ლივერპული, მანჩესტერ სიტი
Aa Aa

ლივერპული VS მანჩესტერ სიტი - მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მანჩესტერ სიტი“

პეპ გუარდიოლას გუნდი დომინანტური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს და ბრწყინვალე შედეგები აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე „ქალაქელები“ საკუთარ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში სტუმრად კოპენჰაგენს ვერ მოუგეს(0:0).

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, „სიტი“ 23 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში მანჩესტერულმა გრანდმა „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

დანაკლისი:

ამ მომენტისთვის, „მანჩესტერ სიტის“ ლაზარეთში ჯონ სტოუნში, კაილ უოკერი და ფილიპსი იმყოფებიან. სხვა მხრივ, გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს. რაც მთავარია, მწყობრშია ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც პრემიერ ლიგის 9 ტურში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„რამდენიმე თვის წინ, „ლივერპული“ 4 ტიტულისთვის იბრძოდა. მინდა გითხრათ, ეს იგივე გუნდია იგივე ფეხბურთელებით. არაფერი შეცვლილა და ისინი ისევ ძალიან სახიფათონი არიან. მე არ ვუყურებ კარგ ან ცუდ მომენტებს. ვაანალიზებ და აღვიქვამ, რომ ჩემს წინააღმდეგ ძლიერი გუნდი ითამაშებს. „ლივერპულისგან“ ყოველთვის საუკეთესოს ველი.

იმ ტიპის მოთამაშეები, როგორებიც „ლივერპულს“ ჰყავს, ყოველთვის აღწევენ კარიერაში წარმატებას. თუ ისინი ნაკლებად მოინდომებენ, ნაკლებ ხარისხს მიიღებენ. ალბათ ეს ხდება ამ მოცემულ სიტუაციაში. კლოპის გუნდმა „რეინჯერსს“ ბევრი გოლი გაუტანა. სალაჰი კი ყოველთვის სახიფათოა. მის წინააღმდეგ ჩემი მცველები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„ენფილდზე“ მოგება ყოველთვის რთულია. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ფილ ფოდენი „მანჩესტერ სიტისთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არის თუ არა ჰოლანდი რევოლუციონერი? არ ვიცი! ის არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს თავისი უმაღლესი ხარისხი და გადაწყვეტილებები. ერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაში ეჭვი არ მეპარება.“

„ლივერპული“

მერსისაიდულმა გრანდმა სეზონი ცუდად დაიწყო. კლოპის გუნდის შედეგები პრემიერ ლიგაში ჯერჯერობით არასასურველია. პარალელურად, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე ნორმალურად ასპარეზობს. მაგალითად, ბოლო ტურში ინგლისურმა კლუბმა „რეინჯერსი“ სტუმრად 7:1 გაანადგურა და მეორე ადგილს მყარად იკავებს.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, გასულ ტურში მერსისაიდელები „არსენალს“ ესტუმრნენ და უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ.

დანაკლისი

ეს არის პრობლემა, რომელიც „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში ხელს უშლის. იურგენ კლოპს „სიტისთან“ მატჩში არტური, ლუის დიასი, ჩემბერლენი, კეიტა და მატიპი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ალექსანდრ-არნოლდის და კონატეს თამაშიც.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ ?

„ერლინგ ჰოლანდი ყველაზე სახიფათო მოთამაშეა და სწორედ მისგან უნდა დავიცვათ თავი. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა დარწმუნდე, რომ ის ბურთს ხშირად ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ აქცენტს მხოლოდ ჰოლანდზე გავაკეთებთ, მაშინ გზას სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს გავუხსნით და ეს ცხოვრებას არ გაგვიმარტივებს.

ჩემს გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ ამის მოსაგვარებლად ყოველდღიურად დაუღალავად ვმუშაობთ. არ დავუშვებ, რომ ვინმემ ჩვენ არასერიოზულად აღგვიქვას. ეს „ენფილდია“ და აქ ყველაფერი შესაძლებელია. მაწუხებს თუ არა, რომ ფავორიტები არ ვართ? არა! ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებთ. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს და ეს სწორად მუშაობაში ხელს მიშლის.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს. ამ მომენტისთვის, მერსისაიდული გრანდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ 23 ქულით მეორე პოზიციაზე არიან. პირველ ადგილს კი „არსენალი“ 24 ქულით იკავებს. ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მომავალი დაპირისპირება 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

გაზიარება: