ინტერი, ჩემპიონთა ლიგა, ბენფიკა
Aa Aa

ბენფიკა VS ინტერი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბენფიკა“ „ინტერს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მერვედფინალი

მილანურმა კლუბმა მერვედფინალური ბარიერი რთულად გაიარა. იტალიელები „პორტუს“ შეხვდნენ. პირველი მატჩი „ნერაძურიმ“ 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებითი შეხვედრა პორტუგალიაში ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებს რამდენიმე 100%-იანი მომენტი ჰქონდათ, თუმცა გოლი არ გავიდა.

რაც შეეხება „ბენფიკას“, ლისაბონელებმა ყველაფერი მარტივად გააკეთეს. პორტუგალიელთა მეტოქე „ბრიუგე“ იყო, რომელსაც პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 მოუგეს, ხოლო საკუთარ კედლებში 5:1.

სერია ა

დიდი ხანია „ინტერმა“ საჩემპიონო შანსები დაკარგა და ახლა ოთხეულისთვის იბრძვის. სიმონე ინძაგის გუნდმა, სერია ა-ში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. საყაიმო ანგარიში ბოლო ტურში „სალერნიტანასთან“ დაფიქსირდა. „ინტერი“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

პორტუგალიის ლიგა

ლისაბონური კლუბი დიდი ხანია საკუთარი ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ „ინტერთან“ მატჩს მაინც ცუდ ხასიათზე ხვდება, რადგან გასულ ტურში „ბენფიკამ“ უშუალო კონკურენტს და მოსისხლე მტერს „პორტუს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, პირველ და მეორე ადგილს შორის სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა.

დანაკლისი

მასპინძელთა გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს. „ბენფიკას“ „ინტერის“ წინააღმდეგ ოტამენდი, დრაქსლერი, ბა და რისტიჩი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გონსალო რამოშის თამაში. „ინტერს“ კი მხოლოდ დეალბერტი დააკლდება.

რა თქვა შმიდტმა მატჩის წინ ?

„ამ ეტაპზე ყველა მეტოქე უმაღლეს დონეზე ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არც „ინტერი“ იქნება. მეოთხედფინალი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენც და „ინტერმაც“ აქ მოსახვედრად ბევრი რამ გავაკეთეთ.

ჩვენი მეტოქისგან საუკეთესო თამაშს ველოდები. ისინი ძალიან კონცენტრირებულნი  და მოტივირებულნი გამოვლენ, მაგრამ ჩვენც ზუსტად ასეთები ვიქნებით. ინდივიდუალურად უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. პრიორიტეტი გამარჯვებაა.“

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ?

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ცუდ იღბალზე. ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ასე ხდება. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც დიდი ღირებულებები გააჩნია. „ბენფიკა“ არის ტექნიკური გუნდი, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ ეტაპამდე ჩვენი რწმენით მოვედით და ბედნიერები ვართ.

ჩვენ თავს მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ. ეპიზოდები სწორ გზაზე არ დაგვაყენებს. გუნდისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ველოდები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, აპრილის თვეში აქ ყოფნა იყო და რა თქმა უნდა, შემდეგი მიზანი ნახევარფინალია. ჩემპიონთა ლიგა არაჩვეულებრივი ტურნირია. აქ მუდამ სასწაულები ხდება.“

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკას“ და „ინტერის“ დაპირისპირება 11 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: