სკანდალი ესპანეთში - სქვოშის ტურნირის ორგანიზატორებმა პრიზიორ გოგონებს სექს-სათამაშოები გადასცეს
ესპანეთის ქალაქ ოვიედოში გამართული 2019 წლის Asturias Squash Championship-ის ორგანიზატორები სერიოზულ სკანდალში გაეხვნენ და ბრალს სექსიზმში სდებენ. როგორც ირკვევა მათ ტურნირის პრიზიორ გოგონებს სექს-სათამაშოები გადასცეს.
პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა Durex-ის ფირმის ე.წ ვიბრატორი, არასასურველი თმის მოსაშორებლად საჭირო კომპლექტი და ქუსლის მოსავლელი ელექტრონული მოწყობილობა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ იგივე შეჯიბრება მამაკაცთა შორისაც ჩატარდა და როგორც რეგულარულად ხდება ხოლმე პრიზიორებს თასები გადასცეს.
ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას ესპანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიომ მათ ქმედებებს სამარცხვინო და სექსისტური უწოდა და ფოტო გაასაჯაროვა, რომელზეც „პრიზები“ გახლდათ გამოსახული.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ოვიედოს სქვოშის კლუბის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ ბოდიში მოეხადათ და ოფიციალური განცხადება გაავრცელეს: „მოთამაშეებს დიდ ბოდიშს ვუხდით. იმ მომენტში არ გვეგონა თუ პრიზებს სექსისტური დატვირთვა ექნებოდა“.