ბარსელონა, მილანი, რონალდინიო
Aa Aa

უარი მანჩესტერს, აპლოდისმენტები ბერნაბეუზე - რონალდინიოს კარიერის გამორჩეული მომენტები

„შეუძლებელია რონალდინიო გეზიზღებოდეს“ - ეს ნარატივი არაერთი გულშემატკივრისგან გამიგია, მათ შორის რეალის..

რონალდინიო იყო ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ყველას ღიმილს ჰგვრიდა. ალბათ გამონაკლისები იყვნენ, მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის ყველაფერში არიან..

იცოდით, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი თურმე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.. ყველაფერი კი სანდრო როსელმა შეცვალა..

დღევანდელ ბლოგში მინდა რონალდინიოს კარიერის სხვადასხვა ეტაპი, მისივე ინტერვიუს სახით შემოგთავაზოთ.

23 გოლი ერთ მატჩში

„დიახ ეს სიმართლეა, მაგრამ ეს თინეიჯერობის ასაკში მოხდა. საშინელ ბავშვებს ვეთამაშებოდით, რომლებიც ფეხბურთს მხოლოდ ფიზკულტურის გაკვეთილზე თამაშობდნენ. მე კი უკვე ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი. დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ მაშინ მეხუთე კლასში ვსწავლობდი.“

ბავშვობის კუმირები

„ასეთი ბევრია. ჩემი ძმა ასისი, რიველინიო, რომარიო, რონალდო, რივალდო. დიეგო მარადონა ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მათი ყურებისას დიდ სიამოვნებას ვიღებდი. დიეგოს გახურებაც კი სასიამოვნო საყურებელი იყო. მას ყველასგან განსხვავებული ტექნიკა ჰქონდა.“

მოგონებები და გავლენა

„1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის საოცარი იყო. სწორედ მისი ყურების დროს გადავწყვიტე ფეხბურთელობა. მიყვარდა ფუტზალი და მასზე უარის თქმა მიჭირდა. 1994 წელს ნათლად დავინახე, თუ რამდენი რამის გაკეთება შეეძლო 1 კონკრეტულ ფეხბურთელს. ყველა გუნდს, რომარიოს მსგავსი ერთი ფეხბურთელი რომ ჰყოლოდა, ბრაზილიას მოგება გაუჭირდებოდა.

4 წლის შემდეგ, უკვე 2002 წელზე ვფიქრობდი. სინამდვილეში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში 15 წლის ასაკიდან მინდოდა. მაშინ ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში პირველად ვითამაშე. 1998 წელს უკვე ვიცოდი, როგორი იყო ბრაზილიის სავარჯიშო მოედანზე წასვლა ტერესოპოლისში. მე იქ დიდების კედელზე ყველა ლეგენდის ფოტო ვნახე. 1997 წელს, 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. 1998 წლის მუნდიალის ფინალში დამარცხება ფეხბურთელებისთვის რთული არ იყო, მაგრამ გულშემატკივრებს ძალიან გაგვიჭირდა.“

სახელი რონალდინიო

„ჩემამდე სხვა რონალდო იყო. ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანები არასდროს მეძახდნენ რონალდინიოს. როდესაც 1999 წელს, ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო შესანიშნავი გოლი გავიტანე, ბრაზილიელმა ყველაზე ცნობილმა კომენტატორმა დამიძახა რონალდინიო გაუჩო, რადგან მე რიო გრანდე-დე სულის შტატიდან ვარ. სწორედ აქედან მოდის რონალდინიო.“

დაინტერესებული კლუბები

„პარი სენ ჟერმენის გარდა სხვა კლუბებიც იყვნენ. არც კი მახსოვს რომლები. ეს ისეთი რთული მომენტი იყო, რომ მისი უმეტესობის დავიწყება ვარჩიე. ორი თვე სპორტდარბაზში გავატარე, სულ მარტომ. არც კი მიყვარს ამის გახსენება.“

ფრანგული მოგონებები

„ჩემი საყვარელი მოგონება პარი სენ ჟერმენში მარსელის წინააღმდეგ დერბია. აბსოლუტურად ყველა მატჩში გავიტანე. პარი სენ ჟერმენს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა მარსელი დამარცხებული. პსჟ ახლაც მიყვარს. ევროპაში ჩემი პირველი კლუბი იყო და იქ ორი შესანიშნავი სეზონი გავატარე.

მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ მათ ყველა თამაშს ვუყურებ. მე მხოლოდ გოლებს ვუყურებ, რადგან 90 წუთი ტელევიზორთან ჯდომა უკვე აღარ შემიძლია, თუმცა პსჟ-ს ყველა წარმატება მიხარია.“

გატანილი ჯარიმა ინგლისის კარში

„დიახ, ეს ჯარიმა ნამდვილად გამორჩეულია ჩემს კარიერაში. დავინახე, რომ სიმენი კარის ხაზიდან მოშორებით იდგა. მე ნამდვილად კარს დავუმიზნე, ეს ჩაწოდება არ იყო, მაგრამ ბურთის გაგზავნა კარის სხვა მხარეს მსურდა. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ სიმენს ენერვიულა და შეცდომა დაუშვა. ეს იყო მშვენიერი გოლი და ჩემი საუკეთესო მატჩი ბრაზილიის ნაკრებში.

გავიტანე გოლი, შევასრულე საგოლე პასი და მოედნიდან გამაძევეს. ყველაფერი ერთ მატჩში მოხდა, მაგრამ იმ წელს, ინგლისის დამარცხება საკვანძო იყო. ამან თავდაჯერებულობა აგვიმაღლა. ხალხი ამბობდა, რომ ის თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსაც დაამშვენებდა.“


სკოლარის რეაქცია გაძევებაზე

„მან მხარი დამიჭირა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ შეცდომებზე ვისწავლიდი. ის ბავშვობიდან მიცნობდა. პირველად მაშინ შევხვდი, როცა გრემიოში ვთამაშობდი. ის ჩემთვის მამასავითაა. დღეს ბევრს ვერ ვსაუბრობთ, რადგან ძალიან დაკავებულია, თუმცა ჩვენს შორის სიყვარული ისევ ისეთია.

ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაკარგვის შიში არასდროს მქონია. ფინალზე ფოკუსირება ხალხმა მაიძულა, ამიტომ ისეთი მშვიდი ვიყავი, როგორიც საჭირო იყო. ვიცოდი, რომ გუნდში ჩემი ადგილი დაცული იყო.“

ნაიკის რეკლამა და ძელი

„დღემდე ბევრს ჰგონია, რომ მონტაჟი იყო. არა, ნამდვილად ზედიზედ მოვარტყი ბურთი კარის ძელს.“


მანჩესტერ იუნაიტედი

„დიახ, სიმართლეა, რომ მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკება მქონდა და ტრანსფერი თითქმის განხორციელდა. ეს იყო 48 საათის საკითხი, მაგრამ სანდრო როსელმა დამირეკა და მითხრა: „ბარსას პრეზიდენტი, რომ გავხდე, წამოხვალ?“ - იმ წამსვე დავთანხმდი.

მანჩესტერთან მხოლოდ დეტალების მოგვარება იყო საჭირო და როსელმა სწორედ მაშინ დარეკა. ვიცი, რომ იქ ძალიან გაბრაზდნენ, მაგრამ ბარსაში თამაში ვარჩიე. ეს იყო სწრაფი მოლაპარაკება.

ბრაზილიელებს ყოველთვის უყვარდათ ბარსელონა და ეს სწორი არჩევანი იყო. ჩვენ აქ ჩვენი ისტორია გვაქვს. მოედნის მიღმა ისეთი სასიამოვნო გარემოა, როგორიც ევროპაში არსად არ არის. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ ბარსელონაში თამაშით. ბლაუგრანა ძალიან მენატრება, იქ ხუთი ფანტასტიკური სეზონი გავატარე.“

დაუვიწყარი გოლი ჩელსის კარში

„ეს განსაკუთრებული გოლი იყო, მაგრამ ასეთი კიდევ ბევრია. ახალგაზრდულ გუნდში მნიშვნელოვანი გოლები მაქვს გატანილი. გოლები, რომ არ გამეტანა, შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში ასეთ ადრეულ ასაკში არ მივეწვიე. რიკარდო კარვალიო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იმ მომენტში დავარტყამდი. ის ჩემს შესაჩერებლად ემზადებოდა და ეგონა, რომ ცრუ მოძრაობას გავაკეთებდი. იგივეს ფიქრობდა პეტრ ჩეხი. საბოლოოდ შედევრი გამოვიდა.“


აპლოდისმენტები ბერნაბეუზე

„ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ. როცა ეს მოხდა, ძლივს შევამჩნიე რა ხდებოდა. მე მაშინ უბრალოდ გავიტანე და ვზეიმობდით. როგორც ვიცი, ბერნაბეუზე ტაში ჩემამდე მხოლოდ მარადონასთვის ჰქონდათ დაკრული. ორმაგად ბედნიერი ვიყავი, რადგან დიეგო ჩემი გმირი იყო.“

2006 წლის ფინალი და ლარსონი

„ჰენრიკ ლარსონმა დიდი გამოცდილება შეგვმატა. ის დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მე-12 კაცი იყო. კაცი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან მუდამ იტანდა და განსხვავებას ქმნიდა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ვაგებდით, მაგრამ 1 წამით არ გვიფიქრია, რომ ვერ მოვიგებდით. ეს ჩვენი მენტალიტეტის ნაწილი იყო.“

ბარსელონას დატოვება და ცუდი გავლენა მესიზე

„ბარსელონადან წასვლა გამიადვილდა, რადგან რეალურად წასვლის დრო იყო. მინდოდა ჩემი მწვრთნელის, ფრენკ რაიკაარდის გზას გავყოლოდი, რომელიც მილანზე დიდებულ ამბებს მიყვებოდა. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ მილანში თამაში მინდოდა. რაც შეეხება მესის, სიმართლეს არ შეესაბამება. მე მასზე ცუდ გავლენას არ ვახდენდი. გაზეთების ყოველთვის არ უნდა დაიჯეროთ.

პირიქით, მასზე ყოველთვის კარგი გავლენის მოხდენას ვცდილობდი. მინდოდა მესისთვის ის გამეკეთებინა, რაც ჩემთვის რონალდომ გააკეთა. ლეო ყოველთვის ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ ამავდროულად ფანტასტიკური ფეხბურთელი. ჩვენ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ამიტომ მასთან და მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყო.“

მილანის რეგრესი

„სამწუხაროდ მე მაშინ მივედი მილანში, როცა როსონერი ევროპულ ფეხბურთში დაღმასვლას განიცდიდა. კლუბში თაობათა ცვლილების პროცესი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამ პროცესმა ცუდად ჩაიარა და დღეს ვხედავთ ისეთ მილანს, როგორსაც არ უნდა ვხედავდეთ. გული მწყდება მათი შედეგების ყურებისას. არადა, მილანი არის კლუბი, სადაც შეუძლებელია თამაში არ მოგეწონოს, ან არ გინდოდეს.“

საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ფრენკ რაიკაარდი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დღესაც იმსახურებს, რომ ტოპ გუნდის მწვრთნელი იყოს.“

მილანის დატოვება

„ბრაზილიაში დაბრუნება და რიოში ცხოვრება მსურდა. მე იქ დაბრუნება მხოლოდ კარიერის დასასრულებლად არ მჭირდებოდა. მინდოდა ბრაზილიურ ფეხბურთს და კონკრეტულად ფლამენგოს დავხმარებოდი. ფლამენგოს ჩემთვის კარგი გეგმა ჰქონდა და სწორედ ამიტომ არ წავედი პირდაპირ გრემიოში, ჩემი ბავშვობის გუნდში.“

კოპა ლიბერტადორესი

„ჩემს კარიერაში კოპა ლიბერტადორესი არასდროს მქონდა მოგებული და ეს ატლეტიკო მინეიროსთან ერთად გავაკეთე. მინეიროს 1971 წლის შემდეგ, არცერთი დიდი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. მათ ეს დაიმსახურეს. მათი გულშემატკივრები საოცრად ვნებიანები არიან. ჩვენ ამაღელვებელი ტურნირი გვქონდა, რაც, რა თქმა უნდა, გამარჯვებას მეტ აღფრთოვანებას აძლევს.“

3-დან, რომელი ტიტული?

„კარიერაში სამი მთავარი ტიტული მოვიგე. მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და კოპა ლიბერტადორესი. ძალიან რთულია, რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთის არჩევაზე, თუ მიდგება საქმე, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.“

გულშემატკივრები

„მე ყოველთვის ისეთ გუნდებში ვთამაშობდი, რომლებსაც ნამდვილად გიჟი გულშემატკივრები ჰყავდათ. გრემიო განსაკუთრებული იყო, მაგრამ ეს მაინც პირველი ატმოსფერო და გამოცდილება იყო. საფრანგეთშიც ველურები არიან. ბარსელონაში ცოტა დაძაბულები არიან. ჩემს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ენატრებოდათ და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მილანში კი მოედანზე და ტრიბუნებზე ყველაფერი ერთნაირად იდეალურია. მოკლედ, გამორჩევა არ შემიძლია.“

2010 წლის მუნდიალი

„ვფიქრობ, 2010 წელს მქონდა ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრის შანსი. კარგ ფორმაში ვიყავი და მილანში შესანიშნავი სეზონი მქონდა, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა პირადად მწვრთნელს არ უნდოდა. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ მოხდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყენა იყო.“

დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მსურს. არის რაღაცები, რაც არ მომწონს, მაგრამ მჯერა ჩვენ გვყავს ისეთი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ვინისიუსი კი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.“ 

გაზიარება: