არსენალი, დენის ბერგკამპი
Aa Aa

ჯადოქარი, რომელსაც ვერავინ ბაძავს - მე დენის ბერგკამპი ვარ

როდესაც დენის ბერგკამპი ჩრდილოეთ ლონდონში 1995 წელს ჩავიდა, არავინ ელოდა, რომ ის ლონდონის „არსენალზე“ რევოლუციურ გავლენას მოახდენდა. 11 სეზონის განმავლობაში დენისი „მეთოფეებში“ ბრწყინავდა.

ეს არის კაცი, რომელსაც დებიუტი ამსტერდამის „აიაქსში“ 17 წლის ასაკში იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით ჰქონდა. ბერგკამპი 7 წლის განმავლობაში ნიდერლანდელ ქომაგებს აოცებდა.

„არსენალში“ გადასვლამდე 1 წლით ადრე, ბერგკამპმა მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიას გაუტანა გოლი. დენისი აშკარად უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა „ინტერში“ ორი არასასიამოვნო სეზონი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ დენისი „ნერაძურის“ უეფა-ს თასის მოგებაში დაეხმარა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და საუკეთესო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. მას შემდეგ, რაც მორატიმ „ინტერი“ შეიძინა, ახალ თავდამსხმელთან დაიწყო მოლაპარაკება, ხოლო დენისს წასვლისკენ მიუთითეს. სწორედ აქ იწყება ლონდონური კარიერა.

„მეთოფეებმა“ ნიდერლანდელ თავდამსხმელში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც იმ დროისთვის გუნდის რეკორდი იყო. დენისს 10-ნომრიანი მაისური გადასცეს. იმ პერიოდში ბერგკამპში გადახდილი თანხა ბევრმა გარისკვად ჩათვალა, მაგრამ გასულ სეზონში „არსენალი“ პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა და რისკი აუცილებელი იყო.

ბერგკამპი იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის ბრიუს რაიოჩის პირველი შენაძენი იყო. დენისის შემდეგ „მეთოფეებმა“ „სამპდორიადან“ დევიდ პლატი გადმოიყვანეს. 1995/1996 წლების სეზონის დასაწყისში ნიდერლანდელ ფეხბურთელს ცოტა გაუჭირდა. „არსენალმა“ პირველი მატჩი მეშვიდე ტურში მოიგო და გულშემატკივრებმა ბერგკამპი „საუთჰემპტონის“ 4:2 დამარცხების შემდეგ შეიყვარეს.

ბერგკამპმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. საგოლე გადაცემის ავტორი კი გლენ ჰელდერი გახდა. ამის შემდეგ „წმინდანებმა“ 2 გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. დენისმა საგოლე გადაცემა გააკეთა და წონასწორობა აღდგა. მესამე გოლი კი ნამდვილი შედევრი იყო. ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ბურთი ცენტრში მიიღო, მოულოდნელად წინ წავიდა და 25 მეტრიდან დაარტყა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ კარში შევიდა. „არსენალის“ მხრიდან მეოთხე გოლი იან რაითმა გაიტანა.


სადებიუტო სეზონში, ბერგკამპი ლონდონელთა მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დენისმა 11 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. საერთო ჯამში, ნიდერლანდელი ისე თამაშობდა, რომ მის სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გულშემატკივრები მისი ყურებით ტკბებოდნენ.

დენისი ბურთთან თავისი ლაღი ქმედებით საკმაოდ პოპულარული გახდა. მას პირველ 6 მატჩში მშრალი სტატისტიკა აპატიეს. დაივიწყეს ცუდი პერიოდი „ინტერში“.. ის ისე ლამაზად თამაშობდა, რომ მისი პოტენციალი ყველამ დაინახა. მისგან რაღაც განსაკუთრებულს მოელოდნენ.. გაჩნდა შეგრძნება, რომ ადრე, თუ გვიან ბერგკამპი „არსენალს“ დიდ წარმატებას მოუტანდა.

ბერგკამპის ბურთთან ერთი შეხებით თამაში ყველას აოცებდა. გულშემატკივრებს არაერთი მომენტი ახსოვთ, როდესაც მან ერთი შეხებით ბურთი ძალიან ლამაზად მოიპარა. დენისი ბავშვობაში უამრავ დროს სახლის წინ კედელზე ბურთის დარტყმაში ატარებდა. ბევრისთვის ეს მარტივი მოქმედებაა, მაგრამ მან უფრო ღრმა ფიქრი ჩადო ამ ყველაფერში. ის ბურთს აგურების ცალკეულ ნაწილებზე ზუსტი დამიზნებით ურტყამდა. გამუდმებით ცვლიდა დარტყმის ძალას და ტრაექტორიას. ამით კედელზე ასხლეტილი ბურთის მანიპულირებას სწავლობდა. პირველი შეხების მიმართ სიყვარული მისი კარიერის განმავლობაში არასდროს გამქრალა. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი იმისა, რაც მას ასეთ წარმოუდგენელ მოთამაშედ აქცევს.


ბერგკამპის „არსენალში“ გადასვლიდან 1 წლის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერი დაინიშნა და უმალ შენიშნა ნიდერლანდელის საოცარი ტექნიკა. ფრანგი სპეციალისტი შეტევის მოყვარული იყო და ძალიან მალე დენისი მისი ტაქტიკის მთავარი ფეხბურთელი გახდა. ყოფილი შემტევის საფეხბურთო შესაძლებლობები ინგლისში „არარეალურად“ მონათლეს.

1996/97 წლების სეზონში, ბერგკამპმა ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც იან რაითმა გოლად აქცია. შემდეგ „დეზებმა“ გაათანაბრეს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ დენისი ასე არ ფიქრობდა. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთთან ბერგკამპი გაჩნდა და ერთი შეხებით ულამაზესი მაღალი პასი გააკეთა და კაპიტან ტონი ადამსს გაატანინა. ბოლო წუთებზე კი თავად დენისმა გაისროლა და „არსენალმა“ 3:1 მოიგო.


მატჩიდან მატჩამდე ბერგკამპის თამაში აღფრთოვანებას იწვევდა. იმ სეზონში „არსენალი“ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ FA Cup მოიგო. ამაში კი დიდი წვლილი სწორედ დენისს მიუძღვის. ბერგკამპმა ინგლისის ასოციაციის თასის მოგებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო, რომელიც უნიკალურია და დღემდე არავის გაუმეორებია. სეზონში სამი საუკეთესო გოლი დაასახელეს და სამივე ლეგენდარული ნიდერლანდელის გატანილი იყო. ეს ყველაფერი 1997 წლის აგვისტოში მოხდა. კონტროლი, სიმშვიდე, ტექნიკა, სისწრაფე - ეს ყველაფერი დენისის პლუსებია..

ნელ-ნელა ტიტულების დრო დადგა. 21-ე საუკუნის შემოსვლასთან ერთად ბერგკამპმა ორი პრემიერ ლიგა და 3 ასოციაციის თასი მოიგო.

შესაძლოა ტიტულების რაოდენობა უმეტესი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს, მაგრამ დენისისთვის ეს არასდროს ყოფილა.. სწორედ ეს ხდიდა მას ასეთ დიდებულს. ბერგკამპი იყო ჯადოქარი, რომელიც თავისი თამაშით ქომაგებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ბავშვი ცდილობს მისი ცრუ მოძრაობების გამეორებას, მაგრამ არ გამოსდით..

დენის ბერგკამპი - გამორჩეული ფეხბურთელი 90-იანი წლებიდან..

გაზიარება: