ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი, ჯუდ ბელინგემი
Aa Aa

ზიზუს ნაკვალევზე | რატომ არის ბელინგემი რეალის სწორი ავანსი

„მას არ აქვს სისტემა, ყველაფერი ფეხბურთელთა კონტიგენტზეა დამოკიდებული. ადაპტაციის უნარი კი ინტელექტის ნიშანია“, - თქვა ამას წინათ ფაბიო კაპელომ ანჩელოტიზე, როცა ჰკითხეს, რის ხარჯზე იგებს ამდენ ტიტულს „კარლეტო“.

სიახლეებთან, რაც არ უნდა რთული იყოს ისინი, მარტივად ან შედარებით მარტივად ადაპტირების უნარი მენტალურად ძლიერი ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გამოწვევებს იღებენ, მათზე მუშაობენ და დროს არ კარგავენ იმისთვის, რომ შედეგი უმოკლეს ვადაში მიიღონ. ალბათ, ძლიერი ხარ, როცა ახერხებ, რომ 2 თვეში აღაფრთოვანო ისეთი დიდი გუნდის მრავალმილიონიანი ინჩადა, როგორიც მადრიდის „რეალს“ ჰყავს.

2023 წლის 28 ოქტომბერს, ლა ლიგის 9 ტურში გატანილი 8 გოლისა და 2 ასისტის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა „რეალს“ ბარსელონაში ჩატარებული „ელ კლასიკო“ დუბლით მოაგებინა. მოაგებინა იმ მატჩში არც ისე კარგად მოთამაშე გუნდს, რომელსაც ლიდერად მოევლინა, თავისთვის სადებიუტო „კლასიკოში“. შეიძლება, თქვან, რომ ეს იღბალია, მაგრამ იღბალი ასეთ მომენტებში „ლუზერებთან“ არასდროს მიდის, თანაც მაშინ, როცა მეტოქე „ბარსელონაა“, ის გიგებს და ყველაზე მეტად უნდა რომ დაგამარცხოს, რადგან შენ მადრიდის „რეალი“ ხარ. ეს „Big Game Player“-ის მენტალიტეტია და ერთ-ერთი პირველი, ვინც ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ ნერვაუტოკებელი და თავაწეული მახსენდება, ზინედინ ზიდანია. კაცი სამეფო კლასით და შინაგანი ხასიათით, რომელიც ასეთ ტიპად დაიბადა და ყველგან იყო ის, რაც შეეფერებოდა და უნდა ყოფილიყო.

ზიდანივით და ანჩელოტივით დიდი მენტალიტეტის კაცი მგონია ჯუდ ვიქტორ უილიამ ბელინგემი და მინდა, ამ სტატიაში მასზე გელაპარაკოთ და ვცადო, ცოტა სხვა მხრიდან დაგანახოთ. დაგანახოთ ლიდერად და კაცად, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის მესი-რონალდუსეულ მთავარ ტახტზე ასვლა და იქ ბევრი წლით ჯდომა რეალურად შეუძლია. ამ ტახტზე მხოლოდ მაგარი ფეხბურთელობით შეიძლება ახვიდე, მაგრამ დიდხანს ვერ დარჩები. დიდხანს რომ დარჩე, უნდა გქონდეს კიდევ ის „რაღაც“, რაც, ვფიქრობ, ამ ბიჭში არის. მოკლედ, რაზე მინდა ლაპარაკი, რას ვხედავ, როგორ და რა არგუმენტები მაქვს, ამისთვის უკვე შევხურდით, ახლა თანდათან ჩავუყვეთ.

სიმშვიდისკენ მიდრეკილი ინტროვერტი: როგორია მოედანს მიღმა

მოდით, პირველ რიგში, ჯუდის პიროვნული თვისებებისა და სოციალური ცხოვრების შესახებ უფრო მეტი წარმოდგენა შევიქმნათ. მისი მამა, მარკი, პოლიციის სერჟანტი იყო, დედა კი, დინაისი - მუშათა კლასის ინგლისელი ქალბატონი. მათ ორი შვილი ჰყავთ და ისინი ფინანსურად სტაბილურ გარემოში გაზარდეს. ძმის, ჯოუბ ბელინგემის შესახებ, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის - 2005 წელსაა დაბადებული, ფეხბურთელია, ისიც „ბირმინგემის“ აკადემიაში აღიზარდა და 2023 წლიდან „სანდერლენდში“ თამაშობს. ბიჭების გენში რომ დედის გენი გაცილებით ჭარბობს, ფოტოდანაც ხედავთ.

ჯუდს ძალიან არ უყვარს გარეთ ჭამა და თითქმის სულ სახლში, დედის მიერ მომზადებულ კერძებს მიირთმევს. აი, თავად კი მომზადება საშინლად არ უყვარს, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გერმანიაში გადასვლის შემდეგ, დინაისს ოჯახი დაეტოვებინა და საცხოვრებლად მასთან გადასულიყო. საერთოდ, დედას მის ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს და, როგორც ამბობს, რთულ პერიოდებსა და მომენტებში ყველაზე მეტად მის რჩევებს უსმენს. ასეთი სიახლოვე ლოგიკურიცაა, რადგან მამის დატვირთული სამუშაო განრიგის ფონზე, ბავშვობაში ძმებთან დროს დედა ატარებდა.

არაა გამორიცხული, დედის ერთ-ერთი რჩევა კარიერაზე დიდი დოზით კონცენტრირება და პირადი ცხოვრებისთვის მცირე დროის დათმობა იყოს. ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ ჯუდი 22 წლის მოდელ ჩიტი ასანტევას ხვდება, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს დაუდასტურებია. ერთი ფაქტია, რომ ბრიტანელ ვარსკვლავს ხმაურიანი ცხოვრება და თავისი ამბების აფიშირება ნაკლებად მოსწონს და სიწყნარე ურჩევნია.

იმის მიუხედავად, რომ ინტროვერტია, ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, რასაც დახვეწილი მანერები და სიმშვიდე ემატება. მეგობრები და უახლოესი ადამიანები მის ხუმრობებზე ხშირად იცინიან, სხვათა შორის - თანაგუნდელებიც, ეს კი ჩვენი ერთ-ერთი ქვეთავისთვის, რომელიც ლიდერობას ეხება, არც ისე პატარა ბონუსია.

„სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან წარმატებული იქნება, რადგან გასაოცარი მენტალიტეტი აქვს. ასეთი ელიტური ხასიათი და შინაგანი დისციპლინა არასდროს მინახავს. როცა მასთან ვმუშაობდი, ძალიან უყვარდა, როცა რაღაც რთულდებოდა. გამოწვევების მიღებითა და მათზე მუშაობით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ ოფისიდან გამოვედი და სახლში წასვლას ვაპირებდი. დავინახე, ჯუდი მოედანზე იყო და გავძახე: „ჯუდ, მარცხენა ფეხით თამაშზე ვარჯიშობ?“, მან მიპასუხა: „დიახ, ვცდილობ მისით თამაში გავაუმჯობესო“. ეს ყოველგვარი მოთხოვნის ან მითითების გარეშე ხდებოდა. მას აქვს უნიკალური უნარი, უყვარდეს გამოწვევები, მუდმივად განვითარებაზე იფიქროს და ჰქონდეს სწავლის დაუოკებელი წყურვილი, ამ ყველაფერს კი კომფორტის ზონიდან ადვილად გამოჰყავს“, - ეს „ბირმინგემში“ ჯუდის მწვრთნელის, სემ მანუჩერის შეფასებაა.

გზა ბუნდესლიგის სეზონის MVP-ობამდე

ბელინგემი მშობლიური „ბირმინგემიდან“ „დორტმუნდში“ 2020 წლის ზაფხულში, 17 წლის ასაკში გადავიდა. ტრანსფერამდე, ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა. ბირმინგემულმა კლუბმა ჯუდის 22-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. ამას ეს მოტივი ჰქონდა: ბელინგემი კლუბში 7 წლის ასაკში მივიდა და პროფესიონალ ფეხბურთელობამდე ყველა ეტაპი იქ გაიარა, „ბირმინგემის“ ხელმძღვანელობას უნდოდა, ეს ისტორია სხვებისთვის შთამაგონებელი ყოფილიყო. თუმცა, ყველა ვხვდებით, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი, დიდი ალბათობით, ნომრის ხმარებიდან ამოღების მიზეზი არ იქნებოდა, უფრო ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ამას მთავარი წონა ბელინგემის განსაკუთრებულობამ და უნიკალურობამ შესძინა.

ფაქტი: ჯუდის შეძენასთან ლონდონის „არსენალი“ იყო ძალიან ახლოს, მაგრამ მენეჯმენტში მომხდარმა ცვლილებებმა ტრანსფერი შეაფერხა და ჩაშალა.

„დორტმუნდის“ მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათგან 33 ძირითადში დაიწყო. ამ მატჩების თითქმის 100%-ში („შალკესთან“ შემტევ ნახევარმცველად ნათამაშები 29 წუთის გარდა), 4-2-3-1 სქემაში, ტომას დილეინისთან ერთად, საყრდენად ან ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა. სეზონი 4 გოლით და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. ჩატარებული მატჩების რაოდენობა ნათლად გამოხატავდა იმ ნდობას, რომელსაც ახალ კლუბში 17 წლის ფეხბურთელს უცხადებდნენ. ეს ნდობა ვრცელდებოდა გერმანიის თასზეც, რომლის ექვსივე თამაში ძირითადში დაიწყო და გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა - 2 გოლიც შეაგდო.

„ყვითლების“ მაისურით სადებიუტო სეზონის წარმატებულობას უსვამს ხაზს ის ფაქტიც, რომ 17 წლის ასაკში, France Football-ის Kopa Trophy-ზე, რომელიც 21-წლამდე ფეხბურთელებს გადაეცემათ, მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ იმ წელს ფურორის მომხდენ პედრის ჩამორჩა - ესპანელი მაშინ 19 წლის იყო.

მეორე სეზონში, ანუ 2021-22 წლებში, ძირითადის სტაბილურ წევრად იქცა და ისევ ცენტრში, ხან დაჰუდის და ხან ვიტსელის გვერდით თამაშობდა. ბუნდესლიგის 34-დან 32 მატჩში ითამაშა, ყველა მათგანი ძირითადში დაიწყო და მხოლოდ 5-ჯერ შეცვალეს - 3 გოლი და 8 ასისტი. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 6 თამაში (1 გოლი, 3 ასისტი); შემდეგ კი ევროპა ლიგის 2 მატჩში გატანილი 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა. საერთო ჯამში - 44 მატჩი, 6 გოლი და 14 ასისტი. ეს იმ ფონზე, როცა 28 მატჩი ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა, 6-ჯერ დაცვითი ტიპის საყრდენი იყო, 5-ჯერ - მარჯვენა ნახევარმცველი, 3-ჯერ - მარცხენა ნახევარმცველი და მხოლოდ 2-ჯერ - შემტევი ნახევარმცველი.

14 ასისტი - ეს რაოდენობა ნათლად გამოხატავს იმ უნარს, რაც თამაშის კითხვასა და შესაძლო გაგრძელების ბუნებრივად მოძებნის ნატურალურობაში ერთიანდება - უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ინსტინქტებით თამაშში. კრუიფს რომ ჩავეპასუხოთ, ფეხბურთის მარტივად თამაში ბელინგემის ერთ-ერთი უპირველესი ძლიერი მხარეა, ეს ან გაქვს ან - არა...

თინეიჯერი ბრიტანელის მიერ ნაჩვენები თამაში და ამის გამო მიღებული ქება თუ ჯილდოები ნებისმიერ ასაკში განსაკუთრებული და გამონაკლისია, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როცა ამას 18 წლის ბიჭი იმსახურებს. ყველა ნათლად ხედავდა, რომ ასევე თანმიმდევრულად გაგრძელების შემთხვევაში, ჯუდი შემდეგ დონეზე გადავიდოდა და მომდევნო, 2022-23 წლების სეზონში, ასეც მოხდა.

ედინ ტერზიჩი, ბელინგემის სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით, მკაფიოდ ჩამოყალიბდა და მთელი სეზონის განმავლობაში ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშებდა, ოღონდ, არსებითი სხვაობა ის იყო, რომ დაცვითი ფუნქციები დიდწილად ჩაეხსნა და უფრო მეტად შეტევაზე იყო ორიენტირებული, რაც სტატისტიკაშიც გამოიხატა - 8 გოლი და 5 ასისტი.

მეორე მხრივ, შეტევითი როლის მიუხედავად, დაცვითი ფაზის სტატისტიკები მიუთითებს იმაზე, რომ ჯუდის შრომითი უნარები არსად წასულა და უკანა ხაზსაც სტაბილურად და შედეგიანად ეხმარებოდა - 322 კმ. ირბინა, რაც თავის გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და, საერთოდ ჩემპიონატის მასშტაბით, ყველაზე მეტი დუელი მოიგო - 482. 

ზუსტად ეს ორი ფაქტი ხდება არგუმენტი იმისა, რასაც ინგლისელზე ხშირად ამბობენ, რომ ის მრავალმხრივი და მრავალფუნქციური ფეხბურთელია. თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან დასაფასებელია და ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ ჯუდი არის ნატურალური და უნიკალური ტალანტი, მეორე მხრივ კი განვითარებული იმ მიმართულებით, რასაც დღევანდელი ფეხბურთი ითხოვს. ესაა მიქსი, რომლის დროსაც არც მისი ნიჭი იკარგება და არც თანამედროვე სათამაშო ტენდენციები რჩება აქცენტს მიღმა.

„დორტმუნდში“ ნიჭიერი ბიჭი მივედი, მაგრამ შემდეგ ჩემს თამაშს დავამატე სხვადასხვა ელემენტები, რომლებმაც მომდევნო დონეზე გადამიყვანა. თითოეული წლის განმავლობაში, გუნდის მიმართ ჩემი პასუხისმგებლობები იზრდებოდა.

უნდა გავაგრძელო მოედანზე ყველგან პოზიციონირება და მონაწილეობა, როგორც შეტევით, ასევე დაცვით ოპერაციებში, თამაშის გაკონტროლება ვცადო და ნახევარდაცვაში დომინირება. მინდა, თანაგუნდელები ყველგან მხედავდნენ და ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ. თუკი თამაშს წავაგებთ, ყველაზე ცუდი ფეხბურთელი მე ვიქნები“, - განაცხადა ბელინგემმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან.

ეს კომენტარი რომ განვიხილოთ და გავაშინაარსოთ: საუბრობს ფეხბურთელი, რომელსაც პასუხისმგებლობების არათუ აღების არ ეშინია, არამედ სურს, ისინი რაც შეიძლება მეტი და დიდი იყოს. რეალისტურად აანალიზებს საკუთარ პროგრესს და გასცემს მესიჯს, რომლითაც საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს: „თუ წავაგებთ, ყველაზე ცუდი ფეხბურთელი მე ვიქნები“.

დავუბრუნდეთ 2022-23 წლების ბუნდესლიგას. გვახსოვს, რომ „დორტმუნდი“ „ბაიერნთან“ საჩემპიონო რბოლაში სეზონის ბოლო წამებამდე იყო და, კიდევ ერთი გოლით, „ვერცხლის სინიც“ მას რჩებოდა, მაგრამ შანსი თავადვე გაანიავა - უმოტივაციო „მაინცს“, 81 365 ფანის თავდასწრებით, ვერ მოუგო. ჯუდმა, თავის თანაგუნდელებს შორის, ყველაზე მეტი წუთი ითამაშა - 2693, რაც მეკარე კიობელის მაჩვენებელზეც კი უკეთესი იყო. სულ ჩემპიონატის 34-დან სულ 3 თამაში გამოტოვა და აქედან 2 - „მაინცთან“, პირველ წრეში - ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაციის გამო, მეორე და გადამწყვეტი კი - მუხლის ტრავმის, რომლის გამოც ბოლოსწინა ტურში „აუგსბურგთანაც“ ვერ ითამაშა. 

ჯუდის გუნდზე გავლენის მაჩვენებლის მასშტაბურობა ნათლად დაადასტურა იმანაც, რომ ბუნდესლიგამ ბელინგემი 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - ხმების 29.6% მიიღო.

ინფორმაციისთვის: ბუნდესლიგის ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობას ფანები, კლუბის წევრები და ექსპერტები იღებენ, ჯამურად დაახლოებით 1300 ადამიანი. 

მარკო როისის შემდეგ (2019), ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.

არის თუ არა ნატურალური ლიდერი

ტერზიჩის მიერ პოზიციის ცვლილება და უფრო მეტად შეტევითი ფუნქციების მიცემა, საგოლე მოქმედებების სტატისტიკაზეც აისახა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯუდისთვის ელიტური მეტოქეები და ელიტური მატჩები კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა და ასეთ შეხვედრებში თავს ძალიან ბუნებრივად და ორგანულად გრძნობდა. ეს არის თვისება, რომელზეც ხშირად მუშაობა მასზე გაცილებით გამოცდილ ფეხბურთელებსაც უწევთ. ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგიათ: „ლიგაზე თამაშს გამოცდილება და სხვა კლასი სჭირდება, იქამდე უნდა მიხვიდე“. მართლა ასეა, ჩემპიონთა ლიგის ელიტური და დიდი მატჩები სხვა სიმაღლეა, რომლამდეც უნდა მიხვიდე, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც თითქოს ასეთი თამაშებისთვის იბადებიან. ჩემი აზრით, ბელინგემსა და ზიდანს შორის, ერთ-ერთი მსგავსება სწორედ ეს საჩემპიონო მენტალიტეტია.

კარგი, მივუბრუნდეთ ისევ 2022-23 წლების სეზონს, როგორც გითხარით, ინგლისელს ბუნდესლიგის 31 მატჩში 8 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა, რასაც ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში შეგდებული 4 გოლი და 1 ასისტი დაემატა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურის პირველ 4 მატჩში თითო გოლი შეაგდო - გაუტანა „კოპენჰაგენს“ (3:0), „სიტის“ (1:2), „სევილიას“ (4:1) და ისევ „სევილიას“ (1:1), შემდეგ ტურში „სიტისთან“ 0:0 იყო და ბოლო ტურში, „კოპენჰაგენთან“ დაასვენეს.

იმის მიუხედავად, რომ 1/8 ფინალში „ჩელსისთან“ 1:0 მოგებული პირველი მატჩისას გოლში მონაწილეობა არ მიუღია, ევროპული გამოცემები მაინც 19 წლის შუახაზელის ლიდერობაზე ლაპარაკობდნენ და ხაზს უსვამდნენ, რამდენად ნატურალურია მისთვის ეს თვისება. ედინ ტერზიჩმა კაპიტანი მარკო როისი და ვიცე-კაპიტანი მატს ჰუმელსი თადარიგში დატოვა და გუნდი მოედანზე ჯუდს გააყვანინა. მატიის დე ლიხტის შემდეგ, იგი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა. აქვე ვთქვათ, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია.

„ლიდერობის ყველაზე დიდი ნაწილი ისაა, რომ თამაშით და შესრულებული სამუშოთი უნდა გასცე მაგალითი“, - განაცხადა ჯუდმა უეფა-სთან ინტერვიუში.

დაახლოებით ეს პერიოდი იყო, როცა დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა ცნობილი ფრაზა თქვა: „ვფიქრობ, ყველაზე „ასაკოვანი“ 19 წლის ადამიანია, ვინც ოდესმე მინახავს“. ტერზიჩის ამ შეფასების აზრს კიდევ უფრო კარგად რომ მივხვდეთ, ჯუდის ბავშვობაში გადავინაცვლოთ და „ბირმინგემის“ ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელს, მაიკ დოდსს მოვუსმინოთ:

„ის არასდროს კარგავდა წუთებს ვარჯიშისას, დარბაზში თუ თეორიული მეცადინეობისას. ლაზერივით ფოკუსირებულია ყველაფერ იმაზე, რასაც კონკრეტულ მომენტში აკეთებს და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. თუ გრძნობს, რომ რაღაც ნაკლი აქვს, შეპყრობილია შინაგანი ხმით, სანამ არ გამოასწორებს.

როცა 12-13 წლის იყო, ბევრს მისი მიდგომები არ მოსწონდა, რადგან სხვებისგან მუდმივად მაქსიმუმს ითხოვდა და ხშირად ხმამაღლა და ძალიან თავდაჯერებულად საუბრობდა. ამ ასაკის ბავშვისგან ეს ჩვეულებრივი არაა, მაგრამ თანდათან ყველა დარწმუნდა, რომ მას უბრალოდ ასეთი მენტალიტეტი ჰქონდა და ყველაფერს ბუნებრივად გამოხატავდა.

შესაძლოა, მის ასეთ დამოკიდებულებას დღესაც ვიღაცები სხვაგვარად აღიქვამდნენ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ჯუდი უბრალოდ ასეთია და მუდმივად მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როცა ლაპარაკს იწყებს, უნდა მოუსმინონ, რადგან მას სწორი სიტყვების მოძებნა და გუნდის რთული სიტუაციებიდან გამოყვანა და დამუხტვა შეუძლია“.

ინგლისელის ასაკთან შეუსაბამო შინაგანი სიმწიფისა და მტკიცე, უშიშარი ხასიათის კიდევ ერთი გამოვლინება, ვფიქრობ, 2021 წლის „დერ კლასიკერი“ და იმ მატჩის შემდეგ განვითარებული ამბებია.

2021 წლის 4 დეკემბერს, „დორტმუნდმა“ „ბაიერნთან“ 2:3 წააგო, ორივე გოლში ასისტი ჯუდმა შეასრულა და „ყვითლები“ ქულასთან არც ისე შორს იყვნენ, მაგრამ 78-ე წუთზე VAR განხილვის შემდეგ დანიშნული პენალტის გამო დამარცხდნენ. თამაშის შემდეგ ბელინგემმა მედიასთან არა მხოლოდ მსაჯი (ფელიქს ცვაიერი), არამედ ბუნდესლიგის შეფობა გააკრიტიკა:

„გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ნიშნავს მსაჯს, რომელიც წარსულში გარიგებულ თამაშებში მონაწილეობდა. რას უნდა ელოდო სხვას, თუ არა იმას, რაც მოხდა“?

კონტექსტის უკეთ გასაგებად, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ წინა ტურებში, როცა ცვაიერი „დორტმუნდის“ მატჩზე მუშაობდა, გუნდის სასარგებლოდ შესაძლო პენალტის ორი განხილვისას, არც ერთი დანიშნა, რასაც „ბაიერნთან“ ეს ეპიზოდიც დაემატა.

ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ საუბარია არბიტრ ფელიქს ცვაიერზე, რომელიც, მანუელ გრაფესთან, ლუც ფრიოლიხთან და ოლაფ ბლუმენშტაინთან ერთად, გერმანიის 2005 წლის თამაშების ჩაწყობის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია და ამის გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

საბოლოოდ, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB) ბელინგემი, ამ კომენტარის გამო, 40 000 ევროთი დააჯარიმა, თუმცა აქ მთავარი სხვა რამეა და ამ ხაზით წავიდეთ.

გასაგებია, რომ ჯუდს ზედმეტი მოუვიდა და ბევრი თქვენგანი შეიძლება, თვლიდეს, რომ ეს უბრალოდ წაგებული თამაშის შემდეგ სტანდარტული დაწუწუნებაა, თანაც როცა ზემოთ ნახსენები, მსაჯთან დაკავშირებული, ამბებიც ერთმანეთს მიეწყო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არაა მთავარი და საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ: ეს ლიდერის პოზიცია და კომენტარია, რომლითაც გუნდის ინტერესებს იცავს, თუნდაც სასჯელისა და ისეთ დიდ ორგანოებთან დაპირისპირების ხარჯზე, როგორიც ბუნდესლიგა და გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაა. არც ისაა მნიშვნელოვანი, იყო თუ არა პენალტი იმ მომენტში, მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ იყო და ბელინგემსა და „დორტმუნდს“ საკამათო ბევრი არაფერი ჰქონდათ, აქ საუბარია იმაზე, რომ ლიდერი გამოდის და გუნდის ინტერესებს იცავს, მკაფიო მესიჯს აგზავნის, რათა შემდგომში ყველამ იცოდეს, რომ მის გუნდს მეტი ყურადღებითა და პატივისცემით უნდა მიუდგნენ.

„ორმხრივი“ ლიდერი: მხოლოდ დიდი სპორტსმენების თვისება

წინა ქვეთავში დარჩენილ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, მოდით, ამ ქვეთავში ცალკე ჩავშალოთ. ხშირად საუბრობენ ნატურალურ ლიდერებზე, რომელთა გარეშეც დიდი წარმატება არ მოდის. ლიდერობაც ხასიათში და მენტალიტეტშია: ან ხარ ასეთი, ან - არა.

ლიდერებსაც ორ ნაწილად ყოფენ: მოედნის ლიდერები, რომლებიც თავიანთი თამაშით უძღვებიან გუნდს და გასახდელის, რომლებიც მინდორს გარეთ გუნდურობის განმტკიცებაში დიდ როლს ასრულებენ. იდეალურია, როცა ორივე ეს ერთ კაცში ერთიანდება. ასეთი „ორმხრივი“ ლიდერები, როგორც წესი, ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან: ბეკენბაუერი, პელე, მარადონა, კრუიფი... ჩემი აზრით, ბელინგემში არის საკმარისზე მეტი კომპონენტი, რითაც მას ასეთ „ორმხრივ“ ლიდერად და შემდეგ მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია. აი, ისეთი მასშტაბის მოთამაშედ „ოქროს ბურთს“ რომ რამდენჯერმე მოიგებს, შემდეგი თაობის გულშემატკივრები უმისსახელოდ შედარებებს რომ ვერ გააკეთებენ, თავის ქვეყანას რომ დიდ ტურნირებზე ჩემპიონობამდე მიიყვანს და ა.შ.

ჯუდმა ამის გაკეთება თანდათან უნდა დაიწყოს, რისთვისაც ყველა პირობა აქვს და თუ ასე მოხდა, მისი, როგორც ლიდერის, წონა კიდევ უფრო მოიმატებს და თანაგუნდელებისთვის კიდევ უფრო პატივსაცემი, მეტოქეთათვის კი კიდევ უფრო საშიში გახდება. ბელინგემი და ახალი თაობის ვარსკვლავები ნათლად აცნობიერებენ, რომ მესი-რონალდუს თითქმის უკვე წასვლის შემდეგ ფეხბურთს ახალი მეფე სჭირდება. ფაქტია, ჯუდი, კილიან მბაპესგან განსხვავებით, ნაბიჯების გადადგმას არ აგვიანებს და დროს არ კარგავს, რათა დიდ საფეხბურთო სცენამდე, ან მეფის ტახტამდე, მანძილი მაქსიმალურად ეფექტიანად გაიაროს, დანარჩენი უკვე მასზე და მის თამაშზეა.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ინგლისის ნაკრების დიდ ტურნირზე ჩემპიონობამდე მიყვანას, ეს ჩემს მინი პროგნოზადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ. თუკი, „სამი ლომის“ სტრუქტურა ისეთივე იქნება, როგორიც ბოლო დაახლოებით 6-7 წელია არის, ძალიან მჯერა, რომ ბელინგემთან ერთად ამ გუნდს ყველაფრის მოგების იმაზე გაცილებით რეალური შანსი ექნება, ვიდრე 2000-იანების სუპერ თაობების ან ნებისმიერი სხვა ეპოქის ვარსკვლავური თუ ნაკლებად ვარსკვლავური გუნდის პირობებში. კიდევ უფრო რომ დავაზუსტო და დავაკონკრეტო: ბელინგემიან ინგლისის ნაკრებს ყველაფრის მოსაგებად ყველაფერი ექნება, აი, რამდენად მოიგებენ, ეს ინტრიგაა და ვნახოთ.

ცხადია, ჩემმა სიტყვებმა ლეგიტიმურობა რომ არ დაკარგოს, ჯუდმა განვითარება სათანადო გეგმაზომიერებით უნდა გააგრძელოს და თუ ეს ასე მოხდება, დიდი პატივისცემა ბობი მურთან და ბობი ჩარლტონთან, მაგრამ ბელინგემი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღლა დადგება, ასეთ კაცთან ერთად კი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, თუნდაც თითქმის 60-წლიანი პაუზის შემდეგ ოცნების ასრულების გაცილებით მეტი შანსია.

იაია ტურე: „ჩემი აზრით, მუნდიალის ყველა თამაშში ინგლისელთაგან გამორჩეული ბელინგემი იყო. გოლები გაჰქონდა, პასებს აკეთებდა, საჯარიმოდან საჯარიმომდე იდეალურად პოზიციონირებდა. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა დელე ალის შემთხვევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჯუდს თავის ქვეყანაში მოუფრთხილდნენ და ეს განსაკუთრებით მედიას ეხება. ამ ბიჭს ნათელი, ძალიან ნათელი მომავალი აქვს. მისი მენტალიტეტი, ფოკუსირება, თანმიმდევრულობა, გამბედაობა და წყურვილი, რომ ყოველთვის გამარჯვებული იყოს, რაღაც განსაკუთრებულია. თანაც, 19 წლისაა“.

როგორც ტურე ამბობს, ბელინგემში ეს მუდამ გამარჯვების სურვილი, ამისთვის ყველაფრის გაკეთება და თანაგუნდელებისგანაც სულ მაქსიმუმის მოთხოვნა და ამისკენ ბიძგება რომ ბავშვობიდან მოდის, მისმა მწვრთნელმა ერთ-ერთმა პირველმა მწვრთნელმა, მაიკ დოდსმა, წინა ერთ-ერთ აბზაცში უკვე გვიამბო.

სტატიაში აქამდე მოყვანილი არგუმენტები, ვფიქრობ, არის პასუხები კითხვაზე: „არის თუ არა ბელინგემი ლიდერი“. მოდით, ახლა დავინტერესდეთ, ამ ლიდერობას მის პიროვნებაში რა საფუძვლები აქვს, საიდან მოდის და, საერთოდ, რა მენტალიტეტთან გვაქვს საქმე. 

აქვე უცებ დავაზუსტებ, რომ ამ თვისებების ქონა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჯუდი ისეთივე ძალიან დიდი გახდება, როგორებიც ნახსენები ფეხბურთის სუპერ ფიგურები არიან, მაგრამ იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ თუ სწორად განვითარდება, მათ სახელებთან მისი ხსენება არალეგიტიმური არ იქნება, ამისთვის მას საკმარისზე მეტი თვისება-მახასიათებელი აქვს.

მენტალიტეტი: რატომ არის ბელინგემი სწორ ადგილას, ანუ „რეალში“

მაიკ დოდსი: „ხალხი მეკითხება, რას ვფიქრობ მის „რეალში“ გადასვლაზე და რა განსხვავებას ვხედავ. ჩემი აზრით, ის უბრალოდ ბედნიერია და, როგორც ჩანს, მადრიდი ზუსტად ის ადგილია, სადაც ჯუდი თვლის, რომ ყოფნას იმსახურებს“.

თუკი, დოდსი, სემ მანუჩერი ან თუნდაც ედინ ტერზიჩი იმ მასშტაბის ფიგურები არ არიან, რომ უსიტყვოდ დაეჯერებოდეთ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ფეხბურთში იყოს რამე ისეთი, რაზეც კარლო ანჩელოტი, პეპ გუარდიოლა და ზინედინ ზიდანი ერთ აზრზე იყვნენ და ეს „რამე“ სიმართლისგან ძალიან შორს იყოს. თანაც, მაშინ, როცა მათ დოდსი, მანუჩერი და ტერზიჩიც ეთანხმებიან. მგონი, უცებ და ძალიან თავისით არც ისე ცუდი ხუმრობა გამოვიდა.

მოკლედ, რიცხვებს, სტატისტიკებს, ჯილდოებსა და ნაჩვენებ თამაშს რომ შევეშვათ, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ბელინგემში არის რაღაც ისეთი, რაც მის გარდა არავის აქვს. ეს „რაღაც“ არის შინაგანი დისციპლინა, შრომითი ეთიკა და ხასიათი, რომელიც არასდროს გაურბის რთულ დავალებებსა თუ გამოწვევებს.

ვინც მას იცნობს, ვერ იტყვის, რომ თავდახრილი ბიჭია, უფრო იტყვიან, რომ თავის თავის ფასი იცის, ბოლომდე დარწმუნებულია იმაში, ვინც არის და რაც შეუძლია და ამას დაუფარავად ამბობს. ამის გამო ბევრ ადამიანში ამპარტავნის შთაბეჭდილებას ტოვებს, გათამამებული ვარსკვლავის, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე პრინცივით ყველაფერი აქვს.

თავმდაბლობით აშკარად არ წუხდებოდა მაშინაც, როცა ბუნდესლიგის ოფიციალური არხის ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე: „მოედანზე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობ და იქცევი. საიდან მოდის ეს“?

„ვფიქრობ, თავდაჯერებულობიდან. ჩემს ტრანსფერზე ბევრი ადამიანი საუბრობს და, ალბათ, ამას თავისი მიზეზი აქვს. შესაძლოა, მათ ეჭვი ეპარებათ იმაში, გავუწევ თუ არა სხვა ნახევარმცველებს სათანადო კონკურენციას. ვგრძნობ, რომ მათ რაღაც განსხვავებულს ვთავაზობ - მოედანზე გავდივარ და ყველაფერს იქ ვამტკიცებ. მივიღე შანსი, მევარჯიშა და ვვარჯიშობ, შემდეგ მივიღე შანსი, რომ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და ქვეყნის თასზე მეთამაშა და ვთამაშობ. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო“, - ეს 18 წლის ჯუდის პასუხია.

თუკი გარშემო არსებობენ ადამიანები, ვინც იცის რას ნიშნავს „რეალი“ და იქ თამაში ან უბრალოდ გაზონის მომვლელად მუშაობაც კი, ერთ-ერთი კარლო ანჩელოტია. ატმოსფერო, რომელიც „სამეფო კლუბის“ ნებისმიერ წარმომადგენელს თან სდევს, ცხადია, სასიამოვნო იქნება, მაგრამ ამდენადვე მძიმე და რთულიც. შეიძლება იყო ძალიან დიდი კაცი, მაგრამ არ იყო „რეალის“ ტიპაჟი, ეს რაღაც სხვაა და ამას სხვა მენტალიტეტი სჭირდება. „პაპა კარლოს“ მოვუსმინოთ:

„ის ძალიან ფოკუსირებული, ძალიან სერიოზული და ძალიან პროფესიონალია! ის არაა ვიღაც, ვინც თავს დაკარგავს, როცა შეაქებენ. ძლიერი მენტალიტეტის მქონე კარგი მოთამაშეები წნეხს სხვებზე ნაკლებად განიცდიან. ასეთი შინაგანი თვისებები ხარისხზე უფრო მეტია. შესაძლოა, იყო ძალიან ხარისხიანი მოთამაშე, მაგრამ „რეალის“ მაისურის ტარება უფრო მეტად ემსუბუქება ისეთ ადამიანს, ვისაც, ხარისხთან ერთად, ასეთი მენტალიტეტიც აქვს“.

რთულ მომენტებში თავის არდახრისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი, ცივსისხლიანობა, უტეხი ხასიათი და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა, ბელინგემის ის თვისებებია, რომლებითაც მას ადრეული ბავშვობიდან გამოარჩევდნენ. „რეალში“ გჭირდება იყო ზიდანივით მუდმივად თავაწეული და ამაყი, არასდროს კარგავდე საკუთარი თავის რწმენას და არ მოქმედებდეს შენზე ის პერმენანტული წნეხი, რომელიც მადრიდში გარანტირებული გაქვს. თავად ამბობს, რომ ფეხბურთს ყოველდღიურად რაღაც უნდა მისცე და არასდროს მოდუნდე.

„ფეხბურთს ყოველთვის აღვიქვამდი ისეთ მოცემულობად, რასაც ყოველდღიურად რაღაც უნდა მისცე. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კონკრეტულ მიზნებს ისახავენ, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვარჯიშებზე თითოეულ დღეს მაქსიმუმი დამეტოვებინა, შემდეგ კი მენახა, ეს მიდგომა სადამდე მიმიყვანდა“.

მადრიდელთა ტრიუმფალური წლებისა და იმ თაობის ვარსკვლავთაგან სულ რამდენიმეს დარჩენის შემდეგ, ცალსახაა, რომ კარლო ანჩელოტის ახალი გუნდის მშენებლობა აქვს დაწყებული. მოდრიჩის, კროოსის, კარვახალისა და ნაჩოს ფესვზე, ახალი თაობის ფეხბურთელები უნდა წამოვიდნენ, ბელინგემი ერთ-ერთია და მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ „სამეფო კლუბი“ მის გარშემო აეწყოს. აი, რას ამბობს პეპ გუარდიოლა ჯუდზე:

„17 წლის იყო, როცა მის შესახებ გავიგე. მივხვდი, რომ საქმე მხოლოდ ხარისხიან და ნიჭიერ ფეხბურთელთან არ გვქონდა: ყვიროდა, იბრძოდა, მსაჯებთან თავდაჯერებულად და მოურიდებლად საუბრობდა... ამ ბიჭს აქვს მენტალიტეტი! მასში თითქმის სრული პაკეტია, რაც ერთ ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს“.

კიდევ ათობით ცნობადი ან შედარებით ნაკლებად ცნობადი ადამიანის კომენტარისა თუ შეფასების დაწერა შემიძლია იმაზე, თუ რამდენად მაგარი მენტალიტეტი აქვს ამ ბიჭს, თუმცა, ვფიქრობ, საჭირო აღარაა. ბევრი ფაქტორი მიგვითითებს იმაზე, რომ ჯუდისა და მადრიდული გრანდის ღირებულებათა დიდი ნაწილი თანხვედრაში მოდის, რაც წარმატებისთვის მშვენიერი საფუძველია.

შედარებები „ზიზუსთან“

„ფლორენტინო პერესს არ უყვარს, როცა ფეხბურთელი 25-30-35 და მსგავსად მაღალნომრიანი მაისურით თამაშობს. იგი „ძველი სკოლაა“ და მოსწონს, როცა სათამაშო ნომრები 1-დან 11-მდეა.„როდესაც „რეალში“ გადავედი, კარიერა მანოლო სანჩისმა დაასრულა და 5-ნომრიანი მაისური თავისუფალი იყო, პრეზიდენტმა მითხრა: „10-მდე რომელიმე ნომრის აღება ხომ არ გესიამოვნებოდა“? საბოლოოდ, 5-ნომრიანი მაისური შევარჩიეთ“, - ზიდანმა ეს ამბავი „ადიდასის“ მიერ ორგანიზებულ მესისთან ინტერვიუში მოგვიყვა.

ცხადია, როდესაც ხარ შემტევი ნახევარმცველი და მიდიხარ „რეალში“, ზიდანთან შედარებებს ვერ ასცდები. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთი მასშტაბის ფიგურას გადარებენ და მისი ნომრის ჩაცმა გიწევს. ასევე ფიქრობს ბელინგემიც.

„ბევრ ინტერვიუში მითქვამს, როგორი აღფრთოვანებული ვარ ზინედინ ზიდანით. მისი მემკვიდრეობით, რომელიც ამ ნომრით „რეალში“ დატოვა. მასთან შედარებას არ ვცდილობ, უბრალოდ, ვცდილობ, ვიყო ჯუდი, რომელიც მას და მის მაისურს უდიდეს პატივს სცემს“.

მართალია, ფეხბურთის გულშემატკივრებს შედარებების ამბებზე კამათი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ბელინგემის ზიდანთან შედარება, ჯერჯერობით, არალეგიტიმურია - ეს უნიჭიერესი ბიჭია, მაგრამ ის ზიდანია! ზინედინ ზიდანი! ამით უბრალოდ იმას ვამბობ, რომ სულ რაღაც 20 წლის ბელინგემს ჯერ არ გაუკეთებია თითქმის არაფერი ისეთი, რის გამოც ზიდანი ძალიან ზემოთაა, მაგრამ, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი „ზიზუზე“ მაღლა არ შეიძლება დადგეს. ოღონდ, ამას საქმე, შრომა და დაახლოებით ისეთივე ტემპებით გაგრძელება დასჭირდება, როგორითაც აქამდე მოვიდა.

ჩემი აზრით, სათამაშო სტილზე მეტად, ჯუდი და „ზიზუ“ ერთმანეთს მენტალიტეტით და გუნდზე გავლენით ჰგვანან. აი, დააკვირდით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც ვერ თამაშობდა ზიდანი, თითქოს გუნდიც გზას კარგავდა. ასევეა ბელინგემის შემთხვევაშიც. ისინი დიდი ეგოს ტიპაჟები არიან და სადაც არიან, ყველგან ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებს, საფეხბურთო მოედანზე, წვეულებაზე თუ ოფისში მუშაობისას. ასეთი თვისებებისა და ეგოს მქონე გამოკვეთილ ლიდერებს აქვთ უნარი, გუნდს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც წარბშეუხრელად გაუძღვნენ და ყველაზე მთავარ წერტილამდე ნებისმიერი ამინდში მიიყვანონ. ეს დაახლოებით ის თვისებაა, ნებისმიერ პილოტს რომ უნდა ჰქონდეს.

ზიდანმა, ბელინგემის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ, ეპოქათა შორის მნიშვნელოვან კონტრასტზე გააკეთა აქცენტი.

„ჩემს დროს ფეხბურთი ნაკლებად ფიზიკური იყო და შორს წასვლა მხოლოდ ტექნიკითაც შეგეძლო. ახლა, ვფიქრობ, ყველაფერი გაცილებით გართულებულია და თანამედროვე ფეხბურთი განსხვავებული. თუკი თამაში დღევანდელ ეპოქაში მომიწევდა, ალბათ, ჩემი ფიზიკური მონაცემები ამისთვის საუკეთესო ვარიანტი არ იქნებოდა“.

„ზიზუ“ ბურთთან გაცილებით გრაციოზული იყო, აი ისეთი მასშტაბის კლასიკური „ათიანი“, ფეხბურთის ისტორიაში სულ რამდენიმეს რომ გაიხსენებ. ჯუდს კი მრავალმხრივობა აქვს დიდ პლუსად და მისი იურისდიქცია მოედნის გაცილებით დიდ მონაკვეთზე ვრცელდება. თუმცა, ეს სხვაობა, შესაძლოა, ეპოქათა სხვაობამაც განაპირობა - ზიდანის დროს ფეხბურთი უფრო რომანტიკული და ნაკლებად ფიზიკური იყო, დღეს კი ვიწრო პროფილის მოთამაშეები თითქმის აღარ არიან და რაც არ უნდა მაგარი იყო, თუკი კონკრეტულ მომენტში აუცილებელ სხვა ფუნქციებსაც ვერ ითავსებ, დიდი შანსია, გუნდში შენი ადგილი არ გამოიძებნოს, რასაც მრავალმხრივობა, უნივერსალიზმი და მუდამ ყველაფრისთვის მზადყოფნა სჭირდება, რაც ახალ თაობას გაცილებით ორგანულად აქვს, ვიდრე ძველებს - ეს დიდწილად ცხოვრების ასწრაფებამ, მისი სტილისა და სპეციფიკის ცვლილებამ მოიტანა.

ცხადია, ვერც კარლო ანჩელოტი გაექცა ჟურნალისტებს იმისგან, ზიდანი-ბელინგემის შედარება არ ეთხოვათ.

„რთულია ერთმანეთს ორი განსხვავებული თაობის ფეხბურთელი შეადარო. რასაც ვხედავ, ბელინგემი საჯარიმო მოედნის შიგნით ძალიან ეფექტურად მოქმედებს, რაც ზიდანს ნაკლებად ჰქონდა. სამაგიეროდ, იგი ჯუდს ინდივიდუალური ხარისხით ჯობს. თუმცა, დღევანდელ ფეხბურთში საჭიროა ბელინგემისნაირი ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც მოედნის სწრაფად და ეფექტიანად დაფარვა-ათვისება შეუძლიათ“.

ყველაფრისგან, რაც ამ ქვეთავში მოვისმინეთ, ჯუდსა და „ზიზუს“ შორის მსგავსებაც საკმაოდ ბევრია და, ცხადია, განსხვავებაც. უშუალოდ სათამაშო უნარებითა და სპეციფიკით მათი დეტალური შედარება, ვფიქრობ, ძალიან ადრეა, რადგან ბელინგემი 20 წლისაა, ახლა სწავლობს და იხვეწება, ბევრ რამეში მოსამატებელი აქვს და ამაზე ანჩელოტიც ხშირად აქცენტირებს. წესით, ჯერ შორსაა მისი „პრაიმიც“, თუმცა ვინ იცის... აქედან გამომდინარე, ჩვენი მინი შედარებისას, პარალელები უფრო ხასიათის თვისებებსა და ისეთ დეტალებზე გავავლე, რაც მეტ-ნაკლებად ორგანულია და დეფორმაციას არ ან რთულად თუ ექვემდებარება. ისეთებზე, რის გამოც ზიდანმა გაიარა ის გზა, რაც გაიარა და რის გამოც ბელინგემი არის იქ, სადაც არის.

გაზიარება: