მილანი, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa Aa

მილანი VS ნაპოლი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მერვედფინალი

შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლიმ“ მერვედფინალური ბარიერი მარტივად დაძლია. პირველი მატჩი გერმანიაში გაიმართა, სადაც „პარტენოპეიმ“ ოსიმენისა და დი ლორენცოს გოლებით გაიმარჯვა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ქართველმა ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე დაპირისპირება კი ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 3:0 მოიგო. ამჯერად თავი ოსიმენმა(2) და ზიელინსკიმ გამოიჩინეს.

რაც შეეხება „მილანს“, „როსონერიმ“ „ტოტენჰემის“ ბარიერი დაძლია. პირველი შეხვედრა იტალიაში გაიმართა და პიოლის გუნდმა ბრაჰიმ დიაზის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. მეორე მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა.

სერია ა

ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ჩემპიონი ნაპოლი გახდება. „პარტენოპეიმ“ სერია ა-ს უკანასკნელ ტურში სტუმრად „ლეჩეს“ 2:1 მოუგო, ხოლო „მილანმა“ საკუთარ კედლებში „ემპოლი“ ვერ დაამარცხა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ამ მომენტისთვის, სერია ა-ს „ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. „როსონერი“ კი 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.

დანაკლისი:

ამ მხრივ რთული პრობლემების წინაშე „ნაპოლი“ დგას. ლუჩიანო სპალეტის გუნდის მთავარი ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო დააკლდება. ასევე, მატჩში მონაწილეობას ჯოვანი სიმეონე ვერ მიიღებს და „ნაპოლი“ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩა.

„მილანს“ ზლატანი არ ეყოლება, რადგან სეზონის დაწყების წინ, ის განაცხადში არ შეიყვანეს. პრობლემა აქვს კალულუს, თუმცა სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი „სან სიროზე“ გაიმართა, რომელიც „ნაპოლიმ“ პოლიტანოს და სიმეონეს გოლებით 2:1 მოიგო, ხოლო მეორე დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

ბოლო 6 შეხვედრიდან, 3 „მილანმა“ ნეაპოლში მოიგო, „ნაპოლიმ“ კი მილანში: ვფიქრობ, ახლა განსხვავებულ ბალანსს ვნახავთ, რადგან ჩემპიონთა ლიგა აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. ეს არის ეტაპი, რომელშიც 180 წუთი, ან უფრო მეტი ვითამაშებთ და გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. ბოლოდროინდელი თამაშები გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს, თუმცა ამ ორ მატჩში ესენი არ გამეორდება.

იქნება თუ არა მისაღები ფრე, ან 1:0 გამარჯვება? შესანიშნავი მატჩი უნდა ჩავატაროთ და მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთი შევთავაზოთ, მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი, გამარჯვებული კი ორი მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ყველა სიტუაციაში დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. „ნაპოლის“ მაღალი დონის გუნდი ჰყავს და ვხედავთ, როგორც თამაშობენ. მათ შეუძლიათ ყველა იმ შეცდომით ისარგებლონ, რომელსაც დავუშვებთ. მათ ჩვენთვის ბევრი ხიფათის მოტანა შეუძლიათ.

იტალიის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია თამაში. მაღალი გონებრივი ინტენსივობით თამაში გვჭირდება და შანსები, რომლებსაც შევქმნით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ვართ თუ არა აუთსაიდერები? მოდით სერია A-ს თავი დავანებოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვისაუბროთ, ისტორიასა და ოცნებებზე. მაქსიმალურად მშვიდად ვართ. შეხვედრისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ და იმედი მაქვს იმ ენთუზიაზმით ვითამაშებთ, როგორიც ვარჯიშებზე ვიხილე. ნახევარფინალში, ან ფინალში გასვლა ფანტასტიკური გრძნობა იქნება.

რისი მეშინია? „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დღეისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მათ აქვთ შესანიშნავი ხარისხი და ეს უმიზეზოდ არ ხდება. ვფიქრობ, დარჩენილ რვა გუნდში ისინი ყველაზე ძლიერები არიან, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ კარგი თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

კვარა ცრუ ცხრიანზე? წინასწარ არ ვიცი რას შემოგვთავაზებს სპალეტი, მაგრამ ბიჭები ყველა სიტუაციისთვის მზად არიან. ბოლო შედეგისგან გათვალისწინებით, შესაძლოა, დაცვით ფაზაში განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ. არ ვიცი, აქტიურად შეგვიტევენ, თუ ჩვენს მოქმედებებს დაელოდებიან. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თავისუფალი სივრცეები შევუზღუდოთ.“

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„გუნდის სიძლიერეს მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება და მათი გაერთიანება წარმოადგენს. ვიცით, როგორ ვითამაშოთ ოსიმენის გარეშე. ჩვენ აქამდე იმიტომაც მოვედით, რომ უკვე მოვიგეთ მატჩები, როცა ოსიმენი არ გვყავდა.

თუ სერია ა-ში „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის იყო საინტერესო, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მთელი მსოფლიოს ინტერესს წარმოადგენს, ასეთ მატჩებს მთელი მსოფლიო უყურებს.

ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? იმედი მაქვს, წინ სხვა მნიშვნელოვანი მატჩებიც იქნება. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. ამასობაში, სიამოვნებას ვიღებთ ამ საათებით, მატჩისთვის მზადებით, საუზმითა თუ ვარჯიშით,  ეს სასიამოვნო პროცესია“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: