რეალი, ბარსელონა, ელ კლასიკო
Aa Aa

რეალი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

მადრიდის „რეალი“ ელ კლასიკოს კარგ ხასიათზე ხვდება. კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კომფორტულ სიტუაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში „შახტარს“ სტუმრად ვერ მოუგო(1:1), მაინც პირველ ადგილზეა და მერვედფინალის საგზური მოპოვებული აქვს.

რაც შეეხება ლა ლიგას, „სამეფო კლუბს“ მსგავსად „ბარსელონასი“ 8 მატჩიდან 7 მოგება და 1 ფრე აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში „ბლანკოსმა“ სტუმრად ხეტაფე მილიტაოს გოლით 1:0 დაამარცხა.

დანაკლისი:

„სამეფო კლუბის“ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ტიბო კურტუაა. ბელგიელი კარის დარაჯი უკვე რამდენიმე მატჩია თავის გუნდს ვერ ეხმარება და მადრიდელთა სამწუხაროდ ელ კლასიკოშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეობას ასევე ვერ მიიღებს დანი სებალიოსი, რომელიც გუნდს 1 თვით გამოაკლდა. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„ისე მოვემზადეთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც ეს მატჩი ნებისმიერი ქომაგისთვის წარმოადგენს. მზადება ჩვეულებრივია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ ემოციებზე და ზეწოლაზე, რაც ამ მატჩს ახლავს. კურტუა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ არ უვარჯიშია და დისკომფორტს ისევ განიცდის. აქედან გამომდინარე ტიბო ელ კლასიკოს გამოტოვებს.

რუდიგერს არაფერი სჭირს. ის ნამდვილი მებრძოლია და ჩემს განკარგულებაშია. მიმდინარე სეზონში ჩემი გუნდი მეორე ტაიმში უკეთესად თამაშობს. ვნახოთ ხვალ რა იქნება. „ბარსელონას“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფრე აქვს. მათ ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდათ პრობლემები, რომლებიც შეიძლება ხვალაც გამოჩნდეს, მაგრამ ლა ლიგაში ისინი ბრწყინვალედ ასპარეზობენ.

რეალურად, ბარსას პრობლემები ახლა ნაკლებად მაინტერესებს. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. ბენზემა თავს უკეთესად გრძნობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარიმი საუკეთესო ფორმას მალე დაიბრუნებს. არც ის მაინტერესებს როგორ ითამაშა „ინტერმა“. ჩვენ განსხვავებული ტაქტიკა და მიდგომა გვაქვს.“

„ბარსელონა“

კატალონიური გრანდი ელ კლასიკოს შეიძლება ითქვას ცუდ ხასიათზე ხვდება. ჩავი ერნანდესის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ინტერს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რაც შეეხება ლა ლიგას, უკვე მოგახსენეთ, რომ „ბარსელონასაც“ და „რეალსაც“ 8 მატჩიდან 7 მოგება და 1 ფრე აქვთ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „ბლაუგრანა“ პირველ პოზიციას იკავებს. ლა ლიგის უკანასკნელ ტურში კატალონიელებმა „სელტას“ უმასპინძლეს და პედრის გოლით დაამარცხეს.

დანაკლისი:

ამ მხრივ ბარსას სერიოზული პრობლემები აქვს. „ბლაუგრანას“ ელ კლასიკოში ისეთი ფეხბურთელები არ ეყოლება, როგორებიც რონალდ არაუხო, ჰექტორ ბელერინი, ანდრეას კრისტენსენი და მემფის დეპაი არიან.

რა თქვა დე იონგმა მატჩის წინ ?

„ჩავისთან ერთად ბევრს არ ვსაუბრობთ. ჩვენი სალაპარაკო თემა ძირითადად ფეხბურთს ეხება. სეზონის დაწყების წინ, ვიცოდი, რომ ცოტას ვითამაშებდი. მსურს, რომ ისევ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო. „ბაიერნთან“ სასტარტო თერთმეტეულში არ ვიყავი და იმედი მაქვს „რეალთან“ ეს ასე აღარ მოხდება.

რეალს“ საოცარი ნახევარდაცვა ჰყავს. მათ მოდრიჩი ჰყავთ. რამდენი წლის არის ის? 35,36 თუ 37? ვის ანაღვლებს ეს? ლუკა ბრწყინვალე თამაშს აგრძელებს და ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა კონცენტრაცია მხოლოდ „ელ კლასიკოზე“ უნდა გადმოვიტანოთ. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ კარგი გუნდი ვართ.“

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„“ელ კლასიკო“ ჩვენთვის დიდებული შესაძლებლობაა. ლიდერობა უნდა განვიმტკიცოთ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და პოზიტიურები ვიყოთ. ფეხბურთელობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მწვრთნელობა. ვეცდები, რომ ჩემს ფეხბურთელებს წნეხი მოვუხსნა და თავი კომფორტულად იგრძნონ.

საჯარიმოს გარედან ხშირად უნდა დავარტყათ. არა იმიტომ, რომ კურტუა არ არის, უბრალოდ ჩვენ ეს შეგვძლია და სხვა მატჩებში ამან შედეგი გამოიღო. არ ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს მენტალური პრობლემები აქვს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში გამარჯვება თავისუფლად შეგვეძლო.

სამწუხაროდ არ გვყავს არაუხო, რომელმაც გასულ წელს ვინისიუსს ბრწყინვალედ გაუმკლავდა, მაგრამ ვინც ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად კარგად გაართმევს თავს. მხოლოდ ვინისიუსი პრობლემას არ წარმოადგენს, მე მთლიან გუნდზე ვნერვიულობ. კუნდე თავს კარგად გრძნობს და ის ხვალ ითამაშებს.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ლა ლიგაში

„რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს უკანასკნელად ლა ლიგაში მიმდინარე წლის მარტში შეხვდნენ. „სამეფო კლუბს“ კარიმ ბენზემა არ ჰყავდა და კარლო ანჩელოტიმ ტაქტიკა შეცვალა, მოდრიჩი ცრუ ცხრიანზე დააყენა და ამ ყველაფერმა არ იმუშავა. „ბლაუგრანამ“ „ბლანკოსი“ 4:0 გაანადგურა.

ცნობისთვის, „რეალისა“ და „ბარსელონას“ მომავალი დაპირისპირება 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

გაზიარება: