Aa Aa
21 თებერვალი 2019  |  10:37

შალკე VS სიტი - მატჩის შემდეგ

დღის კიდევ ერთი შეხვედრა გელზერკირხენში გაიმართა, სადაც „შალკემ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და სენსაციის დაფიქსირების კარგი შანსიც ჰქონდა. მართალია, ინგლისელებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს და მალევე „სიტი“ 10 კაცით დარჩა.

ამის მიუხედავად, კაცნაკლულმა „ქალაქელებმა“ ბოლო წუთებზე ჯერ სანეს ულამაზესი ჯარიმის, შემდეგ კი სტერლინგის გოლით თამაში შემოატრიალეს და ბრიტანეთში 3:2 გამარჯვებით გაემგზავრნენ.

„შალკეს“ დამრიგებელი, დომენიკო ტედესკო შედეგით უკმაყოფილო დარჩა. იგი თვლის, რომ მისი გუნდი მეტს იმსახურებდა, თუმცა თავისივე შეცდომების გამო წააგო.

ტედესკო: „შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. თამაში საჩვენოდ მიდიოდა და როგორც იქნა გვიმართლებდა. თუმცა ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ დასრულდა. საჭიროა მოედანზე უფრო გონიერები ვიყოთ. რამდენიმე პასი საშინელი იყო და ბევრი გაუთვალისწინებელი შეცდომა დავუშვით. მსგავსი შეცდომები არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ უფრო მეტს ვიმსახურებდით.“

სასურველ შედეგს მძიმე ბრძოლაში მიაღწია პეპ გუარდიოლას გუნდმა, რომლის მიზანიც „ფელტინს არენაზე“ მხოლოდ გამარჯვება იყო. ესპანელმა სპეციალისტმა კონკრეტულად ლეროი სანეს თამაშით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მან ბოლო წუთებზე გუნდის შეტევებს სიმწვავე შემატა.

გუარდიოლა: „ამ მატჩმა შარშანდელ სეზონში ენფილდზე გამართული შეხვედრა გამახსენა, როდესაც 3-0 წავაგეთ. ორი გოლი ვაჩუქეთ მაშინ, როდესაც მათ ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ. საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც სანეს გოლმა დაამშვენა. მსგავს შეხვედრებს მაღალი დონის ფეხბურთელები იგებენ. მატჩი კარგად დავიწყეთ თუმცა ბურთს მაინც ადვილად ვკარგავდით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვებელია. მეორე ტაიმი კი გასაოცრად ვითამაშეთ.“

პირველი მატჩის მოგების შემდეგ „სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ორრაუნდიანი დაპირისპირება არასდროს წაუგია. გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 12 მარტს მანჩესტერში გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები