ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის რეალი
Aa Aa

რეალი VS ლივერპული - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „რეალი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

მადრიდული გრანდი ლა ლიგისთვის ბრძოლას თითქმის გამოეთიშა. უკანასკნელ ტურში, ანჩელოტის შეგირდებმა „ესპანიოლს“ უმასპინძლეს, 3:1 გაიმარჯვეს და ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. ამ მომენტისთვის, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 9 ქულაა.

დანაკლისი:

„ბლანკოსის“ ბანაკში სასიხარულო ინფორმაციაა. გუნდს ფერლან მენდი დაუბრუნდა და მარცხენა მცველის პრობლემა მოგვარებულია. ლაზარეთში მხოლოდ დავიდ ალაბა რჩება, რომელიც რეაბილიტაციის პროცესს გადის.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„პირველ 15 წუთში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. გუნდისთვის შეტყობინება ძალიან მარტივია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე კარგად, როგორც პირველ მატჩში. არაფრის გამოთვლას არ ვეცდებით. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

პირველივე წუთიდან უდიდესი ენთუზიაზმი და ინტენსივობა უნდა გამოვიჩინოთ. სტადიონზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ. პირველ შეხვედრაზე ბევრი არ გვისაუბრია. უბრალოდ განვიხილეთ რა გამოგვივიდა კარგად და რა ცუდად. ვფიქრობ, ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, განსაკუთრებით შეტევაში.

5:2 არ გვაინტერესებს. გვინდა, რომ მაქსიმალურად შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ფეხბურთელებს კარგად ესმით ამ მატჩის მნიშვნელობა და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.“

„ლივერპული“

თითქოს მერსისაიდული გრანდი ჩვეულ ფორმაში ბრუნდებოდა. ამის ფიქრის საფუძველი „მანჩესტერ იუნაიტედის“ განადგურებამ გამოიწვია, მაგრამ პრემიერ ლიგის გასულ ტურში კლოპის შეგირდები „ბორნმუთს“ ესტუმრნენ და 0:1 წააგეს. ამ მომენტისთვის, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და მეოთხე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 6 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი:

მერსისაიდელთა ბანაკში ბევრი არაფერი შეცვლილა. იურგენ კლოპის განკარგულებაში ტიაგო ალკანტარა და ლუს დიასი არ იქნებიან.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

„3 კვირის წინ ვთქვი, რომ „რეალმა“ ყველაფერი დაასრულა. ახლაც კი თუ გასვლის შანსი 1%-ით მაინც არსებობს, ჩვენ უნდა ვცადოთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. თუ საკუთარი თავის ნეგატიურად გაოცება შეგვიძლია, ვფიქრობ, დადებითაც გაოცებაც შეგვიძლია.

ნათელია, რომ „რეალს“ არ ვაფრთხილებთ. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ. წინა მატჩის მეორე ტაიმში კონტრ-შეტევები პრობლემა გახდა. ჩვენ არ შეგვიძლია ბენზემას და ვინისიუსის მუდამ შეჩერება, მაგრამ რაღაც დროით მაინც მოვახერხებთ. ტაქტიკურად სუპერ აქტიურები უნდა ვიყოთ.

ჩვენმა ნახევარდაცვამ პრესინგი იდეალურად უნდა შეასრულოს. უნდა გავრისკოთ, მაგრამ კონტრ-შეტევები თავიდან ავირიდოთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ეს იმაზე უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი გაქვს დასაკარგი.“

წინა მატჩი

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „რეალმა“ 5:2 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

გაზიარება: