ცხადაძე: ''გასაგებია, ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით''
Aa
Aa

ცხადაძე: ''გასაგებია, ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩის'' დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ''დინამო არენაზე'' 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

კახა ცხადაძე:''მივესალმები ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს. მე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე აზერბაიჯანში და ამ ქვეყნიდან დადებითი ემოციებით წამოვედი. ფაქტობრივად, აზერბაიჯანში 8 წელი ვიმუშავე და ამ ქვეყანაში მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო.

შეხვედრა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თუ კითხვებს ჟურნალისტები დასვამენ''.

- რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ''ნეფთჩისთან'' მარცხი კატასტროფა არ იქნება. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?

- სიმართლე გითხრათ არ წამიკითხავს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით?

- ვფიქრობ, ორშულას აყვანა შეცდომა იყო. რაც შეეხება გაგნიძეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების შესაძლებლობის შანსი უნდა მივცეთ და გზა არ გადავუკვეთოთ. მონხილს ძალიან დიდი ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მას ვესაუბრეთ და წასვლა გადაწყვიტა.

რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, ყველაფერი კლუბის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ფეხბურთელი განიხილებოდა. ახლა ისეთი დროა, რომ ძალიან ცოტა ფეხბურთელია დინამიკაში. თუ ფეხბურთელი კლუბშია, მას ვერ დავიმატებდით. ჩვენ თავისუფალ აგენტებს ვეძებდით.

ასევე გვყავდა ერთი ფეხბურთელი, თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა, ხოლო ასევე ერთმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, ხოლო ერთი მოთამაშე ბარნს ოსეი კვიპროსის ჩემპიონატიდან დავიმატეთ.

- როცა გუნდში მოხვედით, თუ გქონდათ ინფორმაცია კლუბის ბიუჯეტზე? იცოდით თუ არა რომ ტრანსფერების განხორციელება მარტივი არ იქნებოდა?

- გასაგებია, რომ ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ჩვენ მოვედით, რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. ვეცდებით კლუბის ბიუჯეტი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

- როგორ აფასებთ გუნდების შანსებს?

- შანსებზე და პროცენტებზე საუბარი არასერიოზულია. ჩვენ გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ''ნეფთჩი'' საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

- აზერბაიჯანში მუშაობიას მიღებული გამოცდილება იქნება თუ არა თქვენი მთავარი კოზირი ხვალინდელ შეხვედრაში?

- აზერბაიჯანში წარმატებით ვმუშაობდით, მაგრამ მას შემდეგ 6 წელი გავიდა. დრო გავიდა, ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიცვალა. ამიტომ ამასზე საუბარი არასერიოზულია. 

ასევე, გვსურდა, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი შეხვედრა გადადებულიყო, თუმცა ბათუმის ''დინამომ'' უარი გვითხრა, თუმცა ეს ბათუმის ''დინამოსთან'' შეხვედრას არ ეხება. რაც მოვედი, 6 თამაში ჩავატარეთ, ფაქტობრივად, ვარჯიშის საშუალება არ იყო. პირადად ვესაუბრე ლევან კობიაშვილს, მაგრამ ის ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა. გორის ''დილა'' თანახმა იყო, თუმცა ბათუმის ''დინამომ'' უარი თქვა. აქედან გამომდინარე, ბათუმის ''დინამოსთან'' თამაშამდე ერთკვირიანი ციკლი იქნებოდა და დასვენებისთვის მეტი დრო გვექნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვედით, ჩვენ ვარჯიშებისთვის დრო გვჭირდება და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩვენი თხოვნა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შეხვედრასთან დაკავშირებით.

''ნეფთჩი'' სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. ჩვენთან მიახლოებული ტაქტიკით თამაშობენ. მეტოქეს საკმაოდ მაღალი დონის შემტევები ჰყავს. ასე რომ ძალიან რთული თამაში იქნება.

პრესკონფერენციას თბილისის ''დინამოს'' კაპიტანი გიორგი პაპავაც ესწრებოდა: ''გუნდში კარგი ატმოსფეროა. ვფიქრობ, შანსები თანაბარია. მოედანზე გამოჩნდება რომელი გუნდი იქნება უფრო ძლიერი''.

კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მუშაობის პერიოდში საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატი იყო, რაც დღემდე ასეა.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში შედგება.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები