პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa Aa

მადრიდის რეალი VS მანჩესტერ სიტი - მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება და გასული სეზონის მსგავსად, კიდევ ერთი სასწაულის შემოთავაზებას ეცდება.

უახლესი ისტორია:

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ 2021/22 წლების სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება. პეპ გუარდიოლას გუნდმა „ეტიჰად სთედიუმზე“ პირველი შეხვედრა 4:3 მოიგო, საპასუხო მატჩში კი 89-ე წუთამდე 1:0 იგებდა, თუმცა როდრიგოს მიერ შესრულებული დუბლის წყალობით, თამაში დამატებით ტაიმებში გადავიდა, სადაც მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში 6:5 გაიმარჯვეს. აქედან გამომდინარე, მთავარი ინტრიგაც სწორედ ამაში მდგომარეობს, შეძლებს, თუ არა გუარდიოლას გუნდი ამჯერად „რეალის“ ბარიერის დაძლევას.

ბოლო შეხვედრები

მანჩესტერ სიტი:

„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში სამ ფრონტზე იბრძვის. ჩემპიონთა ლიგის გარდა, „ქალაქელებს“ პრემიერ ლიგის მოგების შანსიც აქვთ, სადაც ყველაფერი მათ ხელშია. ასევე, „სიტი“ FA Cup-ის ფინალშიც იასპარეზებს, სადაც თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3 ივნისს დაუპირისპირდება. გუარდიოლას გუნდს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან კი 17 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ კი ფრედ ითამაშა. ამასთან, პეპმა ზედიზედ 6 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, ბოლოს კი 19 აპრილს, მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ვერ მოუგო, როდესაც საპასუხო მატჩში ფრედ, 1:1 ითამაშა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო. ბოლო ტურში, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „ლიდსს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 82 ქულით ლიდერობს და „არსენალს“ 1 ქულით უსწრებს.

მადრიდის რეალი:

მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა, გუნდი შიდა ჩემპიონატში არადამაჯერებლად გამოიყურება. მადრიდელებმა ბოლო 10 შეხვედრიდან 7 მოიგეს და სამჯერ დამარცხდნენ. ანჩელოტის გუნდმა მარცხი განიცადა შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურში, როდესაც „რეალ სოსიედადთან“ სტუმრად 2:0 წააგო. მანამდე იყო „ალმერიასთან“ საკუთარ მოედანზე გამარჯვება და „ჟირონასთან“ მტკივნეული მარცხი. შედეგად, „რეალმა“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაკარგა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, მათ წინ კი თანაქალაქელი „ატლეტიკო“ აღმოჩნდა. თუმცა, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა ხასიათის გამოსწორება გასულ უქმეებზე, კოპა დელ რეის ფინალში შეძლეს, სადაც „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხეს და სამეფო თასის ჩემპიონობა 9-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმეს.

დანაკლისი:

ანჩელოტის გუნდი მოახლოებულ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ედერ მილიტაო ვერ დაეხმარება. ასევე, კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს დანი სებალიოსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ფერლან მენდის თამაშიც. „მანჩესტერ სიტი“ კი მადრიდში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ:

ხვალინდელ შეხვედრაში დადებითი შედეგის დაფიქსირება გვსურს. არ გვინდა დავიტანჯოთ და ეს ისე გავაკეთოთ, კარგად თამაში გვინდა. მიზანი პრობლემების მაქსიმალურად თავიდან აცილებაა. შესაძლოა, „მანჩესტერ სიტი“ შეუჩერებელი გუნდი ჩანდეს, თუმცა ჩვენი შანსები აუცილებლად გვექნება და კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ, მეტოქე გუნდურად არის ძლიერი.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ:

ჩვენ არ ვართ აქ შურისძიების მიზნით, უბრალოდ ვიღებთ იმ შესაძლებლობას, რაც დავიმსახურეთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ აქ მოსახვედრად, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამით არ დავკმაყოფილდებით. უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე წინა თამაშებში. გაკვეთილიც სწორედ ეს არის, შურისძიებისთვის არ უნდა ითამაშო. იმედი მაქვს, მანჩესტერში ფინალში გასვლის კარგი შესაძლებლობით დავბრუნდებით.

მდგომარეობა საკმაოდ ჰგავს შარშანდელს. ახლაც პრემიერ ლიგის მოსაგებად ვიბრძვით და კვლავ „რეალს“ ვხვდებით. შარშან ფინალში გასასვლელად ვიბრძოდით და ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. სახლში არაჩვეულებრივად ვითამაშეთ და აქაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ვულოცავ „რეალს“ იმ თამაშის მოგება, ახლა კი კვლავ აქ ვართ.

ურთიერთშეხვედრები:

ოფიციალურ შეხვედრებში, გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ და აბსოლუტური თანაფარდობაა. სამი მოგება „რეალს“, სამი მოგება „სიტის“ და ორი ფრე.

მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 9 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 17 მაისს გაიმართება.

გაზიარება: