რეალი, ბარსელონა, ელ კლასიკო
Aa Aa

ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ

კოპა დელ რეის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

პირველი მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და კატალონიის „ბარსელონამ“ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი გაუქმებულია და მადრიდელებს თამაშში დასაბრუნებლად მხოლოდ ერთო გოლი სჭირდებათ.

ბოლო 3 მატჩი

აღსანიშნავია, რომ ჩავი ერნანდესის გუნდმა მადრიდულ გრანდს ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივე მოიგო. პირველი ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით გაიმართა, რომელიც „ბლაუგრანამ“ 3:1 მოიგო. შემდეგ, როგორც უკვე მოგახსენეთ კოპა დელ რეიზე შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო უკანასკნელი მატჩი ლა ლიგაში გაიმართა, რომელშიც ბარსამ „რეალს“ 2:1 აჯობა.

ლა ლიგა

ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა თითქმის დასრულებულია. „სამეფო კლუბსა“ და „ბლაუგრანას“ შორის ქულათა სხვაობა 12-ს შეადგენს. უკანასკნელ ტურში ორივე გუნდმა მოიგო. „რეალმა“ საკუთარ კედლებში „ვალიადოლიდი“ 6:0 გაანადგურა, ხოლო „ბარსელონამ“ სტუმრად „ელჩე“ 4:0 დაამარცხა.

დანაკლისი:

ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემა ჩავი ერნანდესს აქვს. ტრავმების გამო „ბარსელონას“ უსმან დემბელე, პედრი, ფრენკი დე იონგი და კრისტენსენი არ ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფეხბურთელი ბარასას ძირითადი შემადგენლობის წევრია. რაც შეეხება „რეალს“, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ფერლან მენდი არ იქნება, რომელმაც ვარჯიშზე კვლავ დაზიანება მიიღო და რეაბილიტაციის პროცესს გადის.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, როგორც ეს სუპერ თასზე და ლა ლიგაში გავაკეთეთ. დომინირებას ვეცდებით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. 1:0 ეს ძალიან კარგი ანგარიშია. მადრიდის „რეალთან“ ორი თამაშის მოგება რთულია. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მათ 2-მატჩიანი დაპირისპირება წააგეს? სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „რეალი“ ფავორიტია.

ჩემთვის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ეს არის გუნდის დიდი დაპირისპირება. ფეარ პლეის პატივი უნდა ვცეთ. ანჩელოტის გუნდთან ბევრჯერ ვითამაშეთ, მათ კარგად ვიცნობთ და ყველაფერი გაანალიზებული გვაქვს. „რეალმა“ მკაფიოდ და კარგად იცის, რასაც აკეთებს.

აგრესიულ „რეალს“ ველოდები. ისინი პრესინგს მიმართავენ. ამაში კი მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. ბურთის ფლობა პრიორიტეტი იქნება. ახლა „ბლანკოსი“ დაზარალებულია და შურისძიება სურს. ჩვენთან ბოლო სამი თამაში წააგეს.. რთულ მატჩს ველოდები. მადრიდულ კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვეცდებით.“

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„მწვრთნელებს შორის ინდივიდუალური დაპირისპირება ძალიან რთულია. ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ბოლო რამდენიმე „ელ კლასიკო“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. შედეგს მხოლოდ მაშინ არ ვუყურებთ, როცა ის დადებითია. ასეთი მატჩში ტემპი და ინტენსივობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეფექტურად დაწყება უპირატესობას მოგვცემს.

ეს არის მატჩი, რომელსაც დიდი წნეხი ახლავს. ვეტერანების გამოცდილება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სისტემის შეცვლა რთულია მაშინ, როცა მთელი სეზონი ერთი სისტემით თამაშობ, მაგრამ არის ასპექტები, რისი საშუალებითაც „ბარსელონას“ გაოცება შეგვიძლია. მოდრიჩი და კროოსი ხელშეუხებელნი არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ითამაშებენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსი გვყავს ხშირად სწორედ ის იტვირთება. განსხვავებული სიტუაციაა მარჯვნივ. თუ ვალვერდე თამაშობს, ვინისიუსს უფრო მეტად უწევს ცენტრში შემოსვლა, მაგრამ როდრიგოს შემთხვევაში სხვანაირად არის. ბრაზილიელი ფლანგს წელავს, რაც დამატებით სივრცეებს აჩენს.“

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: