Aa
Aa

ტრეფიკინგი, ლტოლვილობა ლიბიაში და ნავით იტალიამდე - დარბოს შთამაგონებელი ამბავი

ევროპა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, „რომასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის, იტალიელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა ებრიმა დარბო. 19 წლის გამბიელი, რომელსაც საინტერესო და შთამაგონებელი ისტორია აქვს.

როგორც თავად ყვება, 14 წლის ასაკში იტალიაში ნავით ჩავიდა, რათა უკეთესი მომავალი შეექმნა. მაშინდელი აწმყო კი სასიამოვნო და სასურველი ნამდვილად ვერავისთვის იქნებოდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, უამრავი პრობლემა ჰქონდა და მამის გარდაცვალების შემდეგ ვითარება ყოველდღიურად უარესდებოდა. დარბო დაემშვიდობა დედას, ძმასა და 2 დას, ლიბიაში ლტოლვილად ჩაბარდა, ტრეფიკინგის საშინელი პირობების გადატანაც მოუწია. ლტოლვილთა ბანაკში მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ამ ყველაფრის გაძლების შემდეგ ოდნავი შუქი გამოჩნდა და დარბო ნავით სიცილიის გზას გაუყენეს ადამიანებთან ერთად, რომლებმაც შიმშილი, ომი და ათასგვარი ძალადობა გადაიტანეს.

სიცილიაზე ჩასვლის შემდეგ დარბო ლტოლვილთა თავშესაფარში გადაიყვანეს, რა დროსაც 180 სმ. სიმაღლის ბიჭი მხოლოდ 50 კილოგრამს იწონიდა. ამას მოჰყვა ლაციოს რეგიონის პატარა ქალაქ რიეტიში გადაყვანა და ერთ-ერთ ოჯახში შესახლება. ეს უკვე დიდი ამბავი იყო - თინეიჯერ გამბიელს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა და ფეხბურთის თამაშის გაგრძელების შანსიც გაუჩნდა.

"რიეტის" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი მატჩისას, დარბოს ტალანტი და უნარები „რომას“ სკაუტმა შეამჩნია, რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ნიჭიერი აფრიკელი კლუბის აკადემიაში ჩაერიცხათ. ახალგაზრდულ გუნდებში დარბომ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, „რომას“ 21-წლამდელებთან ერთად თასზეც ითამაშა, თუმცა მთავარ გუნდში დასარეგისტრირებლად, რომაელებს მოუწიათ დალოდება, სანამ თინეიჯერ გამბიელს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებდნენ. საქმეში ფიფა-ც ჩაერია და სოციალურ მუშაკთან ერთად, რომელიც იტალიაში დარბოს ტუტორად იყო დანიშნული, ფეხბურთელისთვის ლტოლვილის სტატუსის მოპოვება შეძლო, რამაც თინეიჯერ აფრიკელს „ჯალოროსის“ ძირითადი გუნდისკენ გზა გაუხსნა.

დარბო დღეს უკვე „რომას“ სრულფასოვანი ფეხბურთელია, 70 კილოგრამს იწონის და წელიწადში 50 000 ევროს გამოიმუშავებს. ხელფასის დიდ ნაწილს აგზავნის ოჯახში, რომელიც აქამდე მხოლოდ მარტოხელა დედაზე იყო დამოკიდებული.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მომავალი წარსულზე ბევრად უკეთესი იქნება. მას „რომას“ მთავარ გუნდში დებიუტი გასულ უქმეებზე ჰქონდა, გუშინ კი საერთოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მოედანზე 60 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ მისი შთაბეჭდილებებით ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

„მოედანზე შესვლამდე ვნერვიულობდი. 4-5 წლის წინ, აფრიკაში ვიყავი და ფეხბურთელებს ტელევიზორში ვუყურებდი, დღეს კი მინდორზე გავედი და ზოგი მათგანი ჩემი მეტოქე იყო. ეს ჩემთვის უჩვეულო რეალობა გახლდათ. მართალია, რომ აქამდე რთული გზის გავლა მომიწია, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიაში ჩამოვედი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

თამაშში ჩართვამდე პაულო ფონსეკამ მითხრა: ”ებრი, დამშვიდდი და აკეთე ის, რაც შეგიძლია. შენ შესანიშნავი ფეხბურთელი ხარ და არ ეცადო, რაღაცები გაართულო“. შევასრულე, რაც მან მითხრა და ამაში თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ. მეც ვდილობდი, მათთვის დახმარება გამეწია და, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პაულო ფონსეკასა და ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელ ალბერტო დე როსის, ასევე ყველა სპეციალისტს, რომლებიც სხვადასხვა გუნდში მავარჯიშებდნენ. მათ მასწავლეს ბევრი ისეთი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდი, ამიტომაც უდიდესი წვლილი მიუძღვით, რომ ახლა აქ ვარ.

ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია და წინ დიდი გზა მაქვს. შევეცდები, ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო და გავაკეთო ყველაფერი, რითაც გუნდს დავეხმარები“.

ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა დარბომ გუშინდელი მატჩის 30-ე წუთზე დაშავებული კრის სმოლინგი შეცვალა. რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ სხარტი, ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა. დანარჩენი ვნახოთ, ყველაფერი წინაა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები