მაკედონიის მწვრთნელი: „კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო წუთამდე გვაქვს შანსი ჯგუფი მოვიგოთ“
Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  19:20

მაკედონიის მწვრთნელი: „კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო წუთამდე გვაქვს შანსი ჯგუფი მოვიგოთ“

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 26 სექტემბერს, სტუმრად შედგება. აღნიშნული შეხვედრები UEFA-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებია.

საქართველოს ნაკრებთან გასამართი დაპირისპირების წინ, ჩრდილოთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი, ბლაგოი მილევსკი და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ეზგიან ალიოსკი მედიას შეხვდა.

ეზგიან ალიოსკი

,,ამ სტადიონ ზე ჩვენი ოცნებები ავისრულეთ, თუმცა ახლა სცენარი სხვანაირია, მითუმეტეს, ამჯერად გულშემატკივარიც იქნება. სკოპიეში მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. მოგვიწევს ვაჩვენოთ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, ამისთვის დადებით შედეგს უნდა მივაღწიოთ".

ბლაგოი მილევსკი (მთავარი მწვრთნელი)

,,როგორც ყოველთვის ჩემი, როგორც მწვრთნელის, ფოკუსი ყოველთვის საკუთარი გუნდისა და შესაძლებლობებისკენაა მიმართული, იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩემი გადმოსახედიდან გუნდია მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ფეხბურთში გამორჩეული ფეხბურთელები არიან, ხვიჩა კი ნამდვილად გამორჩეულია, თუმცა მეტოქეს გუნდურად მივუდგებით.

ერთა ლიგის ეს ციკლი ცუდად დავიწყეთ, თავიდანვე ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ნაკრების განახლება პრინციპში, ახლაც მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო წუთამდე გვაქვს შანსი ჯგუფი მოვიგოთ და ჩვენს მიზნებს ასე მივაღწიოთ, ამ სიტუაციაში ეს რამდენადაც რთული არ უნდა იყოს".

C ლიგის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიას შორის 23 სექტემბერს, 20:00 საათიდან შედგება. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ანშლაგის მოლოდინშია - მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 3 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

იმისთვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფი მოიგოს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ მოპოვებული 1 ქულაც ჰყოფნის.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში