ჩელსი, რეალი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

რეალი VS ჩელსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მერვედფინალი

შეიძლება ითქვას, მადრიდულმა გრანდმა „ლივერპულის“ ბარიერი მარტივად დაძლია. აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსი“ სტუმრად 0:2-ს აგებდა და კიდევ ერთი ისტორიული ქამბექი შემოგვთავაზა. ანჩელოტის ბიჭებმა 5:2 მოიგეს. განმეორებითი მატჩი კი „რეალის“ სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

რაც შეეხება „ჩელსის“, პირველი შეხვედრა „არისტოკრატებმა“ სტუმრად „დორტმუნდთან“ წააგეს, მაგრამ მეორე მატჩში იმ მომენტისთვის პოტერის გუნდმა დამაჯერებლად 2:0 მოიგო. გოლები სტერლინგმა და ჰავერცმა გაიტანეს.

ლა ლიგა

„სამეფო კლუბმა“ ლა ლიგისთვის ბრძოლა დაასრულა. „ბლანკოსი“ პირველ ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 13 ქულით ჩამორჩება და უკანასკნელ ტურში, საკუთარ კედლებში „ვილიარეალთან“ 2:3 წააგო, თუმცა ეს მარცხი მათ განწყობას ვერ გააფუჭებს.

რამდენიმე დღის წინ, „რეალი“ სტუმრად „კამპ ნოუზე“ ჩავიდა, „ბარსელონას“ 4:0 მოუგო და სამეფო თასის ფინალში გავიდა.

პრემიერ ლიგა

ლონდონელებს შიდა ჩემპიონატში არაფერი გამოსდით. გრეჰემ პოტერი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ფრენკ ლამპარდი დანიშნეს, რომელსაც წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა. „ჩელსი“ სტუმრად „ვულვზთან“ 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, „არისტოკრატები“ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.

დანაკლისი:

„ლურჯებს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ფრენკ ლამპარდის განკარგულებაში ობამეიანგი, მადუეკე და ბადიაშილე არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტიაგო სილვას, ასპილიკუეტას და მაუნთის თამაში.

„რეალის“ მარცხენა ფლანგის პრობლემები კი არ დასრულდა. ტრავმირებულია ფერლან მენდი და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდ ალაბას თამაშიც. დიდი ალბათობით ამ პოზიციას კვლავ ედუარდო კამავინგა დაიკავებს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ბოლო წლებში ერთმანეთს ხშირად ხვდებიან. 2 წლის წინ, „რეალი“ და „ჩელსი“ ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც ორი მატჩის ჯამში „არისტოკრატებმა“ გაიმარჯვეს, ფინალში გავიდნენ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

გასულ წელს, მათი დაპირისპირება მეოთხედფინალში მოხდა. პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და „რეალმა“ 3:1 მოიგო. მეორე მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა. „ლურჯები“ 3:0-ს იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ 2 გოლის გატანა მოახერხა და შემდეგ ეტაპზე კარლო ანჩელოტის გუნდი გავიდა.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„პირველ რიგში, ყველამ მინდა გაიაზროს, რომ წინ 120 წუთია და ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი არ არის. უბრალოდ გვინდა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო შევქმნათ. უნდა ვეცადოთ, რომ პირველ შეხვედრაში სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ. ვფიქრობ, გასულ წელს პარიზში ჩატარებული მატჩის გარდა, ყველგან კარგად ვითამაშეთ და ჩემპიონობა დავიმსახურეთ.

თავი კარგად უნდა დავიცვათ და ასევე კარგად შევუტიოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ბარსელონასთან“ გავაკეთეთ. გასულ წელს „ჩელსისთან“ დავიტანჯეთ. ეს სხვა დონის გუნდია და მათ დიდი მოტივაცია აქვთ. ლამპარდის გამოცდილება არაფერ შუაშია. მე 20-წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ საერთოდ არაფერს შეცვლის ხვალინდელ მატჩში.

„ჩელსიში“ დაბრუნება? იქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ არა! ლამპარდი სწორი პიროვნებაა და იქ დიდებულ საქმეებს გააკეთებს. ვინისიუსი შეუჩერებელია და ლონდონელებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.“

რა თქვა ლამპარდმა მატჩის წინ?

„ვფიქრობ, „რეალთან“ დაპირისპირება ჩემი ფეხბურთელებისთვის ახალი არ არის. მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ამ ეტაპზე დონე იმატებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ზეწოლის ქვეშ თამაში შეგვიძლია.

ფეხბურთში ყოველ ახალ სეზონში ახალი ისტორია იწერება. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ „რეალი“ განსაკუთრებული გუნდია და რაღაცების გაკონტროლება შეუძლებელია. ჩემი ყურადღება გასული წლის მატჩებზე არ არის. მე მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვფიქრობ.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: