ესპანეთის ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

ოფიციალურად: ესპანეთს დე ლა ფუენტე ჩაიბარებს

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე ინიშნება. ინფორმაცია ოფიციალურად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფედერაციის სპორტული დირექტორი, ხოსე ფანცისკო მოლინა პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს ანგარიში გადასცა, რომელშიც ნაკრების ახალი პროექტის ხელმძღვანელის პოსტზე რეკომენდაციას სწორედ დე ლა ფუენტეს უწევს.

ყველაფერს ოფიციალური სახე ორშაბათს, 12 დეკემბერს მიეცემა, როდესაც დირექტორთა საბჭო პრეზიდენტს ოფიციალურად წარუდგენს დე ლა ფუენტეს კანდიდატურას.

ცნობისთვის, 55 წლის სპეციალისტი ამ დრომდე ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებს წვრთნის.

ლუის დე ლა ფუენტე სხვადასხვა წლების განმავლობაში ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა. 2015 წელს მან 19-წლამდე გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2018 წელს მან 21-წლამდე ნაკრები ჩაიბარა, 2019-ში კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ამასთან, დე ლა ფუენტე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიასკოს გამო გუნდიდან ლუის ენრიკეს წასვლა გამოაცხადა ოფიციალურად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები