''ლივერპული'' VS ''სიტი'' - ''ენფილდზე'' აგუეროს გარეშე და ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში
Aa
Aa

''ლივერპული'' VS ''სიტი'' - ''ენფილდზე'' აგუეროს გარეშე და ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის მეოთხედფინალში ინგლისური კლუბების დაპირისპირებას ვიხილავთ, “ლივერპული’’ “მანჩესტერ სიტის’’ წინააღმდეგ ითამაშებს, პირველი შეხვედრა “ენფილდზე’’ გაიმართება და გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის.

ბოლო მატჩები

 “ლივერპულმა’’ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა, პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედთან’’ დამარცხდა, დანარჩენი 4 შეხვედრიდან კი 3 მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა. “ლივერპულმა’’ ბოლო ხუთ თამაშში 10 გოლი შეაგდო და 3 გაუშვა.

ანალოგიური სტატისტიკით პეპ გუარდიოლას გუნდი ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ოთხ შეხვედრაში გამარჯვებული გამოვიდა, დამარცხდა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში “ეტიჰედზე’’ შვეიცარიულ “ბაზელთან.’’ ბოლო ხუთ მატჩში “ლივერპულის’’ მსგავსად “ქალაქელებმაც’’ 10 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 3 გოლი მიიღეს.

ურთიერთშეხვედრები

ევროასპარეზზე “ლივერპულისა’’ და “მანჩესტერ სიტის’’ დაპირისპირება არ შემდგარა, უეფას ტურნირზე პირველად შეხვდებიან. ინგლისში 178 მატჩი გამართეს, “ლივერპულმა’’ 87 თამაში მოიგო, ხოლო “სიტის’’ სასარგებლოდ 45 მატჩი დასრულდა. გამარჯვებული არ გამოვლენილა 46 შეხვედრაში.

ყველა ტურნირზე მათი ბოლო რვა დაპირისპირებიდან 5 შეხვედრა “მერსისაიდელთა’’ გამარჯვებით დასრულდა, 2 თამაში კი “სიტიმ’’ მოიგო. მიმდინარე სეზონიდან აღსანიშნავია 2017 წლის 9 სექტემბრის შეხვედრა, პრემიერლიგაში პეპ გუარდიოლას გუნდმა “ეტიჰედზე’’ 5:0 გაანადგურა “ლივერპული,’’ აგუერომ ანგარიში გახსნა, რასაც ორი ფეხბურთელის დუბლი მოყვა, ლეროი სანესა და გაბრიელ ჟესუსის.

2018 წელს “ლივერპული’’ – მანჩესტერ “სიტის’’ მატჩი უკვე შედგა, “ენფილდზე’’ იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა 4:3 დაამარცხეს “სიტი,’’ რომელიც მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია, კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

გზა მეოთხედფინალამდე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე “ლივერპული’’ არ დამარცხებულა: 3 მოგება, 3 ფრე და პირველი ადგილი 12 ქულით. კლოპის გუნდმა აჯობა “სევილიას,’’ მოსკოვის “სპარტაკსა’’ და სლოვენიურ “მარიბორს.’’ მერვედფინალში “ლივერპულმა’’ ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა “პორტუ,’’ საინტერესოა რომ ყველა გოლი “დრაგაოზე’’ გავიდა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩი დათმო, უკრაინაში დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტართან’’ დამარცხდა, დანარჩენი ხუთი თამაში მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა, გაასწრო “ფეიენოორდს,’’ “ნაპოლისა’’ და “შახტარს.’’ მერვედფინალის პირველ შეხვედრაში “სიტიმ’’ სტუმრად გაანადგურა “ბაზელი’’ – 0:4. ორი მატჩის ჯამში პეპის გუნდმა 5:2 მოიგო.

 “ლივერპულმა’’ ევროპული თასის მეოთხედფინალში 13-ჯერ ითამაშა, მხოლოდ ოთხ შემთხვევაში ვერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა, 9 დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვიდა.

“მანჩესტერ სიტი’’ მხოლოდ მეორედ ითამაშებს ევროპული ტურნირის მეოთხედფინალში, პირველად ეს მოხდა 2015-16 წლების სეზონში, როცა “სიტიმ’’ პსჟ-ს ბარიერი დაძლია.

 მწვრთნელები

 პეპ გუარდიოლასა და იურგენ კლოპის გუნდები გერმანიაში მუშაობისას 2013-15 წლებში 8-ჯერ შეხვდნენ, ესპანელის გამარჯვებით დასრულდა 4 მატჩი, სამ შეხვედრაში კი “დორტმუნდმა’’ სძლია მიუნხენის “ბაიერნს.’’

იურგენ კლოპის გაწვრთნილმა “დორტმუნდმა’’ 2012-13 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სიგნალ იდუნა პარკზე’’ მინიმალური სხვაობით სძლია “სიტის,’’ ინგლისში გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა. გუარდიოლა იმ პერიოდში ბუნდესლიგაში მოღაწეობდა. ორივე მწვრთნელი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, რაც მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული შედეგებიდან თვალშისაცემია. თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორივე გუნდმა გასვლით მატჩში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

 

საკადრო პრობლემები

 “ლივერპულს’’ ტრავმის გამო შემდეგი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან: გომესი, მატიპი, ლალანა, კლავანი, ვუდბარნი, ბრიუსტერი. საეჭვოა ემრე ჩანის თამაში.

“მანჩესტერ სიტი’’ მენდისა და აგუეროს გარეშე ითამაშებს, შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ სტოუნსი, თუმცა ემრე ჩანის მსგავსად მისი თამაშის ალბათობაც მცირეა.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:

 

 იურგენ კლოპის გუნდი ასეთი წყობით ითამაშებს: 4 მცველი,3 ნახევარმცველი და 3 შემტევი. 

 

 ''მანჩესტერ სიტისთვის''მნიშვნელოვანი დანაკლისია კუნ აგუერო, თუმცა გუარდიოლას გუნდში ყოველთვის არიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეუქმნიან მასპინძელთა დაცვის ხაზსა და თუ საყრდენ ზონას.სავარაუდოდ, ''მანჩესტერ სიტი'' 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები