გიორგი მიქაუტაძე
Aa Aa

აიაქსი VS მარსელი | მატჩის წინ

ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონს ამსტერდამის „აიაქსი“ შინ „მარსელთან“ მატჩით გახსნის.

ასევე ველით გიორგი მიქაუტაძის პირველ მატჩს, რომელსაც ქართველი ფორვარდი უეფას ეგიდით გამართულ ტურნირზე ჩაატარებს.

აიაქსი

„აიაქსს“ ერედივიზიონში 12 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია. მას შემდეგ 2 ფრე და 2 მარცხი აქვთ. ამსტერდამელები 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან და ნიდერლანდურ პრესაში გუნდის მთავარი მწვრთნელის მორის სტეინის დათხოვნაზე ალაპარაკდნენ.

დანაკლისი

ამსტერდამელები ევროპა ლიგის პირველ ტურში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. რამდენიმე მოთამაშეს მცირე დაზიანება აქვს, თუმცა სერიოზული არაფერია.

მიქაუტაძე

ქართველ ფორვარდს ამსტერდამელთა რიგებში არც ისე კარგი სტარტი აქვს. ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია და პრესის მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა.

„ტვენტესთან“ შეხვედრაში მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა და მის პოზიციაზე არ უთამაშია. ქართველი ფლანგიდან უტევდა, სადაც როგორც მოგეხსენებათ, მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს.

რა თქვა მორის სტეინმა მატჩის წინ:

„ხვალინდელი მატჩისთვის სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და კარგად მოვემზადოთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა ახლა ხალხს კარგი აიაქსი ვანახოთ. მსურს ბიჭებმა გამბედაობა გამოიჩინონ და ამით ისიამოვნონ.

მეტოქეს რაც შეეხება, უცნაურია, რომ მატჩის წინ ისინი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, თუმცა ახალ მწვრთნელს გუნდისთვის ახალი ენერგიის მიცემა შეუძლია.

არ ვაპირებ, რომ მეტოქეს მოვერგოთ. ბიჭებმა იციან რას აკეთებენ, როცა 4-4-2-ით ან 4-3-3-ით ვთამაშობთ.

ვნანობ თუ არა აიქსის ჩაბარებას? არა, ერთი წამითაც არა. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ნიდერლანდების ყველაზე ლამაზი და უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ.

ჩემი დათხოვნა? მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, რასაც პრესა დაწერს. ამ ყველაფრისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა გუნდში არეულობას გამოიწვევს. მსგავს გარემოში მუშაობა ადრეც მომიწია, ეს ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს“.

მარსელი

რაც შეეხება „მარსელს“, გუნდი ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ბევრი „აიაქსთან“ მატჩამდე საათებით ადრე მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდა.

ლიგა 1-ში მარსელინიო გარსია ტორალის გუნდი ბოლო ტურებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა „მარსელს“ ჩემპიონატში ჯერჯერობით მარცხი არ ჰქონია - 2 მოგება და 3 ფრე.

„ოლიმპიკი“ 5 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 9 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

დანაკლისი

„მარსელას“ ამსტერდამში პაპე გეიე, პედრო რუისი და ისმაილა სარი არ ეყოლება.

მარსელინიოს დათხოვნის მიზეზები

მარსელინიო გარსია ტორალი თავისი რთული ხასიათით ცნობილია და ევროპულ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ მისი მორიგი ნაადრევად დათხოვნა სწორედ ამის ბრალი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

ფრანგული პრესის ცნობით, „მარსელის“ ქომაგები მარსელინიოს მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ. იგულისხმება გუნდის სათამაშო სტილი. ამ ყველაფრის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება, თან ასე სწრაფად ძალიან უცნაური იყო.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ „მარსელის“ მატჩი 21 სექტემბერს 23:00-ზე დაიწყება.

გაზიარება: