ჩემპიონთა ლიგა, მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი
Aa Aa

მანჩესტერ სიტი VS ლაიპციგი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგს“ მასპინძლობს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მანჩესტერ სიტი“

„ქალაქელები“ ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან. გუარდიოლას შეგირდები პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა „არსენალთან“ ჩამორჩენა ისევ 5 ქულაა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში მანჩესტერული გრანდი „კრისტალ პალსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

დანაკლისი

ამ მომენტისთვის, „მანჩესტერ სიტის“ არანაირი დანაკლისი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ბენჟამინ მენდის, რომელიც გაურკვეველი ვადით გუნდიდან არის მოკვეთილი.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„მიმდინარე სეზონში, თუ ჩვენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ და სხვას ვერაფერს შეგიძლიათ ევროპაში საუკეთესო დაგვარქვათ, მაგრამ არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება ეს. არ ვიცი რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ეს. ყველას საკუთარი აზრი აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელს საუკეთესო ვიყოთ.

სასიამოვნო ის არის, რომ სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში ჩაგვთვალეს. მთავარი კი 90 წუთია. პირველი შეხვედრა ვერ მოვიგეთ. მინდა ვაღიარო, რომ „ლაიპციგი“ შესანიშნავი გუნდია. მათ ბევრი ძლიერი და დადებითი მხარე აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია უნდა მოვახვიოთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

აქ სწორედ ამიტომ ვართ. მე არ ვიცნობ ისეთ მწვრთნელს, რომელსაც გამარჯვება არ სურს. მოგება ყველას უნდა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. „ლაიპციგი“ პრესინგის დროს აგრესიულია და ბრწყინვალე მეკარე ჰყავთ. მათთან გამკლავება ადვილი არცერთი გუნდისთვის არ არის.“

„ლაიპციგი“

მარკო როზეს შეგირდებმა „დორტმუნდთან“ წაგების შემდეგ ბუნდესლიგისთვის ბრძოლის შანსები შეიმცირეს, თუმცა გასულ ტურში „ლაიპციგმა“ ყველასთვის უხერხული მეტოქე „გლადბახი“ საკმაოდ მარტივად 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთა.

დანაკლისი:

ამ მხრივ გერმანულ კლუბში დანაკლისია. „ლაიპციგს“ „მანჩესტერ სიტისთან“ ნკუნკუ, შლაგერი, დიალო და გულაჩი არ ეყოლება.

რა თქვა როზემ მატჩის წინ?

„ყველამ კარგად იცის რისი გაკეთება შეუძლია ერლინგ ჰოლანდს. პირველ მატჩში მის წინააღმდეგ თავი შესანიშნავად დავიცავით, მაგრამ მას ყოველთვის ჩრდილში ვერ ამყოფებ. აქ საუბარი მხოლოდ ჰოლანდზე არ არის. „მანჩესტერ სიტის“ უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰყავს.

საბედნიეროდ, დანი ოლმომ გამოჯანმრთელება მოასწრო და განაცხადში იქნება. ვფიქრობ, მას 20 წუთი თამაში შეუძლია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალზე ვსაუბრობთ და დანის დანაკლისი ძალიან ცუდი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ნკუნკუც არ გვყავს.“

წინა მატჩი

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი 14 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, „ლაიპციგი“ და „სიტი“ გასულ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. მანჩესტერში გამართული მატჩი პეპის გუნდმა 6:3 მოიგო, ხოლო გერმანიაში როზეს შეგირდებმა 2:1 იმარჯვეს.

გაზიარება: