ჟან-მარკ ბოსმანი
Aa Aa

ბოსმანის წესი | რატომ შეიქმნა და რა შეცვალა ფეხბურთში

„ამ ბრძოლაში, რომელმაც ჩემი კარიერა შეიწირა, სულ მარტო ვიყავი. დღემდე ველოდები სხვა ფეხბურთელებისგან მადლობას - რონალდოსგან, ბექჰემისგან და ყველასგან, საერთოდ ყველასგან. ჩემთვის ეს წარსული არაა და ახლაც ბედნიერი ვარ, რადგან საქმე მოვიგე. ამას ჩემთვის ფული არ მოუტანია, სამაგიეროდ, სიამაყის სრული უფლება მაქვს“, - ეს ჟან-მარკ ბოსმანის სიტყვებია. კაცის, რომელმაც კარიერა დაკარგა, მაგრამ ფეხბურთისა და ფეხბურთელებისთვის ბევრი გააკეთა.

დღესდღეობით, უკვე რთულია, კლუბმა ფეხბურთელის უფლებები რამე ფორმით დაარღვიოს და ამისთვის საკადრისი პასუხი ვერ მიიღოს. თუმცა, 1995 წლამდე, ის ადამიანები, ვისი თამაშიც დღემდე აღგვაფრთოვანებს და მათი ყველა კოლეგა, ჩვეულებრივ მუშა ხელს წარმოადგენდა. ცოტა უტრირებული ფორმაა, მაგრამ სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ფეხბურთელთა კონტრაქტებთან დაკავშირებით ხდებოდა და როგორც ამას ზოგი კლუბი იყენებდა.

ბოსმანის ამბავი: რა მოხდა და რას ამბობს თავად

1990 წლის მიწურულს, ჟან-მარკ ბოსმანს ბელგიის პირველი დივიზიონის კლუბ „ლიეჟთან“ ხელშეკრულება უსრულდებოდა და კარიერის საფრანგეთში, კონკრეტულად „დიუნკერკში“ გაგრძელება სურდა. ფრანგულმა კლუბმა ლიეჟელებთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა სატრანსფერო თანხაზე ვერ მოილაპარაკა - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უთანასწორო და ხანგრძლივი ბრძოლა სწორედ ამ მომენტით დაიწყო.

 „1990 წელს, „ლიეჟთან“ კონტრაქტი მიმთავრდებოდა. მათ ხელფასი 4-ჯერ შემიმცირეს, პირადად ჩემთვის პრემიალური სისტემაც ისე გაწერეს, რომ პრაქტიკულად არაფრის გამომუშავების შანსი აღარ მქონდა. ამაზე ფედერაციამ მიპასუხა, რომ თუ ლიეჟელებთან ახალ ხელშეკრულებას არ გავაფორმებდი, დისკვალიფიკაციით დამსჯიდნენ. გამოდიოდა, რომ ფეხბურთელი მთელი ცხოვრების განმავლობაში კლუბის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო.

„დიუნკერკი“ ბევრად მაღალ ხელფასს მთავაზობდა, ვიდრე „ლიეჟში“ ვიღებდი. კლუბებს შორის შეთანხმებაც შედგა, მაგრამ რამდენიმე დღეში ლიეჟელებმა იმაზე 4-ჯერ მეტი თანხა მოითხოვეს, რაც მათ ჩემ სანაცვლოდ „სტანდარდს“ გადაუხადეს, ფრანგებმა კი ამაზე უკვე უარი თქვეს“.

გურმანების უმრავლესობისთვის 80-90-იანების ფეხბურთი სხვა რომანტიკაა. ამ წლებს ბევრი ისტორიაში საუკეთესოდაც მიიჩნევს. ვარსკვლავები მაშინაც ძალიან კარგად ცხოვრობდნენ და ბურთის გორებას, ანუ საყვარელი საქმის კეთებას, არხეინად აგრძელებდნენ. არც ერთ მათგანს თავში აზრად არ მოსდიოდა ის უსამართლობა, რაც შეიძლება კონკრეტულად მათი სტატუსის ფიგურებს ყველაზე ნაკლებად ეხებოდა, მაგრამ, ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერის დამანგრეველი გამოდგა. ბოსმანის სახით კი, ერთ-ერთმა რიგითმა ფეხბურთელმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმა პირველად ამოიღო.

ვინ არის ბოსმანი: საფეხბურთო კარიერა

ჟან-მარკ ბოსმანი 1990 წლის შემოდგომაზე 25 წლის იყო, 1995 წლის ზამთარში კი უკვე - 31-ის. ამ პერიოდში მან ცოტ-ცოტა ხნით „ოლიმპიკ სენტ-კუენტინსა“ და „ოლიმპიკ შარლერუაში“ ითამაშა, მაგრამ ფაქტია, ბელგიელი ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები იურიდიულ ბრძოლას შეეწირა. იგი სამართლებრივ დავას ბელგიის ფეხბურთის ფედერაციასთან, საფეხბურთო კლუბ „ლიეჟთან“ და უეფა-სთან ერთდროულად აწარმოებდა.

ბოსმანს ბელგიის ისტორიაში უნიჭიერეს ფეხბურთელთა შორის ვერ დავაყენოთ, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა უფლება ეფიქრა, რომ საკმაოდ წარმატებული და ხანგრძლივი კარიერის გაკეთება შეეძლო.

მისი დედა დამლაგებელი იყო, ხოლო მამა - მაღაროელი, ჩვენი ჟან-მარკი კი ქვეყანას 1964 წლის 30 ოქტომბერს, ლიეჟში მოევლინა: „ჩვენი სახლიდან „სტანდარდის“ სტადიონის დანახვა შეგეძლო. გარშემო ფოლადის ინდუსტრია იყო, თუმცა ახლა ასე აღარაა“.

საფეხბურთო ცხოვრებაც სწორედ „სტანდარდის“ სკოლაში, 10 წლის ასაკში დაიწყო, აი მე-20 დაბადების დღიდან 1 თვის თავზე კი გუნდის მაისურით, ჰარალდ შუმახერისა და პიერ ლიტბარსკის „კიოლნს“, უეფა-ს თასის ეგიდით დაუპირისპირდა. 1988 წელს, ლიეჟის კიდევ ერთ კლუბს, „ლიეჟს“ შეუერთდა და ევროტურნირებზე მასთან ერთადაც ითამაშა - „იუვენტუსთან“ ასევე უეფა-ს თასზე გამართული მატჩისას, ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

როგორც ხედავთ, ბოსმანი საშუალოზე მაღალ დონეზე თამაშობდა და კარიერის იმ ეტაპზე შედიოდა, როცა ფეხბურთელის ტალანტი ყველაზე მეტად უნდა გაიფურჩქნოს და დიდი ამბები დაიწყოს. დიდი ამბები დაიწყო, ოღონდ, არა საფეხბურთო მოედნებზე.

„გვერდით არავინ დამიდგა“ - ფეხბურთელებისგან სრულად მიტოვებული

„როცა ადვოკატებს ვესაუბრე, შევჯერდით, რომ ამ საქმის მოსაგვარებლად დაახლოებით 15 დღე დაგვჭირდებოდა. იურისტები ფიქრობდნენ, რომ კლუბები და ფედერაცია პასუხს სწრაფადვე დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საქმე მხოლოდ საფეხბურთო ძალებთან აღარ მქონდა და მხარდაჭერას არც ფიფა-სგან და უეფა-სგან მივიღებდი. მათ იგრძნეს, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩემი კარიერის დასრულება“.

კითხვაზე, მიიღო თუ არა ლიეჟელი თანაგუნდელებისგან მხარდაჭერა, ბოსმანის პასუხი ასევე საინტერესოა და კარგად აღწერს „ბოსმანის საქმემდე“ დაჩაგრული ფეხბურთელის დამონებულ სულს.

„მე ყველასთვის „თავისუფლებისთვის მებრძოლი ბოსმანი“ გავხდი. თანაგუნდელებმა მადლობა გადამიხადეს და დამემშვიდობნენ. ამაში მონაწილეობა არავის სურდა, რადგან ეშინოდათ, მაგრამ 1995 წელს, საქმის დასრულების შემდეგ, ბენეფიტები ყველა მათგანმა მიიღო. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პროტესტი გამოთქვა, „ანტვერპენში“ თამაშობდა. მან დაბალ ხელფასზე უარი თქვა, ფედერაციისგან კი პასუხად მიიღო, რომ ფეხბურთიდან მოკვეთდნენ. იგი ფოსტალიონი გახდა“.

წლების შემდეგ ბოსმანმა ფიფა-სა და უეფა-ს ექს-პრეზიდენტებზე - ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინიზე სარკასტული კომენტარი გააკეთა: „იცოდით, რომ ბლატერი და პლატინიც ფოსტალიონები იყვნენ? დიახ, მათ კონვერტების შესახებ ყველაფერი იციან“. ბოსმანი ასევე ამბობს, რომ ფიფა-მ და უეფა-მ ბოსმანის საქმით მნიშვნელოვანი წესი მიიღო, თუმცა საფეხბურთო სამყარომ იგი, როგორც პიროვნება და ფიგურა, უბრალოდ აღარ მიიღო.

„როდესაც ვიბრძოდი, ვიმედოვნებდი, რომ „ბოსმანის წესის“ პირობებში ფეხბურთში სხვა ვითარება იქნებოდა, მაგრამ რა მივიღეთ? არსებობს 25-მდე დიდი კლუბი, რომლებიც მდიდრდებიან და მდიდრდებიან. უკვე წლებია ჩემი საქმის გავლენას ცუდად იყენებენ. ეს მონოპოლიაა“.

ბელგიელ ფეხბურთელს იმ პერიოდში მხარდაჭერა პროფესიონალ ფეხბურთელთა მხარდაჭერის საერთაშორისო ასოციაციამ, FIFPro-მ გამოუცხადა, 90-იანების შუაში კი მის მიმართ მადლიერება მხოლოდ ერთეულმა მოთამაშეებმა გამოხატეს.

„ზოგს მადლობაც არ უთქვამს“ - 350 000 ხუთწლიანი ტიტანური ბრძოლისთვის

რეალურად რა მიიღო თავად ბოსმანმა? 5-წლიანი იურიდიული დავები, ნერვების წყვეტა, საქმის გამო გაჩენილი პოლიციასთან პრობლემები, რომლებიც მის ოჯახს შეეხო, ალკოჰოლიზმი, დეპრესია, შერყეული ფსიქიკა და კიდევ, ვინ იცის, რამდენი რამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 350 000 შვეიცარიული ფრანკით აუნაზღაურეს.

„ზოგ ფეხბურთელს ჩემ მიმართ მადლიერების გრძნობაც არ გამოუხატავს. მაგალითად, ფრანკ დე ბურმა და ფილიპ ალბერტმა ეს გააკეთეს, მაგრამ იგივეს ველოდი რონალდოსგან, ბექჰემისგან და სხვებისგან - ყველასგან, საერთოდ ყველასგან.

მათ ზარალის ანაზღაურებისთვის 350 000 ფრანკი გადამიხადეს. ეს სასაცილო თანხა იყო, მათ კი მითხრეს, რომ თუკი მეტი მსურდა, უნდა გამესაჩივრებინა და დავლოდებოდი. 350 000 ათასი იმისთვის, რომ წლების განმავლობაში „ბოსმანის საქმით“ სრულიად ვიყავი მოცული და თავს ძალაგამოცლილად ვგრძნობდი. დეპრესიაში ვიყავი, რადგან მუდამ სხვა რამეზე ფიქრი მიწევდა. შემდეგ ფსიქიატრთან ვიზიტი იყო, შემდეგ სმა - ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე“.

ბოსმანის წესი: რა შეცვალა და რა გავლენა მოახდინა ფეხბურთზე

„ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი კანონი, რომელიც ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ახალ კლუბში კომპენსაციის გარეშე გადავიდნენ“, - ეს წესის მოკლე ოფიციალური განმარტებაა.

1995 წელს, „ბოსმანის საქმეზე“ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მანამდე მოქმედი სატრანსფერო სისტემა არალეგიტიმურად და არაკანონიერად გამოაცხადა. წესის შემოღებამდე ევროპული კლუბების უმრავლესობას უცხოელი ფეხბურთელების ყიდვაზე ლიმიტი ჰქონდა. „ბოსმანის წესით“ კი ევროკავშირის ქვეყნებში სატრანსფერო რეგულაციები ძირეულად შეიცვალა და იქამდე არსებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა.

ბოსმანმა ერთ-ერთ საკითხად ლეგიონერების ლიმიტის ლეგიტიმურობაც დააყენა. ბელგიელი თვლიდა, რომ ამ შეზღუდვის ევროკავშირში არსებობით, „რომის ხელშეკრულების“ პირობები (კონკრეტულად ევროპის ერთიანი ბაზრის არსებობა) ირღვეოდა. ლოგიკურად, მართლაც ასე გამოდის და ამიტომაც, სასამართლომ ეს წესიც გააუქმა.

შედეგად, ფიფა და უეფა იძულებულნი გახდნენ, თანამედროვე სატრანსფერო სისტემა შემოეღოთ და მივიღეთ ის რეალობა, რომელსაც უკვე წლებია ფეხბურთის გულშემატკივარი თვალს ადევნებს. ყოველწლიურად იზრდება ტრანსფერებში დახარჯული თანხები და კლუბები ასტრონომიულ შემოსავლებს იღებენ.

„ყველასთვის ნათელია, რომ ჩემი საქმით ზოგიერთმა კლუბმა და ადამიანმა ძალიან დიდი ფული იშოვა. შეხედეთ ინგლისურ ფეხბურთს, რომელშიც ასტრონომიული თანხები ტრიალებს - მადლობა ბოსმანს!“, - ამბობდა ბოსმანი.

როცა ჩემს უფროს კოლეგას, სანდრო ცნობილაძეს, ბოსმანის ფეხბურთელობის შესახებ ვკითხე, აღტაცებით თვალები ნამდვილად არ ანთებია და მითხრა, რომ საშუალო დონის, ბევრით არაფრით გამორჩეული მოთამაშე იყო. სამაგიეროდ, შევთანხმდით, რომ ამ კაცმა ფეხბურთსა და უფრო მეტად სატრანსფერო რეგულაციების სამართლიანობას საკუთარი კარიერა შესწირა. იმ ავბედითი 5 წლის განმავლობაში ბოსმანის ცხოვრებაში კარგი პრაქტიკულად არაფერი მომხდარა - სმაზე, ფსიქიკურ აშლილობასა და მარტოობაზე უკვე ვილაპარაკეთ, ამის გარდა, ცოლი გაშორდა და მძიმე დეპრესიაში მყოფი ერთხანს გარაჟშიც ცხოვრობდა.

გაზიარება: