად ტიტული მოიგო. 2004 წელს მათ ლიგის თასი აღმართეს. გარეთმა გუნდი ასევე უეფას თასის ფინალშიც გაიყვანა, სადაც 2006 წელს „სევილიასთან“ 0:4 დამარცხდნენ.

ამავე სეზონის ბოლოს „მიდლსბროდან“ მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი დაითხოვეს, რომლის ადგილიც 35 წლის საუთგეითმა დაიკავა.

ვეტერანი ფეხბურთელისა და ახალგაზრდა მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მისი გუნდის აქტივში ისტორიული გამარჯვება შევიდა. „ბორომ“ „მანჩესტერ სიტის“ 8:1 მოუგო და საეჭვოა ასეთი რამ უახლოეს ათწლეულში, ან საერთოდაც საუკუნეში განმეორდეს.

გარეთმა „მიდლსბროში“ 3 სეზონი იმუშავა, ბოლოს მისი დამოძღვრილი გუნდი პრემიერლიგაში მე-19 ადგილს იკავებდა. რამდენიმე თვის შემდეგ ხელმძღვანელობამ ის თანამდებობიდან დაითხოვა.

გამოცდილების მიღების შემდეგ, საუთგეითი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი გახდა. მისი ფორმაციის ინგლისის ნაკრები არც ისე ურიგოდ გამოიყურება.

ოსვალდო არდილესი - ტოტენჰემი

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი „ტოტენჰემის“ ღირსებას 1978-88 წლებში იცავდა და კლუბის მაისურით 221 მატჩიც ჩაატარა.

1993-94 წლების სეზონში არდილესმა „დეზების“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერისგან განსხვავებით „ოსის“ სამწვრთნელო საქმიანობა კატასტროფულად წარიმართა.

არდილესის „ტოტენჰემი“ ზედმეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. მათი სათამაშო სტილი ნამდვილი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

გუნდმა 7-მატჩიანი წაგებათა სერია გამოაცხო, საბოლოოდ კი ჩემპიონატი მე-15 ადგილზე დაასრულა.

არდილესმა დაცვაში კატასტროფულ თამაშზე რეაგირება არ მოახდინა და სეზონის დასრულების შემდეგ, 2 ფორვარდი იურგენ კლინსმანი და ილიე დუმიტრესკუ გაიფორმა.

მალევე „ოსის“ თანამდებობდა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაატოვებინეს, თუცა ეს ყველაფერი საკმაოდ მხიარული სანახავი იყო.

ბრაიან რობსონი - ვესტ ბრომვიჩი

ბრაიან რობსონმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1975 წელს „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო, სადაც 1981 წლამდე დარჩა. 198 შეხვედრაში ინგლისელმა ნახევარმცველმა 40 გოლის გატანა შეძლო.

რობსონი მშობლიურ გუნდს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და 2004-06 წლებში „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

რობსონის დაბრუნება სრული კრახით დასრულდა. პირველ სეზონში გუნდი გავარდნას ბეწვზე გადაურჩა. კლუბმა მწვრთნელს ნდობა კიდევ ერთი წლით გამოუცხადა.

2005-06 წლების სეზონი კი უარესი გამოდგა. „ვესტ ბრომვიჩმა“ პრემიერლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა. გუნდმა ბოლო 13 ტურიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

ჩემპიონშიფი გუნდს რობსონმა დააწყებინა, თუმცა საწყისი 8 ტურიდან მან მხოლოდ 3 მოიგო და დათხოვნა უკვე გარდაუვალი იყო.

კიგანი - ნიუკასლი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ორჯერ იაკვებდა. 1992-97 წლებში და მეორედ 2008 წელს, რომელიც საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო.

ყურადღებას კიგანის მეორე დაბრუნებაზე გავამახვილებთ. 2008 წელს მოულოდნელად ლეგენდა „კაჭკაჭებს“ დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ბოლო დროს ის ფეხბურთს არც ისე ხშირად ადევნებდა თვალს.

დებიუტი კიგანს საშინელი გამოუვიდა. გუნდმა საწყისი 8 მატჩიდან ვერცერთი მოიგო. ამის შემდეგ კიგანმა სასწაულებრივად სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და „ნიუკასლი“ სასურველ მე-12 პოზიციამდე აიყვანა.

მომდევნო სეზონის დაწყების წინ, კიგანსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოება მოხდა, რის შემდეგაც მას პოსტი დაატოვებინეს.

7 გამარჯვება, 6 ფრე და 9 მარცხი. ასეთი იყო კიგანის შედეგი, რომელიც მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ კლუბში მას ბრალს მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი თუ სდებდა.

ჩვენს სიაში ეს ყველაზე ნაკლებად დამსახურებული დათხოვნა გახლავთ, რომელიც კლუბის ლეგენდამ დაიმსახურა.

გაზიარება: