ლივერპული, რეალი, ფაბინიო
Aa Aa

“ეს სიმართლეა, ჩვენ არასდროს დავდივართ მარტო“ - მე ფაბინიო ვარ

„მინდა ავხსნა, თუ როგორია „ლივერპულში“ თამაში, მაგრამ რაღაც უნდა ვაღიარო.. პრემიერ ლიგის პირველი გამოცდილება.. ძლივს, ძლივს, ძლივს მივიღე რეალურ მატჩში მონაწილეობა!!

2018/2019 წლების სეზონში „ვესტ ჰემი“ 4:0 დავამარცხეთ. სკამზე ვიჯექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ გულშემატკივრებს ვუყურებდი..

სანამ ინგლისში გადმოვიდოდი, პრემიერ ლიგას ტელევიზორში ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ „ენფილდის“ ჯადოსნური ატმოსფეროს შესახებ რაღაცები ვიცოდი. როდესაც აქ მოვედი იმ წამსვე მეგონა, რომ გულშემატკივრები You Will Never Walk Alone-ს იმღერებდნენ. ეს მომენტი ძალიან მიყვარს..

მაგრამ ვერანაირად მოემზადები იმისთვის, თუ როგორია ამის ცოცხლად მოსმენა.. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ რეაგირებს ტრიბუნები შენს ერთ ნებისმიერ ქმედებაზე..

ეს ხმაური, ეს ვნება.. მსგავსი არაფერი მინახავს!!

გულშემატკივრები გუნდის განუყოფელი ნაწილი არიან. მათ გარეშე არაფერი მუშაობს.. ისინი გვაგებინებენ, თუ როგორ ვთამაშობთ. ყოველ ნაბიჯზე გვიბიძგებენ.. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ და როცა რაიმე გვიჭირს თითქოს ვიღაც ყურში გიყვირის: „წადი!! გააკეთე!! შენ ეს შეგიძლია!!“

ეს ყველაფერი ჩემი პოზიციის ფეხბურთელისთვის იდეალურია.. ყურადღებას ვერასდროს მოადუნებ..

მათთან ერთად წარმოუდგენელ რაღაცებს მივაღწიეთ..

„ლივერპულში“ გადმოსვლა საუკეთესო იყო, რაც ჩემს კარიერაში შეიძლებოდა მომხდარიყო.. სიმართლე გითხრათ, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი..

ვფიქრობ, ბევრს უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მე ბრაზილიაში პროფესიონალურ დონეზე არასდროს მითამაშია და უცებ მადრიდის „რეალში“ აღმოვჩნდი. თითქოს რაღაც ნაბიჯი გამოვტოვე და ნამდვილი საოცრება ვიყავი.. რეალურად ასე არ იყო. ადრეულ ასაკში წარმატებას არ ველოდი..

დავბრუნდეთ იმ დროში, როცა „ფლუმინენსეს“ 20-წლამდე გუნდში ვიყავი. სულ ვფიქრობდი როდის მოვხვდებოდი მთავარ გუნდში და სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი..

ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი. მახსოვს 18 წლის ასაკში, გუნდში ფსიქოლოგი მოიყვანეს, რომელმაც მკითხა: „შენთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, რა არის მთავარი მიზანი“?

დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ ჩემი ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა მინდოდა..

მან მიპასუხა: „კარგი, ამის გასაკეთებლად ორი გზა არსებობს. დიდი ფეხბურთელი უნდა გახდე, ან ფეხბურთი უბრალოდ სამსახურად აქციო..“

მე მეორე ვარიანტი ავირჩიე, რადგან ბრაზილიაში ასეა. ფეხბურთი უმეტესი ბრაზილიელისთვის სამსახურია. აქ არ ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგაზე და მაღალ მიზნებზე.. მთავარია ოჯახს საკვები ჰქონდეს..

არასწორად არ გამიგოთ.. რა თქმა უნდა, ფეხბურთისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი..

კარგად მახსოვს, ბავშვობაში „სან პაულუს“ მაისური მეცვა და ბუცები არ მქონდა. ფეხბურთს ჩემი სახლის უკან ვთამაშობდი. მე ქალაქ კამპინასში ვცხოვრობდი..

არც მოედანი გვქონდა და არც კარის ძელი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? იქვე ხეს და კედელს შორის ავტოფარეხი იყო და სწორედ მის კარს ვიყენებდით საფეხბურთო კარად. როდესაც მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდიდით, ჩვენს დებს ვაძალებდით თამაშს..

ის დრო მართლა მაგარი იყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი წინ წავიდა. მე განვვითარდი და რეალობა შეიცვალა..

იცით? „ფლუმინენსეს“ პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ გამომიძახეს. „კორინთიასს“ ვეთამაშებოდით და მე 38-ნომრიანი მაისური მერგო, რომელსაც ფაბინიო ეწერა..

რეალურად მე ფაბიო მქვია და დღეს, რომ ფაბინიოს მეძახიან ეს ჩემი მწვრთნელის დამსახურებაა. გუნდში ორი ფაბიო ვიყავით და როდესაც მწვრთნელი რომელიმე ერთს გვეძახდა, პასუხს ორივე ვცემდით. ასე რომ, ერთ დღეს მან გადაწყვიტა, რომ მე ფაბინიოს დამიძახებდა..

როდესაც ჩემი მაისური პირველად ვნახე, რომელსაც გვარი და ნომერი ეწერა გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი სიგიჟე იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვითამაშებდი, თუ არა.. იმ მომენტში პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. ამას ვერავინ წარმოიდგენდა..

საბოლოოდ, 90 წუთი სკამზე გავატარე, მაგრამ უყურეთ მიმოხილვას. გოლის გატანის დროს კადრი სათადარიგოთა სკამზე გადმოდის და მე ემოციურად აღვნიშნავ. ეს არის ჩემი მთელი „ფლუმინენსეს“ პირველი გუნდის კარიერა..

დაახლოებით იმ დროს, როდესაც არ ვიცოდი როგორი მომავალი მექნებოდა, გაჩნდა საუბარი, რომ ჩემი გადაყვანა მეორე დივიზიონის გუნდს უნდოდა. სიმართლე გითხრათ, წინადადება, რომ მიმეღო, დავთანხმდებოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს დიდი ნაბიჯი იქნებოდა, თუ არა.. უბრალოდ ახალი შანსის ხელიდან გაშვება არ მსურდა..

დღემდე არ მესმის რატომ მომივიდა შეთავაზება პორტუგალიიდან. სასაცილოა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პირველად წავედი ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში გასამართ ტურნირზე. კარგად ვითამაშეთ, ბევრი კლუბი გვაკვირდებოდა.

კამპინასში დაბრუნების შემდეგ, ჩემთან „ფლუმინენსეს“ პრეზიდენტი მოვიდა და მითხრა, რომ გაყიდული ვიყავი. ტრანსფერი შედგა..

მე „რიუ ავეში“ მივდიოდი. პრეზიდენტმა მითხრა, რომ თუ სურვილი მექნებოდა დარჩენა შემეძლო, მაგრამ არა!! უნდა წავსულიყავი..

დედა ამ ამბავს ძალიან ემოციურად შეხვდა. ჩემი გაშვება არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.. ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე..

ძალიან ვნერვიულობდი. მე ხომ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი და ევროპაში პირველად მივემგზავრებოდი. საბედნიეროდ, დეკუსთან გასაუბრება შევძელი და მან ამიხსნა, თუ რა მელოდა პორტუგალიაში.

„რიუ ავეში“ ნუნუ ესპირიტუ სანტუ საკმაოდ კეთილგანწყობილი დამხვდა. ბინა ვიქირავე და წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გავიარე. შემდეგ ყველაფერი ისევ შეიცვალა..

პორტუგალიაში ჩასვლიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ ჩემმა აგენტმა კარზე დააკაკუნა და მითხრა: „ჩაალაგე შენი ნივთები და ჩემთან მოდი.“

არ მითხრა რა ხდებოდა..

მანქანაში ვისხედით და მითხრა: „ამ შემოთავაზებაზე უარი უბრალოდ არ უნდა თქვა. შენი გადაყვანა მადრიდის „რეალს“ სურს..“

შემდეგ ტელეფონი მომცა, რომ დედასთვის დამერეკა. ის ისევ ტიროდა, მაგრამ ამჯერად მეც ავტირდი. არ მჯეროდა.. იმ წუთებში ღმერთის ხელი ვიგრძენი, რომელიც მეხმარებოდა..

მადრიდში ჩავედი და სასტუმროში დავბინავდი. ვერ დავიძინე.. ვნერვიულობდი და ძალიან ცხელოდა. კონდიციონერის ჩართვა არ ვიცოდი და საცვლებში ვიწექი..

დილას ჩემს კარზე ვიღაც აკაკუნებდა.. ჯერ კიდევ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ კარი მაინც გავაღე. იცით ვინ იდგა იქ? ჟოზე მოურინიო ჩემს აგენტთან ერთად.. „განსაკუთრებული“ ჩემს სასტუმროს ნომერში? დაუჯერებელია..

ისეთი შოკირებული ვიყავი, რომ შარვლის ჩაცმაც ვერ მოვიფიქრე. ჟოზე მიხსნიდა, რომ მთავარ გუნდთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი უნდა გამევლო და შემდეგ მეორე გუნდში ვითამაშებდი.

გავჩუმდი.. ისიც გაჩუმდა.. და უცებ სიჩუმე ისევ მოურინიომ დაარღვია: „აქ მართლა ცხელა, არა?“

კასტილიაში ვთამაშობდი, მაგრამ პირველ გუნდთან ერთად ხშირად ვვარჯიშობდი. ეს ყველაფერი თითქოს არსაიდან მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებთან მოხვდა.

რონალდუ, იგუაინი, დი მარია.. საუკეთესოები არიან!! ასევე აღფრთოვანებული დავრჩი ლასანა დიარათი..

მათგან ბევრი ვისწავლე. 1 წლის შემდეგ, წასვლა ძალიან გამიჭირდა. კასტილიას მწვრთნელმა მითხრა, რომ თუ დავრჩებოდი, პირველ გუნდში თამაშის კარგი შანსი მექნებოდა. „მონაკოში“ ჩემს თავს ვხედავდი. მჯეროდა, რომ იქ რეგულარულად ვითამაშებდი..

2013 წელს „მონაკოში“ ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა. ხამეს როდრიგესი, ფალკაო, მოუტინიო, აბიდალი, მე..

პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. ძალიან ვნერვიულობდი. ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. გვირაბიდან გამოსვლისას, ჰიმნი ჩაირთო და მივხვდი, რომ „მონაკოში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო..

ყველაფერი საინტერესოდ წარიმართა. ჩემს მეოთხე სეზონში, „მონაკო“ ოცნების გუნდად გადაიქცა. ჩვენ კილიან მბაპე გვყავდა.. ის მხოლოდ 16 წლის იყო, მაგრამ ყველასგან განსხვავდებოდა!! მისი განვითარება კი ყველანაირ საზღვარს გასცდა..

ნელ-ნელა მეც განვვითარდი. ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი მქონდა და ჩემი მენტალიტეტიც შეიცვალა..

მახსოვს ლუის კამპოსმა მითხრა: „შენ აღარ ხარ უბრალოდ ფაბინიო, შენ აღარ ხარ „მონაკოს“ ფაბინიო.. შენ ბრაზილიის ნაკრების ფაბინიო ხარ..“

მე აღარ ვთამაშობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახს არაფერი მოკლებოდა. მე ტიტულებზე ფიქრი დავიწყე და სადაც ვიყავი იქ ყოფნა დავიმსახურე!!

2017 წელს, ტრანსფერი ბევრმა დიდმა გუნდმა შემომთავაზა. ჩემი გუნდელები წავიდნენ და მეც ველოდებოდი წასვლას..

„მონაკოს“ ჩემი გაყიდვა არ უნდოდა და საბოლოოდ დავრჩი. მადლობა ღმერთს, რომ დავრჩი, რადგან შემდეგ სეზონში სულ სხვა კლუბი დამიკავშირდა..

„ლივერპული“..

იმ წელს სხვა ინგლისური კლუბიც მეპატიჟებოდა, მაგრამ არჩევანის გაკეთება იურგენ კლოპმა გამიმარტივა. როდესაც მას ესაუბრები ყველაფერი გავიწყდება. ზუსტად 2 წუთში დავთანხმდი..

ერთმანეთს ინგლისში შევხვდით. მან ამიხსნა, თუ რა სისტემით აპირებდა თამაშს და ჩემს როლს ხაზი გაუსვა. ვერ გავიგე რას ამბობდა. მაშინ ინგლისური კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. საბედნიეროდ, თარჯიმანი მოიყვანეს. თარჯიმნის გარეშეც კი გესმის მისი პოზიტივის. სანამ გავიგებდი რა მითხრა, თავი დავუქნიე და ყველაფერში დავეთანხმე..

კლოპმა „ლივერპულისთვის“ ბევრი დიდებული რამ გააკეთა. ძნელია იმის ახსნა, თუ როგორი დიდებულია ის.. როდესაც აქ გადმოვედი, მივხვდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იყო..

ყოველდღე ნათლად იაზრებ იმას, თუ რას ნიშნავს „ლივერპული“ გულშემატკივრებისთვის. ეს თითოეულ მოქალაქეს ეტყობა. ეს სიყვარული და მხარდაჭერა წარმოუდგენელია.. და შემდეგ არის „ენფილდი“..

აქ თამაშის დროს სხვა გუნდებთან განსხვავებას ხედავ. ამ განსხვავებას გულშემატკივრები ქმნიან.. თუ „ლივერპულში“ არ გითამაშია, ამას ვერასდროს გაიგებ..

ამ ყველაფრის მაგალითი „ბარსელონას“ წინააღმდეგ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩია..

იცით? სტადიონზე 90 წუთის განმავლობაში 1 წამითაც კი სკამზე არავინ დამჯდარა. ჩემი ოჯახი იქ იყო და მითხრეს, რომ სტიუარდებმა მუშაობა შეწყვიტეს. უბრალოდ აზრი არ ჰქონდა სკამზე დაჯდომის მოწოდებას.. მათ ასეთი ატმოსფერო არასდროს ენახათ..

წაგებული პირველი თამაშის შემდეგ, ცუდი განცდა არ გვქონდა, რადგან კარგად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მახსოვს, მესი დიდად აქტიური არ იყო, მაგრამ უცებ ორი გოლი გაიტანა.

მესამე გოლი ჯარიმიდან გაიტანა და ეს ჩემი ბრალი იყო. თამაშის წესი მე დავარღვიე, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთე. კარიდან საკმაოდ შორს იყო და ვფიქრობდი, რომ იქიდან ვერ გაიტანდა..

შევცდი..

ის ხომ ლიონელ მესია..

გასახდელში, რა თქმა უნდა, ცუდ ხასიათზე ვიყავით, მაგრამ ოპტიმიზმი მაინც გვქონდა. ერთმანეთს ვეკითხებოდი, თუ როგორ წავაგეთ 0:3.. ამ დროს კლოპმა გვკითხა: „თქვენ ისევ გჯერათ, რომ „ენფილდზე“ მოვიგებთ და ფინალში გავალთ?“

პირველმა მე ვუპასუხე: „დიახ!“

შემდეგ იყო მანე: „მეც ასე ვფიქრობ..“

კლოპმა თქვა: „კარგია, მე ამის მჯერა!“

ჩვენი რწმენა მეორე თამაშის წინ უფრო გაძლიერდა. არც კი გვახსოვდა, რომ სალაჰი და ფირმინო დაიმტვრნენ. უბრალოდ, კარგად ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.

არის ღამეები, რომელთა ახსნაც არ შეგიძლია.. დივოკის და ვაინალდუმის ფენომენალური თამაში.. ტრენტის კუთხური.. ეს ბედისწერა იყო, სხვანაირად ვერ ავხსნი..

მეორე გოლის დროს, შეიძლება ითქვას, „ბარსელონამ“ ეს ნათლად იგრძნო. მესამე გოლი ძალიან სწრაფად გავიტანეთ და ცოტა შემეშინდა. ახლა ისინი შეტევაში გადმოვიდოდნენ..

დივოკის მეორე გოლზე რეაქცია არ მქონდა. მეგონა, რომ მსაჯი არ ჩათვლიდა.. მხოლოდ ორიჯის ზეიმი ჩანდა..

ვერ ვიჯერებდი, რომ ამ გზით მეოთხე გოლი გავიტანეთ..

ფინალში, „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ, დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა გავაკეთეთ. ჩემს მედალთან ერთად ბრაზილიაში დავბრუნდი. ყველასთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვიყავი. ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა..

წინა წელს, „რეალთან“ წაგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო. იმ დროს, ჩვენს გუნდში, ბევრ ფეხბურთელს დიდი ტიტული არ ჰქონდათ მოგებული..

როდესაც აქ ჩამოვედი, „ლივერპულს“ 28 წელი არ ჰქონდა მოგებული პრემიერ ლიგა, 13 წელი ჩემპიონთა ლიგა და 6 წელი ზოგადად ტიტული.. იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ასე შეიცვალა, დიდებულია..

გულშემატკივრებთან ერთად წვეულება კი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. კარგად მახსოვს, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ პრემიერ ლიგას მოვიგებდით, ეს ზეიმი იმასთან შედარებით არაფერი იქნებოდა.. ლივერპული დაინგრეოდა..

სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ამის ნახვა ვერ შევძელი, მაგრამ გუნდის ავტობუსით ქალაქში გადაადგილება და აღლუმი მაინც საოცარი იყო.. არ ვიცი რამდენ ადამიანს შეუძლია მსგავსი რამ განიცადოს..

ბოლო სეზონი ჩაგვივარდა, მაგრამ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ. ეს წარუშლელი ისტორიაა!! ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ!!

ახლა უკვე მამა ვარ და ჩემი პატარა „სქაუზერი“ მყავს.. მას ისრაელი ჰქვია. ვერ ვითმენ ისე მინდა მისი „ენფილდზე“ წაყვანა. მინდა, რომ ჩემსავით გაოცებულმა უყუროს ტრიბუნებს..

გულშემატკივრების მადლიერი ვარ..

ისინი ნებისმიერ რთულ მომენტში ჩვენს გვერდით არიან..

ჩვენ თქვენი გვესმის.. ჩვენ თქვენ გგრძნობთ..

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წარმატებულ სვლას, რადგან თქვენ ამის ძალას გვაძლევთ..

და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვნახოთ ის დღე, როდესაც ქალაქი ლივერპული ზეიმისგან დაინგრევა..“ - მე ფაბინიო ვარ

გაზიარება: