მილანი, ინტერი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

მილანი VS ინტერი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანურ დერბის ვიხილავთ. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სერია ა

ბოლო პერიოდში „ნერაძური“ ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და ოთხეულში ადგილის დამკვიდრებას წარმატებით აგრძელებს. სერია ა-ს ბოლო ტურში „ინტერი“ „რომას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

რაც შეეხება „მილანს“, „როსონერიმ“ ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. გასულ ტურში კი საკუთარ კედლებში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სტეფანო პიოლის შეგირდებმა „ლაციო“ 2:0 დაამარცხეს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 63 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო „მილანი“ 61 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგა

შეიძლება ითქვას, სიმონე ინძაგის გუნდმა ნახევარფინალამდე საკმაოდ მარტივი გზა გაიარა, თუმცა ჯგუფში კონკურენტი „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ჰყავდა. მერვედფინალში „ნერაძურიმ“ „პორტუს“ აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში „ბენფიკას“.

განსხვავებით „ინტერისგან“, „მილანს“ საკმაოდ რთული გზა შეხვდა. პიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ „ტოტენჰემის“ ბარიერი დაძლია, ხოლო შემდეგ სერია ა-ს ჩემპიონი „ნაპოლი“ დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მილანური დერბი ორჯერ გაიმართა. პირველად ეს 2002/2003 წლების სეზონში მოხდა. პირველ მატჩში ნომინალურად მასპინძელი „მილანი“ იყო და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე შეხვედრაში 1:1 დაფიქსირდა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში „როსონერი“ გავიდა.

2 წლის შემდეგ ეს გუნდები მეოთხედფინალურ სტადიაზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ამ შემთხვევაში „მილანს“ გამარჯვება აღარ გაუჭირდა. პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო, ხოლო მეორე მატჩს 1:0-ს იგებდა და გულშემატკივრების მოწყობილი არეულობის გამო შეწყდა. საბოლოოდ „როსონერის“ 3:0 ტექნიკური მოგება ჩაეთვალა.

დანაკლისი

მილანურ დერბის ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. „ინტერს“ მილან შკრინიარი და დალბერტი არ ეყოლება, ხოლო „მილანს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პობეგა. უფრო დიდ პრობლემას ის ქმნის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რაფაელ ლეაოს თამაში. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პიოლიმ ჟურნალისტებს ორაზროვანი პასუხი გასცა და გადაჭრით ვერ განაცხადა ითამაშებს, თუ არა პორტუგალიელი გარემარბი.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ?

„ბოლო პერიოდში ჩემი გუნდი საუკეთესოდ მოემზადა, რაც შედეგებზე აისახა. კარგად გვაქვს გააზრებული ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. ეს ნახევარფინალია და პლუს დერბი. გვინდა, რომ ამ ყველაფერს საუკეთესოდ გავუმკლავდეთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. წინ ისტორიული 180 წუთია.

გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მილანურ დერბის. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში 7 დერბიში მივიღე მონაწილეობა. ზოგი მოვიგეთ, ზოგი წავაგეთ. ვიაზრებთ, რომ თითოეული მატჩი უნიკალურია. „მილანის“ მოთამაშეების ხარისხი ბრწყინვალეა, მაგრამ ვიცით როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ. ჩვენი სათამაშო გეგმა ლეაოზე დამოკიდებული არაა. არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებს, თუ არა.

„მილანი“ ხარისხიანი გუნდია, რომელიც თითოეული მატჩისთვის იდეალურად ემზადება. კარგად იციან როგორ ითამაშონ. ორივე გუნდისთვის ისტორიული მომენტია. ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„ჩემს გუნდს სულისკვეთება არასდროს აკლდა, მაგრამ ეს საკმარისი არასდროს არის, თუ ხარისხი არ გაქვს. რთულ, მაგრამ სახალისო თამაშს ველოდები. ბოლო დღეებში ჩემს ფეხბურთელებს მაქსიმალურ მონდომებას ვუნერგავ. ჩვენ „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ გამოვაგდეთ. „მილანს“ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

ზოგიერთისთვის „ინტერი“ ფავორიტია და ამ სიტუაციის გამოყენება გვსურს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დაპირისპირება შესაძლოა 180 წუთზე მეტხანს გაგრძელდეს. ფინალში გასვლა საოცარი იქნება. ლეაომ ინდივიდუალური პროგრამით ითამაშებს. ვნახოთ როგორ იგრძნობს თავს ხვალ.

წინასწარ არ ვიცი ითამაშებს, თუ არა. გამორიცხული არაფერია. რაფაელს უნიკალური შესაძლებლობები აქვს და თუ ის არ იქნება სხვა შესაძლებლობების მოძიება მოგვიწევს. ამ გუნდით ვამაყობ და ძალიან მოტივირებული ვარ.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მილანური დერბი 10 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: