მაისურაძის კონკურენტი UFC-ში - სადულაევზე დენას ხაბიბი ესაუბრა
უახლოეს მომავალში UFC-ში შესაძლოა კიდევ ერთი დაღესტნელი მებრძოლი გამოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვი უკვე პირადად ესაუბრა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს იმის თაობაზე, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს შერეულ ორთაბრძოლებში ძალების მოსინჯვა სურს, რასაც როგორც ამბობენ, უათი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმა და შესაძლოა კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდეს.
როგორც წესი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მოხვედრა ასე მარტივი არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს ხაბიბსა და მისი გუნდის წევრებს UFC-ის ხელმძღვანელებთან, შესაძლოა ამ მხრივ ყველაფერი გამარტივდეს. თანაც, სადულაევი მართლაც უმაღლესი კლასის მებრძოლია და ჭიდაობაში საკუთარი კვალი დატოვებული აქვს - ის 2-გზის ოლიმპიური, 6-გზის მსოფლიოსა და 4-გზის ევროპის ჩემპიონია.
იმ შემთხვევაში, თუ სადულაევმა ჭიდაობას თავი მართლაც დაანება და შერეულ ორთაბრძოლებში გადაინაცვლა, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძეს სერიოზული კონკურენტი მოაკლდება, თუმცა რეიტინგში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დაღესტნელს ამჟამად მაინც უსწრებს და წონის ლიდერია.