''ქომაგებისთვის ამის გაგება რთული იქნება'' - დაუშვილის განსხვავებული ინტერვიუ
Aa Aa
29 ივნისი 2021  |  15:09

''ქომაგებისთვის ამის გაგება რთული იქნება'' - დაუშვილის განსხვავებული ინტერვიუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კვიპროსის თასის მოპოვების შემდეგ თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისს'' დაემშვიდობა და კარიერა აპოელ-ს დაუკავშირა, ახალ გუნდში მასთან ერთად ''ანორთოსისის'' ექს-შემტევები, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ითამაშებენ. 

დაუშვილი CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ''ანორთოსის'' ქომაგები მის ნაბიჯს რთულად შეხვდებიან, თუმცა ეს მისი და კლუბის გადაწყვეტილება იყო.

''რაოდენ სამწუხარო და გულსატკენი არ უნდა იყოს ''ანორთოსისის'' ქომაგებისთვის, ეს უკვე ფაქტია, მე აპოელ-ის ფეხბურთელი ვარ. მადლობა ''ანორთოსისის'' ქომაგებს თანადგომისთვის, გვერდით დგომისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის და გუნდისთვის გააკეთეს''.

კითხვაზე თუ როგორ შეხვდა ქეცბაია სამი ქართველის ტრანსფერს აპოელ-ში, დაუშვილის პასუხი ასეთია: ''თემურ ქეცბაია ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან ნორმალურად შეხვდა. ბიჭებს ამოუწურათ ხელშეკრულება და უკეთესი პირობა შესთავაზა დაინტერესებულმა კლუბმა, რაც ''ანორთოსისმა'' ვერ შეძლო და აპოელ-ში გადავიდნენ''.

გარდა კვიპროსული ამბებისა, დაუშვილი საუბრობს ყველაზე მძიმე ტვინის შერყევაზე, კრეატიული თამაშით გამორჩეულ თანაგუნდელებზე, გარეტ ბეილთან დაპირისპირებაზე, ომამდე არსებულ უკრაინის ჩემპიონატსა და მინდორზე მეტოქის ფეხბურთელებთან კომუნიკაციაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ დაუშვილი 2012-16 წლებში უკრაინულ ლვოვის ''კარპატიში'' ასპარეზობდა და აღნიშნულ წლებში უკრაინის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონის იყო, კითხვაზე თუ რატომ ვერ შეძლო უფრო მაღალი დონის კლუბში ან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მოხვედრა, დაუშვილის პასუხი მოკრძალებულია: ''იმიტომ რომ უფრო მაღალი დონის გუნდებში ჩემზე მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ''.

მის Instagram-ის ''სთორებში'' ხშირად შეხვდებით ვიდეოს, როცა ფეხბურთელი მღერის. ის ვინილის ფირფიტების კოლექციონერია. მისი საყვარელი მუსიკოსი ბარი ვაითია. ასევე, მოსწონს ''ქართული ხმები'' და ''თეატრალური კვარტეტი''.

დაუშვილი იუმორით ამბობს: ''თითქმის სულ ვმღეროდით და ვცეკვავდით კვიპროსზე, არა თან საქმესაც ვაკეთებდით, მხოლოდ სიმღერა და ცეკვა არ იყო''.


შეგახსენებთ, ''ზესტაფონის'', ლვოვის ''კარპატის'', ''დიოშდიორის'', ''სამტრედიას'', ''ჰალადაშისა'' და ''ანორთოსისის'' ექს-ფეხბურთელმა აპოელ-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ გუნდში 40 მატჩი ჩაატარა.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში