ინტერი, ჟოზე მოურინიო, ქუინს პარკ რეინჯერსი, ფლამენგო, ჟულიო სეზარი
Aa Aa

„უცებ მოურინიო ადგა და გინება დამიწყო“ - მე ჟულიო სეზარი ვარ

„ცხოვრებაში მომენტები უნდა შევაგროვოთ.. ჩვენ უბრალოდ გარკვეულ გზას გავდივართ..

ეს ჩემმა ბიძაშვილმა რამდენიმე წლის წინ მითხრა. მე ვფიქრობ ეს მშვენიერი გზაა იმის სათქმელად, რომ ცხოვრებისეული მომენტებით უნდა დატკბე, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის და დგება მომენტი, როცა რაღაცების გახსენება მოგინდება..

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები რამდენიმე ნაწილად დავყავი და ზოგიერთი მათგანი მინდა გაგიზიაროთ..

შეიძლება რაღაცები არათანმიმდევრულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ყველა მათგანს აქვს აზრი..

თავი 3: „მოურინიო პიაცა დუომოზე(ტაძრის მოედანი)“

2009 წელს „ინტერთან“ ერთად სერია ა მოვიგე. საკმაოდ დატვირთული და ხანგრძლივი სეზონი გვქონდა. მოგზაურობა, სასტუმროები, ვარჯიშები, თამაშები, ოჯახის მონატრება.. საბოლოოდ ჩემპიონები გავხდით!

აქედან გამომდინარე, გვქონდა გეგმა, რომ ჩემპიონობა გიჟურად აღგვენიშნა!

რეალურად ასეთ დროს ამას აკეთებენ, არა?

მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ერთადერთი და განუმეორებელი ჟოზე მოურინიო იყო. მოდით ვაღიაროთ, ის მართლაც განსაკუთრებულია და მას იმ დღეს სულ სხვა გეგმა ჰქონდა..

ასეც მოხდა.. შაბათს მილანში მდებარე სასტუმროში ვიყავით და კვირას „სიენასთან“ გვქონდა თამაში. ვიცოდით, რომ იმ ტურში თუ „მილანი“ „უდინეზესთან“ დამარცხდებოდა ავტომატურად ჩემპიონები ვხდებოდით. ასე რომ, მატჩს ყველამ ერთად ვუყუროთ. „როსონერიმ“ წააგო და ჩვენ გავგიჟდით..

იტალიის ჩემპიონები!!

სად უნდა წავსულიყავით? ჩვენი საყვარელი ადგილი პიაცა დუომოა, რომელიც მილანის მთავარი მოედანია. „ინტერი“ თავის ტიტულებს გულშემატკივრებთან ერთად სწორედ იქ აღნიშნავს, მაგრამ როდესაც ძანეტის და სხვა რამდენიმე თანაგუნდელს ვესაუბრე, გავიგე, რომ მოურინიოს ეს ყველაფერი არ სურდა..

ჟოზეს უნდოდა, რომ „სიენასთან“ მატჩის წინ დაგვესვენა. არადა აზრი აღარ ჰქონდა, ჩემპიონები ვიყავით..

მაშინ მივხვდი, რომ მოურინიოს სერია ა-ს რეკორდის დამხობა სურდა. საქმე ყველაზე მეტი მატჩის მოგებას ეხებოდა ერთი სეზონის განმავლობაში.

გამეცინა და ძანეტის ვუთხარი: „პიაცაზე უნდა წავიდეთ, ამას ვიმსახურებთ“.

შემდეგ მოურინიო შემოვიდა და დამიყვირა: „ჟულიო, რატომ არ მიდიხარ იქ მარტო?“

მე ვუპასუხე: „იქ ყველას უნდა წასვლა, მაგრამ არავინ გეუბნება, რადგან შენი ეშინიათ. მე არ მეშინია..“

ჟოზე თავისი ოთახისკენ წავიდა. ამის მიღებას არ ვაპირებდი და გავყევი. ოთახში შევიდა.. შევყევი.. ლოგინზე წამოწვა და ვუთხარი: „თუ იქ არ წამოხვალ ჩემპიონატს ვერასდროს ვეღარ მოიგებ“.

უცებ მოურინიო ადგა და გინება დამიწყო. აბსოლუტურად ყველა სიტყვა მაკადრა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მან მემგონი ჩემი ნათქვამი სერიოზულად მიიღო.

ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მალე ორი ავტობუსი მოვიდა, რათა პიაცა დუომოზე წავსულიყავით. რამდენიმე წუთში, მოედანზე ვიყავით და გულშემატკივრებთან ერთად ვმღეროდით. ერთ-ერთი მომენტში გავიაზრე, რომ ძალიან ნასვამი ვიყავი. მოურინიოს კისერში მოვკიდე ხელი და ვუთხარი: „მართლა სასტუმროში გინდოდა დარჩენა? შეხედე რა ხდება!! ეს ყველაფერი შენთვის არის!“

მან მხოლოდ სიცილი დაიწყო. სასტუმროში დილის 5 საათზე დავბრუნდით და პირდაპირ დავიძინე..

და ჩვენ შემდეგ „სიენა“ 3:0 დავამარცხეთ..

თავი 4: „ცრემლები მადრიდში“

2008/2009 წლებში ჩემი ურთიერთობა მოურინიოსთან მამა-შვილის მსგავსი იყო. შემდეგ კი უფრო… კარგი, მოდით ვთქვათ, რომ უფრო რთული გახდა..

2010 წლის გაზაფხულზე ჩვენ ტრიპლეტისთვის ვიბრძოდით. იმ პერიოდში საშინლად ვთამაშობდი. ერთ-ერთ ვარჯიშზე მოურინიო ჩემთან მოვიდა და საშინელი გაყინული ხმით მითხრა:

„შეხედე, შენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარიდან სერია ც-ს მეკარის დონე გახდი..“

ეს იყო მისი გამხნევების მეთოდი გესმით? იდეა იყო, რომ მე უკეთესობისკენ პროვოცირებას მოვახდენდი. ის „ინტერი“ იმდენად წარმატებული იყო, რომ ჟოზე ყველას გამჭვირვალედ გვექცეოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას გუნდის წინაშე აკრიტიკებდა. თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ ამაზე ყველა დადებითად ვერ რეაგირებს. იცით? მე ნდობა დავკარგე. მოედანზე გასული კიდევ უფრო დაუცველი გავხდი..

მოურინიოს ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ თუ თავს უსამართლოდ გრძნობ, შეგიძლია დაელაპარაკო. ერთ-ერთ დღეს ძალიან დიდ ხანს ვისაუბრეთ.. ამ ყველაფერმა კი ჰაერი გაასუფთავა..

მანამდე მძიმედ და სევდიანად ვგრძნობდი თავს..

შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იყო..

რამდენიმე თვის შემდეგ, უეფა-მ წლის საუკეთესო მეკარედ დამასახელა. მოვიგეთ სერია ა და კოპა იტალია, მაგრამ მთავარი ჩემპიონთა ლიგა იყო. „ინტერს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 45 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული და პრეზიდენტი მასიმო მორატი ამით შეპყრობილი იყო.

ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ. დაახლოებით 70 თუ 80 კაცი მყავდა დაპატიჟებული. მთელი ოჯახი და მეგობრები იტალიიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან..

როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა ჩემი ოჯახისკენ და მეგობრებისკენ გიჟივით გავიქეცი. განსაკუთრებით დედაჩემის მარია დე ფატიმას ნახვა მინდოდა. ის იყო ერთადერთი, რომელიც პროფესიონალური ფეხბურთისკენ მიბიძგებდა. რეალურად მე ფუტსალი უფრო მომწონდა..

მოედანზე ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა. ვიპოვე ჩემი შვილი კაუე, მხრებზე დავისვი და თანაგუნდელებისკენ წავედი.

მან იმ მომენტის ჩემთან ერთად აღნიშვნა შეძლო..

თავი 2: „მენგაოს ოჯახი“

არ მოგატყუებთ და როდესაც კარიერაში ჩემს მომავალ გუნდს ვირჩევდი ფინანსები ყოველთვის მნიშვნ ელოვანი იყო. 2005 წელს „ფლამენგომ“ კარგი კონტრაქტი შემომთავაზა და ეს მათი მაქსიმუმი იყო, მაგრამ, როდესაც შემდეგ „ინტერი“ დამიკავშირდა, მათ გაცილებით უკეთესი პირობები წამიყენეს და ვიგრძენი, რომ უნდა დავთანხმებოდი..

დავრჩებოდი, თუ არა „ფლამენგოში“ იგივე ხელფასი, რომ შემოეთავაზებინათ?

კი! ამაში ეჭვიც კი არ მეპარება!

მე „ფლამენგომ“ გამზარდა. პირველი პროფესიონალური მატჩი იქ ჩავატარე და პირველი ხელფასიც იქ ავიღე..

ჩემი ჯანმრთელობა, ოჯახი, ფინანსები.. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს „ფლამენგოს“ დამსახურებაა. ამ კლუბთან ვალში ვარ!!

სამწუხაროდ მშობლიურ გუნდთან ერთად ტიტული ვერ მოვიგე. იქ 2001 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ვთამაშობდი და ძირითადად გასავარდნ ზონაში ვიყავით..

როდესაც თამაშობ კლუბში, რომელსაც 40 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, თითქოს ერს წარმოადგენ გესმის? ისინი ძალიან მომთხოვნები არიან და ვნებიანები არიან. დაძაბულობის გამო სახლიდან გამოსვლაც კი პრობლემა იყო. რესტორანში წასვლაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო..

მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები ჩემს მიმართ სიყვარულს ყოველთვის ავლენდნენ. ვფიქრობ ეს იმის დამსახურება იყო, რომ აკადემიიდან გადმოსული ვიყავი. ჩემს ემოციებს არასდროს ვმალავდი..

გარდა ამისა, „ფლამენგო“ სერია ბ-ში არასდროს გავარდნილა და ამით გულშემატკივრები ძალიან ამაყობენ..

ჩემი ყველაზე დიდი სინანული კოპა ლიბერტადორესის თასია, რომელიც „ფლამენგოსთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია. 2002 წელს ჯგუფში გადაგვანაწილეს და გვითხრეს, რომ ადვილი გუნდები შეგვხვდა.

პირველ ტურში ისეთი გუნდი შეგვხვდა, რომლის სახელიც არასდროს გაგვიგია. „ვანს კალდასი“.. ჯანდაბა, არ ვიცი ვინ იყვნენ..

გულშემატკივრებიც იგივეს ფიქრობდნენ. რეალურად მართლა ადვილი ჯგუფი შეგვხვდა. „ვანს კალდასის“ გარდა ჯგუფში „უნივერსიდადი“ და „ოლიმპია“ იყვნენ. საბოლოოდ, გამარჯვებული „ოლიმპია“ გახდა..

ჰო.. ჯგუფში მოვკვდით.. ეს იყო კატასტროფა..

თავი 5: „მოკრივე ტორონტოში“

2012 წელს, „ინტერში“ გატარებული 7 სეზონის შემდეგ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სხვა გუნდში ვითამაშებდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ აღმოვჩნდებოდი..

ყველაფერი გართულდა, რადგან იმ პერიოდში „ინტერმა“ ხარჯების შემცირება დაიწყო და გუნდი ნელ-ნელა დაიშალა. მათ ჩემი ხელფასის შემცირება სურდათ და მე ეს უსამართლოდ მივიჩნიე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. ეს ძალიან სევდიანი იყო..

მაგიდაზე მხოლოდ ერთი შემოთავაზება მქონდა და ეს „ქუინს პარკი“ იყო. რა თქმა უნდა, ხელფასი ისევ პრიორიტეტული გახლდათ, მაგრამ პროექტის მჯეროდა. პრემიერ ლიგამ აღმაფრთოვანა და ლონდონი შესანიშნავი ქალაქია..

მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა დიდი ინვესტიცია ჩადო არაფერი გამოვიდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვქონდა და პრემიერ ლიგიდან გავვარდით. თავის მხრივ, ვფიქრობდი, რომ მარკ ჰიუზის დროს კარგად ვითამაშე, მაგრამ, როდესაც გუნდში ჰარი რედნაპი მოვიდა სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი..

მე და ჰარის პრობლემები გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემდით. მან სხვა მეკარე რობერტ გრინი აირჩია. საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მაინც უცნაური.. რედნაპი სულ მეუბნებოდა, რომ ფანტასტიკური მეკარე ვიყავი და უთამაშებლობის საბოლოო მიზეზს ვერ ვხვდებოდი..

ყველაზე სიგიჟე ის იყო, რომ ქპრ-ში არ ვთამაშობდი, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში მაინც გამომიძახეს. 2012 წელს, „სელესაოს“ მწვრთნელად სკოლარი დაინიშნა. პირველივე მატჩში გამომიძახა..

სამწუხაროდ მისი კრიტიკა დაიწყო, რადგან სკოლარიმ გამოიძახა ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში რეგულარული სათამაშო დრო არ ჰქონდა. ხალხი ამბობდა, რომ ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდიოდა. რაც შეეხება ქპრ-ს, მათ არ აინტერესებდათ, რომ მე ბრაზილიაში ვთამაშობდი. მერე რა, რომ მე მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების წევრი ვიყავი? მაშინაც კი, როდესაც 2013 წელს ბრაზილიამ კონფედერაციის თასი მოიგო და მე ტურნირის საუკეთესო მეკარე გავხდი, არაფერი შეცვლილა..

ყოველ შემთხვევაში, მომდევნო წელს სკოლარიმ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა იგრძნო. მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა, რომელიც ჩვენს სამშობლოში იმართებოდა. ჩემპიონობის გარდა სხვა ყველაფერი კატასტროფა იქნებოდა. მუნდიალის დაწყების წინ, სკოლარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე „სელესაოს“ შემადგენლობაში ვიქნებოდი.

ეს თამამი ნაბიჯი იყო, რის გამოც მისი მუდამ მადლიერი ვიქნები..

მე არ ვიცოდი ვითამაშებდი, თუ არა.. სკოლარიმ მხოლოდ ის თქვა, რომ განაცხადში ვიქნებოდი. საბოლოო შემადგენლობის დასახელებამდე კიდევ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი..

კარგი შანსი მქონდა, რომ ჩემი სიძლიერე ყველასთვის დამემტკიცებინა..

2013 წლის ნოემბერში, კანადაში ბრაზილიას ჩილესთან ამხანაგურ მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა. 2 თვით ადრე ერთი თითი მოვიტეხე და ორი ამოვიგდე. ქპრ-ს ექიმმა მითხრა, რომ ჩილესთან ვერ ვითამაშებდი.

ეს წარმოუდგენელი იყო, აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავი..

სკოლარიმ დამირეკა და მკითხა: „როგორ ხარ?“

მე ვუთხარი: „ჩემი იმედი გქონდეს, მე ვითამაშებ.“

სკოლარი: „როგორ? შენ თითი მოიტეხე..“

მე: „უბრალოდ მენდე..“

დავიქირავე ექიმი სახელად ფრედ მანეასი, რომელსაც 17 წლიდან ვიცნობ. ის ჩემთან ერთად ცხოვრობდა და 24-საათიანი მკურნალობის ქვეშ ვიყავი. რამდენიმე კვირაში ბევრად უკეთესად გავხდი..

როდესაც შემადგენლობის გამოცხადების დრო დადგა, სკოლარის ვუთხარი, რომ მზად ვიყავი. ქპრ-ს ექიმმა, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა ვერ დაიჯერა, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა რეაბილიტაცია. მითხრა, რომ ასეთი ტემპით გამოჯანმრთელება არასდროს უნახავს.

ვითამაშე და ჩილე 2:1 დავამარცხეთ..

სკოლარის აწუხებდა, რომ ქპრ-ში არ ვთამაშობდი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ პირველი მეკარე მე ვიქნებოდი..

ეს საკითხი მეც მაწუხებდა. კონფედერაციის თასიდან 6 თვე იყო გასული და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. პრესა ისევ ზეწოლას ახდენდა ჩემზე. ქპრ-ს თავი დავაღწიე, მაგრამ ჩემი ინტერესი მხოლოდ „ტორონტოს“ ჰქონდა.

და არა, მე „ფლამენგოსგან“ არანაირი შეთავაზება არ მიმიღია. არადა იმ დროს ჭორები ვრცელდებოდა..

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ „ტორონტოში“ ჩემი იჯარის წესით წასვლა საოცნებო ნაბიჯი არ იყო, მაგრამ თუ მუნდიალზე მინდოდა თამაში ეს უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ მაინც კარგად მოხდა. იქ თებერვალში ჩავედი და მომდევნო სამი თვის ყოველი დღე ფეხბურთს მივუძღვენი. უკიდურესად ორიენტირებული ვიყავი..

თავს მოკრივედ ვგრძნობდი, რომელიც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა..

თავი 6: „7:1“

მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ რაიმე დამავიწყდა ან რაიმეს გავექეცი.. როდესაც 7 გოლს უშვებ ვერასდროს დაივიწყებ. შეიძლება ეს ნაკლებად მტკივნეული მინდვრის მოთამაშისთვის იყოს, მაგრამ მეკარისთვის არა. ყველამ ვიცით, რას როგორ იტყვიან..

ყოველთვის დასვამენ კითხვას, თუ ვინ იყო ის მეკარე, რომელმაც 7 გოლი გაუშვა.

დიახ, ის ჟულიო სეზარი იყო..

რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? მხოლოდ რეაბილიტაციაზე უნდა იფიქრო. უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემას აწყდები და აქედან გამოსვლას ცდილობ.. ცდილობ წინ გაიხედო და მადლობა ღმერთს, რომ ამ საკითხზე დღეს აქტიურად აღარ საუბრობენ..

ერთადერთი რასაც ვიტყვი არის ის, რომ არასდროს მინანია 2014 წლის მუნდიალზე თამაში. მე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს ქვეყანაში ვითამაშე. საბოლოო ჯამში კი ასეთ დიდ ტურნირზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 3-ჯერ მოვხვდი. ეს დიდი პატივია!!

გარდა ამისა, არასდროს დამავიწყდება ჩილესთან მოგერიებული 2 პენალტი. იმ დროს მთელი ქვეყანა გაიყინა და ჩემი იმედი ჰქონდა. ეს რაღაც სხვანაირი და განსაკუთრებული შეგრძნება იყო..


რაც არ უნდა თქვას ხალხმა, იმ ემოციებს და გრძნობებს ვერაფერი წამართმევს!!

7:1-მა გაგვანადგურა. ნაწილებად დავიშალეთ და მე მჯერა, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც იმ მატჩში მონაწილეობდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონიდან განსხვავებული ადამიანის სტატუსით გავიდა..

ამის შემდეგ, ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი..

ისე ცუდად ვიყავი, რომ დამავიწყდა საერთოდ რამ შემაყვარა ფეხბურთი..

თავი 1: „დასაწყისი“

ბავშვობაში ჩემს ოჯახთან ერთად მარაკანაზე „ფლამენგოს“ თამაშების საყურებლად დავდიოდი. გიგანტურ პანდუსზე ასვლისას ჩემი გული უფრო სწრაფად იწყებდა ცემას..

1987 წელს ზიკოს შესრულებულ ჰეთ-თრიკს ჩვენი თვალებით ვუყურეთ. მაშინ 7 წლის ვიყავი, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებით კარგად მახსოვს. ბოლო გოლი, რომელიც ზიკომ ჯარიმის ნიშნულიდან გაიტანა საოცრება იყო..

მამა თამაშის მიმდინარეობისას გამუდმებით კომენტარებს აკეთებდა, გვამხნევებდა და გვიბიძგებდა.. ამ ყველაფერმა ჩემში ფეხბურთის მიმართ სიყვარული გააჩინა. იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ მეც ფეხბურთელი გავხდებოდი..

თავი 7: „სახლში დაბრუნება“

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კარიერის დასრულება კიდევ იმ მიზეზით მინდოდა, რომ ქპრ-ში თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი. რაღაცნაირად ჩემს თავში მოტივაცია ვიპოვე და კარიერის გაგრძელება ვარჩიე. ცხოვრება გარკვეულ სიტუაციებში გაგდებს. ის ან უნდა მიიღო, ან მასზე რეაგირება მოახდინო. მე რეაგირება ვარჩიე..

სულ მალე „ბენფიკას“ შევუთანხმდი..

რატომ „ბენფიკა“? ლისაბონი ძალიან მიყვარდა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ „ბენფიკა“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება. თითქმის 4 წელიწადში 6 ტიტული მოვიგე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მათ შანსი მომცეს ფეხბურთი ახლიდან მყვარებოდა. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები პრეზიდენტ ლუის ფელიპე ვიეირასი. ის კარიერის ყველაზე რთულ მომენტში დამეხმარა..

2017 წელს დამეუფლა შეგრძნება, რომ „ბენფიკაში“ ჩემი დრო დასრულდა. ამიტომ კონტრაქტი გავწყვიტე..

ვნანობ, თუ არა რაიმეს? აბსოლუტურად არაფერს. ორი ათწლეული ვთამაშობდი და უამრავი ტიტული მოვიგე. ღმერთმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი, როცა პატარა ბიჭი ვიყავი..

კარიერის დასრულება „ბენფიკაში“ კონტრაქტის გაწყვეტით არ მინდოდა. სწორედ ამიტომ, 2018 წელს „ფლამენგოსთან“ მოვაწერე ხელი. იქ სულ რამდენიმე თვე ვიყავი, მაგრამ ეს იყო გზა, რითიც გუნდს და გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდიდი.. მე ვითამაშე კაპიტნის რანგში „მარაკანაზე“ 50 000 გულშემატკივრის წინაშე. იმხელა სიყვარული ვიგრძენი, რომ ამას სიტყვებით ვერ აღვწერ.

ასეთი დამშვიდობება იყო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება..

თავი 8: „ფინალი“

როდესაც კარიერა დავასრულე „ფლამენგოს“ გულშემატკივარი გავხდი. 1 წლის შემდეგ ისინი კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდნენ. ეს ტურნირი 1981 წლის შემდეგ არ გვქონდა მოგებული და ახლა ფინალში „რივერ პლეიტს“ ვუპირისპირდებოდით. სტადიონზე ჩემს შვილთან კაუესთან ერთად წავედი.

თამაშის დაწყებამდე ჩემი შვილი ძალიან ნერვიულობდა. „რივერმა“ გაგვიტანა და პირველი ტაიმი მოიგო. კაუემ იმედი დაკარგა და ვუთხარი, რომ თამაში მხოლოდ მსაჯის სასტვენის შემდეგ მთავრდება..

89-ე წუთზე გაბრიელმა ანგარიში გაათანაბრა. ყველა წამოვხტით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. 3 წუთში გაბრიელმა ისევ გაიტანა და „ფლამენგომ“ ნანატრი ტიტული მოიგო. კაუეს გადავეხვიე და ყურში ჩავყვირე: „ხომ გითხარი, ხომ გეუბნებოდი!! ჩვენ მოვიგეთ!!“

შემდეგ რამდენიმე წამით დრო გაიყინა. ჩემი თავი გამახსენდა, როდესაც მამას „ფლამენგოს“ თამაშებზე დავყავდი. ახლა როლები გავცვალეთ..

უცებ რეალობაში დავბრუნდი, ძალების დაკარგვა ვიგრძენი, დაბნელდა და წავიქეცი..

როდესაც გამოვფხიზლდი ექიმებმა მითხრეს იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ სუნთქვა შევწყვიტე. ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა.. მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერი იყო. მიუხედავად ამისა, დაცემა მტკივნეული აღმოჩნდა.. ფეხი მაწუხებდა..

კაუემ წამომაყენა და მაინც ვტიროდი. მე ხომ ამ კლუბს 9 წლის ასაკში შევუერთდი და ახლა კოპა ლიბერტადორესის მოგებას აღვნიშნავდით..

ამ გამარჯვების ჩემს შვილთან ერთად აღნიშვნა ის მოგონებაა, რომელიც არასდროს დამტოვებს.. ეს იყო ის ერთ-ერთი რამ, რაც ახალგაზრდობას გაგრძნობინებს, თუნდაც უფროს ასაკში..

და ეს არის კიდევ ერთი რამ, რასაც დღეს ღიმილით ვიხსენებ. ღმერთმა ნება დამრთო დამეწერა იმაზე დიდი ისტორია, ვიდრე წარმომედგინა..

საერთო ჯამში. ეს იყო ერთი ჯოჯოხეთური წიგნი..“ - მე ჟულიო სეზარი ვარ

გაზიარება: