Aa Aa
6 მაისი 2021  |  19:40

ანალიზი: „პატარა კიბორგი“ და სხვები - როგორ გააცოცხლა ტუხელმა ჩელსი

„ტუხელმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. რთულია გუნდში სეზონის შუა ნაწილში მიხვიდე, მაგრამ მან ფეხბურთელებზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ პირველივე დღიდან ვიცოდით, თუ რა უნდოდა მას და ეს ყველაფერი თამაშებში განვახორციელეთ“. - ეს სიტყვები მეისონ მაუნტს ეკუთვნის, რომელიც გერმანელი სპეციალისტის როლსა და კლუბში მის გავლენას კარგად გამოხატავს.

ტუხელის მუშაობით აღფრთოვანებულია ტიმო ვერნერიც: „როდესაც ტუხელთან ერთად მუშაობა დავიწყეთ გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი ოთხეულში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვიძლია.

როგორ ვაკონტროლებთ თამაშის რიტმს გუნდების წინააღმდეგ, რომლებშიც მსოფლიო კლასის მოთამაშეები იმყოფებიან - ჩვენი გუნდი უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალგაზრდები ვართ, მაგრამ სულელები არ ვართ, რომ მარტივი შეცდომები დავუშვათ".

თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის როლი არნახულად დიდია. ამ ფორმაციის „ჩელსისგან“ მსგავსს არავინ არაფერს ელოდა. ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მომავლის გუნდი, რომელსაც ლამპარდის სახით ასევე ახალგაზრდა მწვრთნელი ხელმძღვანელობდა.

ფრენკის ხელში „ჩელსი“ უფრო შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა გუნდი ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებს თმობდა და რამდენიმე მტკივნეული მარცხიც იწვნია. მაგალითად, „ბაიერნთან“ უტევდნენ, ლაღ ფეხბურთს თამაშობდნენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ მაინც და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 1:7 წააგეს.

არ მგონია ტუხელის რომელიმე გუნდმა ვინმესთან 1:7 წააგოს.

ზოგადად „ჩელსის“ ფეხბურთი ეს არის - ყოველთვის მძიმედ გამოიყურებიან, ლამაზადაც თამაშობენ და თავის დროზე „ლურჯებს" მრისხანე გუნდიც ჰყავდათ, მაგრამ მათი ხელწერა საბოლოოდ მაინც ჩაკეტილი თამაში, მძიმე გუნდი, რთულად გადასალახი დაცვის ხაზი და სწრაფი კონტრშეტევებია.

დღეს მინდა ტუხელის ფორმაციის „ჩელსი“ მიმოვიხილო. გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები - რატომ და როგორ მოვიდნენ ლონდონელები აქამდე და რას უნდა ველოდოთ ფინალში.

ჩელსის გამოღვიძება - რა შეცვალა ტუხელმა პირველ რიგში

მწვრთნელის შეცვლა შუა სეზონში რთულია, მაგრამ არა დამღუპველი ან ძნელად გასარისკი. მხოლოდ „ბაიერნის“ მაგალითი რად ღირს. კოვაჩის დათხოვნის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ ფლიკმა ჩაიბარა და გუნდი სრულიად გარდაქმნა. მიუნხენელებისგან გასულ სეზონში ტრიუმფს არავინ ელოდა და ფავორიტთა შორის მათ არავინ განიხილავდა, თუმცა მალევე მთელს ევროპას ქარიშხალივით გადაუარეს და ყველაფერი მოიგეს.

ტუხელი თავის მაღალ სამწვრთნელო კლასს უკვე მეორე წელია გვიმტკიცებს. პსჟ-ში მუშაობისას ის ძირითადად 4-3-3 სქემით მოქმედებდა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე იმ კოლექტივიდან გამომდინარე, რომელიც მის ხელში იყო, გერმანელმა სპეციალისტმა 3-4-3 ტაქტიკა გამოიყენა, რასაც ბევრი არ ელოდა, თუმცა ამ მანევრმა იდეალურად იმუშავა.

შემადგენლობაში 1 მცველის დამატება რამდენ რამეს ცვლის. „ჩელსის“ არ ჰყავს იმ დონის უკანა ხაზი, რომ გუნდმა 4 მცველიანი სქემით ითამაშოს და დაცვა ასეთი დალაგებული ჰყავდეს.

მაგალითად, ანალოგიური პრობლემა ჰქონდა სეზონის მსვლელობისას „ბარსელონას“, რომელიც 4-3-3-დან 3-5-2-ზე გადასვლის შემდეგ გაცოცხლდა და თამაში გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები დიდად არც ახლა ბრწყინავენ, გუნდი ლა ლიგის მოსაგებად ბრძოლაშია ჩაბმული და რომ არა ტაქტიკის შეცვლა, ახლა მათ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ექნებოდათ.

3-4-3 და 3-5-2 საკმაოდ რთული სქემებია და მას ყველა გუნდი ვერ გამოიყენებს. საამისოდ სპეციალურად მასზე მორგებული შემადგენლობაა საჭირო. „ჩელსის“ კი ამის საშუალება აქვს.

3 ცენტრალური მცველი, 2 ცენტრალური ნახევარმცველი, წინ აწეული 2 ფლანგის მცველი და 3 შემტევი, რომლებიც დაცვითი სამუშაოს შესრულებისგან სანახევროდ გათავისუფლებული არიან. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ფურცელზე, მაგრამ...

ჩელსის შემადგენლობა და სქემა ძირითადად ასე გამოიყურება

ამ სქემაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად უნივერსალი და ნიჭიერი ფეხბურთელები გყავს შემადგენლობაში. 3 მცველიდან ერთი მაინც ბურთთან „შენობით უნდა საუბრობდეს“ და შეტევას ეხმარებოდეს. ნახევარდაცვის ცენტრში კი ერთი ფეხბურთელი შეტევების ორგანიზებაზე და თამაშის რიტმის კონტროლზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ტუხელს ასეთი ფეხბურთელები ჰყავს - რუდიგერი და კანტე.

მადრიდში „რეალთან“ გამართულმა მატჩმა ტუხელის სათამაშო ფილოსოფია და გუნდში ვის რა ფუნქცია აქვს იდეალურად დაგვანახა.

ანტონიო რუდიგერი ძირითადად ფიცხი ხასიათითა და არასტაბილური თაამაშით გამოირჩეოდა. გერმანელ უკანახაზელზე სტაბილურია, ან გაუვალი კედელიაო არავინ იტყოდა, ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით, თუმცა ტუხელის 3-4-3-ში რუდიგერმა თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა.

ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ იანვარში გაყიდვას უპირებდნენ, „რეალის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო და გუნდს შეტევაში დიდ დახმარებას უწევდა.

მადრიდული მატჩი - რუდიგერის მონაგარი შეტევაში


მის მიერ შესრულებული საგოლე გადაცემა ცალკე აღნიშვნის ღირსია. 3 მცველიან სქემაში რუდიგერი სწორედ „ის ერთია“, რომელიც წინ იწევს და ბურთის ფლობის დროს ნახევარდაცვაში საყრდენის პოზიციას იკავებს.

ბურთის კონტროლისას ჩელსის განლაგება ასეთია

„ჩელსი“ თავისუფლ ზონებს იშვიათად ტოვებს. განაპირა მცველები ასპილიკუეტა და ჩილველი შეტევაში არასდროს რჩებიან და ცენტრალურ მცველებს დაზღვევის გარეშე არ ტოვებენ.

როგორ არ უნდა თამაშობდე 3 ცენტრალური მცველით, ამის „მასტერ კლასი“ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონამ“ გვიჩვენა, როცა ალბამ და დესტმა უკანახაზელები „რეალის“ ყველა კონტრშეტევის დროს მიატოვეს და უკან ჩასვლა ყოველ ჯერზე დააგვიანეს.

„ჩელსიში“ მსგავსი რამ თითქმის არასდროს ხდება. გუნდი შეტევაში ძალიან სწრაფად გადადის და შემდეგ, უკან ორგანიზებულად იხევს. უყურებ მათ თამაშს და ხედავ ორგანიზებულ, კარგად შეთამაშებულ კოლექტივს, რომელმაც იცის რა უნდა.

კარგი იყო რუდიგერი, ბრწყინვალე თამაშები ჰქონდა მაუნტსაც, პულიშიჩიც კარგად გამოიყურებიდა, უშეცდომო იყო ტიაგო სილვა, „ჩელსის“ მხრიდან ბევრი მოთამაშის გამოყოფა შეგვიძლია, თუმცა თუ მხოლოდ ერთი უნდა დავასახელოთ ეს „პატარა კიბორგი“ ნგოლო კანტეა.

„კანტე არის ადამიანი, რომელიც ტიტულის მოგებისთვის აუცილებლად უნდა გყავდეს. ნგოლო აქ სწორედ ამისთვის არის. ის განუმეორებელია“. - ამბობს ტუხელი.

კანტე არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ სქემას მოერგება და იქნება გამორჩეული.

ტუხელის „ჩელსი“ მხოლოდ 2 ნომინალური ნახევარმცველით თამაშობს, რაც რიგ შემთხვევებში გუნდს პრობლემებს უქმნის ხოლმე. შესაძლოა მეტოქემ ნახევარდაცვის ცენტრი დაგიჭიროს და ბურთი გაგიკონტროლოს, თუმცა როცა კანტე გყავს, ყველაფრისგან დაზღვეული ხარ.

კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის წინააღმდეგ 2 ასეთი დონის მატჩის ჩატარება - პირადად ჩემთვის ეს ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი იყო.

კანტეს, რომ ყველაფერი შეუძლია ამაზე უკვე ვისაუბრე, თუმცა მის თამაშში ყველაზე მეტად „რეალის“ პრესინგის დროს ბურთის ამოტანამ მომხიბლა.


„ჩელსის“ შეტევების უმეტესობა სწორედ კანტეს პასით იწყებოდა, რომელიც მეტოქის აქტიურ პრესინგს ერთი გადაცემით შლიდა და თავისიანებს სახიფათო შეტევას აწყებინებდა.

„ნგოლო ყოველთვის იყო დიდი მატჩების ფეხბურთელი. მასში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ის დღეს 2 კაცის სამუშოს ასრულებს“. - ამბობს სესკ ფაბრეგასი.

თუ, ვინმეს და ამ შემთხვევაში „სიტის“ ტუხელის გუნდის დამარცხება სურს, პირველ რიგში კანტეს უნდა მიხედონ, რადგან აქტიურ პრესინგს ლონდონელები დიდწილად თავს სწორედ ფრანგის საშუალებით აღწევენ. „რეალთან“ შეხვედრებში ამის ნათელი მაგალითები ვიხილეთ.

თუ პეპის ბიჭებმა ნგოლო თამაშიდან გამოთიშეს, „ჩელსის“ ბევრი პრობლემა შეექმნება.

დასკვნა - სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ტუხელი უფრო ფრთხილი გახდა

სეზონის მსვლელობისას ტუხელის 3-4-3 უფრო შემტევი იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ის თერთმეტეული გამოიკვეთა, რომელიც „რეალთან“ ნახევარფინალებში ვნახეთ.

თავიდან ტუხელი განაპირა მცველებად რიზ ჯეიმსსა და მარკოს ალონსოს იყენებდა, რომლებიც შეტევაში გაცილებით პროდუქტიულები არიან, ვიდრე ასპილიკუეტა და ჩილველი.

„ასპის“ საერთოდ მესამე ცენტრალურ მცველად ვხედავდით.

ტუხელმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინა, თავდაცვას მეტი ყურადღება დაუთმო და ამან არ იმუშავათქო, რომ ვთქვა სწორი არ ვიქნები. „არისტოკრატების“ კარში გოლის გატანა სულ უფრო რთული ხდება.

ასევე უნდა ითქვას, რომ კოვაჩიჩის დაბრუნების შემდეგ გუნდის ცენტრი უფრო ძლიერი გახდება. სქემიდან გამომდინარე ტუხელს უფრო მეტად ხორვატი გამოადგება ვიდრე ჟორჟინიო.

ტუხელი თავის კონტიგენტს კარგად იცნობს. გუნდს მომენტების რეალიზების პრობლემა აქვს. განაცხადში მკვლელის ინსტიქტის მქონე ფორვარდი არ არის და ზოგადად ლონდონელთა შეტევაში გოლეადორული თვისებებით დაჯილდოებული შემტევი არ მოიძებნება.

„ჩელსი“ შეკრული გუნდია, რომელიც ცოტა გოლს უშვებს და ბევრ მომენტს ქმნის, რომელთა მესამედს გოლად აქცევს. ამ მომენტისთვის ეს ფორმულა „ლურჯებისთვის“ იდეალურად მუშაობს. რა იქნება ფინალში ეს უკვე სხვა საქმეა და ამას მომავალი გვანახებს.

„სიტი“ ფორვარდის გარეშე თამაშობს, „ჩელსი“ კი 5 მცველით. მოსალოდნელია, რომ ძალიან ჩაკეტილი და ტაქტიკურად ჩახლართული ფინალი გველის.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში