ჩემი თვალით დანახული ტალანტი | ალექსანდრე თურქია
Aa Aa

ჩემი თვალით დანახული ტალანტი | ალექსანდრე თურქია

პირველად, მისი თამაში გიორგი ხიზანიშვილის ასაკობრივ ნაკრებში, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ვნახე და ყველაზე უკეთ ის სითამამე დამამახსოვრდა, რომელიც მცირე ასაკში ჰქონდა. შევნიშნე, რომ არც თანამედროვე ტიპის ფორვარდისთვის საჭირო ინსტიქტების არ ქონას უჩიოდა: ყველანაირ ვითარებაში იმ პოზიციას პოულობდა, საიდანაც მეტოქის კარს შეუტევდა და თითოეული ბურთისთვის მთელი მონდომებით იბრძოდა. ესმოდა, რომ ნაკრების ფორმა ეცვა, რომლის ტარებაც პასუხისმგებლობასთან ერთად, პატივი იყო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ეს მატჩი, ისრაელის წინააღმდეგ, ანგარიშით- 1-3 დათმო, ალექსანდრე თურქიამ კი ჩემი სიტყვების სისწორე გოლით დაამოწმა, რომელიც თავადვე შექმნა, თანაც დასამახსოვრებელი და ლამაზი გამოუვიდა.

როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში პირველად გამომიძახეს,  პირველი ემოციები მშობლებს გავუზიარე. ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლი ყოველთვის მემახსოვრება. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როდესაც გოლი შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით გაგაქვს.

ჩემი ოცნებაა, ერთ დღესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური მოვირგო.

მაშინ მხოლოდ და მხოლოდ 15 წლის იყო, დინამო თბილისის აკადემია გამოვლილი, რომელმაც, უამრავი ბავშვის მსგავსად, მის განვითარებაში საკუთარი, დიდი წვლილი შეიტანა:

დინამო თბილისის აკადემიამ ძალიან ბევრი რამ მომცა. ფაქტობრივად, იქ გავიზარდე. დინამოში 10 წელი ვთამაშობდი და პროფესიონალ მწვრთნელებთან შეხება ყოველდღიურად მქონდა, - ამბობს ალექსანდრე ჩემთან საუბარში.

ფეხბურთის თამაში მცირე ასაკიდან დაიწყო. 4 წლიდან, ყოველ საღამოს, მამა ( ლევან თურქია, რომელიც ყოფილი ფეხბურთელი იყო და რომელმაც ტრავმების გამო, საფეხბურთო კარიერა ნაადრევად დაასრულა) მოედანზე გაიყვანდა და ინდივიდუალურად ავარჯიშებდა იქამდე, სანამ საფეხბურთო აკადემიისთვის რელევანტური ასაკის, 6 წლის არ გახდა და დინამო თბილისის აკადემიამ არ აიყვანა:

რა თქმა უნდა, ჩემს კარიერულ განვითარებაში, უდიდესი როლი მშობლებმა ითამაშეს. მამა ყოფილი ფეხბურთელია და ძალიან სურდა, მეც ფეხბურთელი გამოვსულიყავი. როდესაც დავიბადე, მამაჩემის პირველი საჩუქარი ბურთი იყო. აქამდე რა გზაც გამოვიარე, მშობლების დამსახურებაა. ისინი მუდამ გვერდში მიდგანან და ხელს მიწყობენ.

ნათია ჯიქია (დედა):

ალექსანდრეს ფეხბურთისადმი სიყვარული ძალიან პატარა ასაკში შევამჩნიეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მის დაბადებამდეც რაღაცნაირად დარწმუნებულები ვიყავით, რომ ფეხბურთელი იქნებოდა.

ჯერ კიდევ 2 წლიდან, ბურთთან ურთიერთობას უკვე სწავლობდა. ფაქტობრივად, მისი ძირითადი გასართობი ბურთი იყო. 6 წლის ასაკში უკვე თავად, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ფეხბურთზე სიარული სურდა. დინამო თბილისის სკოლაში მივიყვანეთ, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინა და ძალიან მალე აკადემიაში ჩაირიცხა.

ბავშვობიდან მშვიდი, გაწონასწორებული და ასაკთან შედარებით განვითარებული ბავშვი იყო, ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა სურდა.

10 წლის შემდეგ, ალექსანდრე თურქიამ დინამო თბილისი დატოვა და პირველი, პროფესიონალური კონტრაქტი თბილისის ლოკომოტივთან, 16 წლის ასაკში გააფორმა. მასალის მზადების პროცესში, მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა და საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ში 2 გოლიც (ორივე მატჩში) გაიტანა:

ლოკომოტივში ძალიან ჯანსაღი საფეხბურთო გარემოა და ყველაფერია იმისთვის, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

ახალგაზრდა თავდამსხმელს ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ენდო. თურქია მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, დაახლოებით 9 წუთში,  აქტივში გოლი ჩაიწერა, 23-ე ტურში, ხობის კოლხეთის წინააღმდეგ კი, გამარჯვების მომტანი გოლიც ასევე,  შემოსვლიდან 9 წუთში გაიტანა და ლოკომოტივს 3 ქულა გადაურჩინა.


რევაზ გოცირიძე (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი)

თურქია ნიჭიერი ფეხბურთელია: სწრაფია და საგოლე ალღოთი გამოირჩევა, თუმცა, ბუნებრივია, ასე მცირე ასაკში, კარიერის ამ ეტაპზე, ბევრ კომპონენტში მოსამატებელი და სამუშაო აქვს.

თუ გულით, მთელს ცხოვრებას ფეხბურთს დაუთმობს და თავდახრილი შრომას გააგრძელებს, აუცილებლად  დიდ ფეხბურთს ითამაშებს, - გვითხრა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა.

16 წლის ასაკში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 4-მა ფეხბურთელმა ითამაშა. ერთ-ერთი სწორედ ალექსანდრე თურქიაა. საინტერესოა, რომ ლოკომოტივის მაისურით, მისი პირველი გოლი კრისტალბეთ ლიგა 2-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულია. საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ში თურქიამდე, 16 წლის, 9 თვისა და 12 დღის (ან უფრო მცირე) ასაკში, არავის გაუტანია.

 

მასალა აუცილებლად პირადი ინტერესზე გაცემული პასუხით უნდა დამესრულებინა. მაინტერესებდა, მის პოზიციაზე მოთამაშე ქართველი და უცხოელი ფეხბურთელებიდან ვის თამაშს და რატომ გამოარჩევდა. პასუხად კილიან მბაპე და გიორგი მიქაუტაძე მივიღე, არჩევანი კი ასე ახსნა:

ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგი მიქაუტაძეს გამოვარჩევ. ძალიან მაგარი ფორვარდია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მუდამ კარზეა დაგეშილი, ცდილობს, მოედანი  გოლის გარეშე არ დატოვოს, რაც ფორვარდისთვის მნიშვნელოვანია.

ფოტო: GFF

P.s. სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს, უცხოელი სკაუტებისთვის ქართული საფეხბურთო ბაზარი ნელ-ნელა საინტერესოდ ასათვისებელ სივრცედ იქცა და მათ მიერ განხილული კონკრეტული ფეხბურთელების რაოდენობამ სოციალურ ქსელებში იმატა. ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი შემდეგი, რომელიც ამ სიას შეუერთდება, სწორედ ჩემი რესპონდენტი იქნება.

P.s.s. განსაკუთრებული მადლობა ლოკომოტივის პრესსამსახურს, ცოტნე ქინქლაძეს, რომელიც მასალის მომზადებაში დამეხმარა.

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია თბილისის ლოკომოტივის ფოტოები

გაზიარება: