ცნობილი ფეხბურთელების კონტრაქტების ყველაზე უცნაური პუნქტები
Aa Aa

ცნობილი ფეხბურთელების კონტრაქტების ყველაზე უცნაური პუნქტები

მოთამაშეთა მიერ ამა თუ იმ კლუბთან დადებული კონტრაქტები წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება, თავისი სპეციფიური მოთხოვნებითა და პუნქტებით, რომლებიც სატრანსფერო თანხებსა და ხელფასებს უკვე დიდი ხანია სცილდება. ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა ხელშეკრულება, რომელიც მოთამაშეს ავალდებულებდა ენის შესწავლას, ადგილობრივ კულტურასთან ინტეგრაციას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელები აქეთ უყენებდნენ გუნდებს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა კერძო თვითმფრინავის დაქირავება და მეუღლისთვის კულინარიის კურსების დაფინანსება. ქვემოთ გთავაზობთ თვრამეტ მოთამაშეს, რომლის კონტრაქტშიც ყველაზე უცნაური პუნქტი იყო ჩადებული.

ლიონელ მესი - კატალონიური პუნქტი

მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მესის ახალი, დაუჯერებლად მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის შესახებ, ხელშეკრულებაში ჩადებული ერთი პუნქტიც გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც ლეოს კატალონიურ საზოგადოებასა და კულტურაში ინტეგრაციის ვალდებულება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას კატალონიური ენა უნდა შეესწავლა, ხოლო თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ის ძალიან ბევრი პრივილეგიით ისარგებლებდა.

კრიშტიანუ რონალდუ - 1 მილიარდი გამოსასყიდად

ლა ლიგაში ნებისმიერი ფეხბურთელის კონტრაქტში იდებოდა და იდება პუნქტი, სადაც მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხაა მითითებული. რონალდუზე კი „რეალში“ თავის დროზე ამ გრაფაში 1 მილიარდი ევრო ეწერა, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ეს იმის მანიშნებელი არ იყო, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს ზუსტად ამ ფასად დათმობდნენ - ამ თანხად მხოლოდ მოლაპარაკებები დაიწყებოდა.

ნეიმარი - მეგობრების ვიზიტი

როდესაც 2013 წელს „ბარსელონამ“ „სანტოსიდან“ ნეიმარი დაიმატა, კლუბის ხელმძღვანელებს სურდათ მას ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გაევლო და თავი უცხოდ არ ეგრძნო. ამის გამო დათმობაზე წავიდნენ და მისი მეგობრების კატალონიაში ვიზიტი დააფინანსეს. ოღონდ, არა ერთჯერადად, არამედ ორ კვირაში ერთხელ ფარავდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელის სამეგობროს მგზავრობის ხარჯებს.

კეისუკე ჰონდა - თხოვნა ჯავშანმანქანაზე

2020 წლის იანვარში იაპონიის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კეისუკე ჰონდამ კონტრაქტი  „ბოტაფოგოსთან“ გააფორმა. თუმცა, წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც ბრაზილიის კლუბის ხელმძღვანელებისგან ჯავშანტექნიკით აღჭურვილი მანქანით სარგებლობის საშუალება მიიღო. რიო დე-ჟანეირო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება და ამას ემატება ისიც, რომ ოთხი ადგილობრივი კლუბის, „ბოტაფოგოს“, „ფლამენგოს“, „ფლუმინენსესა“ და „ვასკო და გამას“ ფანები ერთმანეთს მტრობენ, ჰონდას სურდა თავი მაქსიმალურად დაცულად ეგრძნო.

რადამელ ფალკაო - მუხლის ტრავმა

2014 წლის სექტემბერში „მონაკოდან“ რადამელ ფალკაოს ტრანსფერის გამოსყიდვის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ხელშეკრულებაში ჩადო პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ კოლუმბიელ ფორვარდს მუხლის ქრონიკული ტრავმა თავს შეახსენებდა, ისინი მასთან თანამშრომლობას ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე შეწყვეტდნენ. „ელ ტიგრემ“ მთელი სეზონი ჯანმრთელად ჩაატარა, თუმცა მანჩესტერელებმა მისი შენარჩუნებისგან მაინც თავი შეიკავეს.

შტეფან შვარცი - კოსმოსური პუნქტი

1999 წელს, „ვალენსიადან“ „სანდერლენდში“ გადასვლის შემდეგ, შტეფან შვარცმა კოსმოსში ერთ-ერთ პირველ კომერციულ ფრენაზე დარეგისტრირება გადაწყვიტა, რის გამოც ინგლისის კლუბმა შეიტანა მის კონტრაქტში ეგრეთწოდებული „კოსმოსური პუნქტი“. ჩრდილო ინგლისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიკლინგმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მართლაც შეძლო დარეგისტირება ამ ფრენაზე და იმის შიშით, რომ შვარცსაც თან წაიყვანდა, ისინი მოთამაშეს დაემუქრნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი თანამშრომლობა ავტომატურად შეწყდებოდა.

დენის ბერგკამპი - უარი ფრენებზე

ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ფანებს ცაში აჰყავდათ, თავად კი ყოველთვის მიწაზე ყოფნას ამჯობინებდა. ბერგკამპს ფრენის შიში ჰქონდა, რის გამოც „არსენალის“ უამრავი მნიშვნელოვანი საგარეო მატჩი აქვს გამოტოვებული, თუმცა იმდენად მაღალი დონის მოთამაშე იყო, რომ მის თხოვნას კლუბის ხელმძღვანელები მუდამ გაგებით ხვდებოდნენ.

სამუელ ეტო’ო - კერძო თვითმფრინავი

2011 წელს სამუელ ეტო’ოს მილანის „ინტერიდან“ რუსეთში, კერძოდ კი „ანჟიში“ გადასვლამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. კამერუნელს დაუნიშნეს ასტრონომიული ხელფასი და იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცა. თუმცა, ეტო’ო ამით არ დაკმაყოფილდა და იმის გამო, რომ მახაჭყალაში ცხოვრება არ სურდა, კერძო თვითმფრინავი მოითხოვა, რისი საშუალებითაც დაღესტნის დედაქალაქიდან 1000 მილის დაშორებით მდებარე მოსკოვში, ყოველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ერთ საათში გადაფრინდებოდა, მაშინ როცა რეგულარული რეისებით სარგებლობის შემთხვევაში, საამისოდ ორი საათი დასჭირდებოდა.

გეორგ კოხი - რასიზმი

შეიძლება ეს ცოტა კომიკურად ჟღერდეს, თუმცა კოხმა სამშობლოდან, კერძოდ კი დიუსელდორფის „ფორტუნადან“ „პსვ ეინდჰოვენში“ გადასვლის შემდეგ, ნიდერლანდური კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ თავისი ეროვნების გამო ფანებისგან რასისტულ შეურაცხყოფას იგრძნობდა, კლუბს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვებდა. მართლაც ასე მოხდა - სამ თვეში მეკარემ სულ რაღაც სამჯერ ითამაშა და ბილეფილდის „არმინიაში“ გადავიდა.

მარიო ბალოტელი - ქცევის ნორმები

„ლივერპულის“ მხრიდან 2014 წელს იმ დროისთვის საკმაოდ ცუდი რეპუტაციის მქონე მარიო ბალოტელის დამატება ბევრს გაუკვირდა და იტალიელმა ფორვარდმა მერსისაიდის გრანდში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა - 28 მატჩი, 4 გოლი. სამაგიეროდ, „წითლებში“ ყოფნისას ის სკანდალში არ გახვეულა და ამის წინაპირობა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ყოფილა, რომლის მიხედვითაც ცუდად მოქცევის შემთხვევაში, მარიო ხელფასს ვეღარ აიღებდა.

ლუის სუარესი - აკრძალვა კბენაზე

„აიაქსში“, „ლივერპულსა“ და ურუგვაის ნაკრებში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენით „სახელგანთქმული“ სუარესი, მისი დამატების დროს, „ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ თუ ასეთ ფაქტს მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა, მაშინვე ტრანსფერზე დააყენებდნენ.

რონალდინიო - ორი დღე განტვირთვისთვის

2011 წელს გაუჩო სამშობლოში დაბრუნდა და „ფლამენგოსთან“ გააფორმა კონტრაქტი იმისათვის, რომ კარიერის ბოლო წლებით სიამოვნება მიეღო. საამისოდ კი მას თამაშის გარდა, კვირაში ორი დღე განტვირთვისთვის და დასვენებისთის სჭირდებოდა, რისი ნებართვაც კლუბისგან უპრობლემოდ მიიღო.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 20-წუთიანი მატჩები

„არსენალს“ „საუთჰემპტონთან“ ჰქონდა შეთანხმება, რომ თითოეულ შეხვედრაში 20, ან მეტი წუთის თამაშის შემთხვევაში, ლონდონელები სამხრეთელებს დამატებით 10 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდიდნენ, რაც მართლაც იშვიათი მოვლენა იყო.

ნილ რუდოკი - შეზღუდვა წონაზე

რუდოკი სპორტული ცხოვრების წესით არასოდეს გამოირჩეოდა, თუმცა მას „კრისტალ პალასში“ გადასვლისას ამაზე ყურადღება განსაკუთრებით გაუმახვილეს - კლუბის დირექტორმა საიმონ ჯორდანმა ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ 99,8 კილოგრამს თუ გადასცდებოდა, ყოველ ზედმეტ კილოგრამზე ანაზღაურების ათ პროცენტს მოაკლებდნენ. კლუბში თამაშის ექვსთვიან პერიოდში რუდოკს ხელფასი რვაჯერ ჩამოაჭრეს.

რობერტო ფირმინო - ბოიკოტი არსენალს

2013 წელს „არსენალმა“ „ლივერპულს“ ერთგვარად შეურაცხმყოფელი წინადადებით მიმართა, როდესაც ლუის სუარესის სანაცვლოდ 40 მილიონი, ბონუსის სახით კი პლუს 1 ფუნტი შესთავაზა. როგორც ჩანს, მერსისაიდელებმა ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეს და 2015 წელს „ჰოფენჰაიმიდან“ დამატებული რობერტო ფირმინოს ხელშეკრულებაში ჩადეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას ნებიესმიერ გუნდს 98 მილიონ ევროდ დაუთმობდნენ, გარდა „არსენალისა“. „მეთოფეთა„ სიძულვილი თავად ბრაზილიელმა ფორვარდმაც კარგად გაითავისა და ლონდონური გუნდის წინააღმდეგ გამართულ 15 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

ჯუზეპე რეინა - სახლის აშენება

გერმანელმა თავდამსხმელმა „არმინიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ,  მისთვის სამი სახლის აშენება მოითხოვა. ფეხბურთელის თხოვნას ბილეფილდის კლუბის ხელმძღვანელებმა ორიგინალური ხუმრობით უპასუხეს და 48 თვის გასვლის შემდეგ, მას LEGO-ს სამი სახლი აჩუქეს.

სტიგ ინგე ბიორნები - აკრძალვა თხილამურებზე

მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდის დედაქალაქში სათხილამურო ტრასა პრაქტიკულად არ არის, „ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა ნორვეგიელ ფეხბურთელ სტი ინგე ბიორნებისთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თხილამურთან მიახლოება მას 200 იარდის მანძილზე ეკრძალებოდა. „წითლების“ შეფების სიფრთხილის მიზეზი გასაგებია - ფეხბურთელის მამა ცნობილი მოთხილამურე და ოლიმპიური თამაშების მონაწილე იყო და თავად სტიგეც ზამთრის სპორტით გატაცებული გახლდათ.

როლფ-კრისტელ გი მიენი-მეუღლის კულინარია

როდესაც კონგოელ ფეხბურთელს წინადადებით „აინტრახტმა“ მიმართა, მან ფრანკფურტის კლუბის ხელმძღვანელებს თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ განუცხადა, რაც მიიღო გარანტიები, რომ ისინი მის მეუღლეს კულინარიის კურსებს დაუფინანსებდნენ.

.

გაზიარება: